ფსალმუნთა კითხვა დიდი შვებაა, განსაკუთრებით – მიცვალებულთა სულებისათვის

გიორგი მთაწმინდელის ნათარგმნ დავითნს განსაკუთრებული ზემოქმედების ძალა აქვს

ფსალმუნების, დავითნის კითხვა ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის დიდი მადლია. ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა, იოანე ოქროპირი ამბობს: „უმჯობესია მზემ დაკარგოს თავისი ბრწყინვალება, ვიდრე ის, რომ ფსალმუნების კითხვას თავი დავანებოთ“. კესარია-კაპადუკიის მთავარეპისკოპოსი, წმინდა მღვდელმთავარი ვასილი დიდი კი 379 წელს წერდა: „არც ერთი სხვა წიგნი ისე არ ადიდებს ღმერთს, როგორც წიგნი ფსალმუნთა, რომელიც ძლიერ სასარგებლოა სულისათვის და განმწმენდელია გონებისა. იგი აერთებს კაცს ზეციერ ძალებთან ღვთის სადიდებლად, ანგელოზებრივი ხმით ღაღადებს მშვენიერად, საშინელი ძალით წყევლის ეშმაკებს და შეაძრწუნებს მათ მზაკვრობას“.

დღეს თითქმის ყველა მორწმუნე დავითნს კითხულობს. ზოგიერთი მათგანი კი სპეციალურ ყელსაბამებსა და სამაჯურებს ყიდულობს, რომლებშიც ფსალმუნებია მოთავსებული. საქართველოს საპატრიარქო მოგვიწოდებს, ეკლესიის გარეთ ისინი არ შევიძინოთ. „ახალი ვერსია“ ესაუბრა საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, ზურაბ ცხოვრებაძეს.

– ბატონო ზურაბ, პირველ რიგში, გთხოვთ გვიამბოთ ფსალმუნთა შექმნის ისტორია.

– საერთოდ, ფსალმუნი სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი იყო, რომლის აკომპანიმენტით საეკლესიო ჰიმნები იგალობებოდა. ამ ლოცვებს სწორედ მისი სახელი ეწოდა. სხვათა შორის, დავით მეფე ამ მუსიკალურ ინსტრუმენტთან ერთად ხშირადაა გამოხატული ხატებსა და ფრესკებზე. ფსალმუნები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლოცვებია, რომლის კითხვასაც ეკლესია თავის მრევლს ურჩევს. იგი ისრაელის მეფე დავითმა შექმნა. დავით მეფე ძველი აღთქმის წმინდანი, წინასწარმეტყველია. ფსალმუნების დაწერის ისტორია დავით მეფის ცხოვრებას უკავშირდება. ის არა მარტო გამორჩეული მეფე, გამორჩეული სარწმუნოების მქონე ადამიანი გახლდათ. მისი საერო საქმიანობაში წარმატებები სარწმუნოებასთან მჭიდრო კავშირში იყო. მიუხედავად ამისა, დავით მეფემ მაინც დაუშვა შეცდომები, მძიმე ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ სასოწარკვეთაში არ ჩავარდნილა და უფლის შეწევნით, დიდ სინანულში იყო. ფსალმუნები (საგალობლები) დავით მეფის სინანულის შედეგია და მან ის საეკლესიო ჰიმნების სახით გამოხატა.

– რამდენად მიღებული და კანონიკური იყო დავითის ფსალმუნები ახალი აღთქმის ეკლესიაში?

– პირველივე საუკუნეებში წირვა-ლოცვებზე ძირითადად, ფსალმუნები იკითხებოდა. იმ ქვეყანაში, სადაც ქრისტიანობა შედიოდა, პირველ რიგში, დავითნი ითარგმნებოდა. შემთხვევითი არ არის, რომ როდესაც შუშანიკ დედოფალი დაატუსაღეს, ერთ-ერთი წიგნი, რომელიც მან თან წაიღო, ფსალმუნები იყო. როგორც ჩანს, საქართველოში ის მაშინაც კი ნათარგმნი გახლდათ. მეფე დავითის გალობებში არა მარტო სინანული ჩანს, არამედ ბევრი რამაა ნაწინასწარმეტყველები. სწორედ ამიტომ, დავით მეფეს წინასწარმეტყველი ეწოდება. მან თავის ფსალმუნებში მაცხოვრის ჯვარცმა, უფლის კვართის წილისყრით განაწილება და კიდევ ბევრი რამ იწინასწარმეტყველა.

