მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

მღვდელ-მონაზონი სერაფიმე ვირიცელი


ცხოვრება


სქემოსანი მღვდელ-მონაზონი სერაფიმე ვირიცელი (ერისკაცობაში ვასილ ნიკოლოზის ძე მურავიოვი) დაიბადა 1866 წლის 31 მარტს [1] იაროსლავის გუბერნიის სოფელ ვახრომეევოში. ის 1866 წლის 1 აპრილს მონათლეს და ღირსი ვასილი ახალი აღმსარებლის პატივსაცემად ვასილი დაარქვეს.

მშობლები, ნიკოლოზ ივანეს ძე და ქიონია ალიმპის ასული მურავიოვები, მორწმუნე, ღვთისმოშიში ხალხი იყო. ცოლ-ქმრისთვის მართლმადიდებლობა ღვთისმოსაობის გარეგნული მხარისა და წეს-ჩვეულებების დაცვას კი არ წარმოადგენდა, არამედ ღრმა სულიერ ფასეულობას. ვასილი ყრმობიდანვე ღებულობდა სათნოების გაკვეთილებს. მან ბავშვობიდანვე გამოავლინა ქრისტიანისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება, რომელიც ზრდასრულ ასაკში სრულყოფილად წარმოაჩინა.

კაცთმოყვარე ღმერთმა ის არაჩვეულებრივი გულმოდგინებით, საზრიანობით, მოთმინებით, მიზანსწრაფულობითა და საოცარი მეხსიერებით დააჯილდოვა. ადრეული ასაკიდანვე ბიჭუნამ ფაქტიურად დამოუკიდებლად შეისწავლა წერა-კითხვა და დაწყებითი მათემატიკა. მისი საყვარელი წიგნები გახდა სახარება და ფსალმუნები.

ყმაწვილი ვასილი გატაცებული იყო წმინდანთა ცხოვრების კითხვით, რომელიც მაშინ ფერადი, ილუსტრირებული წიგნების სახით იყიდებოდა. მასზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა მეუდებნოე განდეგილთა ცხოვრება. წმინდა პავლე თებელი, ანტონი, მაკარი, პახომი დიდი, მარიამ ეგვიპტელი... ეს სახელები ყმაწვილში უზომო მოწიწებასა და სიხარულს იწვევდა. სწორედ მაშინ აღეძრა სურვილი გამხდარიყო ბერ-მონაზონი და შემოსილიყო ანგელოზებრივი სქემით, თუმცა ახლობლებისათვის მისი განზრახვა გარკვეულ დრომდე საიდუმლოდ რჩებოდა.

ვასილის მშობლები მუყაითი მეურნეები იყვნენ, მაგრამ მატერიალურ ფასეულობებზე მიჯაჭვულნი არასდროს ყოფილან. ისინი ყოველთვის მზად იყვნენ, დახმარებოდნენ გაჭირვებულებს, შეეკედლათ მწირნი, გაეთბოთ და დაეპურებინათ უპოვარნი. ვასილიც ასეთივე შრომისმოყვარე და გულკეთილი იზრდებოდა.

მურავიოვთა ოჯახში ყოველთვის ზედმიწევნით იცავდნენ მართლმადიდებლური ეკლესიის წესებს. ცხრა წლიდან ყრმა ვასილი უფროსებთან ერთად მარხულობდა. ყოველ დღესასწაულსა და კვირა დღეს ოჯახი ტაძარში მიდიოდა, აღსარებას ამბობდა და ქრისტეს საიდუმლოს ეზიარებოდა. დროს თუ გამოძებნიდნენ, მურავიოვების მთელი ოჯახი წმინდა ადგილების - ეკლესიებისა და მონასტრების - მოსალოცად მიემგზავრებოდნენ. უყვარდათ სერგის წმინდა სამების ლავრის მონახულება, სადაც გეთსიმანიის სავანეში ცნობილი ბერი ბარნაბა (მერკულოვი) [2] მოღვაწეობდა. ის იყო ბრძენი მასწავლებელი და დიდი მლოცველი, ვისკენაც მიილტვოდნენ მორწმუნეები მთელი რუსეთიდან. „უღმერთოდ სახლამდეც ვერ მიხვალ!“ - ამ ხალხური სიბრძნით უყვარდა მამა ბარნაბას მომსვლელთა დამოძღვრა. ეს სიტყვები ყრმამ ცხოვრების წესად გაიხადა.

ასე, თითქოსდა შეუმჩნევლად დათესა ყოვლადბრძენმა უფალმა მცირეწლოვანი ვასილის გულში ჭეშმარიტი ქრისტიანობა და სულიერების მარცვალი. თესლი ნაყოფიერ ნიადაგში მოხვდა.

მოულოდნელად მურავიოვების ოჯახს თავს უბედურება დაატყდა. ორმოცი წლის ასაკში უფალმა წუთისოფლიდან გაიყვანა ნიკოლოზ მურავიოვი. ახლობლებამ ძლიერ განიცადეს დანაკლისი. ვასილის დედა ისედაც ავადმყოფი ქალი იყო. ამ ამბავმა კიდევ უფრო დაამძიმა მისი მდგომარეობა. ვასილი გახდა ოჯახის მარჩენალი. იმ პერიოდში მურავიოვებმა გამოსცადეს სიღარიბის მთელი სიმწარე. მაგრამ უბედურ ოჯახს მალე ეწვია ღვთის წყალობა. ერთმა ღვთისმოსავმა, კეთილმა თანასოფლელმა, რომელიც სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ დუქანში უფროს ნოქრად მსახურობდა, ყმაწვილს დედაქალაქში მუშაობა შესთავაზა. მან ვასილს „ხალხში გაყვანაც“ აღუთქვა. თვალცრემლიანმა დედამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით დაულოცა შვილს გზა. ათი წლის ვასილი მშობლიურ კუთხეს დაემშვიდობა.

დიდი ქალაქია პეტერბურგი... სოფლის წყნარი ცხოვრების შემდეგ ვასილისთვის ადვილი არ აღმოჩნდა დედაქალაქის ორომტრიალთან შეგუება, მაგრამ თანდაყოლილი, ღვთისგან ბოძებული ნიჭი დაეხმარა. კეთილისმყოფელის წყალობით ყმაწვილი ქარვასლის ერთ-ერთ დუქანში დამტარებლად მოეწყო. ვასილი იმდენად კარგად და გულმოდგინედ ასრულდებდა დაკისრებულ მოვალეობას, რომ მაშინვე მოიპოვა მეპატრონის ნდობა. შემდგომში ის ბავშვს უფრო და უფრო რთულ დავალებას აძლევდა. ყმაწვილი თითქმის მთელ თავის შემოსავალს სახლში, ავადმყოფ დედას უგზავნიდა. მხოლოდ მცირეოდენ თანხას იტოვებდა აუცილებელი საჭიროებისათვის.

ვასილს კვლავ ძველებურად ეწადა ბერობა. და აი, დადგა დრო, როცა შეუძლებელი გახდა სურვილის დაძლევა. დაახლოებით თოთხმეტი წლის იყო, როცა ალექსანდრე ნეველის ლავრაში მივიდა და იღუმენთან შეხვედრა ითხოვა. იღუმენი მონასტერში არ ბრძანდებოდა. იმ დროს ლავრაში მოღვაწეობდნენ მთელს რუსეთში სახელგანთქმული სქემოსანი ბერები. ვასილს ერთ-ერთ მათგანთან შეხვედრა შესთავაზეს. მან მუხლმოყრილმა და თვალცრემლიანმა გაანდო ბერს სურვილი. პასუხად მიიღო რჩევა-დარიგება, რომელიც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: გარკვეულ დრომდე უნდა დარჩეს ერში, საქმეებით ემსახუროს ღმერთს, შექმნას ქრისტიანული ოჯახი, აღზარდოს შვილები და შემდეგ მეუღლის თანხმობით გახდეს მონაზონი. ბოლოს ბერმა უთხრა: „ვასენკა! შენი ხვედრია, გაიარო ეკლიანი, მრავალი მწუხარებით აღსავსე საერო გზა. აღასრულე ეს ღმერთისა და სინდისის წინაშე. მოვა დრო და უფალი დაგაჯილდოებს“. ასე ემცნო ვასილს ღვთის ნება. მთელი მისი შემდგომი საერო ცხოვრება გახდა ბერობისათვის მომზადება. ეს იყო მორჩილების გმირობა, რომელიც ორმოც წელს გაგრძელდა.

საერო საქმეების შემდეგ ვასილი დროს ან ტაძარში ატარებდა, ან კითხულობდა სულისთვის სასარგებლო წიგნებს, ან ლოცულობდა. იგი მუდმივად ეწეოდა თვითგანათლებას, რაშიც დიდად ეხმარებოდა საოცარი მეხსიერება, საზრიანობა და მიზანსწრაფულობა. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ისტორიული მეცნიერებებისადმი. მათემატიკური ნიჭის წყალობით სწრაფად აუღო ალღო კომერციულ საქმიანობას და წარმატებით ახერხებდა თეორიის პრაქტიკასთან შეთავსებას. დროდადრო სოფელში მიემგზავრებოდა და დედას საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა. მატერიალურად ის ყოველთვის მხარში ედგა მშობელს, იყო მოსიყვარულე შვილი და დედას ლოცვებში არასოდეს ივიწყებდა.

ვასილის უფროსი ღვთისმოსავი კაცი გახლდათ და ყოველმხრივ მიესალმებოდა ხელქვეითის ღვთისსათნო ცხოვრებას. ძალზე აფასებდა მის ზნეობრივ და პროფესიულ თვისებებს, კერძოდ, საოცარ შრომისმოყვარეობასა და კომერციულ ნიჭს. თექვსმეტი წლის ბიჭი მან ნოქრად დააყენა, ერთი წლის შემდეგ კი უფროს ნოქრად დააწინაურა. იმედი ჰქონდა, რომ მომავალში ვასილი მისი კომპანიონი გახდებოდა. ეს იყო მეტად იშვიათი შემთხვევა, რამდენადაც უფროსი ნოქრის თანამდებობის მიღებას, სულ ცოტა, ათი წელი სჭირდებოდა.

სამსახურეობრივი საქმიანობის გამო ახალგაზრდა ნოქარი ხშირად მიემგზავრებოდა მოსკოვში, ნიჟნი-ნოვგოროდსა და რუსეთის სხვა ქალაქებში. უფროსის ნებართვით წმინდა ადგილებსაც ნახულობდა. ხშირად დადიოდა ღირსი სერგი რადონეჟელის სავანეში, რათა მუხლი მოეყარა და ელოცა რუსეთის მიწის უდიდესი მეოხის წინაშე. მომლოცველები ყოველთვის ცდილობდნენ გეთსიმანიის სავანის მონახულებას, რათა თაყვანი ეცათ ჩერნიგოვის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისთვის და ლოცვა-კურთხევა და რჩევა მიეღოთ კაცთმოყვარე ბერი ბარნაბასაგან. ახალგაზრდა თავად ღმერთმ მიიყვანა მამა ბარნაბასთან, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ვასილი სულიერ შვილად აკურთხა.

ბერი ბარნაბა (მერკულოვი)

აი, ასეთი შეუდარებელი მოძღვარი უბოძა ყოვლადმოწყალე ღმერთმა ვასილ მურავიოვს. ოც წელს გრძელდებოდა მათი ურთიერთობა. ვასილი როგორც კი დროს გამოძებნიდა, გეთსიმანიის სავანეში მოძღვართან მიიჩქაროდა. მამა ბარნაბა პეტერბურგში ყოფნის დროს ყოველთვის ახალგაზრდა კომერსანტის სახლში რჩებოდა.

მამა ბარნაბას კურთხევით ვასილი ცდილობდა, გამუდმებით წარმოეთქვა იესოს ლოცვა, დაეცვა გონების სიწმინდე და წინ აღდგომოდა ბოროტ გულისთქმებს. სულიერი მოძღვარი ახალგაზრდა მოღვაწეს ეწეოდა ლოცვითა და რჩევით, იცავდა ცდუნებისგან და ამზადებდა მომავალი ბერული ცხოვრებისათვის. ჯერჯერობით კი ვასილისთვის აუცილებელი იყო ცხოვრების თანამგზავრის პოვნა. ეს თანამგზავრი გახდა ოლგა ივანეს ასული [3] , რომელზედაც მამა ბარნაბას კურთხევით 1890 წელს იქორწინა.

ღმერთს ეწადა, ვასილს ჯერ ოჯახში და კომერციულ სარბიელზე მიეღწია სრულყოფისათვის და შემდეგ განდგომოდა ამქვეყნიურ საზრუნავს. 1892 წელს ვასილმა საკუთარი საქმიანობა წამოიწყო. დიდი გამოცდილებისა და ვაჭართა წრეში ნაცნობობის წყალობით ვასილმა ბეწვეულის დამამზადებელი კანტორა ჩამოაყალიბა. საქონლის ძირითადი ნაწილი საზღვარგარეთ - გერმანიაში, ავსტრია-უნგრეთში, ინგლისში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში იყიდებოდა. სავაჭრო საქმიანობა დიდ ძალასა და ენერგიას მოითხოვდა. ამაო იყო დუქანში კლიენტის ლოდინის იმედი. საჭირო გახლდათ კლიენტის მოძიება რუსეთსა და საზღვარგარეთ, მისი მოთხოვნილებისა და სურვილის გათვალისწინება. ღმერთმა ვასილი საოცარი უნარით დააჯილდოვა - მას შეეძლო წუთისოფლის საზრუნავი სულიერ საკითხებთან შეეთანხმებინა. ის იყო ჭეშმარიტი მამულიშვილი და სამშობლოს კეთილდღეობისათვის ყველაფერს აკეთებდა. განუსაზღვრელი იყო მისი სიყვარული მამულისა და რუსი ხალხისადმი.

არაჩვეულებრივი უნარის მიუხედავად ვასილი არ ეძიებდა სიმდიდრესა და ამქვეყნიურ დიდებას. მისთვის ვაჭრობა კაპიტალის მოხვეჭის წყაროს კი არ წარმოადგენდა, არამედ ეკლესიისა და მოყვასის დახმარების საშუალებას. ახალგაზრდა მეწარმე მუდამ ცოდნისა და ერუდიციის გაღრმავების მცდელობაში იყო. 1895 წელს ის გახდა რუსეთში კომერციული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი და სწავლა დაიწყო ამავე საზოგადოებასთან არსებულ კომერციის უმაღლეს კურსებზე.

1897 წელს კურსების წარმატებით დამთავრების შედეგად მიღებული განათლების წყალობით ვასილმა საგრძნობლად გაიფართოვა ცოდნა და თვალსაწიერი. შემდგომში ყოველივე ამან დიდი სამსახური გაუწია, რამდენადაც მონასტერში მორჩილების აღსრულებისას, თუ მრევლთან საუბრის დროს ხშირად უხდებოდა მრავალი პრაქტიკული საკითხის გადაწყვეტა.

მეორე გილდიის სოვდაგრის მოწმობის თანახმად 1914 წლამდე ცოლ-ქმარი მურავიოვები დედაქალაქში მცხოვრებ, ვაჭრობით დასაქმებულ, იაროსლავის გუბერნიის გლეხებად ითვლებოდნენ. იმ პერიოდში ასევე არსებობდა სანკტ-პეტერბურგის მეორე გილდიის დროებითი სოვდაგრის წოდება [4]. ამგვარ „დროებით“ სტატუსს ცოლ-ქმრისათვის ხელი არ შეუშლია, მიღებული ყოფილიყვნენ პეტერბურგის საზოგადოებაში და მრავალთა პატივისცემა და სიყვარული დაემსახურებინათ.

ოლგა ძალიან ქალური არსება იყო, მაგრამ საკმაოდ მტკიცე და შეუპოვარი ხასიათის გახლდათ. ის ხშირად ეხმარებოდა მეუღლეს სამსახურის საქმეებში და ვასილის პეტერბურგში არყოფნის შემთხვევაში წარმატებითაც უძღვებოდა საწარმოს. ვასილი საგულდაგულოდ ირჩევდა თანამშრომლებს მორწმუნე ადამიანებიდან. ამიტომ უფროსსა და ხელქვეითებს შორის ყოველთვის ქრისტესმიერი სიყვარული სუფევდა.

მამა ბარნაბას მორჩილი ვასილი და ოლგა მურავიოვები ამქვეყნიურ მშფოთვარებას თითქოსდა გვერდიდან ადევნებდნენ თვალყურს: არც მისი ცრუ სილამაზით ტყუვდებოდნენ და არც მიწიერ ყოფას იყვნენ მიჯაჭვულნი. ძველებურად თესავდნენ სიყვარულს, გასცემდნენ მოწყალებას, სრულად იყვნენ ღმერთს მინდობილნი და უდიდეს იმედს ამყარებდნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდანების მეოხებაზე.

მურავიოვების ოჯახი
(ვარშავა. 1905 წ.)

1895 წელს მათ შეეძინათ ვაჟი - ნიკოლოზი, შემდეგ ასული - ოლგა. სამწუხაროდ, ახალშობილი გოგონა გარდაიცვალა. შვილის სიკვდილის შემდეგ ურთიერთთანხმობითა და მამა ბარნაბას ლოცვა-კურთხევით ცოლ-ქმარი და-ძმასავით ცხოვრობდა. ამ  გადაწყვეტილების აღსრულებაში მათ სულიერი მოძღვრის ლოცვები ეხმარებოდა.

