მიტროპოლიტი
|
მღვდელმონაზონი ნაზარი (ლეჟავა), |
1912 წლის 17 აპრილს ყველასათვის მოულოდნელად ეპისკოპოსი დავითი ჩრდილოეთ კავკასიაში, პიატიგორსკის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს. ამის მიზეზად სახელდებოდა მისი დაპირისპირება საქართველოს ეგზარქოს ინოკენტისთან (ბელიაევი). ეგზარქოსი შეეცადა გურია-სამეგრელოსა და იმერეთის ეპისკოპოსების უფლებების მინიმუმამდე შემცირებას, მაგრამ მეუფე დავითი წინ აღუდგა ამ განზრახვას. ამით განრისხებულმა ინოკენტიმ წმინდა სინოდს მისი საქართველოდან გაძევება მოსთხოვა, რაც მალევე სისრულეში მოიყვანეს. ძვირფას მღვდელმთავართან განშორება ძლიერ განიცადა მაშინდელმა ქართულმა ინტელიგენციამ და საზოგადოებამ. მეუფე დავითის ძმის შთამომავლებთან, ოჯახში შემორჩენილია წერილი, რომელიც საგანგებოდ მის გადაყვანასთან დაკავშირებით დაიწერა: „ძვირფასო მწყემსთმთავარო! თქვენი მეუფების მოულოდნელი წასვლა, საქართველოს მრავალჭირნახულ ეკლესიის სამწყსოს მიტოვება და სხვა ადგილას სამოღვაწეოდ გადასვლა მწარე საგონებელში აგდებს საქართველოს ერს. მით უფრო სამწუხაროა ეს გარემოება, რომ თქვენი მწყემსთმთავრული მოღვაწეობა ჯერ კიდევ დიდად ესაჭიროებოდა საზოგადოებას და თქვენც, სულით და გულით მასთან დაკავშირებული, არ მოიწადინებდით მის მიტოვებას, რომ რომელსამე მძიმე საქმეს არ აეძულებინეთ...
ივერიის ეკლესია შეჩვეულია დროთა ბრუნვის ცვალებადობას. იგი დამშვენებულია მრავალ წარჩინებულ მღვდელმთავართა მოღვაწეობით, რომელთაც ჩვენი საქართველოსადმი მოწამეობრივი ღვაწლიც კი მიუძღვისთ. ისინი მუდმივ მზად იყვნენ ყველაფერი აეტანათ, ოღონდ კი წმინდად დარჩენილიყვნენ თავის რწმენასთან და საქვეყნო მოღვაწეობასთან. ეს იყო შორეულ წარსულში, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ეხლა არის საიშვიათო ამგვარი მოვლენა: ჯერ საზოგადოებას თქვენი წინამოადგილე მღვდელმთავრის ხვედრი არც კი გამოუგლოვია და ეხლა ასე მალე თქვენც იძულებული ბრძანდებით, დასტოვოთ სამშობლო ქვეყანა... მაგრამ, სადაც უნდა წაბრძანდეთ, თან წარიღებთ მრავალ თქვენ პატივისმცემელთა გრძნობას, და თან გაგჰყვებათ ის სიყვარული, რომლითაც თქვენდამი არის გამსჭვალული ქართველი საზოგადოება! იგი არ შესწყვეტს თქვენთან სულიერ კავშირს, რაც უნდა შორეული იყოს თქვენი ადგილ-სამყოფელი, - იგი მუდამ თქვენი იქნება, - მას მანძილი და მოშორება ვერ გაანელებს! სადაც უნდა შეგხვდეთ წასვლა, აზრი და მისწრაფება თქვენი მაინც ყოველთვის პატარა ივერიისკენ გამოინავარდებს და ეს იმედი, თქვენის წასვლით დაობლებულთ, ნუგეშის მომცემად მოგვევლინება...
ივერიის მფარველმა ღვთისმშობელმა გიწინამძღვროთ ყოველს საქმეში, ძვირფასო მწყემსთმთავარო, მოგცეთ მხნეობა და ძალა ჩვეულებრივის სიმედგრით მწყემსთმთავრობისა, გუნდმა, საქართველოს ეკლესიისათვის თავდადებულ მწყემსთმთავართა, მოგივლინოთ სულიერი სიძლიერე და გულწრფელმა გრძნობამ თქვენი მეუფების პატივისმცემელ შვილთა შეგიმსუბუქოსთ მძიმე ხვედრი, იმ წმინდა ჯვრის სასიქადულოდ და ღირსეულად სატარებლად, რომელიც თქვენს მეუფებას ცხოვრების მრწამსად და დიად მიზნად დაუსახავს.
1912 წლის ნოემბერი“.
