კანდელის და საკმევლის დანიშნულება


„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

კანდელის და საკმევლის დანიშნულება

კანდელი - არის ჭურჭელი, რომელშიც ინთება ცეცხლი. იგი შედგება ჭურჭლის, ბამბის ფითილის და უღელისაგან, რომელსაც უჭირავს ფითილი. კანდელში საწვავად ჩვეულებრივ მზესუმზირის ზეთი (შეიძლება იყოს ნაკურთხი) გამოიყენება. მას ანთებენ ხატების, წმიდა ნაწილების, სხვა სიწმიდეების წინ, ტაძრის განსაკუთრებით წმიდა ადგილებზე - ტრაპეზზე და სხვა. კანდელის ნათელი სიმბოლოა თვალთშეუდგამი საღმრთო ნათელისა, ღვთაებრივი სწავლებით მოფენილი სულიერი ნათლისა, სულიწმიდის მადლისა, ღვთისადმი შეწირული ლოცვისა. 

კანდელი უნდა აინთოს ლოცვის წინ, ამისთვის გამოყოფილი უნდა იყოს ცალკე სანთები - ნიშნად კეთილკრძალულებისა. ანთებული კანდელი შეიძლება ენთოს მთელი დღე და ღამე, როგორც სახე ღვთისადმი ჩვენი მარადიული წვის და ლოცვისა.

მართლმადიდებლურ ტაძარში მსახურების ერთ-ერთი აუცილებელი ნივთია კანდელი - როგორც სიმბოლო ზეციური ნათლისა. რამდენადაც სასუფეველში მყოფი წმინდანები ზეციური ნათლით არიან მოსილნი, აქაც, დედამიწაზე, მათ ხატებს მუდამ ნივთიერი ნათელი - ზეციური ნათლის ნიშანი უნდა ეფინებოდეს. წმინდანები ზეცაში მარადიულ ნათელში განისვენებენ, ამიტომ მათი წმინდა გამოსახულებანიც უნდა განათდეს. ძველი აღთქმა მკაცრად მოითხოვდა, რომ ღვთის ტაძარში ცეცხლი ყოველთვის ანთებული ყოფილიყო: "და დააგნა სასანთლენი მას ზედა წინაშე უფლისა, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს. ..... და დააკმია საკმეველი იგი აღზავებული მას ზედა, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.'' [გამოსვლა 40, 23-25]
''სიონისთვის არა დავდუმნე და იერუსალიმისათვის არ დავაცადო, ვიდრემდისცა გამოვიდეს, ვითარცა ნათელი, სიმართლე ჩემი, ხოლო მაცხოვარებაი ჩემი, ვითარცა ლამპარი, აღენთოს'' [ესაია 62. 1]

წმინდა იოანე ღვთისმეტყველი "გამოცხადებაში" უფლის საყდრის წინაშე ანთებულ შვიდ ცეცხლოვან სასანთლეს ხედავს, შვიდ სანთელს შორის ჭვრეტს იგი იესო ქრისტეს.

ხატის წინაშე კანდელი იმიტომაც ინთება, რომ რწმენა ჩვენი სინათლეა. უფალმა იესო ქრისტემ თქვა: "მე ვარ ნათელი სოფლისა" (იოან. 8,12.). კანდელის შუქი იმ შუქს მოგვაგონებს, რომლითაც მაცხოვარი ჩვენს სულებს ანათებს. ამასთანავე, კანდელი შეგვახსენებს იმ წმინდანის ნათელი ზნეობის შესახებ, ვისი ხატის წინაშეც ვანთებთ, რამეთუ წმინდანები "ძედ ნათლისად" (იოანე 12,36) იწოდებიან.

მას იმისთვისაც ვანთებთ, რათა მცირედი მსხვერპლი შევწიროთ უფალს, რომელმაც თავი გასწირა ჩვენთვის; მცირედით გამოვხატოთ უდიდესი მადლიერება და ნათელი სიყვარული მისდამი, ვისაც ჩვენს ლოცვებში სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ხსნას შევთხოვთ - ყველაფერ ამას, რისი ბოძებაც მხოლოდ უსაზღვრო ზეციურ სიყვარულს შეუძლია. გარდა ამისა, ანთებული კანდელი თავგანწირვისკენ ლტოლვას აღგვიძრავს - როგორც იწვის კანდელში ჩვენს ნებას დამორჩილებული ზეთი და პატრუქი, დაე, ასევე იწვოდნენ ყველა სატანჯველისას სიყვარულის ალით ანთებული და შემოქმედის მორჩილი ჩვენი სულებიც.