– როდის შეიძლება ფსალმუნების კითხვა?

– ფსალმუნების კითხვა ყოველთვის შეიძლება, თუმცა განსაკუთრებით მარხვაში იკითხება, რადგან სინანულის გამომწვევია. იგი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლოცვაა და ადამიანს სიმშვიდეს ანიჭებს. ზოგჯერ ფსალმუნის მკითხველთა ჯგუფები იქმნება. დავითნი 150 ფსალმუნისგან შედგება, რომელიც 20 კანონშია გაერთიანებული. ფსალმუნები იკითხება როგორც ცოცხლების, ასევე, გარდაცვალებულთათვისაც. მათი კითხვა გარდაცვლილი ადამიანის სულს დიდ შვებას აძლევს.

აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაახლოებით 12 წლის წინ მრევლს კურთხევა მისცა, შეძლებისდაგვარად „შვიდგზის ლოცვები“ იკითხოს, სადაც თითოეული ლოცვა მცირე მოცულობისაა და მის წაკითხვას ადამიანი დაახლოებით 2-3 წუთს ანდომებს. ამ ლოცვებში ძირითადად სხვადასხვა ფსალმუნებია. ამის გარდა, მათში „მამაო ჩვენო“ და სხვადასხვა წმინდანთა ტროპარები (სპეციალური ლოცვები) შედის. „შვიდგზის ლოცვებს“ ჩვენმა პატრიარქმა „სამოთხის გასაღები“ უწოდა.

– შეიძლება თუ არა, თანამედროვე ქართულ ენაზე დაბეჭდილი ფსალმუნები ვიკითხოთ?

– დავითნი ძველ ქართულ ენაზე წმ. გიორგი მთაწმინდელმა თარგმნა. მას განსაკუთრებული ზემოქმედების ძალა აქვს და მართლაც, საოცარი ღვთივსულიერი თარგმანია. ამის გარდა, თანამედროვე ქართულ ენაზე ნათარგმნი ფსალმუნებიც არსებობს და ზოგიერთი მორწმუნე მას მხოლოდ იმ მოტივით კითხულობს, რომ შინაარსი უკეთ გაიგოს. რაღა თქმა უნდა, ძველ ქართულ ენაზე ნათარგმნი დავითნის კითხვა უკეთესია. ეკლესიური ადამიანი ზოგჯერ თანამედროვე ქართულზე იწყებს ფსალმუნების კითხვას და როცა მათ შინაარსში კარგად გაერკვევა, უკვე ადრინდელი, მთაწმინდელის ნათარგმნი დავითნით განაგრძობს ლოცვას. შეიძლება ძველ ქართულ ენაზე თარგმნილი ფსალმუნი ვერ გავიგოთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საოცარ მადლს ვიგრძნობთ. რა თქმა უნდა, მორწმუნე ყოველთვის უნდა ეცადოს გაიგოს, რა იგულისხმება ლოცვისა და სახარების ტექსტში, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, მათი წაკითხვისას მასზე მადლი მაინც გადმოვა.

– დღეს ერთგვარად მოდაში შემოვიდა ფსალმუნიანი ყელსაბამებისა და სამაჯურების გამოყენება. გთხოვთ განგვიმარტოთ, რომელი ფსალმუნია მათში მოთავსებული და რამნდენად მიზანშეწონილია ამ მიზნით მათი გამოყენება?

