ლოცვა ერისა და მამულისათვის


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

ლოცვა ერისა და მამულისათვის

ლოცვა ერისა და მამულისათვის

ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესო, ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, რომელმან სიტყჳთა შენითა ყოველივე სიბრძნით ჰქმენ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, და განასრულენ ქმნილებაჲ შენი მადლითა სულისა შენისა წმიდისაჲთა, რომელმან ხატად შენდა და მსგავსად შეჰქმენ კაცი და დაუმორჩილე ყოველივე ქუეშე ჴელთა მისთა და დაადგინე იგი თავად ქმნულთა შენთასა, გამოსახვად უკუდავი იგი მეუფებაჲ და ჴელმწიფებაჲ შენი, რომელი, და-რაჲ-ეცა, არა უგულებელს-ჰყავ, არამედ სიმდიდრითა მოწყალებათა შენთაჲთა და კაცთ-მოყუარებითა განაგე აღდგინებაჲ და ცხორებაჲ მისი, ვიდრე მხოლოდ-შობილისა ძისაცა შენისა მსხუერპლად უბიწოდ განცემაჲ მისისა ცხორებისათვის არა უღირს-იჩინე, და სული შენი ყოვლად-წმიდაჲ და ცხოველსმყოფელი ძისა შენისა მიერ გარდამოუვლინე მათ სიბრძნისა და ძლიერებისა და მადლით განმღრთობისა მომატყუებელად, რომელმან ჟამსა ბაბილონებრისა საცთურისასა ერთ-ჴმა და ერთ-ენა ნათესავისა მიმართ, ბოროტისა მზრახველისა, ჯერ-იჩინე მოვლინებაჲ სულისა შენისა წმიდისაჲ და საღმრთოჲთა მოწყალებითა და ქველისმოქმედებითა შენითა შეურივნენ და დაჰბადენ ენანი თესლად-თესლადთა ნათესავთა და ტომთა და ერთა განსაყოფელად, რაჲთა ყოველი კაცი თჳსისა ნათესავისა ენასა ზედა მიუთხრობდეს საღმრთოსა დიდებასა შენსა და არა თანა-აღერეოდეს სხუათა ენათა, ერთ-ენა ქმნად, მსახურებად ბოროტისა მის პირველისა, რომელმან ტომად-ტომადსა ნათესავსა კეთილ-განსაგებელად განუწესენ მეფენი და მთავარნი, ჴელმწიფენი და წინა-მჯდომარენი, მოურავნი და განმგენი, რაჲთა სცვიდენ და იურვიდენ შენ მიერ მომადლებულითა ენითა მეტყუელსა ერსა და ტომსა, რწმუნებულსა მათდამი, და აღაორძინებდენ და განამდიდრებდენ ამას ყოვლითავე სულიერითა და ჴორციელითა კეთილითა, და განამტკიცებდენ საზღვართა მისთა, რაჲთა არა დასადრგუნველ იქმნეს მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან, და ჟამსა ზოგადისა შეჭირვებისასა ზედა-ადგენ ჭირვეულთა და ჴელის-აღუპყრობელთა და ძჳრ-ხილულთა, შენ, აწცა, უფალო, მოიხილე მოწყალითა თუალითა შენ მიერ დანერგულსა ვენახსა – ნათესავსა ამას ზედა ჩუენ ქართველთასა, რომელი ძლიერებისა მარჯუენისა შენისაჲთა აღმომორჩებულ არს გარემო საყოფელთა კედარისთა, აღსაარებად სახელსა შენსა წმიდასა და თაყუანისცემად საღმრთოთა სიწმიდეთა შენთა, და აწცა სათნო-იჩინე აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად მათდა სულითა სიბრძნისაჲთა, ურთიერთასისა სიყუარულისა და საღმრთოჲსა გულისხმისყოფისაჲთა, და მოჰმადლენ მათ განმგებელად და მმართებელად მწყემსნი და ჴელმწიფენი ბრძენნი და სახიერნი, რაჲთა არცა ერთი ცხოვარი სამწყსოჲსა თჳსისანი წარწყმიდონ, არამედ იღუწიდენ და ჰფარვიდენ და წარუმართებდენ მათ და კეთილად იპყრობდენ ყოველთა ქუეყანათა მისთა, და მკლავისა შენისა ძლიერებითა შეჰმუსრნენ ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, მომავალნი აღმოფხურად ენისა და ერისა ჩუენისა საყოფელთაგან მისთა, და მოჰმადლენ ძლევაჲ უხილავთაცა მტერთა ზედა და ჴელმწიფებათა ბნელისათა, რაჲთა წინამძღურებითა მათითა შენ მიერ მოგებულმან ერმან საზეპურომან დაიმკჳდროს საუკუნო სუფევაჲ შენ-მიერი და დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა შინა მოუკლებელითა დიდებისმეტყუელებითა გაკურთხევდეს, გაქებდეს და გიგალობდეს შენ, ქველისმოქმედსა მაგას სულთა ჩუენთასა, მხოლოდშობილისა ძისა შენისა თანა, ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და საუკუნეთა შინა საუკუნეთასა, ამენ.

 

კატეგორია: ლოცვანი | დაამატა: vasoelis (05.01.2008)
ნანახია: 110 | ტეგები: ლოცვა ერისა და მამულისათვის | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0