მურავიოვების ოჯახში დამკვიდრდა ტრადიცია - ყოველ საუფლო დღესასწაულზე, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა და წმინდანთა ხსენების დღეებში იშლებოდა დიდებული სუფრა და სატრაპეზოდ ქუჩიდან იწვევდნენ ღარიბ-ღატაკებს. „მამაო ჩვენო“-ს წარმოთქმის შემდეგ ვასილი სტუმრებს ულოცავდა დღესასწაულს და მოკლედ განუმარტავდა ზეიმის არსსა და ისტორიას. ტრაპეზისა და სამადლობელი ლოცვის შემდეგ მასპინძლები მადლობას მოახსენებდნენ სტუმრად მობრძანებისთვის, უხვად ასაჩუქრებდნენ ფულით, ტანსაცმლით, სანოვაგით და მომავალ დღესასწაულზე ეპატიჟებოდნენ. მამა ბარნაბას ერთგული მოწაფე - ვასილ მურავიოვი ხშირად ამბობდა: „მხოლოდ სიყვარულით იძლევა ყოველგვარი ბოროტება. რაც უფრო ხელმოკლე ხარ და დაბალი წოდების, მით უფრო ძვირფასი ხარ ჩემთვის“. მხოლოდ ღმერთმა უწყის, რამდენი ღარიბი და უპოვარი იხსენებდა ლოცვებში ვასილისა და ოლგას სახელებს, რამდენი შესთხოვდა უფალს მათ ჯანმრთელობასა და ცხონებას.

თავად ცოლ-ქმარი ძალიან უბრალოდ იკვებებოდა. ვასილი ბავშვობიდან იყო მარხვას მიჩვეული. ოლგაც ბაძავდა მას. რაც მურავიოვებმა უბიწოების აღთქმა დადეს, მათ ოჯახში ოთხშაბათსა და პარასკევს კიდევ ერთი მარხვის დღე - ორშაბათი - შეემატა.

ღვთისა და მოყვასის სიყვარული იყო მათი ყოველგვარი საქმიანობის საფუძველი. რაც არ უნდა დაეშავებინათ, ვასილი საოცარ სიმშვიდეს და შემწყნარებლობას იჩენდა თანამშრომლების მიმართ. ამის გამო ხელქვეითების გულწრფელ პატივისცემას იმსახურებდა. ყველას კეთილმოსურნე იყო. არასოდეს შეულახავს ვინმეს ღირსება, არაჩვეულებრივ გულმოწყალებასა და მოთმინებას იჩენდა.

სხვისი ჭირის გამზიარებელი მეუღლეების ხშირად დადიოდნენ საავადმყოფოებსა და უპატრონოთა თავშესაფრებში, დიდძალ ფულს სწირავდნენ, მარტოხელებსა და უმწეოებს ურიგებდნენ საჩუქრებსა და სასულიერო წიგნებს.

აი, რა გვიამბო მონაზონმა იოანა შიხობალოვამ (+1944 წ.), რომელმაც თავად გამოსცადა ცოლ-ქმარი მურავიოვების სიყვარული და მზრუნველობა: „დავიბადე პეტერბურგში 1869 წელს. ცამეტი წლიდან ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტერში ვიმყოფებოდი. 1905 წელს მძიმედ დავსნეულდი და დაახლოებით ერთი წელი გავატარე მონასტერთან არსებულ საავადმყოფოში. მოულოდნელი გართულების გამო გამოჯანმრთელების პროცესი ფერხდებოდა. საავადმყოფოდან გამომიყვანეს იმ პერიოდში ცნობილმა ბეწვეულით მოვაჭრეებმა - ვასილ და ოლგა მურავიოვებმა. მათ კმაყოფაზე ვიმყოფებოდი 1917 წლამდე“.

მურავიოვებს არაერთხელ შეუფარებიათ სახელმწიფო საავადმყოფოს პაციენტები. ავადმყოფობისაგან გაწამებულებისათვის, რა თქმა უნდა, გაცილებით იოლი იყო ოჯახურ პირობებში გამოჯანმრთელება. ჭეშმარიტი თანადგომისა და სიყვარულის წყალობით სასწაულები ხდებოდა. სნეულებისგან ღონემიხდილი და სასოწარკვეთილი ხალხი კვლავ ფეხზე დგებოდა და შრომისუნარიანი ხდებოდა.

თავიანთ შეხედულებებსა და ცხოვრების წესს ვასილი და ოლგა თავს არავის ახვევდნენ. ისინი საკუთარი ცხოვრებით ასწავლიდნენ გარშემომყოფთ ჭეშმარიტ ქრისტიანობას.

 

1903 წელი... „საკვირველ არს ღმერთი წმინდათა შორის მისთა“ (ფს. 57,46). შეუძლებელია სიტყვებით გადმოიცეს, თუ რა განიცადეს ეკლესიის კეთილმორწმუნე შვილებმა წმიდა სერაფიმე საროველის ხსენების დღეს. იმპერატორისა და სამეფო ოჯახის თაოსნობით მთელი რუსეთი მიბრძანდა დღესასწაულზე წმიდა სერაფიმე საროველის თაყვანისსაცემად. ვასილი და ოლგაც გახდნენ ღირსნი საროვოს მონასტრის სტუმრობისა. მურავიოვებს მთელი ცხოვრების განმავლობაში ახსოვდათ ეს დიდებული დღეები. ვასილი ბავშვობიდანვე თაყვანს სცემდა მამა სერაფიმეს, მითუმეტეს, რომ დიდი საროველი მოღვაწე წარმოშობით ვაჭართა წრიდან გახლდათ და მურავიოვის მსგავსად, ახალგაზრდობაში ვაჭრობდა. ახალგაზრდა პეტერბურგელ სოვდაგარს წმიდა სერაფიმეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის სახით ცხონების უბადლო მაგალითი ედო წინ. იგი ბევრ რამეს სწავლობდა ღირსი მამის ცხოვრებიდან. მონაზვნობის ჟამს, როცა წმიდა სერაფიმეს სახელი ეწოდა, მას არაერთხელ უღიარებია, რომ განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდა ზეციური მფარველის მიმართ.

საროვოდან მეუღლეებმა ღირსი მამის რამოდენიმე შესანიშნავი ხატი ჩამოაბრძანეს, რომელიც ყოველთვის საროვოს დღესასწაულს ახსენებდა და წმიდა სერაფიმესთან ლოცვითი კავშირის დამყარებაში ეხმარებოდა.

მამა ბარნაბა სიხარულით ადევნებდა თავლყურს ვასილ მურავიოვის ზნეობრივ წინსვლას და ამზადებდა რა ბერობისათვის, უხვად უზიარებდა საკუთარ გამოცდილებას. ვასილ მურავიოვის შემდგომ სულიერ ზრდას სწორედ იმ წლებმა დაუდო დასაბამი, რომლებიც ბერის ხელმძღვანელობით წარიმართა.

1906 წლის დასაწყისში მამა ბარნაბა ძლიერ დაუძლურდა. იგრძნო რა მოახლოებული აღსასრული, ის უკანასკნელად ეწვია მის მიერვე დაარსებულ ივერონ-ვიქსუნსკის დედათა მონასტერს პეტერბურგში. მამა ბარნაბა დედაქალაქში ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო. პეტერბურგში მან ორი დღე დაჰყო. მოინახულა საყვარელი სულიერი შვილები, ყველას მადლობა მოახსენა სიყვარულისა და ივერონის მონასტრისათვის გაწეული შემწეობისათვის; ითხოვა, არც მომავალში შეეწყვიტათ სავანისთვის დახმარება. იმ დღეებში ვასილმა და ოლგამ უკანასკნელად იხილეს სულიერი მოძღვარი. 17 თებერვალს ბერმა მშვიდობით განისვენა.

ჯერ კიდევ მამა ბარნაბას სიცოცხლეში არავის ეპარებოდა ეჭვი მის სიწმინდეში. ათასობით ადამიანს ჰქონდა გამოცდილი ბერის ლოცვის ძალა. მოძღვრის ხსოვნა, რჩევები, ლოცვებში გამუდმებული მოხსენიება დიდ დახმარებას უწევდა ვასილსა და ოლგას იმ გზის გავლაში, რომელიც ბერის სიტყვისამებრ, მრავალი განსაცდელით იყო სავსე როგორც მათთვის, ისე სრულიად რუსეთისთვისაც.

რჩევა-დარიგების გარდა ვასილმა მოძღვრისაგან მემკვიდრეობით მიიღო მეგობარი, არქიმანდრიტი თეოფანე (ბისტროვი), სამეფო ოჯახის მოძღვარი და პოლტავის მომავალი არქიეპისკოპოსი. იმ პერიოდში ის სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ინსპექტორი გახლდათ. მეგობრებმა ერთმანეთი მამა ბარნაბას საშუალებით გაიცნეს.

მონათესავე სულები ერთმანეთს ადვილად ცნობენ. მომავალმა ეპისკოპოსმა ვასილში მაშინვე ამოიცნო ღვთისმოყვარე ადამიანი და დიდი მოღვაწე. ისინი ერთმანეთს მეცნიერების სიყვარულმაც დააახლოვა. ვასილს ყოველთვის იზიდავდა ისტორია. ბიბლიის ისტორიის პროფესორი, არქიმანდრიტი თეოფანე შეუდარებელი მოსაუბრე და დამრიგებელი იყო. ისინი ბევრს ბჭობდნენ რუსეთის იმჟამინდელ მდგომარეობასა და პერპექტივებზე, ერთმანეთს უზიარებდნენ ასკეტური ცხოვრების გზაზე მოპოვებულ გამოცდილებას.

1905 წლის 12 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა არქიმანდრიტი ბენიამინი (კაზანსკი), მომავალი მღვდელ-მოწამე, პეტროგრადისა და გდოვსკის მიტროპოლიტი, რომელიც საღვთო განგებით, ვასილის უახლოესი მეგობარი გახდა. უცნობია მათი გაცნობის დეტალები, თუმცა დედაქალაქის სასულიერო წრეებში ვასილს ყველა კარგად იცნობდა როგორც ღვთისმოსავ ერისკაცსა და დიდ ქველმოქმედს. შემორჩენილია 1905 წლის 4 იანვრის წმინდა სინოდის საარქივო ჩანაწერები, რომლის მიხედვით ვასილ ნიკოლოზის ძე მურავიოვი დაუჯილდოებიათ ღვთის სათნო საქმეების აღსრულებისათვის. სამწუხაროდ, უცნობია, კონკრეტულად რა სახის დამსახურებისვის რა სახის ჯილდო მიანიჭეს, მაგრამ წმინდა სინოდის მხრიდან ამგვარი ყურადღება, თავისთავად, მრავალზე მეტყველებს.

ვასილ მურავიოვი
(პეტროგრადი. 1916 წ.)

1905 წელს ვასილ მურავიოვი იაროსლავის საქველმოქმედო საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა, რომელიც იმჟამად რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ორგანიზაციას წარმოადგენდა. მასში გაწევრიანებული იყო მრავალი ცნობილი სასულიერო პირი, მათ შორის. წმიდა იოანე კრონშტადტელი. 1908 წელს საზოგადოებაში გაერთიანდა მაღალყოვლადუსამღვდელოესი ტიხონი, იაროსლავის კათედრის იმჟამინდელი საჭეთმოყრობელი და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის შემდგომი პატრიარქი. წევრებს არა მარტო საზოგადოების ფინანსური მხარადაჭერა მოეთხოვებოდათ, არამედ მოყვასის ჭეშმარიტი სიყვარულიც, რადგანაც ორგანიზაციას მატერიალურთან ერთად სულიერი დახმარებისთვისაც მიმართავდნენ. ხშირად საზოგადოების მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ მათი ოჯახის წევრები, ბავშვებიც კი. ეს იყო სკოლა, სადაც მოყვასის სიყვარულსა და გულმოწყალებას სწავლობდნენ. დღესასწაულებზე საზოგადოების წევრები ოჯახებთან ერთად იკრიბებოდნენ ტაძარში. ერთობლივი ლოცვითა და ზიარებით საძმოში არაჩვეულებრივი ურთიერთობა მყარდებოდა.

ვასილ მურავიოვს მრავალი წლის განმავლობაში შეჰქონდა თავისი ლეპტა საზოგადოების მოღვაწეობაში. ორგანიზაციის საქმიანობის საანგარიშო დავთრებსა და რეესტრში, ტრადიციისამებრ, ქველმოქმედის ვინაობა ანონიმი რჩებოდა. ვასილიც ფარულად ეწეოდა ქველმოქმედებას. როგორც ოლგამ მოგვიანებით აღიარა, მეუღლესთან სულიერი სიახლოვისა თუ მოყვასის სიყვარულის მიუხედავად, ზოგჯერ მისთვისაც რთული იყო გაეგო ვასილისთვის. ყოფილა შემთხვევები, როცა მას ყოველგვარი დაფიქრების გარეშე უკანასკნელი კაპიკიც კი გაუცია ოჯახიდან და თან გულწრფელად უხაროდა.

 

აი, დადგა მრისხანე 1917 წელიც. მთელი რუსეთი მკაცრი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა. მურავიოვების ბევრმა შეძლებულმა ნაცნობმა კაპიტალი საზღვარგარეთ გაიტანა და უკეთესი დროის მოლოდინში ქვეყანა დატოვა. ვასილისთვის მსგავსი არჩევანი არ არსებობდა. იგი ყოველთვის მზად იყო, ნებისმიერი განსაცდელი გადაეტანა საყვარელ სამშობლოსა და ხალხთან ერთად.

მრავალი წმინდანის წინასწარმეტყველებისამებრ, დაიწყო მორწმუნეების სასტიკი დევნა. 1920 წლისათვის ქრისტიანობისთვის დახოცილთა რაოდენობამ ათი ათასს მიაღწია. ყოველდღიურად უფრო და უფრო შემზარავი ამბები ისმოდა, რაც ვასილის გულს საშინელი ნაღველით ავსებდა; მაგრამ იქვე სიხარულსა და იმედს აღუძრავდა, რადგან მამა ბარნაბას სიტყვისამებრ, ახლოვდებოდა მისი მონაზვნობის ჟამიც. იმ საშინელ დროს ბერობაზე ფიქრიც კი უდიდეს გმირობას წარმოადგენდა.

ოქტომბრის რევოლუციიდან სამი წლის განმავლობაში მურავიოვების ოჯახი ძირითადად ქალაქგარეთ ცხოვრობდა. ვასილმა ჯერ კიდევ 1906 წელს შეიძინა ორსართულიანი სახლი სოფელ ტიარლევოში, რომელიც ცარსკოე სელოსა და პავლოვსკს შორის მდებარეობდა. 1920 წლამდე ეს სახლი იქცა ოჯახის ნავთსაყუდლად, რადგან დედაქალაქში ცხოვრება ძალზე სახიფათო იყო. რევოლუციისა და ხელისუფლების ცვლილების გამო მურავიოვებმა სამუშაო დაკარგეს. საერო საზრუნავისაგან თავისუფალ ვასილს დრო მიეცა, გაეანალიზებინა განვლილი წლები. ის ჩაუღრმავდა წმინდა მამათა შრომების, სამონასტრო წესებისა და საღვთისმეტყველო წიგნების შესწავლას, მიეცა განმარტოებულ ლოცვას.

ღირსი ბარნაბა გეთსიმანიელის ერთგული მოწაფე თავდაპირველად სერგის წმინდა სამების ლავრაში აპირებდა ცხოვრებას, რათა გეთსიმანიის სავანეში მოძღვრის განსასვენებელთან ახლოს ეღვაწა. მაგრამ ღმერთმა სხვანაირად ინება. მოულოდნელად პეტერბურგისა და გდოვსკის მიტროპოლიტმა ბენიამინმა ვასილი აკურთხა, ალექსანდრე ნეველის მონასტერში აღკვეცილიყო ბერად. ამგვარი გადაწყვეტილება ვასილისთვის სასიკეთო აღმოჩნდა. ხელისუფლებამ წმიდა სერგის ლავრა დახურა. ამგვარად, საღვთო განგებით ვასილი პეტროგრადში დარჩა.

1920 წლის 13 სექტემბერს ვ.ნ.მურავიოვმა ლავრის საეკლესიო კრებას თხოვნით მიმართა მონასტრის საძმოში მიღებასთან დაკავშირებით, რაზედაც თანხმობა მიიღო და მორჩილების აღსასრულებლად მნათედ იქნა განწესებული. ამავდროულად მისი მეუღლე - ოლგა - ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტრის მორჩილი გახდა. მურავიოვებმა მთელი ქონება მონასტრებს შესწირეს. მარტო ვასილის მიერ გაღებული თანხა 40000 ოქროს რუბლს შეადგენდა, რაც იმ დროისათვის დიდძალ სიმდიდრეს წარმოადგენდა.

26 ოქტომებრს მიტროპოლიტმა ბენიამინმა ვასილ და ოლგა მურავიოვები მონაზვნად აღკვეცისთვის აკურთხა. 1920 წლის 29 ოქტომბერს ლავრის კეთილმოწესემ - არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა (იაროშევიჩი) - მორჩილი ვასილი ბერად აღკვეცა და მოძღვრის, ბერი ბარნაბა გეთსიმანიელის, პატივისცემის ნიშნად ბარნაბა უწოდა. ამავდროულად პეტროგრადში, ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტერში ქრისტინეს სახელით მონაზვნად აღიკვეცა ოლგა ივანეს ასული მურავიოვი.

აღსრულდა ვასილ მურავიოვის სანუკვარი ოცნება! მიზანი, რომლისაკენაც 45 წლის განმავლობაში ისწრაფვოდა, მიღწეულ იქნა.

