მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდა მართალი
ნიკოლოზ კავასილა

 

ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება

 

53. საიდუმლოთა ზიარებისთვის საერთო მადლიერებისა და ღვთისმსახურების დამამთავრებელ ლოცვებზე

 

ამასობაში ღვთისმსახური საიდუმლოში მონაწილეებს ზიარების მომნიჭებელი ღვთისადმი მადლიერებისკენ მოუწოდებს, არა მცონარედ, არამედ გულმოდგინედ. ანუ მადლიერებისას არ უნდა ვიწვეთ ან ვისხდეთ, არამედ ღვთისადმი სულითა და გულით უნდა ვეშურებოდეთ.

შემდეგ მღვდელმსახური მრევლს მოუწოდებს, ილოცონ, რისთვისაც ჩვეულებრივ ლოცულობენ ხოლმე, გამოდის საკურთხევლიდან, კარების წინ დგება და ყველასთვის ლოცულობს.

უნდა აღინიშნოს, რომ იგი ღვთისმსახურებისა და ამისთვის აღსრულებული სადიდებელის შემდეგ (რადგან ახლა უკვე ყველაფერი აღსრულებულია, რაც ღმერთთან მიმართებით უნდა აღსრულებულიყო) თითქოს ღმერთთან თავის ურთიერთობასა და იმ სიმაღლეს ტოვებს, რომელზეც იდგა და ნელ-ნელა თვალსაჩინოდ ხალხთან ურთიერთობისკენ ჩამოინაცვლებს. და ამას იგი ისე აღასრულებს, როგორც ღვთისმსახურს შეეფერება, რადგანაც აღასრულებს ლოცვით. ლოცვის სახეც და მღვდელმსახურის ადგილიც მისი დაღმავლობის მაჩვენებელია.

აქამდე ის საკურთხეველსა და გულში ლოცულობდა ისე, რომ არავის ესმოდა და მთლიანად ღვთისკენ იყო მიმართული, ხოლო ახლა საკურთხევლიდან გამოდის და ხალხში დგება და ყველასთვის გასაგონად ეკლესიისა და ყველა მორწმუნისთვის საერთო ლოცვას აღასრულებს. შემდეგ გამოტანილი პური, რომლისგანაც წმიდა პური იქნა ამოღებული, ნაწილებად იყოფა, მორწმუნეებს ურიგდება, როგორც პური, რომელიც წმიდა გახდა, რადგან ღვთისთვის იქნა მიტანილი და მიძღვნილი. ხოლო მორწმუნეები მას მოკრძალებით იღებენ და ღვთისმსახურის ხელს ეამბორებიან, როგორც ხელს, რომელიც ცოტა ხნით ადრე ქრისტე მაცხოვრის ყოვლადწმიდა ხორცს ეხებოდა, თავადაც მიიღო ამის შედეგად განწმენდა და მისი გადაცემა შეუძლია ყველასთვის, ვინც მას შეეხება.

ამავე დროს ისინი ამ სიკეთის მომნიჭებელსა და მომცემელს განადიდებენ წერილიდან აღებული სადიდებლით: "იყავ სახელი უფლისა კურთხეულ" (იობ. 1:21) და სხვა. და ამის რამდენჯერმე წარმოთქმის შემდეგ კითხულობენ სადიდებლითა და სამადლობლით სავსე ფსალმუნს. რომელია ეს ფსალმუნი? "ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა" (ფს. 33).

პურის გაცემისა და ფსალმუნის წაკითხვის შემდეგ ღვთისმსახური ბოლო ლოცვას ხალხისთვის წარმოთქვამს, არა მხოლოდ საკურთხევლის გარეთ და ყველას გასაგონად, არამედ თავად ხალხისკენ მიმართული ლოცვის სიტყვებით და ამით მათთან მეტ ურთიერთობას წარმოაჩენს, ვიდრე მანამდე. რას შეეხება ეს ლოცვა? იმას, რომ უფალმა შეგვიწყალოს და გვიხსნას, რადგანაც დამოუკიდებლად ხსნისთვის რაიმე ღირსეულის შემატება არ შეგვიძლია, არამედ მხოლოდ იმის კაცთმოყვარეობისა გვეიმედება, რომელსაც ჩვენი ხსნა შეუძლია. ამიტომაც ღვთისმსახური აქ სხვა შუამავლებსაც მოიხსენიებს და ყველას უწინარესად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომლის მეოხებითაც ადრეც მივიღეთ შეწყალება.

ხოლო ეს ლოცვა ასე იწყება - "ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან"; განა რომელიმე ცრუ და მატყუარა ღმერთი, რომლებსაც ოდესღაც მრავლად ვეთაყვანებოდით, არამედ ჩვენი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც ძლივს მოვიპოვეთ.

ამიტომაც, მხოლოდ მას, როგორც ღმერთს, შეჰფერის ყოველგვარი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანადაუსაბამოით მამით მისით და ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველმყოფელით სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

 

დასასრული

 

წინა თავი <---- სარჩევი ----> შემდეგი თავი