კანდელის აუცილებლობა ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს: 

"ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: უბრძანე ისრაელიანებს, მოგიტანონ ზეთისხილის სუფთა ზეთი, დაწურული, გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი. მოწმობის კრეტსაბმელის გარეთ სადღესასწაულო კარავში დადგას იგი აარონმა, რომ მუდმივად იყოს უფლის წინაშე დილიდან საღამომდე. სამარადისო წესად გქონდეთ თაობიდან თაობაში. სუფთა სასანთლეზე უნდა ჰქონდეს მუდმივად დადგმული ლამპრები უფლის წინაშე" (ლევ. 24:1-4).

და კიდევ: "უბრძანე ისრაელიანებს, მოგიტანონ ზეთისხილის ზეთი გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი. სადღესასწაულო კარავში კრეტსაბმელის გარეთ, რომელიც ფარავს მოწმობის კიდობანს, ანთებული ჰქონდეთ იგი აარონს და მის შვილებს საღამოდან დილამდე უფლის წინაშე. ეს არის სამარადისო წესი ისრაელიანებისთვის თაობიდან თაობაში" (გამ. 27:20, 21).

"გაასუფთავეთ კანდელები, შიგნით არაფერი ჩავარდეს. საჭმელში რომ რამე ჩაგიყარონ, გესიამოვნებათ? კანდელიც ასეა. კანდელის ზეთს გაუფრთხილდით, რადგან მას უდიდესი მადლი და კურნების ძალა აქვს" - მეუფე გრიგოლი (ცერცვაძე).

 

საკმევლის დანიშნულება

“საკმეველი წარმოადგენს ლოცვას, რომელიც ღვთის საყდრამდე აღწევს…”

საკმეველი საოცარ სურნელებას გამოსცემს, რაც სიმბოლურად სულიწმიდის მადლს, მის კეთილსურნელებას გამოხატავს.

საკმეველს ბოროტ ძალების, ეშმაკების განსადევნელადაც ვაკმევთ - ე.ი კმევის დროს ნაკმევი ადგილი ბოროტისაგან განიწმიდება, რადგან ბოროტი ძალებისათვის საკმევლის კეთილსურნელება მომაკვდინებელია [ტობ. 8, 2-3]

საკმეველი, ანუ კეთილსურნელება ფართოდ გამოიყენება ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში. საკმევლის შემადგენლობაში შემავალ ძირითად მასალას ფართოფოთლებიანი ხისგან – ვოსველიასაგან აწარმოებენ, რომელიც არაბეთის ქვიშიან სანაპიროებსა და აფრიკის მრავალ ქვეყანაში, ძირითადად კი სომალიაში იზრდება. საკმევლის მწარმოებლები ფრთხილად კვეთენ ვოსველიას ქერქს, საიდანაც ნაზი, გამჭვირვალე და წებოვანი მასა გადმოედინება.

საკმევლის მარცვლები წვისას დამახასიათებელ ნაზ სურნელებას გამოყოფენ. ძირითადად საკმეველი სხვადასხვა მინარევების სახით გამოიყენება, რომელთაგან ჭარბობს მირონი, ბენზოლი და არომატული ნივთიერებები.

საკმევლის წარმოშობის ისტორიის, მისი სიმბოლიკისა და მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება თბილისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი მიქაელ ეჯიბიშვილი:

“საკმეველი ღვთისმსახურებაში თითქმის ყველა უძველესი ერების, როგორც ებრაელების, ასევე კერპთაყვანისმცემლების მიერ გამოიყენებოდა. აღნიშნული ქმედება წარმოადგენდა ღვთის, როგორც უზენაესი არსების აღიარებასა და იმავდროულად, მისდამი მორჩილებისა და ერთგულების სიმბოლოს.

 

ძველ აღთქმაში მოცემულია წმინდა სურნელების დამზადების წესი (გამ. 30, 34-38). სოლომონის ტაძარში არსებობდა სამსხვერპლო კეთილსურნელების შესაწირად, სადაც მღვდელმსახური ყოველდღიურად სწირავდა ღმერთს საკმეველს და ითვლებოდა, რომ ეს მღვდელი ღვთის მიერ ღირსად იყო შერაცხილი ამ საქმის აღსასრულებლად. ზუსტად ასეთი კეთილსურნელების შეწირვის დროს იხილა წმ.ზაქარიამ, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მამამ, ანგელოზებრივი ხილვა და ხარება, რომ მისგან იშვებოდა წინამორბედი უფლისა. ასევე, ახალი აღთქმიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ სამმა მოგვმა, რომლებიც აღმოსავლეთიდან ბეთლემში მაცხოვრის თაყვანის საცემად მივიდნენ, ახალშობილ მაცხოვარს “ოქრო, გუნდრუკი (საკმეველი) და მური” მიართვა (მთ.2,11).