– ფსალმუნებს ისეთი დიდი ძალა აქვთ, რომ მათი ტარებაც კი ადამიანებს განსაცდელებისგან იცავს, ისევე, როგორც ჯვარი და ხატი. ამ მხრივ 50-ე და 90-ე ფსალმუნებია გამორჩეული. ეკლესია ყველაზე ხშირად სწორედ მათ მიმართავს, თუმცა დავითნში შესული ყველა ლოცვა მნიშვნელოვანია. ფსალმუნებიანი ყელსაბამებისა და სამაჯურების ტარება ეკლესიის მხრიდან დაშვებულია, მაგრამ მინდა მორწმუნეები გავაფრთხილო, მსგავსი ყელსაბამები და სამაჯურები ეკლესიის გარეთ არ შეიძინონ, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა ტყავის ან ნაჭრის ბუდეებში ფსალმუნების მაგივრად მაგიური შელოცვები იყო ჩაკერებული. ამას ის ადამიანები აკეთებენ, რომლებიც ეკლესიასა და ღმერთს აშკარად მტრობენ. ამიტომ გთხოვთ, ფსალმუნიანი ყელსაბამები და სამაჯურები მხოლოდ ეკლესიებში ან მათთან არსებულ მაღაზიებში შეიძინოთ.

– ცნობილია, რომ თითოეულ ფსალმუნს სხვადასხვა შეწევნითი დანიშნულება აქვს. მაგალითად, მე-16 ფსალმუნი მგზავრობის დროს იკითხება, 35-ე – ბოროტისგან დასაცავად და ა. შ. საინტერესოა, ასეთი შესაბამისობანი ვინ დაადგინა?

– ეკლესიაში გარკვეული ტრადიცია არსებობს, როცა ამა თუ იმ ფსალმუნს კონკრეტულ თხოვნასთან დაკავშირებით კითხულობენ. ყოველ ფსალმუნს თავისი შინაარსი აქვს, რომელიც რაღაც გარკვეულ მოვლენას, შემთხვევას მიესადაგება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ამის ტყვეობაში არ უნდა აღმოვჩნდეთ. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამა თუ იმ პრობლემას, თხოვნას მხოლოდ გარკვეული ფსალმუნი შეეწევა და სხვა არაფერი. ნებისმიერი ფსალმუნი საღვთო საქმეში შეწევნაა, ამიტომ, ერთი მხრივ, კარგია, როდესაც ვიცით, რომელიმე შემთხვევაში რა ფსალმუნი უნდა წავიკითხოთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ამის გავლენის ქვეშ ზედმეტად არ უნდა მოვექცეთ. იგივე შემთხვევაა, როდესაც წმინდანებს მიმართავენ და ფიქრობენ, რომ ესა თუ ის წმინდანი მხოლოდ კონკრეტულ საქმეში შეეწევათ. ეს არავითარ შემთქვევაში არ ნიშნავს, რომ სხვა წმინდანი იგივე საქმეში მადლს არ მოიღებს.

მაგალითად, წმინდა პანტელეიმონს ყველაზე ხშირად ავადმყოფობების დროს ევედრებიან, რადგან იგი ამქვეყნიურ ცხოვრებაში მკურნალი ექიმი გახლდათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ წმინდანს სხვა სათხოვარით არ უნდა მივმართოთ. მით უმეტეს, წმინდანის ტროპარში არა ფიზიკურ, არამედ სულიერ კურნებაზეა საუბარი. ღმერთმა შემინდოს, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ქვეცნობიერად უჩნდება აზრი, რომ ფსალმუნებსა და წმინდანებში რაღაც სპეციალიზაცია არსებობს, ანუ ისინი რაღაც კონკრეტული საქმისთვის შეიძლება გამოიყენონ. ეს არასწორი დამოკიდებულებაა. ნებისმიერი წმინდანი, ნებისმიერ ღვთისთვის სათნო საქმეში დაგვეხმარება – ომის ან მშვიდობის, ავადმყოფობის, სულიერი განსაცდელის დროს, თუკი ჩვენი თხოვნა ღვთისთვის სასურველი იქნება და გულმოდგინედ ვილოცებთ, რა თქმა უნდა, მოძღვრის კურთხევით.

საავტორო ბლოგი „ანარეკლი"
ავტორი: ლაშა გაბუნია
04.03.2002