მალე ძმა ბარნაბა ხელდასხმულ იქნა ბერ-დიაკვნად და დაინიშნა სასაფლაოს კანტორის ხელმძღვანელად. მორჩილება, რომელიც მამა ბარნაბას ერგო, მონასტერში ერთ-ერთი ურთულესად ითვლებოდა. ქვეყანა შინაომმა მოიცვა. თეთრები ხოცავდნენ წითლებს, წითლები - თეთრებს. ნიკოლსკის, ტიხვინისა და ლაზარევსკის სასაფლაოებზე გამუდმებით ისმოდა ტირილი. ალექსანდრე ნეველის ლავრაში არ წყდებოდა წესის აგება, პანაშვიდს პანაშვიდი მოსდევდა. ახლადშესვენებულის სამარემდე მიცილება, დამწუხრებული ნათესავებისა და ახლობლების ნუგეშინისცემა - ეს იყო სულიერი ექიმობის სკოლა, რომელიც გაიარა მომავალმა ვირიცელმა ბერმა, მამა სერაფიმემ, ობოლთა და ტანჯულთა ნუგეშინისმცემელმა და მლოცველმა, რუსეთის მიწის უდიდესმა გულშემატკივარმა.

მორჩილის მიზანსწრაფულობა და საკუთარი თავისადემი მომთხოვნელობა ყველას გაოცებას იწვევდა. მას იშვიათად ჰქონდა თავისუფალი დრო და იმასაც უმთავრესად ლავრის ბიბლიოთეკაში ატარებდა. ლოცულობდა მთელი ღამის განმავლობაში, ასე რომ მისი კელიის სარკმლიდან სინათლის შუქი დილამდე მოჩანდა.

მამა ბარნაბა მონაწილეობას იღებდა XX საუკუნის 20-იან წლებში ალექსანდრე ნეველის საძმოს მიერ წამოწყებულ მასიურ საეკლესიო-საზოგადოებრივ მოძრაობაში, რომელიც მართლმადიდებლობის დაცვას ისახავდა მიზნად. საძმოს სათავეში ედგნენ ბერ-დიაკონ ბარნაბას სულიერი თანამებრძოლები - ბერ-მონაზვნები გური და ლევი (ეგოროვები). მამა გური მომავალში მიტროპოლიტი გახდა.

აღნიშნული პერიოდი მეტად მძიმე აღმოჩნდა ალექსანდრე ნეველის ლავრისთვის. ღვთისმებრძოლები აქტიურად ერეოდნენ მონასტრის საქმეებში და მრავალ ადმინისტრაციულ დაბრკოლებას ქმნიდნენ. მიუხედავად ყოველივესი, სამონასტრო ცხოვრება ლავრაში არათუ ქრებოდა, არამედ არნახულ აღმავლობას განიცდიდა. სავანე გახდა პეტროგრადის საეკლესიო ცხოვრების ცენტრი: გაიხსნა მოშიმშილეთა დასახმარებელი პუნქტი; მონასტრის შენობის ნაწილი დაეთმო ომის ინვალიდებს; გროვდებოდა შენაწირები უპატრონოდ დარჩენილი ბავშვებისათვის; ყოველდღიურად უფასოდ იკვებებოდნენ ღარიბ-ღატაკები. მოშიმშილეთა კვების პუნქტი ორგანიზებულ იქნა მამა ბარნაბასა და მღველ-მონაზონ გურის მიერ. სწორედ ამ დროს დამყარდა საოცრად თბილი ურთიერთობა მიტროპოლიტ ბენიამენსა და ბერ-დიაკონ ბარნაბას შორის. თავმდაბალ და მორჩილ მეუფესთან ურთიერთობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. იგი, ჩვეულებისამებრ, ყოველ საღამოს ნიკოლსკის მონასტრის სასაფლაოზე სეინრობდა, სადაც მამა ბარნაბას კანტორა მდებარეობდა. ამგვარად, ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და მრავალ საკითხზე საუბრობდნენ.

1921 წლის 11 სექტემბერს, სამონაზვნო ცხოვრების ფუძემდებლისა  და დიდი მფარველის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს მიტროპოლიტმა ბენიამინმა მამა ბარნაბა მღვდელ-მონაზვნის ხარისხში აიყვანა. ამჯერადაც ღვთის განსაკუთრებული განგება წარმოჩინდა - გაძლიერებული მარხვისა და სინანულის დღეს მამა ბარნაბაში მოხდა მონაზვნის ანგელოზური ხარისხისა და სამღვდელმსახურო მადლის შერწყმა. ასევე, მას დაევალა, მონასტრის მთავარი მესანთლის მორჩილების აღსრულება, რომელიც მეტად საპასუხისმგებლო და შრომატევად სამუშაოს წარმოადგენდა. მოვალეობის აღსრულებაში მას დიდ დახმარებას უწევდა კომერციული საქმის ცოდნა და ძველი გამოცდილება. ამავდროულად, მამა ბარნაბა არც ბერის საქმეს - ლოცვასა და სულიერი მოღვაწეობას და არც მღვდლის მოვალეობას ივიწყებდა.

მამა ბარნაბა გულწრფელი ღვთისმსახურებით გამოირჩეოდა. თვითმხილველთა უწყებით, წირვის შემდეგ მას სახე სულიერი სიხარულისგან უბრწყინდებოდა და შემთხვევითი არ იყო, რომ მისი მონაწილეობით ჩატარებულ ლიტურგიებს ყოველთვის უამრავი ხალხი ესწრებოდა.

ყველას სურდა, მოესმინა მისი უბრალო და ადვილად გასაგები ქადაგება. თავი იჩინა საერო მოღვაწეობისას შეძენილმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ. ყოფილი პეტერბურგელი ვაჭარი მშვენივრად იცნობდა საზოგადოების ყველა ფენას, მდაბიოს თუ დახვეწილ ინტელიგენტს, უწყოდა მათი პრობლემები და სულიერი მოთხოვნილებები; ამის გამო მრავალი ადამიანი ისწრაფვოდა უბრალო და თავმდაბალი მამა ბარნაბასკენ. იზრდებოდა სულიერ შვილთა რიცხვი, ბერის კელიასთან მატულობდა რჩევისა და ნუგეშისცემისათვის მისულთა რაოდენობა. საეკლესიო ტრადიციასთან ზიარება, ღირსი ბარნაბა გეთსიმანიელის რჩევები და წმინდა მამათა გამოცდილება მას დიდ დახმარებას უწევდა ბერული ცხოვრების გზაზე.

უდიდესია მართლმადიდებელი ეკლესიის ორიათასწლოვანი სულიერი მემკვიდრეობა. მონასტერში სულ რაღაც ორი წლის ცხოვრების შემდეგ მამა ბარნაბას რჩევისთვის მიმართავდა მონასტრის საძმოს უმრავლესობა და ასევე ისეთი ცნობილი საეკლესიო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: მონასტრის კეთილმოწესე და პეტროგრაფის ეპისკოპოსი ნიკოლოზი (იარუშევიჩი), ალექსანდრე ნეველის მონასტრის წინამძღვარი და ლადოგის ეპისკოპოსი ინოკენტი (ტიხონოვი), არქიმანდრიტები - გური და ლევი (ეგოროვები). მამა ბარნაბა თავს არავის ახვევდა საკუთარ მოსაზრებას, მაგრამ არც არავის ტოვებდა უპასუხოდ. თავმდაბალი მღვდელ-მონაზონი დიდი მოთმინებით უსმენდა და ამშვიდებდა ყველას, ვინც დახმარებისთვის მიმართავდა. პასუხობდა აუჩქარებლად, საგულდაგულოდ განსჯის შემდეგ, მისკენ ისწრაფვოდნენ ერისკაცებიც. მარტო ბერის გარეგნობაც კი ნდობით განაწყობდა მათ, ვინც პირველად ნახავდა.

 

XX საუკუნის 20-იანი წლები... რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის უდიდესი განსაცდელის წლები... დადგა თითოეული მორწმუნის გამოცდის ხანა. იმ დროს თუნდაც ერთი დღით ჭეშმარიტი სარწმუნოების შენარჩუნება უტოლდებოდა იმ მშვიდობიანი პერიოდის წლებს, როცა თავისუფლად და ყოველგვარი შიშის გარეშე შეიძლებოდა საკუთარი მრწამსის აღიარება. მორწმუნეების დევნა არათუ წყდებოდა, უფრო სასტიკიც ხდებოდა. მონაზვნებისა და საეკლესიო პირთა რეპრესიები, საეკლესიო ქონების დატაცება, სასულიერო წოდების სამოქალაქო უფლებების შელახვა... მონასტერში არც ერთ ბერს არ ჰქონდა იმის იმედი, რომ დილით ღვთისმსახურებაზე ან მორჩილების აღსასრულებლად წასული უკან მშვიდობით დაბრუნდებოდა.

მამა ბარნაბას განსაკუთრებულ გულისტკივილს იწვევდა თანამოსაგრეებისა და უახლოესი მეგობრების დაპატიმრება. დაატუსაღეს: პეტროგრადის ეპისკოპოსი ბენიამინი, ლადოგის ეპისკოპოსი ინოკენტი, იამბურგის ეპისკოპოსი ალექსი (სიმანსკი), ეპისკოპოსი ნიკოლოზი (იარუშევიჩი), არქიმანდრიტები - ლევი და გური, მღვდელ-მონაზონი მანუილი და სავანის სხვა ძმები. საფიქრებელია, რომ აღნიშნულმა ამბებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მის სულიერ ფერიცვალებაში და ხელი შეუწყო, საბოლოოდ დაეძლია ამქვეყნიური სურვილები და მისწრაფებები. მამა ბარნაბა საშინლად განიცდიდა თანამოძმეთა ხვედრს და გულით ეწადა მათთან ერთად წამებულიყო ქრისტეს სახელისათვის. განუზომელი იყო მისი უახლოესი მეგობრისა და მრჩეველის, მეუფე ბენიამინის, დახვრეტით გამოწვეული დანაკლისი.

აი, ასეთ დროს მღვდელ-მონაზონმა ბარნაბამ სამშობლოში, ავადმყოფ დედასთან წასვლის ნებართვა ითხოვა. ბერი მიიჩქაროდა შვილის უკანასკნელი ვალის მოსახდელად, რათა შემდეგ დაეპყრო ის სულიერი მწვერვალები, რომლის მიღწევაც შეუძლებელია ამა ქვეყნიდან სრული განდგომისა და შინაგანი მდუმარების გარეშე.

თანამოძმეთა დაპატიმრებას კიდევ ახალი განსაცდელი დაერთო - მონასტრის „განახლების“ მცდელობა. 1922 წლის 17 ივლისს, როგორც კი მამა ბარნაბა იაოსლავიდან სავანეში დაბრუნდა, ლავრაში თვითმარქვია „არქიეპისკოპოსი“ ნიკოლოზ სობოლევი მოვიდა, რომელმაც თავისი უფლებების შესახებ განაცხადა და წირვა-ლოცვებზე უწმინდესი პატრიარქის ტიხონის მოხსენიება აკრძალა. ხელისუფლება აშკარად უწყობდა ხელს ამგვარ სიახლეებს. „წითელმა ოციანელებმა“ დაიკავეს მონასტრის ტაძრებისა და შენობების ნაწილი; შეეცადნენ შეექმნათ საკუთარი „საეკლესიო საბჭო“. მათი მიზანი იყო ლავრის მმართველობის ხელში ჩაგდება ან, უკიდურეს შემთხვევაში, მონასტრის სასულიერო კრების უფლებების შეზღუდვა. სავანის იმჟამინდელი მმართველი - არქიმანდრიტი იოასაფი - მიხვდა, რომ ალექსანდრე ნეველის მონასტრის არსებობა საფრთხის წინაშე დადგა, ამიტომ მთელი ძალისხმევა ლავრის აოხრებისაგან დაცვისა და ძმობის შენარჩუნებისაკენ მიმართა. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო კომპრომისული: ფორმალურად ეცნოთ განახლებული „ეპარქიული მმართველობა“ და შეეწყვიტათ პატრიარქ ტიხონის ღვთისმსახურებაში მოხსენება, მაგრამ ამავდროულად დამოუკიდებლად ემართა ლავრა და არავითარ შემთხვევაში არ დაეშვა სხვა სახის სიახლეები.

ამ დროს სავანის ძმობაში უთანხმოებამ იჩინა თავი. მონასტრის ავტორიტეტმა - მღველ-მონაზონმა ბარნაბამ (მურავიოვი), მონასტრის სულიერმა მოძღვარმა არქიმანდრიტმა სერგიმ (ბირიუკოვი) და მღვდელ-მონაზონმა ვარლამმა (საცერდოტსკი) - ძმები დაარწმუნეს, დამორჩილებოდნენ ლავრის ხელმძღვანელობას, არ დაემყარებინათ ევქარისტიული ერთობა განხეთქილებაში მყოფებთან და მხოლოდ გარეგნულ დათმობაზე წასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საძმოს დაუყოვნებლივი რეპრესიები დაემუქრებოდა და ღვთისმებრძოლები გაძარცვავდნენ და გააუქმებდნენ მონასტერს.

არჩევანის მართებულობა დრომ დაამტკიცა. 1923 წლის ივნისში უწმინდესი ტიხონის გათავისუფლების შემდეგ მონასტერი კვლავ პატრიარქს დაემორჩილა. არქიმანდრიტ იოასაფის ხელმძღვანელობით, მამა ბარნაბასა და სხვა თანამოძმეთა მხარდაჭერით მოხერხდა სავანის გადარჩენა. მონასტრის ძმებმა კი ასეთი ტანჯვა-განსაცდელის შედეგად მოიპოვეს სულიერი სიმხნე და უფრო მეტი გულმოდგინებით შეუდგნენ ღვთის სამსახურს.

მონასტრის ძმებისათვის ამგვარი ძნელბედობის ჟამს სულიერი წონასწორობის შენარჩუნება ადვილი არ აღმოჩნდა. ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოჩინდა მამა ბარნაბას სიმშვიდე, ღვთის ნებისადმი სრული მორჩილება და მტკიცე გადაწყვეტილება - ემსახურა ჭეშმარიტებისათვის. ის მონასტრის სულიერ მოძღვართან, არქიმანდრიტ სერგისთან (ბირიუკოვი), ერთად საძმოს საიმედო დასაყრდენს წარმოადგენდა, რადგანაც სავანეში საშინლად ღელავდნენ გარე თავდასხმებისა და შიდა საეკლესიო უთანხმოების გამო.

განუწყვეტელი ლოცვით, მორჩილებითა და ხალხის თავგანწირული სამსახურით - ყველაფრით მისაბაძი იყო მამა ბარნაბა. იგი პირადი მაგალითით მოუწოდებდა თანამოძმეთ ბერის ღვაწლისკენ, შრომისმოყვარეობისა და მოთმინებისკენ. ის საოცარ მობილიზებასა და სიზუსტეს იჩენდა სამონასტრო საქმეების წარმოებაში. არცაა გასაკვირი, რომ ზემოთ აღწერილი მოვლენების შემდეგ ლავრის ხელმძღვანელობამ და საძმომ ის სასულიერო კრების წევრად აირჩეს და მონასტრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, ხაზინადრად დანიშნეს.

მამა ბარნაბას გულით ეწადა, განრიდებოდა ამქვეყნიურ საზრუნავს და განმარტოებულიყო, მაგრამ სავანის ფინანსური საქმეების მწარმოებელს ხშირად უხდებოდა ხელისუფლებასა და ოფიციალურ ინსტანციებთან ურთიერთობა. ღვთის ნებას მინდობილი ბერი ყველაფერს მორჩილებით ღებულობდა. წარსულში გამომუშავებული ჩვეულების მიხედვით, ის საოცარ აკურატულობას იჩენდა ფინანსური თუ სამეურნეო საქმიანობის წარმოების დროს, ამიტომ ხშირად შუაღამემდე მუშაობდა საქმიანი ქაღალდებისა თუ დოკუმენტების გაფორმებაზე.

დიდძალ ძალისხმევას მოითხოვდა ლავრის სასულიერო კრებაში მონაწილეობაც, რადგან სხდომები თვეში 3-4-ჯერ იმართებოდა. როგორ ახერხებდა ბერი ერთდროულად მორჩილებაც აღესრულებინა, განუწყვეტლივ ელოცა, მისცემოდა ღვთის ჭვრეტასა და დაემწყსო მრევლი, მხოლოდ ღმერთმა უწყის.

1926 წლის მეორე ნახევარში არქიმანდრიტი სერგი (ბირიუკოვი) მამა ბარნაბას ახალი მორჩილებისათვის, მონასტრის სულიერი მოძღვრობისათვის, ამზადებდა. ის სიყვარულით არიგებდა მომავალ მემკვიდრეს, რომელიც ასეთივე სიყვარულით ღებულობდა არქიმანდრიტის რჩევებს. დიდად საპასუხისმგებლო იყო ახალი მორჩილება, რადგან ტრადიციის თანახმად, ალექსანდრე ნეველის წმინდა სამების მონასტრის მოძღვართან ამბობდნენ აღსარებას პეტროგრადის ეპარქიის ეპისკოპატის წევრები. თავად სიტყვა - „უხუცესი“ - ბევრს ნიშნავდა. ამიტომ უხუცესის მოვალეობის აღსრულებამდე მამა ბარნაბა დიდი სქემით შეიმოსა. ზუსტი თარიღი ამ ანგელოზებრივი ხარისხის მიღებისა უცნობია, ვიცით მხოლოდ დაახლოებით - 1926-1927 წლები. ღირსი სერაფიმე საროველის პატივსაცემად მას სერაფიმე უწოდეს. ამრიგად, მას დაერქვა იმ წმინდანის სახელი, ვის ცხოვრებასაც მთელი განვლილი წლების განმავლობაში ბაძავდა.

