მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

მიტროპოლიტი
დავითი (კაჭახიძე)


ქადაგება დიდ მარხვაში


ეკლესია განსაკუთრებით დიდმარხვაში იწვევს, ურჩევთ ქრისტიანთა თავისთავი გაისწორონ და სრულყონ, ბოროტნი მიდრეკილებანი მოიკვეთონ, მოიშორონ. კეთილი თვისებანი შეიძინონ, სახარებაში ნაჩვენები სათნოებანი აღასრულონ, რათა ამით შეუერთდნენ ღმერთს და ცხონება-ბედნიერება მოიპოვონ. ქრისტიანეთაც ამის ქმნა სურთ. გარნა ამის ასრულება იმათთვის ძლიერ საძნელოა; სამძიმოა იმიტომ, რომ ზნეობრივი ბუნება კაცისა ძალიან დასუსტებულია, დამახინჯებულია; მასში ბოროტება მეტობს კეთილზე; იმისი მნებლობა მიდრეკილია ცოდვისადმი და მას უძნელდება განხორციელება კეთილ განზრახვათა და სურვილთა. ქრისტიანემ არამც თუ არ უნდა ცხადყოს, არ უნდა ქმნას რაიმე წინააღმდეგი სინდისისა და სახარებისა, არამედ გულშიაც კი არ უნდა გაიტანოს რამე ბიწიერი. მაგრამ ვაი, რომ ჩვენი შინაგანი სამყარო, სული, ბნელი და მყრალია და აქედან ჩვენი გარეგანი მოქმედებსაც, ცხოვრებაც ცოდვითია! ქრისტიანემ თვისს მტრებს არამც თუ სამაგიერო არ უნდა მიაგოს, ცუდი რამე არ უნდა უყოს, არამედ იგი მათდამი სიძულვილის ნაცვლად სიყვარულს უნდა გრძნობდეს და მათ სიკეთეს უნდა უშვრებოდეს, მაგრამ, ვაი რომ ჩეენ აგრე ვერ ვიქცევით! ქრისტიანემ თავისი პირადი ანგარიშები, სარგებლობა უნდა უმსხვერპლოს ძმათა სიკეთეს, მან სხვების ბედნიერებისათვის თავი უნდა დადოს. მაგრამ ვაი, რომ ასეთ დიდსულოვანებას ჩვენ ვერ ვიჩენთ და არამც თუ სხვების სიკეთეს პირად სარგებლობას ვანაცვალებთ, არამედ პირიქით თავის კერძო სარგებლობისათვის მოძმეთა კეთილდღეობას უგულებელვყოფთ და კიდევაც მათ ძირს ვუთხრით. ქრისტეანემ თავისი ყურადღება უმთავრესად ზეცას უნდა მიაპყრას. იმ ქვეყნისთვის უნდა ემზადებოდეს, მაგრამ ვაი, რომ ამ წუთისოფლის ზრუნვაში, ამქვეყნიერს საქმეებში სულ ერთიანად ჩაფლულნი ვართ! ქრისტიანე მუდამ ღმერთს უნდა ადიდებდეს სიტყვითა და ცხოვრებითა, მაგრამ ვაი, რომ ღმერთს იშვიათად ვიგონებთ! ასე მიდიან ჩვენი დღენი, წელნი, - და ბოროტებას კი ვერ ვსძლევთ, ვერ ვერევით, მაღალი სათნოებით ვერ ვიმოსებით, მაცხოვრის სწავლისამებრ ვერ ვცხოვრობთ და ცოდვებით დამძიმებულნი გადავდივართ ამ ქვეყნიდან იმ სოფლად.

მაშ, რა გვეშველება? როგორ უნდა ავიცდინოთ საუკუნო მწუხარება-ტანჯვა? ძმანო, უნდა ვეცადოთ, უნდა ვიღონოთ, როგორმე დავთრგუნოთ, მოვერიოთ ბიწიერებას, გამეფებულს ჩვენს ბუნებაში. და ნეტარ არს ის, ვინც ამას მოახერხებს, იგი სავსებით იგემებს ზეციურ სიტკბოებას. თუ ამას ვერ შევძლებთ, ეს მაინც უნდა ვქნათ, სახელდობრ, უნდა გვქონდეს ცხოველი, წრფელი შეგნება ჩვენი ცოდვიანობისა, უღირსობისა და ამის გამო უნდა ვიყვნეთ გარემოცულნი ღრმა მწუხარებითა და გულმხურვალედ უნდა ვიტყოდეთ: ღმერთო, გვილხინე ჩვენ, ცოდვილთა! ამასთანავე თვითეული ჩვენთაგანი თავის თავს უნდა რაცხდეს სხვებზე უფრო უუცოდვილესად, სხვებს ყველას თავისთავზე მაღლა უნდა აყენებდეს; არასოდეს არ უნდა თქვას, რომ იგი სხვას რითიმე სჯობია და არავინ არ უნდა დაამციროს რაც უნდა დაცემული, წამხდარი იყოს იგი. თუ ასე მაინც მოვიქცეგით, მაშინ იმედია, ყოვლად სახიერი ღმერთი არ დაგვტოვებს უმოწყალოდ, თავისთან მიგვიახლოვებს და ცოტათი მაინც გაგვაცხოველებს თავისის მადლით, მოგვფენს მხიარულების ნათელსა. გარნა ძმანო, ჩვენი უბედურებაც ისაა, რომ ჩვენ ცოდვებით დატვირთულნი ვართ, და ამას კი ვერ ვამჩნევთ. თავისთავს უღირსად არა ვთვლით.

ჰე, უფალო და მეუფეო! მოგვანიჭე ჩვენ განცდად თვისთა ცოდვათა და არგანკითხვად ძმათა ჩვენთა.

ქვაშვეთის ტაძარში, 1910 წ.