წმიდა ანდრია კრიტელი „დიდი კანონი"


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

წმიდა ანდრია კრიტელი

 

წინასიტყვაობა

 

წმიდა მამა აბბა დოროთემ კითხვაზე: რატომ გლოვობენ წმინდანები გამუდმებით, ასეთი პასუხი გასცა:

- წმინდანი სინათლისაკენ მავალი ადამიანია, რაც უფრო უახლოვდება ნათელს, მით უფრო ხედავს ადამიანთა ცოდვებს. ამიტომაც ატარებენ ისინი მთელ ცხოვრებას გლოვაში.

ამავე აზრს გამოხატავს სინანულის კანონის პირველივე  ფრაზებიც:

„ვინა ვიწყო მე გლოვად, საქმეთა ცხოვრებისა ჩემისათა, ანუ რომელი დასაბამი ვყო ქრისტე, გოდებისა ამის".

და ამას წერდა ანდრია კრიტელი, წმიდა მამა, რომელმაც 14 წლიდან დაიწყო ღვთისმსახურება.

მაინც რა ცოდვებმა დაამძიმა იგი ასე?

ვინ იყო ანდრია კრიტელი?

წმიდა ანდრია, მეექვსე საუკუნის ეს დიდი მამა, დამასკოში ცხოვრობდა. შვიდ წლამდე მუნჯი იყო. შვიდი წლისა პირველად ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და სასწაულებრივად განიკურნა, ამეტყველდა. ასე აჩვენა მაცხოვარმა თუ რა დიდი ძალა აქვს ზიარებას. გახარებულ მშობლებს საღმრთო წიგნებით აუვსიათ შვილი და უკვე თოთხმეტი წლისა იერუსალიმში გაუგზავნიათ ღვთისმსახურების შესასწავლად. იგი იმდენად განსწავლული იყო ამ დროისათვის, რომ თავისი ცოდნით იერუსალიმის პატრიარქიც კი განუცვიფრებია. შემდგომში ანდრია გახდა კუნძულ კრეტის მთავარეპისკოპოსი და აქედან მოყოლებული იწოდება კრიტელად. მან დაწერა სინანულის დიდი კანონი, რომელშიც ისეთი სიმძაფრითაა წარმოდგენილი ადამიანის ცოდვილი ბუნება, რომ თუ კარგად ჩავუღრმავდებით, აუცილებლად სინანულით განვიმსჭვალებით. იგი მოცულობითაც ყველა სხვა კანონზე დიდია. ამიტომაც მას ოთხ ნაწილად ჰყოფენ და დიდი მარხვის პირველ ოთხ დღეს კითხულობენ.

„ცოდვების დანახვა მთელი თავისი სიღრმით ჭეშმარიტად ღვთის მადლია" - ამბობს წმიდა იოანე კრონშტადტელი.

ხშირად ადამიანები ვერ ხედავენ თავიანთ ცოდვებს.

„არაფერი მომიპარავს", „ისეთი არაფერი ჩამიდენია", „როგორც ყველა, მეც ისე ვცხოვრობ", „არავინ მომიკლავს" - ასე იწყებენ ისინი თავიანთ აღსარებას და ვერც წარმოუდგენიათ თუ სცოდავენ. გვაღიზიანებს, როდესაც გვამხელენ, თავად კი ადვილად განვიკითხავთ, ღმერთიც დავივიწყეთ. განა ეს ცოდვები მოსანანიებელი არ არის?! და თუ არ გვესმის, რატომ უნდა გვიყვარდეს მტერი ჩვენი, ვართ კი ქრისტიანები?! რითი ავხსნათ ჩვენი თვითდაჯერებულობა ჩვენს უცოდველობაში, თუ არა გაქვავებული გულით, ჩვენი სულიერი სიკვდილით?!

დიდ მარხვას სულის დღესასწაულსაც უწოდებენ. ამ დროს ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილია სულისაკენ, რომ განკურნოს იგი. და თუ გვინდა ღირსეულად აღვასრულოთ ეს, სანამ მარხვას დავიწყებდეთ, ვაიძულოთ თავი,  მივუტეოთ ერთმანეთს ყველანაირი წყენა და გულისტკივილი. სწორედ ამიტომაა დიდი მარხვის წინ დაწესებული შენდობის დღე.

„არა არს სოფელსა შინა ცოდვა, არცა დაცემა, არცა სიბოროტე, მხსნელო, რომელი მე არა მიცოდავს: გონებით და სიტყვით და მოგონებით, ნებებით და ჯერ-ჩინებით და ქმნით, ვითარ სხვას არცა ერთსა ვის სადა".

