არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
ფსალმუნთა განმარტება
ორმოცდამეთხუთმეტე ფსალმუნი მაშინ დაწერა დავით მეფსალმუნემ, როდესაც საულისგან დევნილი განეშორა თავის ქვეყანას და თავს აფარებდა გეთის ქვეყანაში. დავითი იქ შეიწყალეს და ქალაქიც კი მისცეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან განიცდიდა, რომ თავის ქვეყანას იყო მოშორებული. ასევე ფსალმუნში ნაწინასწარმეტყველებია მაცხოვრის განკაცებისა და მეორედ მოსვლის შესახებ.
1. "მიწყალე მე, ღმერთო, რამეთუ დამთრგუნა მე კაცმან, მარადღე ბრძოლითა მაჭირვა მე" - როგორც ვთქვით, დავითმა ეს ფსალმუნი იმ დროს დაწერა, როდესაც იდევნებოდა საულის მიერ. ფსალმუნის ამ მუხლში იგი ევედრება უფალს - უფალო, შემიწყალე მე, რამეთუ კაცმან (ანუ საულმა) დამთრგუნა მე, რომელიც ყოველდღიურად მებრძოდაო. "კაცში" ასევე შეიძლება ვიგულისხმოთ დაცემული ანგელოზი, რომელიც ყოველდღიურად ებრძვის ადამიანს და ყოველდღიურად ცდილობს, აჭირვოს და დათრგუნოს ადამიანი.
2. "დამთრგუნეს მე მტერთა ჩემთა მარადღე, რამეთუ მრავალ არიან, რომელნი მბრძვანან მე მაღლით. დღისი არა მეშინოდის მე, რამეთუ მე შენ გესავ" - ჩვენი უმთავრესი მტერი დაცემული ანგელოზია. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ადამიანები არიან ჩვენი მტრები, ეს ასე არ არის, რადგან ბოროტი სწორედ იმ ადამიანებს იყენებს ჩვენს წინააღმდეგ, რომლებსაც სუსტი ნებისყოფა აქვთ და წინ ვერ აღუდგებიან ეშმაკის მანქანებას. ეს ადამიანები მხოლოდ იარაღნი არიან ბოროტის ხელში, ხოლო თავიდათავი მათი ბოროტებისა არის მხოლოდ და მხოლოდ ეშმაკი, დემონი. სწორედ ამის შესახებ გვაუწყებს დავით წინასწარმეტყველი, როდესაც ბრძანებს - ისინი ბრძვანან მე, რომელნი მრავალ არიანო. დაცემული ანგელოზები ყოველდღიურად, ყოველწამიერად იბრძვიან ჩვენს წინააღმდეგ. "დღისი არა მეშინოდის მე, რამეთუ მე შენ გესავ" - თუკი ადამიანს უფლის იმედი, სასოება აქვს, მის გულში უფლის ნათელია დამკვიდრებული, საღვთო ნათელში ცხოვრობს. აქ სწორედ საღმთო დღეზე, საღმრთო ნათელზეა საუბარი და არა ფიზიკურ დღეზე. როდესაც ადამიანი უფალს განეშორება და ღვთის სასოება არ აქვს, ბნელშია დამკვიდრებული და ასეთ ადამიანს უკვე ყველაფრის შიში აქვს. ხოლო ვინც ღვთის ნათელშია - ვისაც ღვთის სასოება აქვს, არაფრის შიში არ აქვს, გარდა ღვთის სიყვარულის დაკარგვისა.
3. "ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩემნი; ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაი მიყოს მე ხორციელმან?" - ღვთის წინაშე ვამბობ ჩემს სიტყვასო, ბრძანებს დავითი - ჩვენს ქმედებას, ჩვენს საქმეებს თუ ღვთის წინაშე დავაყენებთ, ანუ თუ ღვთისთვის სათნო იქნება ჩვენი საქმეები, მაშინ არავისი აღარ უნდა შეგვეშინდეს. რამეთუ ასეთ დროს, როგორც დავითი ამბობს: რაი მიყოს მე ხორციელმან? - მიწაზე ვინ რა უნდა დაგვაკლოს, თუ ღვთის წინაშე მართალი ვიქნებით? ხოლო თუ ადამიანი ღვთის წინაშე არ არის მართალი, მაშინ თავისთავად დაკლებული აქვს მთავარი - ღვთის სიყვარული. არა იმის გამო, რომ მას უფალმა მოაკლო სიყვარული, არამედ თავად მოაკლო ასეთმა კაცმა საკუთარ თავს ღვთის სიყვარული და უკვე შიშითა და ძრწოლით ცხოვრობს.
