მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდა მართალი
ნიკოლოზ კავასილა

 

ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება

 

52. იმის შესახებ, რატომ იწოდება ევქარისტიად (სამადლობლად) მხოლოდ ეს მსახურება

 

ეს საკითხიც ასევე არის განხილვის ღირსი.

მართლაც, თუკი ეს საიდუმლო მოქმედება - სამადლობელიცაა და სავედრებელიც, მაშინ რატომ ასევე არ იწოდება, არამედ მხოლოდ ევქარისტიად (სამადლობლად) მოიხსენიება?

სახელწოდება უმეტესით არის განპირობებული, რადგან უმეტესი საბაბი მადლიერებისა გვაქვს, ვიდრე ვედრებისა. ჩვენ უკვე იმაზე მეტი მივიღეთ, ვიდრე ჯერ კიდევ გვჭირდებოდა; ეს მხოლოდ ნაწილს შეადგენს, ის კი - მთელს; ის, რის მიღებასაც ვითხოვდით, ამ მთელის, რომელიც მივიღეთ, მხოლოდ მცირედი ნაწილია. რაც შეეხება ღმერთს, მისგან მივიღეთ ყველაფერი და მას არაფერი გამორჩენია, მაგრამ რაღაცით სარგებლობის დრო ჩვენთვის ჯერ კიდევ არ დამდგარა. ასე, მაგალითად, სხეულის უხრწნელობა, უკვდავება და ზეციური სასუფეველი; სხვა მივიღეთ, მაგრამ ვერ დავიცავით, მაგალითად, ცოდვათა შენდობა და საიდუმლოთა შედეგად მიღებული სხვა ძღვენი; დავკარგეთ იმიტომ, რომ ცუდად გამოვიყენეთ (მაგალითად, კმაყოფილება, ჯანმრთელობა, სიმდიდრე, რომელთაგანაც სიამოვნებისა და ბიწიერების საშუალება შევქმენით) და იმისთვის, რომ ცუდები არ გავმხდარიყავით, აწმყო სიკეთეს მეტი სარგებლისთვის მოვაკლდით, ისევე როგორც იობი.

აქედან ჩანს, რომ ღმერთმა სავედრებლად არავითარი ადგილი არ დატოვა, ხოლო სამადლობლად ყველა შესაძლო საბაბი მოგვცა. მაგრამ ჩვენი დაუდევრობითვე ვიხმობთ გასაჭირს და ამიტომ ვსაჭიროებთ ვედრებას.

ვნახოთ, მართლაცდა რას ვითხოვთ.

შენდობას? მაგრამ ეს ჩვენ სრულად, ჩვენი მხრიდან ყოველგვარი გარჯის გარეშე მივიღეთ წმიდა ნათლობის შედეგად. მაშ, კვლავ რატომ ვითხოვთ იმავეს? იმიტომ, რომ ცოდვებში დამნაშავენი კვლავ გავხდით. მაგრამ რა გახდა ჩვენი ბრალის მიზეზი? თავად ჩვენ. შესაბამისად, ჩვენშივეა თხოვნის მიზეზიც.

ჩვენ ასევე ზეციურ სასუფეველზე ვლოცულობთ, რათა იგი მემკვიდრეობად მივიღოთ. მაგრამ ჩვენ ხომ უკვე მოგვეცა ეს მემკვიდრეობა, რადგანაც თვით სასუფევლის მპყრობელ ღვთის შვილებად ვიქეცით, ვინაიდან, ვინ არის მემკვიდრე, თუ არა ძე? და მამის ქონებიდან რა არ გადაეცემა მემკვიდრეს? არაფერი. როგორღა ვითხოვთ იმას, რაც უკვე მოცემულია? ღმერთისგან შობილებმა და ამგვარ პატივს მიღწეულებმა შვილობილისთვის შეუფერებელი საქმეები გავბედეთ და შვილობიდან მზაკვარ მონებად ვიქეცით, ამიტომაც ვითხოვთ ზეციურ სასუფეველს ლოცვებში ისე, თითქოს ის ჩვენთვის უცხოა და ჩვენ არ გვეკუთვნის. შესაბამისად, თავად ჩვენ ვართ დამნაშავენი, ამ ვედრების აღსრულება რომ გვიწევს.

ხოლო ხორციელ სიკეთეებზე მაცხოვარმა მცნება დაგვიტოვა: "ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისას და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველივე შეგეძინოთ თქუენ" (მათ. 6:33). ნუ იზრუნებთ საკვებისა და სასმლისთვის და თქვენი ზეციური მამა ყოველივეს საჭიროს მოგცემთ (მათ. 6:25-32). ხოლო თუ ამ სიკეთეებს ვსაჭიროებთ, ამას ვითმენთ - ან ჩვენივე დაუდევრობითა და ურწმუნოებით და მათ შესახებ მოცემული მცნების დაუცველობით (ასეთ შემთხვევაში, როგორც საჭიროება, ასევე საჭიროებისამებრ ლოცვა ჩვენი საქმე ხდება), ან ღვთის განგებულებითა და კაცთმოყვარეობით, იობის მსგავსად უკეთესისა და უძვირფასესის მისაღებად (ამ შემთხვევაში, თუმცა გაჭირვება საღვთო საქმეა, მაგრამ ვედრებისა და მუდარის საბაბი კი არა, არამედ სადიდებლისა და სამადლობლის მიზეზია, მსგავსად იობის მიერ თქმულისა: "კურთხეულ იყოს უფლის სახელი" (იობ. 1:21) აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე).

ხედავ, რომ ყველაფერი, რაც ღვთისაგან გვებოძა, მხოლოდ განდიდებისა და მადლიერებისკენ აღგვძრავს, ხოლო ამ მუდარასა და ვედრებაში ჩვენ თავად ვართ დამნაშავენი. ამიტომაც ღვთისადმი ყველა ფიზიკური და სულიერი სიკეთის შესახებ ლოცვით მიმართვაში მათ ვახსენებთ მადლიერებისთვის, გვაქვს თუ არა, რადგან მან ერთხელ ყველაფერი გვაჩუქა და თავისთვის არაფერი დაიტოვა. იცოდა რა ეს ნეტარმა მოციქულმა, გვამცნო, რომ ყოველივესთვის ვმადლობდეთ: "მარადის გიხაროდენ და ყოველსა შინა ჰმადლობდით" (თეს. 5:16-18).

ამიტომ ღმერთთან სრულყოფილი და ყველაზე საჭირო საუბარი საიდუმლო ზიარებაა, რომელშიც ამა თუ იმ წყალობას კი არ მოვიხსენიებთ, არამედ ყველა ახლანდელ თუ მომავალ ღვთაებრივ სიკეთეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი იყო ამ მსახურების ევქარისტიად სახელდება, რაც იმით კი არ არის განპირობებული, რომ საჭიროებას განვიცდით და ვითხოვთ, არამედ იმ სიკეთეებიდან გამომდინარე, რომლითაც ღმერთი გვაჯილდოებს არა ჩვენი სიგლახაკის გამო, არამედ მისი მოწყალების სიუხვით.

მართალია, რომ ჩვენ ამ დროს ღმერთს ვთხოვთ და ვმადლობთ, მაგრამ რადგან მადლიერება, როგორც აღვნიშნეთ, საღვთო საქმეა, ხოლო ვედრება - ადამიანური უსუსურობისა, ამიტომ მადლიერებისთვის საბაბი მეტია, ხოლო ვედრებისთვის - ნაკლები. მადლიერება, საერთოდ, ყველა სიკეთისთვისაა, ხოლო ვედრება - ზოგიერთისთვის, ამიტომაც იყო საჭირო, რომ ამ საიდუმლოს სახელდებისას მას უკეთესისა და უდიდესის სახელი დარქმეოდა - მადლიერება. ასეა ადამიანიც, თუმცა თავის თავში რაღაც უგუნურსაც ატარებს, გონიერ ცხოველად იწოდება, რადგან თავისი სახელდება უკეთესი და უდიდესი ნაწილიდან მიიღო.

სხვა მხრივ, მან, ვინც ამ საიდუმლოზე პირველად მიუთითა, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, იგი ვედრებით კი არ აღასრულა, არამედ მხოლოდ მადლიერებით მამისადმი. ამიტომაც ეკლესიამ, როგორც მიიღო იგი, ასევე მოიხსენიებს - ევქარისტიად.

მაგრამ კმარა ამის შესახებ.

 

წინა თავი <---- სარჩევი ----> შემდეგი თავი