ჰგოდებს ანდრია კრიტელი, ჩვენ კი დარწმუნებულნი ვართ, რომ არ ვცოდავთ. მოდით დიდ მარხვაში მაინც ჩავუღრმავდეთ სინანულის ამ კანონს. იგი დაგვეხმარება ჩვენი ცოდვების დანახვაში. ასე გადავდგათ პირველი ნაბიჯი და ავუყვეთ სასუფევლისკენ მიმავალ სათნოებათა კიბეს.

ნეკრესელი მთავარეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი)

 

სინანულის დიდ კანონს, რომელშიც ადამიანის ცოდვილი ბუნება სინანულის მომგვრელ სიმძაფრითაა წარმოდგენილი,  ოთხ ნაწილად ჰყოფენ და დიდი მარხვის პირველ ოთხ დღეს კითხულობენ.

 

ორშაბათის კანონის განმარტება

ეს საგალობელი ჩვენ წინაშე განაცხადებს ცოდვის სიმძიმეს და სულს ერთდროულად ავსებს სინანულითა და იმედით. წმ. ანდრია კრიტელის კანონში ბიბლიური სახეები და მოვლენები წარმოდგენილია, როგორც ადამიანის პირადი ცოდვისა და ღვთისგან განდგომის ტრაგედია.

 

კანონი ცოდვის სიღრმის შეცნობით გამოწვეული გოდებით იწყება:
“ვინა ვიწყო მე გლოვად საქმეთა ცხორებისა ჩემისათა ანუ რომელი დასაბამი ვყო, ქრისტე, გოდებისა ამის?”

სამშაბათის კანონის განმარტება

სამშაბათის კანონის პირველი ექვსი გალობა ეყრდნობა საღმრთო ისტორიას – დავით წინასწარმეტყველამდე. აქ ორშაბათის პირველი გალობის – ადამისა და ევას თემა გრძელდება და აბელსა და კაენზე გადადის: “მივემსგავსე კაენს მკვლელსა”. და აბელისას “არა მივემსგავსე სიმართლესა და ძღვენი არა მოგართუენ შენ, არცა საქმე ღირსი, არცა მსხვერპლი განწმენდილი, არცა ცხოვრება უბიწო”.
მონანული კაცი საკუთარი სულის მსგავსებას: ნოეს ეპოქის გარყვნილ სულთან, ქამის უსირცხვილობასთან ხედავს და ცდილობს, რომ, ლოთის მსგავსად, “ყოვლისა აღძვრისა ვნებულისაგან” ილტვოდეს.

აქვე აბრაამის სახე ჩნდება, რომელმაც ღმერთი გონებით იხილა. მის ძეთაგან კი ერთი განდიდდა, თავადაც მამათმთავარი გახდა და შთამომავლობას თორმეტი მამათმთავარი მისცა: ეს იყო იაკობი. მეორემ – ესავმა კი გაყიდა “სიკეთენი პირმშოებისანი და მამულისა დიდებისაგან” განეშორა.

ესავი გულისთქმას დამონებული ადამიანის სახეა, ხოლო შემდეგ ხსენებული იობი ის კაცია, ვინც ხორციელი სიმდიდრის სრული ამაოება და ღვთის სიყვარულის ფასი შეიცნო, სწორედ იობის სიმხნე მოუხვეჭს სულს სასუფეველს.
სულმა ხორციელი ზრახვები უნდა მოაკვდინოს, როგორც მოსემ მოკლა ეგვიპტელი და ამის შემდეგ სინანულით სძლია ვნებათა უდაბნოს. სწორედ მოსეს მიბაძვაა აუცილებლი იმისათვის, რომ “მაყულოვანსა შინა ღმრთისგამოცხადებისა ხილვასა” ეღირსოს სული.

იმავე მოსეს მიერ კლდეზე კვერთხის ცემამ და სასმელი წყლის აღმოცენებამ “ცხოველმყოფელი წმიდა გუერდი შენი (ქრისტესი) გამოსახა წინასწარ”.