1907 წელს გამოცემული ღირსი ბარნაბა გეთსიმანიელის ცხოვრებაში მოთხრობილია ერთ-ერთი სულიერი შვილის, პეტერბურგელი ვაჭრის, ვინმე ვ.ნ.მ-ს სიზმარი. მკითხველი მასში ადვილად ამოიცნობს ვასილ ნიკოლოზის ძე მურავიოვს, ალექსანდრე ნეველის სამების ლავრის მომავალ სულიერ მოძღვარს. „ვიხილე, - ამბობს იგი, - თითოს ნიკოლსკის მონასტერში მოსალოცად მივდივარ. სავანე ჩემს მშობლიურ გოროხოვეცკის მაზრასთან ახლოსაა (მდებარეობს ღირსი ბარნაბა გეთსიმანიელის მიერ დაარსებულ ივერონ-ვიქსუნსკის მონასტერთან ახლოს - ავტორი). სიზმარში გზა მეუცხოვა და ტყეში დავეხეტებოდი. უცებ დავინახე, ჩემს წინ მიდის ბერი მხარზე შემოდებული გუდითა და ხელში ნაჯახით. რომ მივუახლოვდი, შევეკითხე, თუ როგორ შემეძლო ნიკოლსკის მონასტერში მისვლა. ბერმა მიპასუხა: „წამოდი, მიგაცილებ. მეც იქით მივდივარ“. კარგად რომ დავაკვირდი, ჩემს თანამგზავრში ღირსი მამა სერაფიმე საროველი შევიცანი. ვკითხე: „მამაო, თქვენ მამა  სერაფიმე ბრძანდებით?“ „დიახ, სერაფიმე ვარ“, - მიპასუხა ბერმა და განვაგრძეთ ტყეში გზა. მამა სერაფიმე შეჩერდა ხის დიდ ჯირკთან, ჩამოჯდა და ფეხებთან გუდა და ნაჯახი დაიწყო. მეც მის გვერდით დავჯექი. მოულოდნელად, საიდანღაც მამა ბარნაბა გაჩნდა და ჩემს ახლოს ისე დაჯდა, რომ მე ორ ბერს შორის აღმოვჩნდი. ისინი ძალიან გახარებულები იყვნენ, ერთმანეთს ეამბორებოდნენ და რაღაცაზე დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ საუბრის შინაარსი ვერ გავიგე, გამომეღვიძა. მამა ბარნაბამ ჩემი სიზმარი რომ მოისმინა, მხიარულად მითხრა: „აი, ჩვენს შორის იყავი და ვერ გაიგე რაზე ვსაუბრობდით“.

რა საოცარი სიზმარია! ტყე - ამქვეყნიური უღრანი, მეგზური - წმ. სერაფიმე საროველი, გზად შემხვედრი მგზავრი - ნეტარი ბერი ბარნაბა... სულიერი სიყმაწვილის პერიოდში მომავალმა სქიმოსანმა მღვდელ-მონაზონმა ვერ შეძლო გაერკვია, რაზე საუბრობდნენ მარადსახსოვარი ბერები, თუმცა კი უკვე მაშინ მათთან ერთად ერთ გზას მიუყვებოდა. საით? - მონასტრისაკენ, წმინდა ნიკოლოზისკენ.

წინასწარმეტყველურ სიზმარში განცხადდა ვასილ მურავიოვის ღრმა მისტიური კავშირი ამ დიდებულ მოღვაწეებთან. ის საოცარი მოწიწებით იყო განწყობილი ორივე ბერის მიმართ, მუდამ მათ სახელებს მოუხმობდა ლოცვებში და არც ისაა შემთხვევითი, რომ მონაზვნობის ჟამს ჯერ ბარნაბა ეწოდა, შემდეგ - სერაფიმე.

მამა ბარნაბას დიდი სქემით შემოსვიდან მალე ალექსანდრე ნეველის წმინდა სამების ლავრის საძმოს საერთო კრებამ მღვდელ-მონაზონი სერაფიმე (მურავიოვი) ლავრის სულიერ ხელმძღვანელად და სასულიერო კრების წევრად აირჩია. ძმებმა სიყვარულით დალოცეს ის. თავმდაბალი ბერი მორჩილების აღსრულებას შეუდგა.

მამა სერაფიმეს განსაკუთრებულ მადლმოსილებაზე ხმები მთელ დედაქალაქსა და მის ფარგლებს გარეთ გავრცელდა. იმ პერიოდში ბევრი ადამიანი იყო დაბნეული, არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ: უღმერთობა კიდევ უფრო მძლავრობდა, ეკლესიის დევნა სასტიკი ხდებოდა. როგორ დაეცვათ საკუთარი თავი და ახლობლები მოზღვავებული ბოროტებისაგან? ადრე დილიდან ვიდრე გვიან საღამომდე მის კელიასთან თავმოყრილი იყო უამრავი ხალხი. ისინი ლოცვით შემწეობას, კურთხევას, ნუგეშისცემას, სწორ რჩევასა და რთული სიტუაციიდან გამოსავალს ეძებდნენ. მამა სერაფიმე სახალხო მოძღვრად გადაიქცა.

მაღალ სულიერებასთან შერწყმული ცხოვრებისეული გამოცდილების წყალობით მამა სერაფიმე, მართლაც რომ შეუდარებელი მოძღვარი იყო. ის ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი იყო, ყველასთვის პოულობდა მამობრივი სიყვარულით გამთბარ სიტყვებს. მის გარეგნობაში იყო რაღაც განსაკუთრებული - ვინც ერთხელ ნახავდა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ამახსოვრდებოდა მასთან შეხვედრა.

მის სულიერ შვილებს შორის იყვნენ ერისკაცი თუ ბერი, მღვდელი თუ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავარი. ესენი გახლდნენ: ახალმოწამეები - შლისელბურგის ეპისკოპოსი გრიგორი (ლებედევი) და კოლპონსკის ეპისკოპოსი სერაფიმე (პროტოპოპოვი), პეტერბურგის ეპისკოპოსი და კრუტცკისა და კოლომენსკის მომავალი მიტროპოლიტი ნიკოლოზი (იარუშევიჩი).

ჭეშმარიტად, შეუცნობელია უფლის გზები! 1920 წელს ალექსანდრე ნეველის მონასტრის კეთილმოწესემ, არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა (იარუშევიჩი), ბერად აღკვეცა ვ.ნ.მურავიოვი, ხოლო რამოდენიმე წლის შემდეგ ეპისკოპოსი ნიკოლოზი (იარუშევიჩი) მღვდელ-მონაზონი სერაფიმეს (მურავიოვი) სულიერი შვილი გახდა. ასევე, კვლავ ალექსანდრე ნეველის მონასტრის მოძღვართან დადიოდა ხუტინსკის არქიეპისკოპოსი ალექსი (სიმანსკი), იგივე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი 1945-1970 წლებში, ალექსი I.

მოგვიანებით, 1928-1929 წლებში მამა სერაფიმესა და რუსეთის ეკლესიის ცნობილ მღვდელმთავარს, მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჩიჩაგოვი) [5] შორის მჭიდრო მეგობრობა დამყარდა. იმ დროს მეუფე სერაფიმე პეტროგრადის ეპარქიის მმართველი გახდა და ტრადიციისამებრ, მონასტრის სულიერ მოძღვარს მიაშურა. მათ დაახლოებას ბევრმა ფაქტმა შეუწყო ხელი, კერძოდ: საერთო ზეციური მფარველი - ღირსი მამა სერაფიმე საროველი; 1903 წლის საროვოს დღესასწაული; ბერი ბარნაბა და გეთსიმანიის სკიტი, სადაც მეუფე სერაფიმე 1898 წელს ბერად აღიკვეცა; წმ. იოანე კრონშტადტელი, რომელიც მიტროპოლიტ სერაფიმეს სულიერი მამა გახლდათ. ორი წლის განმავლობაში მეუფე სერაფიმე და სქიმოსანი მღვდელ-მონაზონი სერაფიმე ერთმანეთს აღსარებას აბარებდნენ და კვებავდნენ სულიერი საზრდოთი.

1927 წელს ნოვგოროდის ეპარქიის იმჟამინდელმა მმართველმა არქიეპისკოპოსმა ალექსიმ (სიმანსკი), ალექსანდრე ნეველის ლავრის სულიერ მოძღვარს რჩევისათვის მიმართა. მეუფე შიშობდა, რომ არისტოკრატული წარმომავლობის გამო დააპატიმრებდნენ. „მამა სერაფიმე, ხომ არ აჯობებს, საზღვარგარეთ წავიდე?“ - იკითხა მღვდელმთავარმა. „მეუფევ! ვის უტოვებთ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას? განა თქვენ არა ხართ მისი მწყემსი? - იყო პასუხი, - ნუ გეშინიათ, თვით დედა ღვთისა დაგიფარავთ. ბევრი საცდური იქნება, მაგრამ ღვთის შეწევნით ყველაფერს თავს გაართმევთ. დარჩით, გთხოვთ!“... მეუფე ალექსი მაშინვე დამშვიდდა და სამუდამოდ დაივიწყა ფიქრი საზღვარგარეთ გადახვეწაზე.

ამგვარად, მამა სერაფიმემ მეუფე ალექსის 18 წლით ადრე უწინასწარმატყველა პატრიარქობა. ასევე წინასწარ აუწყა საპატიო მსახურების ვადა - 25 წელი. მამა სერაფიმეს, ანალოგიურად, სხვა სულიერი შვილებისათვისაც გაუწევია ამგვარი ფასდაუდებელი დახმარება.

თავმდაბალი ბერი სულიერი შვილების მწუხარებას საკუთარივით განიცდიდა: „აბა, რა მონაზვნები ჩვენ ვართ?! სულ ვცოდავთ და ვცოდავთ... კარგი, შვილო, ღმერთი გვაპატიებს, თუკი დღეიდან სიკეთეს შევუდგებით და წინ აღვუდგებით ცოდვებსა და მის მიზეზს - ეშმაკს...“ რა შეიძლება პასუხად ითქვას? სულიერ შვილებს ისღა დარჩენოდათ, ღმერთისთვის მადლობა შეეწირაათ ასეთი მლოცველი მოძღვრის მონიჭებისთვის. ამგვარი სიყვარულის და თანაგრძნობის წინაშე ადამიანთა გულები თავისით იხსნებოდა. მამა სერაფიმე ბედნიერთან ერთად ხარობდა და მწუხარესთან ერთად წუხდა, იძლეოდა სასარგებლო რჩევებს და მამობრივ ალერსს იჩენდა ბავშვთან თუ ხანდაზმულთან.

ბერი, როგორც წესი, მოკლედ, მაგრამ დამაჯერებლად ლაპარაკობდა. რჩევისავის მისულს განუმარტავდა არსებითს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ხანგრძლივადაც საუბრობდა. ის სხვების სულიერ უძლურებას ღვთის სიტყვის სალბუნით და წმინდა მამათა რჩევა-დარიგებით კურნავდა. სხვისი მწუხარების გამზიარებელი იყო, სნეულთა ხორციელ ტანჯვასა და უძლურებას ფიზიკურადაც განიცდიდა, წუხდა მონანულებთან ერთად და მათი ცოდვების სიმძიმე აწუხებდა. არავინ არასდროს განუკითხავს. ადამიანთა ცოდვით ნებისმიერ დაცემას კაცთა მოდგმის მტერს აბრალებდა: „უფრთხილდით, არ გაებათ ეშმაკის მახეში, რომელიც დაგებულია ადამიანის შიგნით და გარეთ და ცრუ სიმართლის საბურველითაა დაფარული. მისი შეცნობა ადვილია, რამდენადაც სულის სიმშვიდეს გვართმევს. სადაც მშვიდობა არაა, იქ მტრის ხრიკებია. ჭეშმარიტება და მორჩილება ქრისტესგანაა. ჭეშმარიტება ქრისტესმიერი მშვიდობით იცნობა“, - აი, ასე მოძღვრავდა მამა სერაფიმე უფლის მაძიებლებს, როგორც მისი ახლობლები გვაუწყებენ.

ბერის გაცისკროვნებული ცისფერი თვალები აღმსარებლის სულის სიღრმეში იმზირებოდა. ზოგჯერ სულიერ შვილებს ერთი მოკლედ ნათქვამი ფრაზით გაამხნევებდა: „ილოცე“, „მოითმინე“, „ღმერთი დააცხრობს გაბოროტებულ გულს“, „წმინდა სერაფიმე საროველი შეგეწევა“, „ღმერთი განგკურნავს“, „წმინდა ნიკოლოზი მოიყვანს გონზე შენს შვილებს“, „დედა ღვთისა არ დატოვებს რუსეთის მიწას“... და ცხადდებოდა ბერის სიტყვები, მწუხარება და გაჭირვება უკან იხევდა.

მამა სერაფიმე განსაკუთრებულ მოკრძალებას იჩენდა საღვთო განგების წინაშე. ამასვე ასწავლიდა სულიერ შვილებსაც. „ყოვლადძლიერი ღმერთი განაგებს სამყაროს და ყველაფერი ან მისი სახიერებით, ან დაშვებით ხდება. კაცთათვის მიუწვდომელია ღვთის განგება. სამი წმინდანი ბაბილონის სახმილში აღიარებდა ღმერთს და სწამდა, მათზე და ისრაელის ერზე მოწეული სულიერი თუ ხორციელი უბედურება ღვთის სამართლიანი განგებით რომ ხდებოდა. მხოლოდ მოვლენების ამგვარი შეფასებით მოვიპოვებთ სულიერ სიმშვიდეს. ასეთი მსჯელობა გვიცავს მრისხანებისაგან, გონებას მარადისობისკენ მიმართავს, მწუხარებას მოთმინებით გადაგვატანინებს, თავად მწუხარებაც კი ხანმოკლე და უმნიშვნელო მოგვეჩვენება.

„ნუ დრტვინავ ჯვრის სიმძიმის გამო, მწუხარებისას დარდი ღმერთს გაუზიარე და ის დაგამშვიდებს“, - თბილი, მშვიდი და წყნარი ხმით მოძღვრავდა ბერი ხალხს.

„სადაც არ უნდა გავიქცეთ, ღმერთს მაინც ვერსად წავუვალთ! მაშ, უფალს ვევედროთ, გაგვხადოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული შვილები“, - ღრმად დარწმუნებული ამბობდა მამა სერაფიმე. მისი რჩევის შედეგად ბევრი ანებებდა ცოდვას თავს, მიისწრაფვოდა სულიერი სრულყოფისაკენ, ივიწყებდა ამქვეყნიურ ვნებებსა და ჩვევებს.

მამა სერაფიმე სნეულთა მკურნალობის უჩვეულო მადლს ფლობდა. მის მიერ ავადმყოფის განკურნების ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრეული ფაქტი განეკუთვნება XX საუკუნის 20-იან წლებს. არაწმინდა სულით შეპყრობილი ქალი სრულიად განკურნებულა, როგორც კი მამა სერაფიმემ ლოცვის შემდეგ კანდელიდან სცხო ზეთი. აი, რა გვიამბეს ამასთან დაკავშირებით ბერის ნათესავებმა:

- ბერის კელია ლავრაში, ფეოდოროვის კორპუსის მეორე სართულზე მდებარეობდა. როცა მამა სერაფიმე აღმსარებლებს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში არ ღებულობდა, კელიის კართან მომსვლელთა გრძელი რიგი იმართებოდა. იქ, ყაზანის ღვთისმშობლის, დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალისა და ღირსი სერაფიმე საროველის ხატების წინ [6] იდგა ანალოღია, რომელზეც ეწყო სახარება და ჯვარი.

ერთხელ მამასთან ერთი ქალი მოიყვანეს. მას არ შეეძლო ტაძარში შესვლა, რადგანაც ისეთი კანკალი ეწყებოდა, რომ პირჯვრის გადაწერასაც ვერ ახერხებდა. ამის დანახვაზე მამა სერაფიმემ უთხრა: „მოდით, ერთად ვილოცოთ!“ მან უბედურ ქალთან ერთად ხატების წინ დაიჩოქა. ლოცვის შემდეგ ავადმყოფ ქალს ჯვრის სახით შუბლზე ზეთი წასცხო იმ კანდელიდან, რომელიც ჩაუქრობლად ენთო. ქალი დაეცა და არაბუნებრივი კრუნჩხვები დაეწყო. ბერმა მაშინვე თავზე ოლარი გადააფარა და ლოცვების კითხვა დაიწყო. ავადმყოფი ნელ-ნელა მიწყნარდა და საბოლოოდ დამშვიდდა. აზრზე რომ მოვიდა, არაფერი ახსოვდა. შემდეგში ის არაერთხელ მისულა ბერთან მადლობის გადასახდელად და უამბნია, თუ როგორ სიხარულს განიცდიდა ღვთისმსახურებაზე დასწრების დროს. თითქოს თავისით მივყავარ ტაძარში ფეხებს, - ამბობდა ის.

მადლობის გადასახდელად ბერთან ხშირად მიდიოდნენ ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება მამა სერაფიმეს რჩევის მიხედვით წარმართეს. თავმდაბალი სქემოსანი ბერი კი ასეთ დროს ამბობდა: „მე ვინ ვარ, წმინდა სერაფიმეს უმადლოდეთ. ზეციურმა მკურნალმა მისი მეოხებით მოხედა წყალობით ჩვენს უძლურებას“; „ეს ყოვლადმოწყალე ზეციურმა დედოფალმა გიხსნათ განსაცდელისგან, რწმენისამებრ მოგეგოთ...“

ვინ იცის, რაგვარი სრულყოფილება იმალებოდა ამ უბრალოების მიღმა?! მონასტრის ძმებისა და ხალხის სამსახურს მამა სერაფიმე დიდსქემოსანი ბერის ფარულ ღვაწლს უთავსებდა. ღამით ის მთელი სამყაროსთვის ლოცულობდა ღვთის წინაშე, დილით კი უამრავ აღსარებას იბარებდა. თავად უფალი აძლიერებდა, აძლევდა ფიზიკურ მხნეობასა და გონებრივ გამჭრიახობას, სხვაგვარად, ადამიანური ძალებით შეუძლებელი იყო ასეთი ყოველდღიური ღვაწლის გაწევა.