წერილს თან ახლავს უამრავი ხელმოწერა, მათ შორის: აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, თედო ჟორდანიასი, დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის და სხვათა.
ჩრდილო კავკასიაში გადაყვანილი მეუფე დავითი დიდ ნუგეშად მოევლინა სამშობლოს მოწყვეტილ თანამემამულეებს, განსაკუთრებით კი ალაგირელ ქართველობას. 1912 წლის დეკემბრის თვეში იგი პირველად ეწვია ქ.ალაგირს. აი, რას წერდა ამის შესახებ გაზეთი „იმერეთი“ თავის ერთ-ერთ ნომერში: „ეს პირველი მაგალითია, რომ ალაგირს სწვევოდეს ქართველი მღვდელმთავარი. აქაური ქართველი საზოგადოება აღტაცებით დაუხვდა ძვირფას სტუმარს. როცა გაიგეს ეპისკოპოსი დავითი მობრძანდებაო, დარგ-კოხში მიაგებეს თავისი წარმომადგენლები. გარდა ამისა ალაგირიდან რამდენიმე ვერსის მანძილზე დაახვედრეს ცხენოსანთა რაზმი დროშით, რომელზედაც მისალმების ზეწარწერა იყო.
ყოვლადსამღვდელო დავითმა ქართული სკოლის დარბაზში ილოცა მწუხრი და ცისკარი ქართულ ენაზე. აქაური ქართველობა ქართულ წირვა-ლოცვას დანატრებულია. ეკლესიაში ქართულად მხოლოდ „უფალო შეგვიწყალეს“ თუ გაიგონებენ, თორემ სხვაფრივ მღვდელმოქმედება და წირვა-ლოცვა ყოველთვის სლავურ ენაზე სრულდება. რომ შეიტყვეს, საღამოს ლოცვა ქართულ ენაზე იქნებაო, იმდენი ხალხი მოზღვავდა, რომ სკოლის ფართო დარბაზში ტევა არ იყო და გარეთ იდგნენ მლოცველნი. ყოვლადსამღვდელო დავითმა მგრძნობიარე სიტყვა წარმოსთქვა, თვითინ გული აუჩუყდა და მსმენელთაგანაც მრავალი ააცრემლა. აქა-იქ ქვითინიც კი გაისმა. „ნივთიერი კეთილდღეობა თქვენ აღარ გაკავშირებთ თქვენს სამშობლოსთან - ბრძანა სხვათა შორის მღვდელმთავარმა - მაგრამ თქვენი მოვალეობაა აქ, ამ უცხო მხარეს უფრო გაუფრთხილდეთ ქართველის სახელს. ერიდეთ ადამიანის ღირსების დამამცირებელს ქცევას, რომ ამით სახელი არ გაუტეხოთ მთლად საქართველოს. თქვენის ყოფა-ქცევით არავის მისცეთ საბაბი ქართველობაზე ცუდი აზრი შეიდგინოსო“.
ყოვლადსამღვდელომ ადგილობრივ ეკლესიაშიც სწირა. წირვა შესრულებულ იქნა სამ ენაზე: რუსულ-ქართულ-ოსურად. წირვის შემდეგ ქართული სკოლის დარბაზში შეიკრიბა ქართველი საზოგადოება და ძვირფასი სტუმრის პატივსაცემად საზოგადო ნადიმი გაიმართა.
ყოვლადსამღვდელომ ადგილობრივი სკოლებიც დაათვალიერა და მოწაფეები გამოსცადა. ინახულა ქართველთა მოსახლეობა და გაეცნო მათს ნივთიერ მდგომარეობას. ხალხი აღტაცებული დარჩა ჩვენი თანამემამულე მღვდელმთავრის მობრძანებით“.
1913 წლის 6 მაისს მეუფე დავითი წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1914 წლის 14 თებერვალს კი ვინიცკის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.
1917 წლის 25 მარტს სვეტიცხოველის საპატრიარქო ტაძარში ჩატარებული წირვის შემდეგ აღსდგა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. რუსეთში გადასახლებულ ქართველ სასულიერთ პირებს საშუალება მიეცათ დაბრუნებოდნენ მშობლიურ ქვეყანას და ეკლესიას. მეუფე დავითი საქართველოში 1917 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამავე წლის 1 ოქტომბერს ურბნისის ეპარქიის მმართველად დაინიშნა.