ოთხშაბათის კანონის განმარტება

ოთხშაბათის პირველი ექვსი გალობა ისევ მოსეს ხუთწიგნეულის თემას განავრცობს, თუმცა ახალი აღთქმის სახეებიც შემოდის და მასთან ერთად იხსენიება ღირსი დედა ცოდვის უსაზღვრო სიღრმიდან სულიერი კიბის უმაღლეს საფეხურზე ამაღლებული – წმიდა მარიამ ეგვიპტელი. ღირსი მარიამ ეგვიპტელი ცხონების იმედს უნერგავს ყველას, თვით ყველაზე დამცრობილ და ცოდვით დამძიმებულ სულსაც კი. მისდამი ვედრება ჩაერთვის როგორც ოთხშაბათის, ასევე ხუთშაბათის კანონებს.
მცოდველი სული აქ კაენთან ერთად ლამექთანაც ნახულობს მსგავსებას, სამაგიეროდ, იგი სრულიად განშორებულია სეთის, ენოსის, ნოეს საქმეებს, იგი აღთქმის კიდობნის გარეთ დარჩენილა. ამიტომ ვერ მიიღო სემის კურთხევა და “ვერცა ვრცელნი საზღვარნი იაფეთისაებრ ჰპოვა ქუეყანასა წმიდასა”. რისთვისაც იგი უნდა განეშოროს ქარანს – აბრაამის მსგავსად და მასავით ეძებოს ქვეყანა აღთქმისა. აბრაამმა მამბრეს მუხასთან სამი ანგელოზის – ანუ, ღმერთის სტუმრობით საღმრთო მადლი მიიღო, ხოლო ისააკი ქრისტეს მსხვერპლშეწირვის წინასწარმეტყველად იქცა. ყოველივე ეს არის წინასახე და, ამავე დროს, ცოცხალი მაგალითი გამოხსნისა. ისევე, როგორც მხევალისაგან შობილი ისმაილის განდევნა მიგვანიშნებს საფრთხეზე.

ოთხშაბათს, მეოთხე გალობაში უკვე ქრისტეს ჯვარცმა იხსენიება, მაცხოვრის გვერდისაგან გადმომდინარე სისხლი და წყალი, შენდობისა და ცხონების ნიშანია. ღვთის წინაშე წარდგომილი სული აცნობიერებს, რომ “ლამპარი დაშრტდა, ვითარცა უზეთო და სასძლო დაეხშა მირულებულსა” (ანუ: მთვლემარეთათვის სასუფევლის კარი დაიკეტა), ხოლო შეუნანებელი სული “გარე განაგდეს”.

მეექვსე გალობაში კვლავ ჩნდება ახალი აღთქმის სახეები, აქვე კვლავ იხსენება კიდობანი აღთქმისა, როგორც ქრისტეს ეკლესიის წინასახე, ასევე ამალეკის – ბოროტი მტრის მძლეველი ისუ ნავესი.

ხუთშაბათის კანონის განმარტება

ხუთშაბათის კანონის პირველი ექვსი გალობა ისევ უბრუნდება უძველეს ისტორიას, კაენის ბოროტ საქმეს მიმსგავსებულ კაცის კვლას – ლამექისაგან, ეგვიპტელი აგარისაგან ისმაილის შობას და ბოროტების საპირისპიროდ: იაკობის მიერ ცად აღმართულ კიბეს და მელქისედეკს, როგორც „სჯულიერად ცხოვრების“ მაგალითს. აქ კიდევ ერთხელ იკვეთება ურჯულო ცხოვრების შედეგი, სინანულისაკენ მოქცეული სულისათვის უკვე აღარ უნდა არსებობდეს ძველი ცოდვები და უკან ყურება: “ნუ იქმნები ძეგლ მარილის, სულო, უკუ ხედვითა მართლ-უკუნ, ზარი განგხადენ შენ სახემან სოდომელთამან”.

აქ ჩნდება სამარიტელი დედაკაცის სახეც. დავკარგე ყოველგვარი საღვთო ნიჭი, “ბიწიან-ვყავ ტაძარი ხორცთა ჩემთა, დავაბნელე ხატება და მსგავსება, რომლითა პატივ-მეცა, დავაშავე ბრწყინვალება სულისა გემოთა ვნებათათა და მიწად გამოვაჩინე გონება, განვჰბძარე მე პირველი სამოსელი, რომელი პირველითგან მიქსოვა ღმერთმან და ვჰსძე მე შიშუელი”.

ოთხივე დღეს, კანონს ჩაერთვის ერთი და იგივე კონდაკი “სულო ჩემო…” სადაც კაცი საკუთარ სულს მღვიძარებისა და ღვაწლისაკენ მოუწოდებს კანონის ბოლოს კი წმ. ანდრია კრიტელის ტროპარი იგალობება.

არბოს წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი

მღვდელი ზაზა სოსიაშვილი

კატეგორია: განმარტებები | დაამატა: vasoelis (15.03.2017)
ნანახია: 101 | ტეგები: წმიდა ანდრია კრიტელი, დიდი კანონი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0