იმ ძნელბედობის ჟამს მამა სერაფიმეს კელიასთან უამრავი ჭეშმარიტების მაძიებელი იყრიდა თავს. ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის მიუწვდომელი ღმერთის მრავალი საიდუმლო იყო ცნობილი მორჩილი სქემოსანისთვის. „ახლა სინანულისა და აღმსარებლობის დროა, - ამხნევებდა ხალხს მამა სერაფიმე, - უფალმა თავად მოუვლინა რუს ხალხს სასჯელი ცოდვების გამო. სანამ ღმერთი არ შეიწყალებს რუსეთს, აზრი არა აქვს მისი ნების წინააღმდეგ წასვლას. დიდი ხნით მოიცავს ღამის წყვდიადი რუსეთს, ბევრი ტანჯცა-წამება გველოდება. სწორედ ამიტომ გვასწავლის უფალი: „მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სული თქვენი (ლუკა 21,19)“. ჩვენ მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა ვიქონიოთ და პატიება ვითხოვოთ. გვახსოვდეს: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4,16). ვიქონიოთ მისი ენითგამოუთქმელი მოწყალების იმედი“. ბერი იმ პერიოდში მრავალ ადამიანს ურჩევდა, წარმოეთქვა იესოს ლოცვა: „სინანულის ლოცვის განუწყვეტელი წარმოთქმა ადამიანის სულის ღვთის სულთან შეერთების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის სულიერი მახვილი, როემლიც ყოველგვარ ცოდვას ანადგურებს“. ბერმა იწინასწარმეტყველა, რომ გაძლიერდებოდა დევნა და მთელი რუსეთი საკონცენტრაციო ბანაკს დაემსგავსებოდა. და აი, ამ დროს იესოს ლოცვა გახდებოდა ხსნის საუკეთესო საშუალება უღმერთო სახელმწიფოში აღმოჩენილი ქრისტიანებისათვის.

მიტროპოლიტ სერგისა და წმინდა სინოდის ცნობილი ეპისტოლეს გამოსვლისთანავე, მამა სერაფიმემ პატრიარქის ნაცვალის მხარე დაიკავა. უეჭველია, ადამიანმა, რომელმაც ჯერ კიდევ 1927 წელს არქიეპისკოპოს ალექსის (სიმანსკი) პატრიარქობა იწინასწარმეტყველა, მრავალტანჯული რუსეთის ეკლესიის მომავალიც უწყოდა. ის ყველას მოუწოდებდა, ლოცვებში მოეხსენებინათ მიტროპოლიტი სერგი და არსებული ხელისუფლება: „ასეა საჭირო!“ - დაბეჯითებით ამბობდა და მეტი განმარტება არც იყო საჭირო.

 

სამი წელი იმსახურა სქემოსანმა მღვდელ-მონაზონმა სერაფიმემ ალექსანდრე ნეველის მონასტრის სულიერ მოძღვრად. აღსარების მიღებისას მას ხანგრძლივად უხდებოდა ქვის ცივ იატაკზე დგომა. იმ ძნელბედობის ჟამს მონასტრის მთავარი ტაძარი საწვავის უქონლობის გამო ვერ თბებოდა და კედლები ხშირად ჭირხლით იფარებოდა. დიდი ყინვების დროს ღვთისმსახურება სულიწმინდის მოფენის ტაძარში ტარდებოდა, რადგან იქ შედარებით თბილოდა, თუმცა კი მამა სერაფიმე ნაკლებად ფიქრობდა საკუთარ კეთილმოწყობაზე. ცნობილია შემთხვევა, როცა ის ორი დღე-ღამის განმავლობაში შეუსვენებლივ იბარებდა აღსარებებს.

სიცივის დათმენამ, ფიზიკური და სულიერი ძალების მუდმივმა დაძაბვამ (რამდენი სხვისი ტანჯვა გაუთავისებია ბერს) თანდათან მამა სერაფიმეს ჯანმრთელობა შეარყია. ექიმებმა დაუდგინეს: ნეკნთაშორისი ნევრალგია, რევმატიზმი და ქვედა კიდურების ვენების დაცობა. ბერს ფეხების ტკივილი გაუძლიერდა და საბოლოოდ აუტანელი გახდა. მამა სერაფიმე დიდხანს არავის უმხელდა ავადმყოფობას და ვაჟკაცურად აგრძელებდა მსახურებასა და აღსარებების მიღებას. ბერის სახე ყოველთვის ისეთი სიხარულით ბრწყინავდა, რომ არც ერთ ძმას ეჭვი არ შეპარვია, თუ რა წამებას ითმენდა მოძღვარი. ზოგჯერ მისი ხმა ძლივს ისმოდა. ბოლოს, დადგა დღე, როცა მამა სერაფიმე საწოლიდანაც ვეღარ წამოდგა.

ახალი გამოცდა, ავადმყოფობა, ბერმა საოცარი სიმშვიდითა და მოთმინებით მიიღო, თითქოს მორიგი მორჩილება ყოფილიყოს. მას არანაირი სულმოკლეობა ან უკმაყოფილება არ გამოუჩენია. ბერი განუწყვეტლივ ღმერთს მადლობდა და მისი ავადმყოფობით შეწუხებულებს ეუბნებოდა: „მე ცოდვილი ვარ, ამის ღირსიც არ გახლავარ! არსებობს ხალხი, ამაზე უარეს ტანჯვას რომ იტანს“.

ექიმების მცდელობის მიუხედავად მამა სერაფიმეს ჯანმრთელობა უარესდებოდა. ის მაშინ 64 წლის იყო. განუვითარდა ფილტვების შეგუბება და გულის უკმარისობა. მედიკოსები ირწმუნებოდნენ, რომ აუცილებელი იყო მისი ქალაქგარეთ გაყვანა. შესთავაზეს კურორტი ვირიცა. მაღლობი ადგილი, მრავალსაუკუნოვანი შერეული სახის ტყე, სადაც უფრო წიწვოვანი ხეები ჭარბობდა, მშრალი, ქვიშიანი ნიადაგი და სუფთა ჰაერი - ყოველივე ამას სასიკეთოდ უნდა ემოქმედა ბერის ჯანმრთელობაზე. ექიმების რწმუნებით, მხოლოდ ამგვარი კლიმატური პირობების შემთხვევაში მოხდებოდა მისი ძალების აღდგენა. მამა სერაფიმემ წასვლაზე სასტიკი უარი განაცხადა, ეძნელებოდა მსახურებისა და სულიერი შვილების მიტოვება. ის წინასწარ ჭვრეტდა მოახლოებული დევნის ახალ ტალღას და მონასტრის სრულ აოხრებას, ამიტომ გულით ეწადა, თანამოძმეებთან ერთად გაეზიარა მწარე ხვედრი.

... მაგრამ სხვა იყო ღვთის ნება. მიტროპოლიტი სერგი (ჩიჩაგოვი), რომელიც ერისკაცობაში ექიმი გახლდათ, გაეცნო მამა სერაფიმეს სამედიცინო დასკვნას და დაუყოვნებლივ აკურთხა მონასტრიდან წასვლაზე. თვინიერ ბერს ისღა დარჩენოდა, აესრულებინა მორჩილება. 1930 წლის ზაფხულში მამა სერაფიმემ დატოვა წმინდა პეტრე მოციქულის ქალაქი. მეუფის ლოცვა-კურთხევით მასთან ერთად ვირიცაში გაემგზავრნენ სქემოსანი მონაზონი სერაფიმა (ერისკაცობაში ოლგა ივანეს ასული მურავიოვა) და მათი თორმეტი წლის შვილიშვილი - მარგარიტა. ისინი ადრეც ხშირად მიდიოდნენ მონასტერში ბერის სანახავად. ამჯერად კი მათი მთავარი მორჩილება მამა სერაფიმეს ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მოვლა გახდა.

სახლი ვირიცაში, სადაც ცხოვრობდა წმ. სერაფიმე

ძალიან მალე პეტროგრადის ეპარქიაში, ისევე როგორც მთელ რუსეთში, საშინელი რეპრესიები დაიწყო. მონასტრის ძმებისათვის 1932 წლის 18 თებერვალი, მართლაც რომ გეთსიმანიის ღამეს დაემსგავსა. ხალხმა ასეც უწოდა - წმინდა ღამე. იმ საშინელ საათებში ღვთისმებრძოლებმა ხუთასზე მეტი ბერი დააპატიმრეს. „იყავნ ნება შენი!“ - უამრავი მორწმუნე შეუდგა ამ სიტყვებით მოწამეობრივ გზას. 1933 წლის ნოემბრისთვის პეტერბურგში მოქმედ 495 ტაძრიდან მხოლოდ 61 დატოვეს. სრულად დაანგრიეს და გაძარცვეს ეკლესია-მონასტრები. ზარების რეკვაც კი აკრძალეს.

და აი, იმ დროს, როცა გუმბათებიდან ჯვრებს ყრიდნენ, ათასობით ეკლესია-მონასტერს აოხრებდნენ, ათი ათასობით მღვდელმსახური იჯდა ციხეში, მამა სერაფიმეს წმინდა გულის სახით ღმერთმა ვირიცაში ხელთუქმნელი ტაძარი ააგო. ეკლესიის ისტორიიდან ცნობილია არაერთი ფაქტი, როცა საშინელი დევნისა და სარწმუნოების მოკლების ჟამს ხალხისათვის ღმერთს თავისი რჩეულები, მართლმადიდებლობის სიწმინდის დამცველები გამოუგზავნია. 30-40-იან წლებში რუსეთისთვის ასეთი რჩეული გახლდათ ვირიცელი სქემოსანი მღვდელ-მონაზონი სერაფიმე (მურავიოვი).

ბერის გავლენა თანამედროვეებზე მეტად მნიშვნელოვანი და ქმედითი იყო, თუმცა კი გარეგნულად შეუმჩნეველი. ხალხისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, რომ საშინელი განუკითხაობისა და სისხლისღვრის პერიოდში არსებობდა შეუდრეკელი რწმენის, იმედისა და ქრისტესმიერი სიყვარულის კუნძული. იმ დროს, როცა გეთსიმანიის ღამის საშინელებამ მთელი რუსეთი გააჩანაგა, ვირიცაში კიაფობდა ცხოველი სარწმუნოების სანთელი, რომლის შუქი ხალხის გულებს იმედით ასხივოსნებდა.

ღვთის ნამდვილი სასწაული იყო ის, რომ ბერი პატიმრობასა და ანგარიშსწორებას გადაურჩა. ძნელი დასაჯერებელია! - რეპრესიებმა მაშინ ყველაზე მიყრუებულ სოფლებშიც კი შეაღწია, ულმობელმა სტალინურმა რეჟიმმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შთანთქა, მაგრამ უწყინარი ბერისათვის ხელის ხლება ვერავინ გაბედა.

ნათესავებისა და სულიერი შვილების გადმოცემით, ასევე ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, სქემოსანი მღვდელ-მონაზონი სერაფიმე (ერისკაცობაში ვასილ ნიკოლოზის ძე მურავიოვი, დაბადებული 1866 წელს) და სქემოსანი მონაზონი სერაფიმა (ერისკაცობაში ოლგა ივანეს ასული მურავიოვა, დაბადებული 1872 წელს) არასდროს ყოფილან დაკავებულნი ან დაპატიმრებულნი.

 

ვირიცა... 1930 წლის ზაფხული... მამა სერაფიმემ ახლობლებთან ერთად ოლგოპოლსკის ქუჩაზე იქირავა პატარა სახლი. ერთი წლის შემდეგ ბოროვოის ქუჩაზე გადავიდა. 1931-1945 წლებში პილნის ქ. №7-ში ქირაობდა რამდენიმე ოთახს. სახლი პროვიზორ ვლადიმერ თომას ძე ტომბერგს ეკუთვნოდა. 1945 წელს მურავიოვები მაისის ქ. №4-ში გადავიდნენ საცხოვრებლად, ქალბატონ ლიდია გრიგოლის ასულ ეფიმოვასთან. მთელი ამ ხნის განმავლობაში მამა სერაფიმე მძიმედ ავადმყოფობდა, ჰქონდა ტკივილები. განსაკუთრებით აწუხებდა ფეხები, ზოგჯერ სიარულის უნარსაც კარგავდა. მიუხედავად ამისა, ყველაფერს ვაჟკაცურად ითმენდა. მისგან არავის სმენია კვნესა და წუწუნი.

ვირიცაში გადასვლის შემდეგ ბერს ექიმებისათვის აღარ მიუმართავს. „იყოს ღვთის ნება! ავადმყოფობა მორჩილების სკოლაა, სადაც საკუთარი უძლურება შეიცნობა“, - ამბობდა ის. ბერი განუწყვეტლივ ღმერთს მადლობდა. საოცარია, რომ ის ავადმყოფობის გამო უფრო მეტ მადლიერებას იჩენდა, ვიდრე ზოგიერთი ადამიანი - ჯანმრთელობისათვის. „ღვთისგან არასდროს ითხოვო რაიმე მიწიერი, მან ჩვენზე უკეთ იცის, რა არის ჩვენთვის სასარგებლო. ყოველთვის ასე ილოცეთ: „უფალო, შენს წმინდა ნებას მივანდობ საკუთარ თავს, ჩემს შვილებს, ნათესავებსა და ახლობლებს“, - ასე მოძღვრავდა ბერი ხალხს. თავად კი გულწრფელად ფიქრობდა, რომ იყო ცოდვილი და იმსახურებდა ყოველგვარ სასჯელს. მამა სერაფიმე ყველას სთხოვდა, ელოცა მისი სულის გადასარჩენად.

თავდაპირველად ბერს მხოლოდ უახლოესი სულიერი შვილები და პეტერგოფის ეპისკოპოსი ნიკოლოზი (იარუშევიჩი) აკითხავდნენ, მაგრამ მალე ზღვა ხალხმა იწყო მისკენ დენა. მლოცველები მოდიოდნენ სხვადასხვა ქალაქებიდან, ბერის სანახავად ისწრაფვოდნენ ვირიცასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი. ყველას სურდა, საკუთარი თვალით ეხიალ უფლის წმინდანი, მიეღო მისი ლოცვა-კურთხევა და თუნდაც ერთი წუთით გასაუბრებოდა. წლის განმავლობაში, ყოველდღე მოდიოდნენ მომლოცველები. ზოგჯერ ასობით ადამიანი იყრიდა თავს და დილიდან საღამომდე ბერის კელია ალყაში ექცეოდა. მოდიოდნენ ჯგუფებად, ოჯახებით...

ახლობლები ცდილობდნენ, ბერი ზედმეტი შეხვედრებისგან დაეცვათ, უფრთხილდებოდნენ მის ჯანმრთელობას, მაგრამ მამა სერაფიმე ამბობდა: „აწი მე სულ ავად ვიქნები... ხალხს მივიღებ მანამ, სანამ საკურთხებლად ხელის აღმართვას შევძლებ“.

ბერის მგრძნობიარე გული ხალხის მასაში საოცრად გამოარჩევდა ხოლმე გაჭირვებაში მყოფ ადამიანს და თავად ეძახდა. გაურკვეველია, თუ როგორ ახერხებდა ამას. ჩვეულებისამებრ, მისი თანაშემწე გამოდიოდა ზღურბლზე, ასახელებდა მავანის სახელსა და ჩამოსვლის ადგილს, შემდეგ ბერთან კელიაში იწვევდა.

„მან უძლურებანი ჩუენნი მიიხუნა და სნეულებანი ჩუენნი იტვირთნა“ (მათე 8,17). მამა სერაფიმე იმდენად თანაუგრძნობდა ხალხს, რომ მზად იყო, სიცოცხლეც კი გაეწირა მათ გადასარჩენად. ასეთი სიყვარულის გამო უფალმა ვირიცელი ბერის სიტყვას მიანიჭა განსაკუთრებული კურნების ძალა, სიბრძნე და წინასწარმეტყველების უნარი. მამა სერაფიმეს ერთი სიტყვით, ხელის ერთი შეხებით სულს შვება ეფინებოდა, ყველას ტკბილად მიმართავდა: „ძვირფასო, საყვარელო...“ ეხვეოდა, თავზე კოცნიდა, ეფერებოდა, კურნავდა და ალერსიანი ხუმრობით ამხნევებდა. საუბრობდა თბილად, უბრალოდ, სულ იღიმებოდა. რაღაც საოცრად მშობლიური და მამობრივი იგრძნობოდა მის ხმასა და გარეგნობაში.

სქემმონაზონი სერაფიმე

ბერისთვის არ არსებობდა ასაკი, ეროვნება, საზოგადოებრივი მდგომარეობა. მისთვის ყველა უსაყვარლესი შვილი იყო, ყველას მამობრივი ალერსით ხვდებოდა, უფრო მეტიც, ეპყრობოდა როგორც ავადმყოფ შვილებს: იყო მათი უძლურების შემწყნარებელი და ურთიერთობაში საოცარ სინაზეს, სიფაქიზესა და ალერსს იჩენდა. ბერთან სასაუბროდ და ლოცვა-კურთხევის მისაღებად შორი მანძილიდან ჩამოსული ხალხი ხანგრძლივად იცდიდა გრძელ რიგში. მიუხედავად დიდი ხნის ლოდინისა, ბერის კელიიდან ყოველთვის გახარებულნი გამოდიოდნენ. თუმცა ბერი ხშირად შეუძლოდ გრძნობდა თავს, არასდროს კარგავდა მხნეობას და სიხალისეს. შესაბამისად, სხვებიც ივიწყებდნენ საკუთარ ნაღველსა და დარდს. ის იყო განსაცდელში მყოფთა კეთილისმყოფელი. ბერი არამარტო სულიერად ამხნევებდა ადამიანებს, არამედ ეხმარებოდა პრაქტიკული რჩევებით, ფულით, სამსახურით. ის მადლიერებით ღებულობდა შესაწირს მომსვლელთაგან, მაგრამ იქვე ურიგებდა გაჭირვებულებს.