საკმეველი ფართოდ გამოიყენებოდა, ასევე, კერპთაყვანისმცემელთა შორისაც. ეგვიპტელები, ბაბილოვნელები, ბერძნები და სხვა ძველი ერები, რელიგიური მსახურებების დროს, საკმეველს ისევე იყენებდნენ, როგორც მათი თანამედროვე ერთი ღვთის მაღიარებელი ებრაელები. საკმევლის გამოყენების ერთ-ერთ ნათელ დადასტურებას წარმოადგენს მისი მოხმარება რომის იმპერატორისადმი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ, როგორც ღმერთს.

საკმევლის სულიერი სიმბოლიზმები ქრისტიანულ რელიგიაში შემდეგი გახლავთ:

საკმეველი მიემსგავსება ლოცვას, რომელიც ღვთის საყდრამდე აღწევს. “წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკუმეველი, შენ წინაშე…” (ფს.140,2), იგი სულის იმპულსია ზეციურისადმი მიმართული. იმავდროულად, წარმოადგენს ჩვენს გაუნელებელ წადილს, რომ ჩვენი ლოცვა შეიწყნაროს ღმერთმა. წმინდა იოანე ოქროპირი საკმევლის შესახებ ბრძანებს: “როგორც საკმეველი თავისთავად მშვენიერი და სურნელოვანია და კეთილსურნელებას ცეცხლთან შეხებისას გამოსცემს, ასევე, ჩვენი ლოცვაც თავისთავად კარგია, მაგრამ უმშვენიერესი და კეთილსურნელოვანი ხდება, როდესაც მას ცეცხლოვანი და ღვთისადმი მიდრეკილი სულიერებით წარმოვთქვამთ, როდესაც სული ხდება სამსხვერპლო და ძლიერი ცეცხლით აღიწევა ზეცისკენ”. ამისათვის კარგი იქნება, სახლში ლოცვისას საკმეველიც ვაკმიოთ.

საკმეველი, ასევე, სულთმოფენობის “ცეცხლოვან ენებს” განასახიერებს, როდესაც უფალმა მოწაფეებს სულიწმინდა გარდამოუვლინა. მღვდელი საკმევლის კმევისას ამბობს: “საკმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, საყნოსელად სუნნელებისა სულიერისა, შეიწირე შენსა ზეცისა საკურთხეველსა და ნაცვლად გარდამოგვივლინე ჩვენ მადლი სულისა შენისა წმიდისა”. ანუ კეთილსურნელების შეწირვით უფლისაგან სულიწმინდისეული მადლის მონიჭებას ვითხოვთ. ამიტომაც, როდესაც სასულიერო პირი აკმევს მორწმუნეებს, უკანასკნელნი ღვთისადმი მორჩილების, ერთგულებისა და სულიწმინდის მადლის მიღების ნიშნად ქედს იხრიან.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, კეთილსურნელების ღვთისადმი შეწირვა კიდევ ღვთის დოქსოლოღიას, მის დიდებისმეტყველებას აღნიშნავს. საკმევლის წვა ნიშნავს ღვთისადმი დიდებისმეტყველებასა და პატიების თხოვნას შემოქმედისადმი. სასიამოვნო განწყობა, რომელიც ტაძარში კმევის დროს კეთილსურნელებისას იქმნება, საღვთო კეთილგანწყობილების გამო, ჩვენი გულების აღვსებას განასახიერებს, რაც ჩვენი ღვთისადმი სიყვარულის ნაყოფს წარმოადგენს.

ადგილი, სადაც თავსდება ნახშირი და საკმეველი, კონსტანტინეპოლის პატრიარქის წმ. გერმანეს მიხედვით, განასახიერებს ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მუცელს, რომელმაც საღვთო “ნახშირი” – უფალი იესო ქრისტე დაიტია, რომელშიც მკვიდრობს ღვთაების მთელი სისავსე ხორციელად ხრწნილების გარეშე. ამასთანავე, სასაკმევლე წარმოადგენს იესო ქრისტეს ადამიანურ ბუნებას, ცეცხლი – ღვთაებრივს, ხოლო სურნელი კი – სულიწმინდის კეთილსურნელებას.

კატეგორია: განმარტებები | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (18.12.2020)
ნანახია: 4 | ტეგები: კანდელი, საკმეველი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar