მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმინდა მართალი
ნიკოლოზ კავასილა

 

ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება

 

2. რატომ თავიდანვე არ იდება პატიოსანი ძღვენი ტრაპეზზე

 

პირველ რიგში, განვიხილოთ ის, რაც აღესრულება და წარმოითქმება წმიდა ძღვნის მირთმევისას, ასევე თავად მისი მიტანა და მირთმევა.

რატომ არის, რომ ის უცბად არ მიიტანება ტრაპეზზე წმიდა მსხვერპლისთვის, არამედ თავიდანვე უფლის წინაშე ძღვნის სახით წარდგება?

ეს იმიტომ ხდება, რომ ძველები ღმერთს სწირავდნენ როგორც სისხლიან მსხვერპლს - ცხოველთა დაკვლით, ისე სხვა სახის ძღვენს - მაგალითად, ოქროსა და ვერცხლის ნივთებს.

ხოლო ქრისტეს სხეული როგორც ერთს, ასევე მეორეს წარმოადგენს: ის იყო მსხვერპლიც - დასასრულისაკენ, როდესაც მსხვერპლად შეიწირა მამის დიდების გამო; მაგრამ პირველად იგი ღმერთს მიეძღვნა პატიოსანი ძღვნის სახით და თითქოს მიღებულიც იქნა მისგან, ერთი მხრივ - როგორც ჩვენი მოდგმის საწყისი, მეორე მხრივ კი - სჯულისმიერად: რადგან პირმშო იყო (გამოს. 13:2).

სწორედ ამ მიზეზით ის, რაც ამჟამად მიერთმევა და რასაც მოწმობს ეს სხეული, თავიდანვე კი არ იდება ტრაპეზზე როგორც წმიდა მსხვერპლი - ეს ხდება დასასრულისაკენ, ხოლო თავდაპირველად ის მიერთმევა, ემსახურება და იწოდება ღმერთის პატიოსან ძღვნად.

ასე მოიქცა თვით ქრისტე, როდესაც ხელში აღებული პური და ღვინო ძღვნად წარუდგინა, შესთავაზა და მიართვა ღმერთს. საიდან ჩანს ეს? იქიდან, რომ ამგვარად იქცევა ეკლესია და მას ძღვენს უწოდებს. იგი არ გააკეთებდა ამას, თუკი არ ეცოდინებოდა, რომ ასე მოიქცა ქრისტე; ეკლესიამ შეისმინა მისი ბრძანება: "ამას ჰყოფდით" (ლუკ. 22:19). ამ მოქმედებაში რომ არ ყოფილიყო მსგავსება ქრისტეს ქმედებასთან, არც ეკლესია მიბაძავდა მას.

 

წინა თავი <---- სარჩევი ----> შემდეგი თავი