ბერი ცხოვრების ბოლომდე მატერიალურად ეხმარებოდა ესტონეთში პიუხტიცის მიძინების დედათა მონასტერს. სავანე განსაკუთრებით ჰყვარებია წმ. იოანე კრონშტადტელსაც. მონასტრის მრავალი მკვიდრი კარგად იცნობდა და სიყვარულით იყო განმსჭვალული ვირიცელი ბერის მიმართ, უფრო მეტიც, ბევრი მათგანი მამა სერაფიმეს კურთხევით აღიკვეცა მონაზვნად. ის არაერთხელ მიუწვევიათ მონასტერში, პატარა მშვენიერი სახლიც კი მოუწყვეს. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ამ სახლში ცხოვრობდა იღუმენია ანგელინა თავის თანაშემწესთან ერთად. პიუხტიცელები ამჟამადაც განსაკუთრებულ კრძალვას იჩენენ მამა სერაფიმეს მიმართ და პროსკომიდიასა და ფსალმუნებში დღემდე იხსენებენ მის ნათესავებს.

მრევლის მიერ შეწირული თანხის ძირითად ნაწილს მამა სერაფიმე ყაზანის ეკლესიას გადასცემდა, დანარჩენს გაჭირვებულებს აძლევდა. „აბა, როგორი გამოჩნდები ღვთის წინაშე, ფულს თუ ჩემთვის დავიტოვებ?! - არაერთხელ სმენიათ მისგან, - საფულეში მანეთი თუ მოგეძევებათ, გლახაკებს დაურიგეთ და თქვენთვის კაპიკი დაიტოვეთ. მაშინ არასდროს შემოგელევათ ფული. გაეცით ყოველგვარი სინანულის გარეშე და ღმერთი დაგასაჩუქრებთ! შეგენანებათ და იწუწუნებთ? - უკანასკნელ კაპიკსაც დაკარგავთ“.

თავად ბერი ყოველთვის სიხარულით გასცემდა მოწყალებას. ძღვნად მორთმეული ნივთები, პროდუქტი, ხილი, ტკბილეული, პური თუ სხვა რამ დიდხანს არ რჩებოდა ბერის კელიაში, ის მაშინვე ურიგებდა სტუმრებს, უპოვართ და შორი მანძილიდან ჩამოსულ მომლოცველებს. მთელი ოცი წლის განმავლობაში ბერის ბინაში ერთიდაიგივე პატარა მაგიდა, ტყავის გაქუცული სავარძელი, ორი სკამი და ვიწრო რკინის საწოლი იდგა. ასეთივე უბრალოებას იჩენდა ჩაცამაშიც. ბამბის გაცრეცილი სამღვდელო კაბა, ძველი გახუნებული ანაფორა, თბილი სკუფია იყო მისი სამოსი. თუ რამეს მიუტანდნენ, მაშინვე პატრონს გამოუჩენდა.

ოცი წლის განმავლობაში მუდმივი მარხვა, სიფხიზლე და ლოცვა შეიძლება შევადაროთ ძველი დროის ასკეტი მამების გმირულ ღვაწლს. მამა სერაფიმე საოცარ სიმკაცრეს იჩენდა საკუთარი თავის მიმართ მოღვაწეობის პირველი დღიდან სიცოცხლის ბოლომდე. არანაირი შეღავათი! მარხვა, სიფხიზლე, ლოცვა... და ისევ მარხვა, სიფხიზლე, ლოცვა... ბერის გმირობის გახსენებისას მისი ახლობლები აღნიშნავენ: „შეუძლებელი იყო ჩვეულებრივი ადამიანისთვის ყველაფერი ამის ყურება ცრემლების გარეშე“. ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მამა სერაფიმე საერთოდ არ ჭამდა, ზოგჯერ რამდენიმე დღე ზედიზედ არაფერს მიირთმევდა. გარშემომყოფნი ხანდახან ფიქრობდნენ, რომ ბერი შიმშილით სიკვდილისთვის სწირავდა თავს. ძნელად წარმოსადგენი იყო, თუ რითი იკვებებოდა ბერი. ზოგჯერ ცოტაოდენ სეფისკვერს იღებდა ნაკურთხ წყალთან ერთად, ზოგჯერ ერთ ცალ კარტოფილსაც არ ამთავრებდა ბოლომდე, ზოგჯერ გახეხილ სტაფილოს იგემებდა. ყოველივე ამის მიუხედავად, ის დაუღალავად, შესაშური მხნეობით იღწვოდა მოყვასის დასახმარებლად. მამა სერაფიმეზე შეგეძლოთ გეთქვათ, რომ სულიწმინდით იკვებებოდა. უეჭველი იყო, ღმერთი აძლიერებდა უდიდეს მმარხველ ბერს.

ვირიცის ყაზანის ეკლესიის მღვდელმსახურები ყოველ კვირას აზიარებდნენ ქრისტეს საიდუმლოს მამა სერაფიმეს. ამას გარდა, ბერის კელიაში ყოველთვის ინახებოდა წმინდა ძღვენი და ზიარებისათვის საჭირო ნივთები. საჭიროების შემთხვევაში ის თავად ეზიარებოდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს, „წმინდა ზიარებით ძალებს ვიკრებ. ან რა შეიძლება იყოს ქრისტეს საიდუმლოზე უფრო ძვირფასი და ცხოველსმყოფელი?!“ - ეუბნებოდა მისი ჯანმრთელობის გამო შეწუხებულ ხალხს.

ბერის გალეული სხეული მისივე სულის გამჭირვალე საფარად ქცეულიყო, საიდანაც ბრწყინავდა სიყვარული. თხელი, დაძარღვული ხელები, ჩაცვენილი ღაწვები და უზარმაზარი ცისფერი თვალები... სწორედ ეს თვალები იწვევდა მნახველში დიდ გაოცებას. ამ თვალებიდან თითქოს ცა დაჰყურებდა მიწას. ეს თვალები, ამ სიტყვის სრული გაგებით, გულსა და სულში იმზირებოდა და მის ყველაზე ფარულ კუნჭულში აღწევდა. როგორც მრევლი აღნიშნავს, მისი თვალები ადამიანის სულში  წვდომის უნარით ძლიერ ჰგავდა წმ. სერაფიმე საროველის სიცოცხლეშივე დაწერილ ხატზე გამოსახულ წმინდანის თვალებს.

ვირიცელ ბერს საროველ სასწაულთმოქმედთან ლოცვის დიდი ძალა აკავშირებდა. წმ. სერაფიმე მისი უდიდესი მოძღვარი გახლდათ. გეგონებოდათ, ვირიცელი ბერის სახით თავად საროველი წმინდანი აღდგაო. ისინი, ორივე, სიყვარულსა და მშვიდობას აფრქვევდნენ. სიცოცხლის ბოლომდე ვირიცელი ბერი საოცარი კრძალვითა და სიხარულით ატარებდა ღირსი სერაფიმე საროველის ხატს.

„ხშირად ბერი დღისით ასობით მომსვლელს ღებულობდა, ხოლო ღამეს ლოცვაში ატარებდა. შინაურებიც ვერ ხვდებოდნენ, როდის იძინებდა ბერი, ან საერთოდ თუ იძინებდა. როცა მისი სულიერი შვილები ვირიცაში ღამისთევით დარჩენილან, არაერთხელ შესწრებიან, თუ როგორ ათენებდა ღამეს ბერი ლოცვაში. ზოგჯერ, როცა გვაინტერესებდა, რამე ხომ არ სჭირდებოდა მამას და კელიაში სანთელივით ხელები ზე-აღეპყრო და გარშემო ვერაფერს ამჩნევდა“ - გვიამბობენ ბერის ნათესავები. დღის განმავლობაში ხალხი ცოცხლებისა და მიცვალებულების უამრავ მოსახსენებელს ტოვებდა. ისინი ბერისგან ლოცვას ითხოვდნენ. ღამით თვალცრემლიანი ბერი მდუღარე გულით კითხულობდა მათ სახელებს. რამდენ ადამიანს მიუღია ღვთისგან შემწეობა მისი ლოცვის წყალობით! მეორე დღეს ყველა მოსახსენებელი ყაზანის ეკლესიაში მიჰქონდათ, ხოლო მამა სერაფიმე სავსებით გულწრფელად ირწმუნოებოდა: „მე რა მლოცველი ვარ?! - სულ ვწევარ...“

თავად ღმერთი აღუდგენდა ბერს ძალებს და შეეწეოდა დაუღალავ შრომაში. „აი, დილით შედიხარ ბერის კელიაში და ხედავ, სახეზე ღიმილი გადაჰფენია. კვალიც არსად ჩანს წუხანდელი დაღლილობისა. და ეს მაშინ, როცა წინა ღამით ძლივსღა საუბრობდა“, - იხსენებენ ბერის ახლობლები.

ზოგჯერ ბერი რამოდენიმე დღით წყვეტდა მიღებას და სრულ მარტოობასა და დუმილში იმყოფებოდა. შინაურები ცდილობდნენ, არ დარღვიათ მისი სიმშვიდე, ასეთ დროს კუტიკარზე ჩნდებოდა განცხადება, რომელიც მომავალი მიღების დღეების შესახებ იუწყებოდა. იმ დროს ბერი ლოცვით მჭვრეტელობას ეძლეოდა სრულიად. ასეთი დღეები ხშირი არ იყო, მაგრამ უეჭველია, რომ სწორედ მაშინ ღებულობდა საღმრთო გამოცხადებას და ეძლეოდა ძალა, განეგრძო შემდგომი გმირული მოღვაწეობა.

ამგვარი დღეების შემდეგ მამა სერაფიმე მრავალმნიშვნელოვნად ამბობდა: „და რა კარგი იქნება იქ! თქვენ რომ იცოდეთ, რა კარგი იქნება იქ!..“ მას სხვა სიტყვებით არ შეეძლო გადმოეცა ის სულიერი აღმაფრენა, რომელსაც საღმრთო ჭვრეტისას განიცდიდა.

ბერი ჯერ კიდევ ალექსანდრე ნეველის მონასტერში ყოფნისას იცნობდა ბევრ გამოჩენილ პიროვნებას, მათ შორის იყვნენ მეცნიერები, ექიმები, კულტურის მოღვაწეები. აკადემიკოსი ივანე პეტრეს ძე პავლოვი, თანამედროვე ფიზიოლოგიის მამამთავარი, ხშირად მიდიოდა მასთან სასაუბროდ და აღსარების სათქმელად. მეცნიერი მრავალი წლის განმავლობაში პეტროგრადის ორი ეკლესიის საპატიო მნათედ ითვლებოდა. ესენი იყო: ლიგოვსკის პროსპექტზე არსებული ზნამენსკის ეკლესია და პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ტაძარი, რომელიც დაბა კოლტუშში მდებარეობს. ამ უკანასკნელში განთავსებული გახლდათ ცნობილი ბიოლოგიური სადგური - „პირობითი რეფლექსების ცენტრი“ (ამჟამინდელი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ი.პ.პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი). აკადემიკოსი სიცოცხლის ბოლომდე მფარველობდა ამ ორ ტაძარს და დაიცვა გაუქმებისა და დანგრევისაგან. 1933-1934 წლებში მთელ რუსეთში აკრძალული იყო ზარების რეკვა. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენდა კოლტუშის ეკლესია გამოჩენილი მეცნიერის კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე.

სქემოსან მღვდელ-მონაზონ სერაფიმეს პატივს სცემდნენ ისეთი სახელოვანი ხალხი, როგორებიც იყვნენ: გამოჩენილი რუსი ასტრონომი, რუსეთის ასტროლოგიური საზოგადოების ერთ-ერთი ფუძემდებელი, აკადემიკოსი სერგეი პავლეს ძე გლაზენაპი; თანამედროვე ფარმაკოლოგიის სკოლის ფუძემდებელი, მედიცინის პროფესორი, მიხეილ ივანეს ძე გრამენიცკი. ვირიცის ხშირი სტუმრები გახლდნენ სახელმოხვეჭილი აკადემიკოსები: კვანტურ მექანიკაში, რადიოტალღების გავრცელებასა და ფარდობითობის თეორიაში მრავალი ნაშრომის ავტორი, ფიზიკოსი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ფოკი; ი.პ.პავლოვის მოწაფე და საქმის გამგრძელებელი, ბიოლოგი ლეონ აბგარის ძე ორბელი. ჭიქა ჩაიზე ისინი საუბრობდნენ სულისათვის სასარგებლო მრავალ თემაზე, კერძოდ: იმ ჰარმონიაზე, რომლითაც განმსჭვალა ყოვლადბრძენმა შემოქმედმა ბუნება და თავად ადამიანი; ზეციურ უხილავ სამყაროზე; სულიწმინდაზე, რომელიც მთელ სამყაროს აღავსებს და ცხოველჰყოფს. ამგვარი ღვთივგანბრძნობილი საუბრებიდან მეცნიერების კორიფეები ბევრ რამეს სწავლობდნენ. ბერი სრულიად სხვა სამყაროს მოქალაქე გახლდათ, მისი ბაგეებიდან თავად სულიწმინდა საუბრობდა.

ბერის ერთ-ერთი უსაყვარლესი მოწაფე იყო მთელ რუსეთში სახელგანთქმული ჰომეოპათი, პროფესორი სერგეი სერაპიონის ძე ფავორსკი, რომელსაც „პეტერბურგის მნათობს“ უწოდებდნენ. ის უნიჭიერესი ექიმი და სუფთა სულის ადამიანი გახლდათ. მრავალი გავლენიანი პიროვნება მკურნალობდა მასთან, რაც ექიმს საშუალებას აძლევდა, არაერთი მორწმუნე დაეხსნა გამოუვალი სიტუაციიდან თუ მოახლოებული საფრთხისგან.

ღმერთმა გულუხვად დააჯილდოვა მამა სერაფიმე სულიერი ღირსებებით. ესენი იყო: სულიერი განსჯის უნარი; ადამიანის წარსულის, აწმყოსა და მომავლის ცნობის ნიჭი; შორ მანძილზე მომხდარი მოვლენების ხედვა; სულიერი ნუგეშინისცემისა და მკურნალობის მადლი; ბოროტ ძალებზე ხელმწიფება; ლოცვითი მჭვრეტელობისა და წინასწარმეტყველების ტალანტი. ყოველივე ამას აგვირგვინებდა ბავშვისათვის დამახასიათებელი მხურვალე რწმენა და გულწრფელი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, სიყვარული, რომელზე დიდი არც დედამიწასა და არც ზეცაში არაფერია.

ბერი მამობრივ მზრუნველობასა და ალერსს იჩენდა თითოეული მომსვლელის მიმართ. ისინიც ბავშვებივით ენდობოდნენ და ყველაზე ფარულ გულისნადებსაც უმჟღავნებდნენ, თუმცა კი ბერისათვის უთქმელადაც ცნობილი იყო ყოველივე. მისგან არავის არასოდეს სმენია ან საყვედური, ან მკაცრი შენიშვნა; მაგრამ ამასთანავე ადამიანში სინდისის გაღვიძების საოცარ უნარს ფლობდა, შეეძლო სრულიად შეუმჩნევლად მოსაუბრის ფიქრები მიწიერიდან ზეციურისკენ წარემართა.

მამა სერაფიმესთან სხვადასხვა კატეგორიის ხალხი მიდიოდა. პილნის ქუჩაზე მდებარე სახლი არაერთხელ გაუჩხრეკიათ ჩეკისტებს 30-იან წლებში. ჩხრეკა, უმთავრესად, ღამის საათებში ხდებოდა. НКВД-ს თანამშრომლებმა ერთხელ სცადეს კიდეც მისი დაპატიმრება, მაგრამ ნათესავებმა შეუშალეს ხელი, ბერის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო სამედიცინო შემოწმება მოითხოვეს. ოპერმუშაკების მიერ მოწვეულმა ექიმმა დაადასტურა, რომ ავადმყოფის გადაადგილება ყოვლად დაუშვებელი იყო.

მოხდა ასეთი შემთხვევაც: სარეცელზე მწოლიარე ბერმა ჩეკისტების უფროსს საწოლთან მიახლოება სთხოვა. თავმდაბალი ბერისა და ხელისუფლების წარმომადგენლის თვალები მხოლოდ რამოდენიმე წამით შეხვდა ერთმანეთს. გაიმარჯვა მამა სერაფიმეს სიყვარულმა. ის ჩეკისტს ხელზე მიეფერა, შემდეგ მარჯვენა ხელი თავზე დაადო და წარმოთქვა: „მონაო ღვთისავ, მოგეტევოს ცოდვანი შენნი“. თან ზუსტად იმ სახელით მიმართა, რაც ჩეკისტს ერქვა. ასეთმა საქციელმა დანარჩენ თანამშრომლებსაც მოულბო გული. ბერის ახლობლები იხსენებდნენ: „მაშინ ჩეკისტების უფროსმა თქვა: „ასეთი ბერები უფრო ბევრნი რომ იყვნენ, ყველა მორწმუნეები ვიქნებოდით“ და ატირდა. მამა სერაფიმეს გაეღიმა და გვითხრა: „გაუმასპინძლდით ჩაით!“

შეუცნობელია, თუ როგორ მოქმედებს უფლის მადლი. დიდია მისი ძალა! ანტონ დიდსა და ამბა ზოსიმეს ლომები ემორჩილებოდნენ, სერგი რადონეჟელსა და სერაფიმე საროველს - დათვები, ხოლო ვირიცელ ბერს არაერთხელ დაუოკებია ადამიანის ტყავში გადაცმული ყველაზე მძვინვარე მხეცები.

