მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)


შობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა
(ტექსტი გამოკრებილია გაბრიელ ეპისკოპოსის სამი ქადაგებიდან)


დღეს მსურს გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რა არის თაყვანისცემა ღვთისა და როგორ უნდა ემსახურებოდეს კაცი ღმერთს თავისი სულით; ამისათვის უნდა მივმართოთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რათა შეგვეწიოს და მოგვანიჭოს იგი.

ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო! დღეს ჩვენ ყოველნი შეკრებილნი ვართ წმიდასა სახლსა შენსა, შენნი მადიდებელნი და შენგან მომლოდინენი დიდისა წყალობისა, ვინაითგან შენ ხარ წყარო მოწყალებისა და კარი შეწყნარებისა.

როდესაც მაცხოვარი ჩვენი ღვთის სიტყვას ქადაგებდა ურიათა შორის, მაშინ მრავალნი მსმენელნი დიდი სიყვარულითა და გულმოდგინებით იღებდნენ მის სახარებას და ადიდებდნენ გულში; ერთმა დედაკაცმა ხმა აღიმაღლა ერს შორის და მიმართა: ნეტარ არს მუცელი, რომელმაც გიტვირთა შენ და ძუძუნი, რომელთა სწოვდი. მაცხოვარმა ისარგებლა ამ უბრალო დედაკაცის პასუხით, რათა ეჩვენებინა, რომ ნეტარ არიან იგინიცა, რომელნი ისმენენ და აღასრულებენ სიტყვასა ღვთისასა. უფალმა ეს ორი საგანი ერთმანეთთან იმიტომ შეაერთა, რომ ეს დედაკაცი ამბობდა მაცხოვრის დედის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისათვის, რომელმაც იტვირთა იესო ქრისტე და აწოვებდა ძუძუს; ხოლო მაცხოვარმა უპასუხა მას, რომ ნეტარ არიან მსმენელნი და დამცველნი სიტყვისა ღვთისანი. ერთი პასუხის მიზეზი ის იყო, რომ დედაკაცი იმიტომ შეიქმნა ნეტარი, რომ მიიღო სიტყვა ღვთისა და დაიმარხა იგი, ნეტარნი იქნებიან სხვანიც, ვინც მიიღებს და აღასრულებს სიტყვას ღვთისას.

ასე რომ, ძმანო მართლმადიდებელნო, ნეტარ არს დედა უფლისა ღვთისა ჩვენისა, რომელმან ისმინა სიტყვა ღვთისა და აღასრულა იგი. დედა ღვთისა სიყრმიდან აღსასრულამდე ისმენდა და იზრდებოდა ღვთის სიტყვით, ხოლო უფრო მეტად კი მაშინ, როცა მიიღო ხარება მთავარანგელოზისა, იტვირთა ძე ღვთისა, აღზარდა იგი და შემდეგ ყოველდღიურად ისმენდა მის სწავლასა და ქადაგებას. სახარება ბრძანებს: დედასა მისსა დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყვანი გულსა შინა მისსა. ამიტომ შეიქმნა იგი ტაძრად ცხოველად საღმრთო მადლისა; ამიტომ იყო ჭურჭელი ყოველი სათნოებისა: მშვიდი, თავმდაბალი, მყუდრო და სახიერი; ამიტომ გამოჩნდა იგი დედოფლად ცისა და ქვეყანისა, სამკაულად კაცობრივისა ბუნებისა, თაყვანისცემად ანგელოზთა და კაცთა.