ახლად დანიშნულ მღვდელმთავარს თითქმის ნულიდან მოუხდა ყველაფრის დაწყება. ეპარქიაში ჩასულ ეპისკოპოს დავითს გორში არც რეზიდენცია დახვდა და არც კანცელარიის დასაბინავებელი ადგილი. ამასთან დაკავშირებით, მან რამდენჯერმე მიმართა საქართველოს მენშევიკურ მთავრობას დახმარებისათვის. ერთ-ერთი ასეთი მიმართვა თბილისში 1919 წლის 8 თებერვალს გააგზავნა: „ურბნისის ეპისკოპოსს და მის კანცელარიას დღევანდლამდის არ მოეპოვება ბინა ქალაქ გორში. ეკლესიები ამ ეპარქიისა ვერ გაიღებენ ვერავითარ ხარჯს ამ საკითხისათვის და არც მოქალაქეთა შორის არის შესაძლებელი ამ თანხის მოგროვება. ამის გამო ურბნისის საეპარქიო საბჭომ 1919 წლის 5 თებერვალს გამოიტანა შემდეგი განჩინება. ეთხოვოს საკათოლიკოსო საბჭოს, რათა მან იშუამდგომლოს განათლების მინისტრის წინაშე, რომ გორში ყოფილი სასულიერო სასწავლებლის შენობაში, რომელიც შეადგენს ურბნისის ეპარქიის კუთვნილებას, გამგის ბინა ამ სასწავლებლისა დაეთმოს ეპისკოპოსს და მის კანცელარიას, წინააღმდეგ შემთხვევაში ხსენებული სასწავლებლის ხელმძღვანელობამ აძლიოს ურბნისის საეპარქიო საბჭოს ბინის დასაქირავებლად არა ნაკლებ 3.000 მანეთისა წელიწადში. გთხოვთ, ეს საქმე დაგვიჩქაროთ“.
1919 წელს მეუფე დავითი საკათოლიკოსო საბჭოს წევრად აირჩიეს. 1920 წლის ივლისში თავისი თხოვნით ურბნისის ეპარქიის მმართველობისაგან გათავისუფლდა. 1921 წლის 23 ნოემბერს ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდისის ეპარქიის მართვა-გამგეობა დაევალა, ხოლო 1922 წლის 29 აპრილიდან მხოლოდ ჭყონდიდელი ეპისკოპოსია. ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობის ჟამს ეპისკოპოსი დავითი ეპარქიის სამღვდელოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე დღით დააპატიმრა. 1924 წლის 9 მარტს საკათოლიკოსო საბჭომ იგი დროებით ალავერდის ეპარქიაში განამწესა.
1924 წლის 1 ნოემბერს მეუფე დავითი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს. თუ რა მძიმე მდგომარეობა დახვდა მას ეპარქიაში, კარგად ჩანს 1926 წლის 19 თებერვლით დათარიღებულ წერილში: „პატივისცემით მოვახსენებ საკათოლიკოსო საბჭოს, თუ რა მდგომარეობა იყო 1925 წელს იმერეთის ეპარქიაში. ვიტყვი მოკლედ, როგორი იყო საეკლესიო ცხოვრება ეპარქიაში - ვგოდებ და ვიგლოვ მე! ანარქია... ქაოსი... მოსალოდნელი იყო, რომ ეკლესიის გახსნის შემდეგ მორწმუნეებს მოენატრებოდათ ეკლესიაში სიარული და სამღვდელოებას მეტი პატივისცემით მოეპყრობოდენ. გარნა სინამდვილემ იმედები გაგვიცრუა. სამღვდელოება ერთხმად აცხადებს, ხალხი ეკლესიაში არ დაიარება და მღვდლის შენახვაზე არ ზრუნავსო. მეც თვითონ მოწმე ვარ იმისა, თუ როგორი გულგრილია ხალხი ღვთისმსახურებისადმი.