ბევრი ადამიანი ბერის კელიაში პირველად შესვლის დროს უნებლიერ ეშვებოდა მუხლებზე და ტირილს იწყებდა. ცოდვილთა  სულები ვერ უძლებდნენ ამგვარი სიწმინდის ხილვას, ბერის სულიერი სამოსის სისპეტაკე საკუთარ უღმერთობაზე აფიქრებდა და ისინი გოდებას იწყებდნენ. მამა სერაფიმე რაღაც არამიწიერ ნათელს ასხივებდა. ამ სინათლეს აშკარად შეიგრძნობდა ყველა ის ადამიანი, ვინც ბერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გვიამბო. თითქმის ყველა მათგანისგან შეგიძლიათ გაიგოთ: „მამა სერაფიმე აშუქებდა... აშკარად ვგრძნობდით სინათლეს, რომელიც იმ ადგილიდან გამოდიოდა, სადაც მამა სერაფიმე იწვა...“

... და ყოველდღე მიდიოდა ხალხი ამ საოცარი ნათლის მისაღებად. ვირიცელი ბერის ამბები ხალხიდან ხალხში გადადიოდა და მრავალი შეჭირვებული ესწრაფვოდა მისგან დახმარების მიღებას. ისიც სიყვარულით იძლეობდა ფასდაუდებელ რჩევებს, კურნავდა სულიერ თუ ხორციელ უძლურებას. ზოგჯერ ამას სრულიად შეუმჩნევლად, ვითომ ხუმრობით აკეთებდა. მისი ნახვის შემდეგ მრავალი ივიწყებდა, რომ ოდესღაც აწუხებდა თავის ტკივილი, რევმატიზმი, რადიკულიტი თუ სხვა სნეულება. ზოგჯერ ბერი მომსვლელს ამგვარად ლოცავდა: „აი, ამის შემდეგ თავი აღარ გეტკინება“... ზოგჯერ , წმ. ეგნატე ბრიანჩანინოცის სიტყვის თანახმად, მამა სერაფიმე სასწაულებით ამოწმებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ბერის მიერ სასწაულებრვიად განკურნების ფაქტებს ადასტურებენ მისი ნათესავები და სულიერი შვილები.

ვალენტინა ივანოვა ვირიცაში, კიროვის ქუჩაზე ცხოვრობდა. მას საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდა - სახლში ორი ინვალიდი ჰყავდა: დაბადებიდან მუნჯი ქალიშვილი და ხეიბარი დედა, რომელიც ყავარჯნების გარეშე ვერ დადიოდა. ვერანაირი სამედიცინო მეთოდით მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. ვალენტინამ დასახმარებლად მამა სერაფიმეს მიმართა. ბერმა უთხრა: „ღმერთი გიშველის, ილოცე! დედის ლოცვა შეეწევა შენს შვილს!“ ბერის ხატების წინ მუხლმოყრილი ვალენტინა დიდხანს ლოცულობდა. მასთან ერთად ევედრებოდა ზეციურ მამას ვირიცელი ბერიც. გარკვეული ხნის შემდეგ მან თქვა: „ადექი! ღმერთმა შეისმინა შენი ვედრება. დიდი ძალა აქვს დედის ლოცვას! მოვიდეს გოგონა ჩემთან!“ ბერმა ბავშვს თავზე ოლარი გადააფარა და გაიმეორა: „ღმერთმა შეისმინა დედაშენის ლოცვა“. ბავშვმა მაშინვე დაიწყო ლაპარაკი, რამდენიმე დღის შემდეგ ვალენტინას დედა ყავარჯნებით ძლივს მივიდა ბერთან, იქიდან კი უსაზღვროდ გახარებული, ყოველგვარი დახმარების გარეშე სახლში დაბრუნდა, თითქოს ხელმეორედ დაბადებულიყო.

ერთხელ ბერის მოსაცდელში მყოფი ხალხი განაცვიფრა ერთ-ერთი ქალის ნაამბობმა. ამჯერად ის მადლობის სათქმელად მისულიყო ქალიშვილის განკურნების გამო. გოგონა დაბადებიდან ბრმა ყოფილა, მაგრამ ვირიცელი ბერის მონახულების შემდეგ თვალი აჰხელია. გახარებულ მამა სერაფიმეს უთქვამს: „მე ვინ ვარ?! წმინდა სერაფიმე საროველმა განკურნა შენი შვილი და მას უმადლოდე ცხოვრების ბოლომდე“.

ვირიცის ყაზანის ეკლესიიდან შორიახლოს ცხოვრობდა ერთი კეთილი ქალი, რომელსაც დეიდა ოლიას ეძახდნენ. მას ძალიან უყვარდა ღვთისმსახურებაზე დასწრება, მაგრამ „რომელი ქერუბიმთას“ გალობის დროს ძირს ვარდებოდა და წარმოუდგენელი ხმით ყეფას იწყებდა. საბრალო ქალი ხელით გამოჰყავდათ ტაძრიდან. ალბათ, ამგვარი საქციელის მიზეზი ყველა მორწმუნეს კარგად მოეხსენება. მამა სერაფიმემ ის განკურნა. ერთხელ ალექსანდრე ნეველის ლავრაში ქალს შეტევა რომ განუმეორდა, მამა სერაფიმემ დიდხანს ილოცა მასთან ერთად. ოლია დეიდა შემდეგ ყველას უყვებოდა ამის შესახებ: „ეს მამა სერაფიმეს საჩუქარია, ეკლესიაში რომ დავდივარ“, - ამბობდა ის.

ერთხელ ბერთან დიზეტერიით დაავადებული მომაკვდავი გოგონა მიიყვანეს, სითხისგან სრულიად დაცლილიყო. მამა სერაფიმემ ილოცა და ავადმყოფი აზიარა. გოგონა იმავე დღეს სრულიად გამოჯანმრთელდა.

მამა სერაფიმეს მოღვაწეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ადამიანებს სარწმუნოებაში განამტკიცებდა და სწორი ცხოვრების გზას უჩვენებდა; ხალხი იწყებდა საკუთარი ცოდვებისა და შემოქმედის უსაზღვრო მოწყალების შეცნობას.

ბერი საოცარი სინაზითა და სიყვარულით ეპყრობოდა ადამიანთა გულებს. ზოგჯერ უბრალოდ იტყოდა: „ეხ, შვილო, როდის დავიწყებთ უკეთეს ცხოვრებას? ამჯერად ღმერთი გპატიობს, მაგრამ ყურადღებით იყავი, მოიკრიბე ძალები...“ ან იკითხავდა: „მარხვას თუ ინახავ?“ - „ცუდად“, - იყო პასუხი. „მართლაც, რომ ცუდად ინახავ“, - ეთანხმებოდა მოძღვარი, - ეკლესიისადმი მორჩილებაა საჭირო, მორჩილება!“ ადამიანები მამა სერაფიმეს სატკივარს უმხელდნენ (თუმცა ბერმა უთქმელადაც იცოდა ყოველივე), უკან ბრუნდებოდნენ დამშვიდებულნი და განკურნებულნი. ჩვენთან საუბარში ისინი აღნიშნავენ: „მამა სერაფიმესგან კი არ ვბრუნდებოდით, არამედ მოვფრინავდით, თითქოს ფრთები გამოგვსხმოდეს... სული სიმღერას იწყებდა...“

ვირიცელ მოსაგრეს არ ივიწყებდნენ არც სულიერი შვილები და არც თანამოძმეები. რჩევისა და ლოცვის სათხოვნელად ვირიცაში ხშირად ჩამოდიოდნენ ეპისკოპოსები - ნიკოლოზი (იარუშევიჩი) და ალექსეი (სიმანსკი). დაპატიმრებამდე მისი სტუმრები გახლდნენ: არქიეპისკოპოსები - ბენედიქტე (პლოტნიკოვი) და სერაფიმე (პროტოპოპოვი); ეპისკოპოსები: ინოკენტი (ტიხონოვი), ნიკოლოზი (კლემენტეევი) და ამბროსი (ლიბინი); ასევე არქიმანდრიტები: ლევი (ეგოროვი), იოასაფი (ჟურმანოვი) და ვარლაამი (საცერდოტსკი); დეკანოზი პროფესორი ნიკოლოზ ჩუკოვი, სხვა მრავალი ღვთისმსახური თუ მონაზონი. მათი რიცხვი ყოველწლიურად კლებულობდა.

1941 წლის იანვარში დააპატიმრეს და შემდგომ დახვრიტეს მამა სერაფიმეს ვაჟი - ნიკოლოზ მოურავოვი (მას დამთავრებული ჰქონდა საავიაციო სასწავლებელი და პირველი მსოფლიო ომის წლებში რუსეთის ჯარში მფრინავად მსახურობდა. 1917 წლის შემდეგ ოთხჯერ დააპატიმრეს, იყო გადასახლებაშიც სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულ იქნა როგორც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი. მამა სერაფიმეს შვილიშვილებისა და შვილთაშვილების ნათლია მიტროპოლიტი ნიკოლოზი (იარუშევიჩი) გახლდათ). კვლავ უდიდესი უბედურება დაატყდა ბერს თავს. კვლავ გაისმა მისი სიტყვები: „იყოს ნება ღვთისა...“

მამა სერაფიმემ წინასწარ იცოდა, რომ ახლოვდებოდა დიდი სამამულო ომი. ზოგიერთი შეფარვით, უახლოესი სულიერი შვილები კი პირდაპირ გააფრთხილა მოსალოდნელი უდიდესი განსაცდელის შესახებ.

 

ქვა, რომელზეც მეორე მსოფლიო ომის დროს
წმ. სერაფიმე ვირიცელი
1000 დღის განმავლობაში ლოცულობდა

დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე ბერი ახალ მოღვაწეობას შეუდგა - ღირსი სერაფიმეს მსგავსად დაიწყო ქვაზე მრავალდღიანი ლოცვა. ის საროველი საკვირველთმოქმედის ხატის წინაშე ღმერთს ხალხის ცოდვების შენდობასა და რუსეთის მტრებისგან დახსნას ევედრებოდა [8]. ბერის ნათესავები გვიამბობენ:

1941 წელს ბაბუას 76 წელი უსრულდებოდა. იმ დროისათვის ავადმყოფობა ძალზედ მოერია და სხვისი დახმარების გარეშე ვერ დადიოდა. სახლიდან ორმოცდაათი მეტრის მოშორებით, ბაღში მიწიდან დიდი გრანიტის ქვა ამოშვერილიყო. მის ახლოს იზრდებოდა ვაშლის ხე. აი, სწორედ ამ ქვაზე ლოცულობდა მუხლმოდრეკილი ბერი. ის აღნიშნულ ადგილამდე დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე ვერ მიდიოდა, მეტიც, ზოგჯერ ხელში აყვანილიც კი მიჰყავდათ. ვაშლის ხეზე ეკიდა ხატი. ბაბუა ავადმყოფ მუხლებზე ეშვებოდა და ხელებს ზეცისკენ აღაპყრობდა. და რის ფასად აკეთებდა ამას... - ეჭვგარეშეა, ღმერთი ეხმარებოდა და მაინც შეუძლებელი იყო ყოველივე ამის ყურება ცრემლების გარეშე. ხშირად ვეხვეწებოდით, ამ სახის გმირობისათვის თავი დაენებებინა და კელიაში ელოცა, მაგრამ ამ დროს ბერი ხდებოდა დაუნდობელი საკუთარი თავისა და ჩვენს მიმართ. ლოცულობდა იმდენ ხანს, რამდენის ძალაც შესწევდა, ზოგჯერ ერთი, ორი ან ზედიზედ რამდენიმე საათს. ლოცულობდა მთელი არსებით, თავდაუზოგავად. ეს იყო ჭეშმარიტი ღაღადისი ღვთის წინაშე. დარწმუნებული ვარ, მსგავსი მოღვაწეების ლოცვის წყალობით გადარჩა პეტერბურგი და გაიმარჯვა რუსეთმა. მახსოვს, ბაბუა ამბობდა: „ერთ მლოცველს მთელი ქალაქებისა და ხალხების გადარჩენა შეუძლია“... და ბერიც სიცივისა თუ სიცხის, ქარისა თუ წვიმის მიუხედავად კატეგორიულად მოითხოვდა, მიეყვანათ იმ ქვამდე და ყოველგვარი ავადმყოფობის მიუხედავად აგრძელებდა წარმოუდგენელ გმირობას. ასე იქცეოდა ბერი ყოველდღიურად მთელი იმ საშინელი ომის წლებში.

ცნობილია, რომ ბერის წინასწარმეტყველებისამებრ, ვირიცაში არც ერთი სახლი არ დაზიანებულა (დაინგრა მხოლოდ ერთი სახლი, რომელზეც მოგვიანებით გიამბობთ), არც ერთი მაცხოვრებელი არ დაღუპულა. ის ლოცულობდა ვირიცის ეკლესიის გადარჩენისათვის და უადგილო არ იქნება, თუ გიამბობთ ვირიცის ყველა ძველი მკვიდრისათვის ცნობილ ამბავს: 1941 წლის სექტემბრის პირველ რიცხვებში გერმანელები ვირიცის სადგურს უტევდნენ. მიმდინარეობდა ინტენსიური სროლები. რუსეთის არმიის ერთ-ერთმა მეთაურმა რატომღაც დაასკვნა, რომ გერმანელების სამიზნეს ტაძრის მაღალი გუმბათი წარმოადგენდა და ეკლესიის აფეთქება გადაწყვიტა. ლეიტენანტისა და რამოდენიმე მეომრის შემადგენლობით გააგზავნეს მენაღმეთა ჯგუფი. სასიკვდილო იარაღით დატვირთული საზიდრით ეკლესიას რომ მიადგნენ, ლეიტენანტმა დანარჩენებს ჭიშკართან დალოდება უბრძანა, თავად ასაფეთქებელი ობიექტის შესასწავლად გაემართა. ოფიცერი შევიდა ეზოში, შემდეგ ეკლესიაში. საყოველთაო ორომტრიალში ეკლესიის კარი ღია დარჩენოდათ. გარკვეული ხნის შემდეგ ჯარისკაცებმა რევოლვერის გასროლის ხმა გაიგეს. შეცვივდნენ ტაძარში. ლეიტენანტი უსულოდ იწვა, მის გვერდით რევოლვერი ეგდო. მეომრები პანიკამ მოიცვა და ბრძანების შეუსრულებლად გაიქცნენ ტაძრიდან. ამ დროს გერმანელებმა უკან დაიხიეს და ტაძრის აფეთქება ყველას გადაავიწყდა. ასე გადარჩა ყაზანის ღვთისმშობლის სახელზე აგებული ვირიცის ეკლესია.

კიდევ ერთი სასწაული: ვირიცაში შემოსულმა გერმანელებმა სოფელში მართლმადიდებელი ჯარისკაცები ჩაასახლეს. მოგეხსენებათ, რომ რუმინეთი გერმანიის მოკავშირე გახლდათ, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ ვირიცაში სწორედ რუმინეთის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებ მართლმადიდებელ და რუსულენოვან ჯარისკაცებს გაანაწილებდნენ?! 1941 წლის შემოდგომაზე ვირიცელების თხოვნის საფუძველზე ტაძარი კვლავ გაიხსნა და აღდგა რეგულარული ღვთისმსახურება.

ტაძარი გაივსო ღვთისმსახურებას დანატრული ხალხით (ღვთისმებრძოლებმა ტაძარი 1938 წელს დახურეს, მაგრამ ღვთის შეწევნით არ გაძარცვულა). თავდაპირველად მოსახლეობას ეუცხოებოდა გერმანულ მუნდირში გამოწყობილი სამხედროების ხილვა, მაგრამ მალე მიეჩვივნენ, რადგანაც დაინახეს, რომ ჯარისკაცები იცავდნენ საეკლესიო წესებს და ლოცულობდნენ. „კაცთაგან შეუძლებელი შესაძლებელია ღვთისაგან!“ - ეს იყო ფრონტის ხაზზე, თანაც მტრის მხარეს, მოქმედი ერთადერთი მართლმადიდებლური ეკლესია.

