„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" | |
მარხვა ათავისუფლებს ადამიანის სულს ნივთიერისადმი, მიწიერისადმი გამუდმებული მიდრეკილებისაგან, იგი უმორჩილებს სხეულს სამშვინველს, ხოლო ამ უკანასკენლს - სულს. მარხვა ეხმარება სულს დაიმორჩილოს ვნებები. იგი არის სულისა და ხორცის ჰარმონიული ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ფაქტორი. მარხვა ზრდის ადამიანის სულიერი თავისფლების უნარს და გარეშე პირობებისადმი უფრო ნაკლებად დამოკიდებულს ხდის მას, მინიმუმამდე დაჰყავს ქვენა მოთხოვნილებები, რის შედეგადაც თავისუფლდება ენერგია და დრო სულიერი ცხოვრებისათვის. მარხვა ნების გამოვლინებაა, რელიგია კი დიდადაა დამოკიდებული ადამიანის ნებაზე, ვისაც არ ძალუძს მუცლის დაოკება, უძლურია დაიცხროს უფრო ძლიერი ვნებები. გარდა პიროვნული ასპექტისა, მარხვას ეკლესიოლოგიური მხარეც გააჩნია. მარხვის მეოხებით ადამიანი საეკლესიო ღვთისმსახურების რიტმში ერთვება, რითაც იგი რეალურად განიცდის ბიბლიური ისტორიის მოვლენებს. მარხვა უნივერსალური მოვლენაა, იგი ამა თუ იმ სახით ყველა რელიგიისთვისაა ნიშანდობლივი, მაგრამ ქრისტიანული მარხვა არ შეიძლება რომელიმე მათგან შევადაროთ. მართლაც, სხვა რელიგიებში მარხვის საფუძველი ყოველთვის პრინციპულად განსხვავებულია ქრისტიანულისაგან. კერძოდ, ინდუისტები და ბუდისტები ხორცს არ ჭამენ იმიტომ, რომ მეტემფსიქოზის (სულთა გადასახლების) თეორიის თანახმად ამა თუ იმ ცხოველში შეიძლება მისი გარდაცვლილი ახლობლის ან წინაპრის სული ესახლოს. ზოროასტრიზმის, მანიქეიზმისა და სხვა დუალისტური რელიგიების სწავლებით კი, ქვეყნიერების შექმნაში ბოროტი ძალაც მონაწილებოდა, ამიტომ, ზოგიერთ არსებაში ისინი ბოროტ საწყისს ხედავდნენ. ზოგიერთი სწავლება ადამიანის სხეულს განიხილავდა ბოროტების თავმოყრის ადგილად და სულის საპყრობილედ მიაჩნდა იგი, რის გამოც მათ მიერ საჭმლის მიღების შეზღუდვა თვითგვემასა და ფანატიზმს იწვევდა. ძველ აღთქმაში უმთავრესი მარხვა „განწმენდის დღე“ იყო, რომელიც სექტემბრის თვეში აღინიშნებოდა. არსებობდა, აგრეთვე, იერუსალიმის დანგრევისა და ტაძრის დაწვისადმი მიძღვნილი მარხვები. როგორც ცნობილია, მოსეს სჯულით, იკრძალებოდა ე.წ. „უწმინდური“ ცხოველების ჭამა. ისინი ცოდვებსა და მანკერებებს განასახიერებდნენ, კერძოდ, კურდღელი - შიშს, ღორი - სიბილწეს და ა.შ. ეს აკრძალვა ნაწილობრივ იუდაიზმიდან ისლამშიც გადავიდა. თვით არამართლმადიდებელ ქრისტიანობაშიც მარხვისადმი დამოკიდებულება სხვადსხვაგვარია. კერძოდ, ძველი ტრადიციების მქონე მონოფიზიტობასა და ნესტორიანელობაში მარხვა ხანგრძლივობითა და სიმკაცრით გამოირჩევა. კათოლიციზმში მარხვა მინიმუმამდეა დაყვანილი და ზიარებამდე ორიოდ საათით ადრე საკვების მიღება დასაშვებია. გარდა ამისა, რძე და კვერცხი სამარხვო პროდუქტებად ითვლება. პროტესტანტულ კონფესიათა უმრავლესობაში კი კალენდარული მარხვა საერთოდ არ არსებობს და მარხვის საკითხები ინდივიდუალურად წყდება. ეკლესიის მიერ დაწესებული მარხვები ერთგვაროვანი არ არის. არსებობს მკაცრი და შემსუბუქებული მარხვა: სრული თავშეკავება საკვებისაგან - ასეთი მარხვა ეკლესიის მიერ დაშვებულია დიდი მარხვის პირველ ორ დღესა და ამავე მარხვის ბოლო პარასკევს. ასევე პეტრე-პავლობის მარხვის პირველ დღეს; უმი მარხვა - მოუხარშავი და შეუწველი საკვების მიღება; მშრალი მარხვა - მცენარეული ზეთის გარეშე დამზადებული საკვების მიღება. უთევზო მარხვა; ჩვეულებრივი მარხვა - თევზის, მცენარეული ზეთისა და ყოველგვარი მცენარეული საკვების მიღება. ამასთან, საკვების მიღება მარხვისას შეზღუდულია რაოდენობრივად: დღეში ორჯერ, ჩვეულებრივი რაოდენობის 2/3-ით დაკმაყოფილება. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მარხვა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას. არ შეიძლება ძლიერი და სუსტი ორგანიზმის მქონე პიროვნებებს ერთნაირი მარხვა დაუწესდეს. მარხვა უმსუბუქდებათ ორსულ და მეძუძურ ქალებს, მოხუცებს, ავადმყოფებს და მგზავრობასა და ექსტრემალურ სიტუაციაში მყოფთ. რწმენა ადამიანისათვის ღვთისა და სულიერი სამყაროს არსებობის უშუალო, პირდაპირი და უეჭველი დადასტურებაა და ამ სამყაროსთან ურთიერთობის ერთი უმთავრესი ფაქტორი, ლოცვასთან ერთად, სწორედ მარხვაა. მარხვა და ლოცვა არის ის ორი ფრთა სულისა, რომელთაც იგი ზეცად აჰყავთ, რამეთუ სწორედ მარხვითა და ლოცვით გადაილახება ამ გზისაკენ მიმავალ გზაზე არსებული უმთავრესი დაბრკოლება, რადგან, როგორც მაცხოვარი ბრძანებს: „ესე ნათესავი (ე.ი. ეშმაკი) ვერ შემძლებელ არს განსვლად გარნა ლოცვისა და მარხვისა“ (მარ. 9, 29). ზურაბ ეკალაძე გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №24(75), 2000 წ.
| |
| |
ნანახია: 110 | | |
სულ კომენტარები: 0 | |