ჩვენც, ძმანო ქრისტიანენო, ღვთის სიტყვა გაგვხდის ნეტარად, თუკი ვისმენთ და აღვასრულებთ მას. სიტყვა ღვთისა, ანუ საღმრთო წერილი პირველად განანათლებს გონებასა და გულს კაცისას და შემდეგ შეამკობს და გამართავს მის მოქმედებას. ღვთის სიტყვამ მოაქცია და აცხოვნა ყოველი. განა ღვთის სიტყვამ არ მოაქცია და განანათლა ჩვენი მამულია და წინაპარნი? რას მოგვითხრობს შეხვედრა ამ ძველი ტაძრისა, თუ არა მათ კეთილმსახურებასა და ღვთისმოყვარებას? განა ეს დიდებული შენობა და სხვა მრავალი, ძველთაგან დარჩენილნი ცხადად არ გვიმტკიცებს, რომ ჩვენმა წინაპრებმა ჭეშმარიტად ისმინეს სიტყვა ღვთისა და მტკიცედ დაიმარხეს იგი? ჩვენდა სამწუხაროდ, მათ როდი ვბაძავთ ამ საქმეში: როდესაც ჩვენი მამული შევიწროვებული იყო, როდესაც ჩვენ დამცირებულნი და მოუძლურებულნი ვიყავით, მაშინ უფრო მეტად განკრძალულნი ვიყავით ღვთისმსახურებაში, მაშინ მონასტერნი და უდაბნონი აღვსილნი იყვნენ მონაზონთა კეთილი და პატიოსანი ცხოვრებით, სოფელში იყო სიწმინდე ზნეობისა; ხოლო ახლა, როდესაც ღმერთმა მოგვცა მშვიდობა და ხორციელი წარმატება, როდესაც მოგვემატა კეთილმდგომარეობა, მაშინ გული გაგვიგრილდა ღვთისმსახურებაზე, სოფელს მოეფინა ბიწიერება და უსამართლობა, დაიკარგა ერთგულება, განქარდა სიყვარული, შეირყა ზნეობა.

ღვთისმშობლის შობის ამ დიდებულ ტაძარს მრავალი ცუდი დრო გამოუვლია. როდესაც მტერი ანგრევდა და აოხრებდა სხვა დიდებულ შენობებსა და ტაძრებს, მაშინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი საოცრად იცავდა ამ თავის სამყოფელსა და ხატს. ყოველი მსხვერპლი და შესაწირავი ჩვენი, ყოველი სამკაული ხატთა და სიმდიდრე ტაძრისა მხოლოდ მაშინ არის სათნო და საყვარელი ღვთისათვის, როცა ჩვენი გული მიქცეულია მისკენ, როცა გვაქვს კეთილი ყოფაქცევა და სიყვარული, ხოლო როცა ესენი განქარდება, მაშინ ისინიც გაუქმდება.

ჭეშმარიტად ვიტყვი: დასუსტდა ჩვენს შორის კეთილი ზნეობა, არა სჩანს ღვთისმსახურება, განირყვნა სოფელი. ეკლესიაში რომ პირჯვარს ისახავ, ეს კიდევ არაფერია, შენს სახლში, მეზობელთა და ახლობელთა შორის მიჩვენე შენი ქრისტიანობა, შენს საუბარში ნახევარი სიცრუე და ცილისწამებაა; ხშირად ისმის შენი პირიდან გინება, ფიცი და უშვერი სიტყვა, შენს ყოფაქცევასა და საქმეში ქრისტიანობა არ ჩანს, პატივს არ სცემ დედ-მამას, არ ეხმარები გაჭირვებულს... ერთი სიტყვით, არ ვიცი, რით გაგარჩიო ურწმუნოთაგან, რომელი ნიშანი გამოგაჩენს, რომ მორწმუნე ქრისტიანი ხარ?

სამწუხარო და შემაშფოთებელი ის არის, რომ ისინი, ვისაც არ ახსოვს სჯული და სახარება, ორი და სამი როდის ჩვენს შორის, ვინ დარჩა ჩვენს შორის ისეთი, ვინც ყოველ სიტყვასა და საქმეში ეძიებდეს სიმართლეს, სძულდეს უსჯულოება და სიცრუე?

ყველას გვმართებს მონანიება ცოდვათა და შეირგება ღმერთთან ლოცვითა და კეთილი ქცევით; ყოველმა კაცმა შეიყვაროს სიმართლე და განინათლოს გული და სული ღვთის სიტყვით; გახსოვდეთ სიტყვა მაცხოვრისა: ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყვა ღვთისა და დაიმარხონ იგი. კაცის გული ორად არ უნდა იყოს გაპობილი, იგი სრულებით უნდა ეკუთვნოდეს ღმერთს და არა მხოლოდ ერთი ნაწილით; ვინც მხოლოდ ერთი წამით არის ღვთისა და მერე კვლავ მისცემს თავის გულს სოფლის ამაოებას, იგი ფრიად სცდება: სოფელსაც ვერ შეიძენს და ღმერთსაც მოაკლდება.

მოამზადა ხათუნა რაქვიაშვილმა
„საპატრიარქოს უწყებანი“, № 37, 2003 წ.