ომის პირველი დღეებიდანვე მამა სერაფიმე განცხადებულად საუბრობდა რუსეთის მომავალი გამარჯვების შესახებ. ამას ადასტურებს ლენინგრადის სასულიერო აკადემიის პროფესორის, პროტოპრესვიტერის ლიბერია ვორონოვისა და პროტეპრესვიტერის იოანე პრეობრაჟენსკის საუბრის ჩანაწერები:

ვირიცაში განაწილებულ რუმინელ სამხედროებს გერმანელი ოფიცრები ხელმძღვანელობდნენ. მამა სერაფიმეს წინასწარმეტყველების ამბავმა მათ ყურამდეც მიაღწია. მალე პილნის ქუჩაზე დაუპატიჟებელი  სტუმრები გამოჩნდნენ. ჩეკისტების მსგავსად, ბერმა ღვთის შეწევნით ისინიც მოათვინიერა. მან თავიდანვე გააოცა სტუმრები, როგორც კი გერმანულად დაილაპარაკა. მამა სერაფიმე წარსულში კომერციული მიზნებით ხშირად დადიოდა ვენასა და ბერლინში, ჰქონდა საქმიანი ურთიერთობები გერმანულ და ავსტრიულ ფირმებთან. კაპიტანმა, ვირიცის სამხედრო ნაწილის უფროსმა, მამა სერაფიმეს ჰკითხა, გერმანული ჯარები მალე ჩაივლიდნენ თუ არა საზეიმო მარშით წითელ მოედანზე. ბერმა მშვიდად უპასუხა, რომ ეს არასოდეს მოხდებოდა. უთხრა, რომ გერმანელებს უკან დახევა მოუწევდათ, ხოლო თავად შეკითხვის ავტორი ვერასოდეს დაბრუნდებოდა შინ, რადგანაც ვარშავის მისადგომებთან მოკლავდნენ. ამ უკანასკნელის ბედის შესახებ ცნობას გვაწვდიან გერმანელების მიერ დატყვევებული ვირიცელები. მტერს მათი გერმანიაში გაგზავნა უნდოდა, მაგრამ საბედნიეროდ, მიზანს ვერ მიაღწიეს და ტყვეები სამშობლოში დაბრუნდნენ. სწორედ ისინი იუწყებიან, რომ კაპიტანი პოლონეთის დედაქალაქის მისადგომებთან ბრძლაში დაიღუპა. მამა სერაფიმეს წინასწარმეტყველების უტყუარობას ამტკიცებს ასევე ომის წლებში ვირიცაში მოსამსახურე ერთ-ერთი რუმინელი ოფიცერიც. 1980 წელს ის ვირიცაში, მამა სერაფიმეს საფლავის თაყვანსაცემად ჩამოსულა და ზემოთაღნიშნული ბრძლის შესახებ უამბნია მოსახლეობისთვის.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მამა სერაფიმემ ჯერ კიდევ ომის დასაწყისში უწინასწარმეტყველა ზოგიერთ ვირიცელს ტყვეობა და შემდეგ სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება. ვირიცის ძველი მკვიდრი, ლეონიდე ვიქტორის ძე მაკაროვი, იხსენებს, რომ ბერმა მის ოჯახსაც უწინასწარმეტყველა ტყვეობა და ამასთანავე ამცნო, რომ შემდგომში დიდ ქალაქში იცხოვრებდნენ. დრომ დაამტკიცა მისი წინასწარმეტყველების ჭეშმარიტება.

ევდოკია ვასილის ასული ფეოდოროვა ადასტურებს, რომ მამა სერაფიმე დაეხმარა გერმანულ ტყვეთა ბანაკში მყოფი მეუღლის მოძიებაში. ბერის ლოცვებისა და მეუღლის თხოვნის წყალობით ბანაკის ხელმძღვანელობამ მოულოდნელად გაათავისუფლმა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.

 

1944 წელს ბლოკადის მოხსნის შემდეგ ვირიცას ეწვია მიტროპოლიტი ალექსი (სიმანსკი). მამა სერაფიმემ წინასწარ განჭვრიტა მეუფის ვიზიტი და შინაურები გააფრთხილა. ეს იყო მიტროპოლიტის გამოთხოვება სულიერ მოძღვართან. შეხვედრა ძალიან თბილი და ხანგრძლივი გახლდათ. რა თქმა უნდა, საუბრის სრული შინაარსი საიდუმლოდ დარჩა, მაგრამ ცნობილია, მამა სერაფიმეს კვლავ უწინასწარმეტყველებია, რომ მეუფე ალექსის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად აირჩევდნენ. ასევე მიუთითებია არჩევის დროც - მომავალი ადგილობრივი კრება. აცრემლებულები, ამბორით დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ამ ცხოვრებაში მათ შეხვედრა აღარ ეწერათ [9]. ისინი ცხოვრების ბოლომდე ერთმანეთისთვის მლოცველნი და პატივისმცემელნი დარჩნენ.

1944 წლის 15 მაისს, რუსეთის კეთილმორწმუნე მთავრების - წმ. მოწამეების ბორისისა და გლების ხსენების დღეს აღესრულა პატრიარქი სერგი. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1945 წლის 2 თებერვალს ადგილობრივ კრებაზე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად ერთხმად აირჩია მიტროპოლიტი ალექსი (სიმანსკი). მამა სერაფიმეს წინასწარმეტყველებისამებრ, ის 25 წლის განმავლობაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი იყო.

ომმა ბევრი ადამიანის ცხოვრება დაამსხვრია. უამრავი ადამიანი ისწრაფვოდა, ვირიცელი ბერისგან შეეტყო ახლობლების ბედი. ზოგი უგზო-უკვლოდ დაკარგულის ამბავს გებულობდა, ზოგი მამა სერაფიმეს ლოცვით სამსახურში ეწყობოდა ან თავშესაფარს ნახულობდა, მაგრამ ყველაზე მთავარი იყო ის, რომ ისინი, ყველა, პოულობდნენ უმნიშვნელოვანესს - რწმენას. პროფესორ ს.ს.ფავორსკის ვაჟი, მიხეილ სერგის ძე, იხსენებს: „მამა სერაფიმეს შეეძლო, ხალხისთვის სიხარული მიენიჭებინა. მის გვერდით უმძიმესი სადარდებელიც კი მეორე პლანზე გადადიოდა და ადამიანს ამ სიხარულის ხელმეორედ განცდის სურვილი ებადებოდა“...

1945 წელს ღმერთმა მოუწოდა სქემოსან მონაზონ სერაფიმას (ერისკაცობაში ოლგა ივანეს ასული მურავიოვა). თითქმის ექვსი ათეული წლის განმავლობაში ის გახლდათ მამა სერაფიმეს ცხოვრების ერთგული თანამგზავრი. მის ამ ქვეყნიდან წასვლას ბერი ხანმოკლე განშორებად აღიქვამდა და სამარადისო ცხოვრებაში მასთან სწრაფ შეხვედრას მოელოდა. მურავიოვების ოჯახის მეგობარმა, მხატვარმა სვეტლანა გიორგის ასულმა, მამა სერაფიმეს განსვენებულის საფლავის სურათი დაუხატა. ბერი სურათზე მიუთუთებდა ხოლმე და ამბობდა: „მეც აი, აქ, მის გვერდით ვიწვები“...

ომის წლებში ვირიცის ყაზანის ღვთისმშობლის ეკლესიის პირდაპირ, მდინარე ორედეჟის მეორე სანაპიროზე დაარსდა პატარა სკიტი, სადაც სქემოსანი იღუმენია ქერუბიმას ხელმძღვანელობით რამდენიმე მონაზონი მოღვაწეობდა, მათ შორის იყო დედა სერაფიმა (ერისკაცობაში ანა პავლეს ასული მოროზოვა). მამა სერაფიმემ სწორედ მას სთხოვა განსვენებული სქიმოსანი მონაზვნისთვის, დედა სერაფიმასთვის, ფსალმუნების წაკითხვა. ასევე ეს უკანასკნელი იქნა ახლობლების თანხმობის საფუძველზე ბერის თანაშემწედ ნაკურთხი.

 

1945 წელს ვირიცის ყაზანის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა პროტოპრესვიტერი ალექსი კიბარდინი, შესანიშნავი მწყემსი და აღმსარებელი. პირველი მსოფლიო ომის დროს ის ფეოდოროვსკის სამეფო კარის ეკლესიაში მღვდლად მსახურობდა და კარგად იცნობდა წამებულ სამეფო ოჯახს. მომდევნო ათი წელი მან ციხესა და გადასახლებაში გაატარა, მაგრამ მაინც შეინარჩუნა ცოცხალი რწმენა და მოყვასის სიყვარული. ვირიცაში მოსვლისთანავე ძალიან დაუახლოვდა მამა სერაფიმეს. ვირიცელი ბერი გახდა მისი მოძღვარი, ხოლო თავად მამა სერაფიმეს სულიერი მამა შეიქმნა. მამა ალექსი ხშირად დადიოდა ბერთან სულიერ საკითხებზე სასაუბროდ და ყოველ კვირას აზიარებდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს.

ომის შემდგომ წლებში ხშირად ჩადიოდა ვირიცაში კრუტიცკისა და კოლომენსკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (იარუშევიჩი). ის სიცოცხლის ბოლომდე ლოცულობდა და პატივს სცემდა მამა სერაფიმეს [10].

მამა სერაფიმეს ხსოვნას პატივს მიაგებდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, უწმინდესი ალექსი I. ყაზანის ღვთისმშობლის ვირიცის ეკლესიის წინამძღვარი ალექსი კიბარდინი წერს: „მე მას უდიდეს ბერად მივიჩნევ. რა თქმა უნდა, მე არ ვარ ისეთი დიდი ადამიანი, რომ ჩემი მოსაზრება შემოგთავაზოთ... მაგრამ მე ვიცი და მოწმეც ვყოფილვარ, თუ როგორ პატივს სცემდა მას პატრიარქი ალექსი. ბერმა ის მაცხოვრის საგვარეული ხატით დალოცა. ეს ხატი ამჟამად პატრიარქთან ინახება. 1948 წელს მიტროპოლიტმა გრიგორმა (ჩუკოვი) პატრიარქ ალექსისთან წარსადგენად მიმიხმო. მიღებაზე უწმინდესს ბერის დანაბადები გადავეცი: „ვირიცელი სქემოსანი მღვდელ-მონაზონი სერაფიმე, ერისკაცობაში ვასილ ნიკოლოზის ძე მურავიოვი, თქვენს უწმინდესობას ლოცვა-კურთხევას სთხოვს და ქედს იხრის თქვენს წინაშე“ - და თავი დავუკარი. „ვიცი, ვიცნობ მას, - ალერსით თქვა პატრიარქმა, - თავად როგორ ბრძანდება?“ მე ვუპასუხე, რომ სულიერად მხნედ გრძნობდა თავს, მაგრამ ფიზიკურად დაუძლურებულიყო უამრავი გაჭირვებული თუ დამწუხრებული მიმსვლელის გამო. უწმინდესმა მაკურთხა და მითხრა: „გადაეცი, რომ ვთხოვ, წმინდა ლოცვებში მომიხსენოს“. მიღების დამთავრების შემდეგ ხალხში ვიღაცის ხმა გავიგე: „პატრიარქისთვის მთელი ეკლესია ლოცულობს, ის კი სქემოსანი ბერის ლოცვას ითხოვს!..“ „ის ხომ უბრალო ბერი არ არის?!“ - ის უხუცესია!“ - უპასუხა ვიღაცამ.

 

სიცოცხლის ბოლო წლებში მამა სერაფიმე სრულიად მიეჯაჭვა საწოლს. ზოგჯერ იმდენად ცუდად ხდებოდა, რომ თანაშემწის მიერ მოტანილ ბარათებზე პასუხის გაცემასაც ვერ ახერხებდა. როგორც კი ცოტათი მოკეთდებოდა, მაშინვე ხალხის მიღებას იწყებდა.

ღირსი სერაფიმეს და იღუმენია სერაფიმას საფლავები

ბერის ამქვეყნიური მოღვაწეობა დასასრულს უახლოვდებოდა. მისთვის ცნობილი იყო საკუთარი გარდაცვალების დრო და ჟამი. გარდაცვალების წინა დღეს მან ღირსი სერაფიმე საროველის ხატით დალოცა ნათესავები და ახლობლები, ხოლო თავის თანაშემწეს, მონაზონ სერაფიმას უთხრა: „ჩემი დასაფლავების დღეს ნეკნებს გაუფრთხილდი“ [11].

დილით ადრე მამა სერაფიმემ იხილა უცხო ნათლით გაბრყწინებული არამიწიერი სილამაზის ქალი, რომელმაც კელიის სარკმელში წამიერად გაიელვა და მარჯვენა ხელით ზეცისკენ მიანიშნა. ბერმა ყოველივე ახლობლებს აცნობა და უთხრა: „დღეს ვერავის მივიღებ, მხოლოდ ვილოცებ“. შემდეგ მამა ალექსი კიბარდინის მოსაყვანად აკურთხა. წაკითულ იქნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და ღირსი სერაფიმე საროველის დაუჯდომლები. მამა ალექსიმ ბერი აზიარა. შემდეგ მამა სერაფიმემ ფსალმუნებისა და სახარების წაკითხვის კურთხევა გასცა. საღამოს ითხოვა, სავარძელში ჩაესვათ და დაიწყო ლოცვა. თან ხშირად კითხულობდა საათს. ღამის ორი საათისთვის კურთხევა გასცა, სულის განსვლის ლოცვა წაეკითხათ. შემდეგ პირჯვარი გადაიწერა და სიტყვებით - „ღმერთო, შემეწიე და შეიწყალე მთელი მსოფლიო“ - განშორდა ამ ქვეყანას.

შესამოსელი და კუბო მიტროპოლიტმა გრიგორიმ (ჩუკოვი) გამოაგზავნა ვირიცაში. სამი დღის განმავლობაში არ წყდებოდა ხალხის ნაკადი ბერის კუბოსთან. ყველა აღნიშნავდა, რომ მისი ხელები ცოცხალი ადამიანის მსგავსად თბილი და რბილი იყო. ზოგიერთი კუბოს ახლოს კეთილსურნელებას შეიგრძნობდა. ვირიცელი ბერის გარდაცვალების პირველ დღეს ბრმა გოგონა განიკურნა. დედამ ის კუბოსთან მიიყვანა და უთხრა: „აკოცე ბაბუას ხელზე“. ძალიან მალე ბავშვს თვალი აეხილა. ძველი ვირიცელებისთვის ეს ამბავი კარგადაა ცნობილი.

ბერის წესის აგება იშვიათი სადღესასწაულო განწყობილებით გამოირჩეოდა. გალობდა სამი გუნდი. ვირიცის ყაზანის ღვთისმშობლის ეკლესიის, პეტრეპავლოვსკის ტაძრისა და სასულიერო აკადემია-სემინარიისა. სემინარიასა და აკადემიაში მიტროპოლიტ გრიგორის ლოცვა-კურთხევით მეცადინეობები დროებით შეწყდა. ბერის კუბოსთან საპატიო ყარაულში იდგა სასულიერო აკადემია-სემინარიის ოთხი აღსაზრდელი. მათ შორის ერთ-ერთი მომავალი პატრიარქი ალექსი II იყო. „ჩვენ მამა სერაფიმეს კი არ ვემშვიდობებოდით, არამედ მარადისობაში მივაცილებდით“, - იხსენებს მრავალი ადამიანი.

დაკრძალვისას წმ. სერაფიმე საროველის ხატი და წმინდა ნაწილები მიუძღოდა სერაფიმე ვირიცელის კუბოს ზუსტად ისე, როგორც თავად ბერმა იწინასწარმეტყველა [12].

1949 წლის 3 აპრილს, ლაზარეს შაბათს, რომელიც წინ უსწრებს უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულს, სქემოსანმა მღვდელ-მონაზონმა სერაფიმემ მშვიდობით განისვენა. მის წინაშე გაიხსნა ზეციური იერუსალიმის კარი და სამარადისოდ მიიღო ღვთიურ წიაღში.

ვალერი ფილიმონოვი, 1995-98 წწ.
თარგმნეს ტატიანა ცომაიამ და ნანა კუხიანიძემ
წიგნიდან: „წმინდა სერაფიმე ვირიცელის ცხოვრება და მოღვაწეობა“
თბილისი, 2003 წ.

 


 [1] - 1918 წლამდე ყველა თარიღი ძველი სტილითაა მოყვანილი.

[2] - 1995 წლის 19 ივლისს შეირაცხა წმინდანად და აღირაცხა მოსკოვის ეპარქიის რადონეჟელ წმინდანთა დასში.

[3] - წარმომავლობა და ქალიშვილობის გვარი ჯერჯერობით დაუდგენელია. ცნობილია მხოლოდ, რომ დაიბადა ღვთისმოსავ ოჯახში 1872 წელს.

[4] - 1915 წლიდან ვასილ და ოლგა მურავიოვები მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსით სარგებლობდნენ, ვასილი გახდა პეტროგრადის მეორე გილდიის ნამდვილი სოვდაგარი და დედაქალაქის ხუთ უმსხვილეს ბეწვეულით მოვაჭრეთა შორის ითვლებოდა.

[5] - ბოლშევიკებმა დახვრიტეს 1937 წელს. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავართა კრების მიხედვით 1997 წლის 19 თებერვალს სერაფიმე (ჩიჩაგოვი) წმ. მღვდელმოწამედ შეირაცხა.

[6] - სქემოსანი მღვდელ-მონაზონ სერაფიმეს ანდერძით აღნიშნული ხატები ამჟამად დაბა ვირიცის ყაზანის ღვთისმშობლის ეკლესიაში ინახება.

[8] - ბერმა ეს ხატი საროვოს დღესასწაულის დროს ჩამოაბრძანა. მასზე საროველი საკვირველმოქმედი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე მუხლმოდრეკილი ლოცვის პოზაშია გამოსახული.

[9] - ტრადიციის თანახმად სერგის წმ. სამების ლავრის მოძღვარი ითვლება პატრიარქის სულიერ მოძღვრად.

[10] - მამა სერაფიმეს გარდაცვალების შემდეგ ვირიცელი ბერის ნათესავებზე მეურვეობა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა იდო თავს.

[11] - გაფრთხილება წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. დაკრძალვაზე მისული ხალხის სიმრავლის გამო შექმნილი ჭყლეტის შედეგად დედა სერაფიმამ ორი ნეკნი მოიტეხა.

[12] - ეს ხატი მამა სერაფიმემ ვირიცის ყაზანის ღვთისმშობლის ეკლესიას უანდერძა, მაგრამ 70-იან წლებში ბოროტმოქმედებმა ტაძარი გაძარცვეს და ხატი მოიპარეს. მალე ტყეში იპოვეს სახატე. ღვთის შეწევნით მიაკვლიეს მსგავს ხატსაც.

[12] - ხატი შესწირა სასულიერო აკადამიის არქივარიუსმა ეკატერინე უვაროვამ. ქ. გატჩინის პავლოვსკის ეკლესიის პროტეპრესვიტერის ევგენი სენკოს მიერ ხატს წმ. სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილებისთვის სანაწილე გაუკეთდა.