წმ. დავით მეფის ფსალმუნთა კითხვის მნიშვნელობის შესახებ
წმინდა ფსალმუნების შესახებ საკმარისია ითქვას, რომ ქრისტიანულ ეკლესიაში არ არის არც ერთი ღვთისმსახურება, რომლის დროსაც ფსალმუნი არ გამოიყენება. თვით ჩვენი უფალი საიდუმლო სერობის შემდეგ ღვთისადმი დიდებასა და მადლობას გამოხატავდა ფსალმუნთა გალობით. ცხოვრების ყველა შემთხვევის, გლოვისა და მწუხარების, თუ სიხარულისა და მხიარულების დროს ფსალმუნებით ქრისტიანს შეუძლია გამოხატოს საკუთარი აზრები და გრძნობები ღვთისადმი. ცნობილია, რომ ფსალმუნები ძველად სასწავლო წიგნი იყო. მისი დახმარებით სწავლობდნენ ჩვენი მამები და ბაბუები წერა-კითხვას, ღვთის სიტყვა ყრმობიდანვე ავსებდა მათ გულებს და იცავდა მათ ბევრი უბედურებისაგან. ჩვენმა მამებმა ბავშვობიდანვე იცოდნენ წერილები , რომლებიც განაბრძნობდა მათ იესო ქრისტეს რწმენაში (2 ტიმ. 3,15). დღეს ყველა ჩივის, რომ ჩვენი ყმაწვილები გატაცებული არიან გარყვნილი ადამიანებით. ყველა ტირის ამ ჭეშმარიტად სამწუხარო მოვლენას. რომელი მშობელი არ თრთოდა და არ თრთის თავისი შვილების ბედზე? მაგრამ რითი ვზრდით ჩვენს შვილებს? მსუბუქი შინაარსის სიმღერებით, იგავებითა და მოთხრობებით და აი, ადვილად იხრებიან ისინი სიმართლისა და კანონიერებისაგან უკანონობისა და სიცრუის გზისკენ. ამით ჩვენ ნელ-ნელა ვაქრობთ ბავშვებში სულიწმიდის მადლს, ჩამოვწმენდთ ცხებულებას წმიდის მიერ, რომელიც წმ. მოციქულის მიხედვით „... გასწავლით ყველაფერს, და ის არის ჭეშმარიტი და უტყუარი..." (1 იოან. 2,20-27). რა ნიადაგზეც დგას ხე, იმის შესაბამის ნაყოფს იძლევა. არ მოხდებოდა ეს ყველაფერი, ჩვენ რომ ბავშვობიდანვე ღვთის სიტყვას ვნერგავდეთ და ვზრდიდეთ მათ გულებში; ვაყვარებდეთ და ვასწავლიდეთ ღვთაებრივ ფსალმუნებს, გალობას.
„ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა, და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა" (ფს. 1,1). რომელი მამა არ ისურვებს, რომ მისი შვილები უმანკოები იყვნენ. დაე, იკითხოს მათთან ერთად ღვთის სიტყვა და იგალობოს ფსალმუნები.
რომელ აღმზრდელს არ სურს დაიცვას აღსაზრდელები ტკბობისმოყვარეობისაგან? ამისათვის, კვირას და სადღესასწაულო დღეებში თავის აღსაზრდელებს უნდა უკითხოს არა მოთხრობები, არამედ წმიდა ფსალმუნები. იქ ის იპოვის განმკურნებელს: „და არა ხუებულ იქმნნეს გულის-თქუმის მათისაგან; იყოღა საჭმელი პირსა მათსა და რისხვაი ღმრთისაი ახდა მათზედა, და მოსწყვიდნა მრავალნი მათგანნი და რჩეულნი ისრაელისანი დაამხუნა" (ფს. 77, 30-31).
თუ აღმზრდელს სურს აღსაზრდელების გადაჩვევა მზაკვრობისა და სიცრუისაგან, განამტკიცოს მათ გულებში მეფსალმუნის შემდეგი სიტყვები: „რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უსჯულოებაი; არა დაიმკვიდროს შენ თანა უკეთურმა. არცა დადგენ უსჯულონი წინაშე თვალთა შენთა; მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუვესა; კაცი მოსისხლე და მზაკუარი სძაგს უფალსა" (ფს. 5, 4-6).
როგორი საცდურიც არ უნდა ხიბლავდეს ყმაწვილს, ფსალმუნში ის იპოვის მისი დამარცხების საშუალებებს. ფსალმუნი განამტკიცებს მას ყოველგვარ სიბრძნესა და სათნოებაში. ის იქნება ლამპარი მის ფეხებთან, რომელიც განაბნევს მის გარშემო არსებული ურწმუნოებისა და მანკიერების წყვდიადს; ასწავლის მას ღმერთზე იმედის დამყარებას და სიმშვიდის ძიებას მასში; ასწავლის ლოცვას და მისი ლოცვა იქნება უფლისათვის სათნო, როგორც კეთილსურნელოვანი საკმეველი. ფსალმუნის კითხვის ან გალობის დროს ქრისტიანი აღივსება მასში არსებული მადლმოსილი სულით.
24-10-2012