4. "მარადღე სიტყუანი ჩემნი მოიძაგნეს, ჩემთვის იყვნეს ყოველნი ზრახვანი მათნი ბოროტებით" - ამ სიტყვებს ძე ღვთისა ბრძანებს - ჩემი სიტყვა მოიძაგესო, ანუ ის სიტვა მოიძაგეს, რომელსაც დავით წინასწარმეტყველი ბრძანებდა, ეს სიტყვა იყო სიტყვა ღვთისა. ვიცით, რომ სიტყვა არის განკაცებული ღმერთი - სიტყვა მოიძაგეს, ნიშნავს ძე ღვთისა მოიძაგეს ადამიანებმა და "ყოველდღიურად ბოროტებით იყო ჩემს მიმართ მათი განზრახვაო". ამ სიტყვებს ძე ღვთისა ბრძანებს დავითის პირით. ჩვენ ვიცი, რომ იუდეველები ყოველდღიურად ბოროტს განიზრახვიდნენ განკაცებული ღმერთის მიმართ, ყოველდღიურად იმის მცდელობაში იყვნენ, რა ემუხთლათ და ცუდი როგორ ექმნათ მაცხოვრისათვის.
5. "მწირ იქმნენ და დაეფარნენ, რამეთუ იგინი ბრჭყალსა ჩემსა უმ-ზირდეს, ვითარცა უმზირდეს სულსა ჩემსა" - ფსალმუნის ამ მუხლშიც ნაწინასწარმეტყველებია იუდეველთა საქმეები, რომელთაც კვლავ უფალი გვაუწყებს დავითის პირით - ხშირად იკრიბებოდნენ და უმზერდნენ ჩემს საქმეებს, ცდილობდნენ მათი გაგებით რაიმე ბოროტება აღმოეჩინათ და ამით ბრალი დაედოთ ჩემთვისო. "უმზირდნენ სულსა ჩემსა" - ანუ ჩემს სიკვდილს, ჩემი სულის ხორციდან გაყვანას განიზრახვიდნენო. იუდეველები ხომ როგორც კაცს, ისე უყურებდნენ მაცხოვარს და არა როგორც ღმერთს.
6. "ამისთვის არარაითა დასცნე იგინი და რისხვით ერნი მოსრნე" - აქ უკვე იუდეველთა ღვთის წინაშე ჩადენილი ქმედებების მათზე მოწევნული შედეგია ნაწინასწარმეტყველები, თუ რა სასჯელი მოეწიათ მათ ამ მზაკვრობისათვის, იმისათვის, რომ ძე კაცისა აცვეს ჯვარს: "რისხვით ერნი მოისრეს" - ვიცით, რომ მაცხოვრის ჯვარცმიდან რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც რომაელების წინააღმდეგ აჯანყებული ებრაელები იერუსალიმს აფარებდნენ თავს, ორ მილიონზე მეტი ებრაელი იქნა მოწყვეტილი, ზოგი შიმშილით, ზოგი კი რომაელების ხელით. ეს იყო სასჯელი ისრაელის ერზე იმისათვის, რომ არ მიიღეს უფალი, ჯვარს აცვეს იგი და იმისათვის, რაც მათ თვითონ დაიდეს საკუთარ თავზე, როდესაც წარმოთქვეს: სისხლი მაგისა ჩვენ ზედა და შვილთა ჩვენთა ზედა იყოსო.