რადგან ხალხი ეკლესიაში იშვიათად და ნაკლებად დაიარება, საეკლესიო სანთელი არ იყიდება, ეკლესიაში შემოსავალმა იკლო. საეკლესით ნივთები არ მოიპოვება. ეკლესიები მეტად ღარიბულად არიან მოწყობილი. ეკლესიური მიმართულება ძალიან მისუსტებულია რაჭაში, ქვემო იმერეთში, ხონის, სამტრედიის, ჯიხაიშის რაიონებში. ლეჩხუმმა მოახდინა შედარებით კარგი შთაბეჭდილება. რადგანაც ბევრმა მღვდელმა მიატოვა საეკლესიო სამსახური, საჭირო შეიქმნა ახლების კურთხევა. ყველგან არ ხერხდება შეერთება სამრევლოებისა. მთაგორიანი სოფლები ერთმანეთს დაშორებულია და მოსახლეობა გაფანტული ცხოვრობს. როცა რომელიმე მღვდელს ვეტყოდი, მინდა ეკლესიები მოვინახულო-მეთქი, სიხარულს გამოხატავდნენ, მაგრამ როცა უკვე მოვემზადებოდი სამოგზაუროდ, სხვა საქმეს გამოიძებნიდა. მე მაინც მოვინახულე ლეჩხუმი, შორაპანის და არგვეთის ოლქის 11 ეკლესია. როგორც მთავარხუცესთა შემოტანილი სიებიდან ჩანს, 1925 წელს მოქმედი იყო: ქუთაისის ოლქში - 177, შორაპანის ოლქში - 130, რაჭაში - 18, ლეჩხუმში - 41, სვანეთში - 16. საეპარქიო მდგომარეობა მთელი წლის განმავლობაში ძალიან მოდუნებული იყო. მონასტრები გაუქმებულია, გარდა მათხოჯის დედათა მონასტრისა. აქ ეკლესია ჯერ არ გაუხსნიათ. ღვთისმსახურება სრულდება დიდ ოთახში. მონასტერში ძალიან ღარიბად ცხოვრობენ. მღვიმევის მონასტრის ტაძარი გახსნილია, როგორც სამრევლო ეკლესია. მოწამეთის ეკლესიის დაბრუნება უმაღლესი მთავრობის მიერ ნებადართულია, მხოლოდ ჯერ სისრულეში არაა მოყვანილი. შიშობენ, მონასტერი არ იქნეს აღდგენილიო. მე მივეცი წერილი, რომ სასულიერო მთავრობა არ შეეცდება მონასტრის აღდგენას. გელათის შესახებ ამბობენ: შეიძლება დაგვიბრუნონ წმინდა გიორგის ტაძარი, როგორც სამრევლოს ეკლესია. ესეც კარგი იქნება. მღვდელმონაზვნები მსახურობენ სოფლებში, როგორც მღვდლები. მიტროპოლიტის ბინაში და საეპარქიო კანცელარიის სახლში მოთავსებულია ბავშთა თავშესაფარი. არც საეპარქიო სანთლის ქარხანაა და არც საწყობი. ეკლესიები ყიდულობენ სანთელს კერძო პირთაგან. ნებადართულია, საეპარქიო კანცელარიის არქივი 5 წლის საქმეები და საეკლესიო წიგნები წავიღოთ უკან. კომისიას მღვდელთაგან დავავალე ამ საქმის შესრულება“.
მეუფე დავითი 1926 წლის 9 ნოემბერს საკათოლიკოსო საბჭოს დადგენილებით აწყურის ეპარქიაში დაინიშნა და დროებით დაევალა ურბნისის ეპარქიის მართვა-გამგეობა. 1926 წლის 24 დეკემბერს ქუთაისში მომხდარმა საეკლესიო კრებამ იგი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად დატოვა და მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა. 1927 წლის 21-27 ივნისს ჩატარებულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის IV კრებაზე მიტროპოლიტი დავითი გამოცხადდა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ. 1930 წლის 8 ივლისს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში დაინიშნა. 1932 წლის 13 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) სკუფიაზე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
1934 წელს ხელისუფლებამ დახურა ბათუმ-შემოქმედის ეპარქია და მისი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი დავითი აიძულა ეპარქია დაეტოვებინა. იგი საცხოვრებლად გადავიდა ქუთაისში, სადაც ცხოვრების უკანასკნელი დღეები გაატარა. 1935 წლის 19 მარტს ქუთაისში მყოფი მეუფე დავითი მცირე ხნის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მეუფის ცხედარი, 23 მარტს ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის სამხრეთ კარიბჭესთან დიდი პატივით დაასაფლავეს.
მეუფე დავითი სისტემატიურად თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ჟურნალებსა და გაზეთებში. გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის ქადაგებათა I ტომი. გამოსაცემად მზადაა და 2010 წლის იანვარში გამოიცემა მისი ქადაგებანის II ტომიც.
ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე ზაქარია ჭიჭინაძე მიტროპოლიტ დავითის შესახებ წერდა: „ეპისკოპოსი დავითი სადაც კი სწავლობდა, ყველგან სამაგალითო მოწაფე გახლდათ, სათნო თვისების, დინჯი ხასიათის, სამაგალითოდ კაცთმოყვარე, ამასთანავე სწორი და მართალი ყველა ამხანაგის წინაშე. სიმართლე და ჭეშმარიტება მის გულსა და სულს ალმასივით ეწყობოდა, იგი ერთი სამაგალითო მისაბაძი გახლდათ. დავითს პატარაობის დროსვე ეტყობოდა დიდი მამულიშვილობა, ეს საოცრება იყო იმ დროის კოსმოპოლიტიკურ ხანაში, ვინაიდან მაშინ ქართველთ მამულიშვილთბა უმეცრად მრავალთაგან ადვილად უარყოფილი გახლდა, იმ დროის სემინარიის მოწაფეთაგან“.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 34-35, 2009 წ.