7-8. "ღმერთო, ცხორებაი ჩემი შენ გითხარ, დასხენ ცრემლნი ჩემნი შენ წინაშე, ვითარცა აღმითქუ მე; მიიქციენ მტერნი ჩემნი მართლუკუნ, რომელსა დღესა გხადოდი შენ; აჰა, ესერა მიცნობიეს მე, რამეთუ ღმერთი ჩემი ხარი შენ" - ეს არის უკვე კაცის - დავით წინასწარმეტყველის სიტყვები. ამ სიტყვების წარმოთქმით თითოეული ჩვენგანიც მივმართავთ უფალს - ჩემი ცხოვრება შენ მოგანდო, უფალო, შენ გითხრა, შენს წინაშე დავანთხიო ჩემი ცრემლი და ვაღიარო ჩემი ცოდვები. თუკი ასე მოვიქცევი, სინანულში ვიქნები, თავმდაბლობას გამოვიჩენ, ცრემლს დავანთხევ ჩემი ცოდვების გამო, ჩემი მტერი, ვინც მე მმტრობს, უკუმიიქცევა, მომცილდება, განმეშორება. ეს მაშინ მოხდება, რომელ დღესაც, რა დროსაც შენ შეგღაღადებ, შენს წინაშე ვილოცებო. "აჰა, ესერა მიცნობიეს, რამეთუ ღმერთი ჩემი ხარი შენ" - ამ სიტყვებით დავითი წინასწარმეტყველურად გვაუწყებს განკაცებულ მაცხოვარზე. ვიცი, შევიცანი, როდესაც მხსნელი მოვა, ის იქნება არა უბრალო კაცი, ვინც უბრალოდ იხსნის ისრაელს ცოდვებისგან, არამედ განკაცებული ღმერთი. ეს იქნები შენ, უფალო, განკაცებული, რომელიც არა მარტო ისრაელს, მთელ კაცობრიობას, თითოეულ ადამიანს იხსნი ბოროტებისა და ცოდვებისგანო.
9. "ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩემნი და უფლისა მიმართ ვაქნე თქმულნი ჩემნი. ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაი მიყოს მე კაცმან?" - ღვთის და უფლის, მამისა და ძის წინაშე ვთქვა ჩემი სიტყვა და ვაღიარო ჩემი სათქმელი - ჩემს გულში არავითარი ზაკვა არ იყო. თუკი ზაკვით ვამბობთ რაიმეს, ღვთის წინაშე დაფარული არაფერი არ არის. ე.ი. დავითი ამ სიტყვების წარმოთქმით უფალს მიმართავს: იმდენად წრფელი ვარ, უფალო, შენს წინაშე, იმდენად მაქვს შენი რწმენა, იმდენად მსურს შენი შეწევნა, განვაქიქებ ჩემს ყველა სიტყვას, აზრს და გამოიძიე, რომ მასში ცუდი არაფერია. ფსალმუნის ამ მუხლის მომდევნო სიტყვებით დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: ღმერთის იმედი მაქვს და არ მაქვს იმის შიში, რომ კაცი რაიმეს დამაკლებს. არათუ კაცი, იმის შიშიც კი არ მაქვს, რომ თვით დაცემული ანგელოზები რაიმეს დამაკლებენ, რადგან შენ გსასოებ, შენი იმედი მაქვს, უფალო.
10. "შეიწირე აღნათქუამი ჩემი, ღმერთო, რომელ მოგეც შენ ქებაი" - ჩემი შესაწირავი შეიწირე, უფალო - არა ხორციელი მსხვერპლი, არამედ სიტყვიერი, გონებისმიერი, ქების მსხვერპლი, რომელსაც შენ მიმართ აღვავლენ.
11. "რამეთუ იხსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი - ცრემლთაგან და ფერხნი ჩემნი - ბრკოლისგან; სათნო-ვეყო მე წინაშე უფლისა ნათელსა შინა ცხოველსა" - დავით მეფე-წინასაწრმეტყველი წინასწარმეტყველურად წარმოთქვამს: უფალო, ჩემს სულს სიკვდილისგან იხსნი, ჩემს თვალს - ცრემლისგან, ჩემს ფეხს - დაბრკოლებისგან, ანუ ცოდვისგან - აღარ იქნება ის ამაოება და გასაჭირი, რაც ადამიანს ხორციელად აქვს მიწაზე. ეს მაშინ მოხდება, როდესაც უფალი ცხადად დაიმკვიდრებს ადამიანებს შორის და როდესაც სამარადისო ცხოვრება დამკვიდრდება, ანუ მეორედ მოსვლის შემდეგ ყოველგვარი განსაცდელი განგვეშორება და იქნება სამარადისო ნეტარება და სამარადისო ღვთის დიდება. ეს იქნება მათთვის, ვინ ისე აღასრულებს ღვთის მცნებებს, როგორც სულიწმინდა გვაუწყებს წმინდა წერილისა და წმინდა მამათა სწავლებებით.