არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
ფსალმუნთა განმარტება
1. "თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. განიყუნეს და შეიგინეს უსჯულოებითა; არვინ არს, რომელმანცა ქმნა კეთილი" - ფსალმუნის ამ მუხლში უფალი დავით წინასწარმეტყველის პირით აღგვიწერს ძველი აღთქმის კაცობრიობის მდგომარეობას. უგუნურად მოხსენიებულია ძველი აღთქმის კაცობრიობა, იმის გამო, რომ ჭეშმარიტ ღმერთს არ სცემდნენ თაყვანს, არ აღიარებდნენ. როგორც ფსალმუნი გვეუბნება - იმასაც კი ამბობდნენ, არ არის ღმერთიო. მათი უსჯულოება, არა მხოლოდ სულიერი, ხორციელი უსჯულოებაც, უმაღლეს დონეზე იყო ასული და "არავინ იყო ისეთი, რომელმანცა ქმნა კეთილი". აქ შეიძლება ვიგულისხმო არა მხოლოდ ის, რომ თავად ადამიანები მიწიერ სიკეთეს არ იქმოდნენ, არამედ აღარავინ იყო ისეთი, ვინც სულიერ სიკეთეს, იმ სიკეთეს იზამდა, რაც შემდეგ უფალმა თავისი განკაცებით ქმნა. ამ სიკეთის - ადამიანთა სულების გამოხსნის ქმნა არავის შეეძლო, გარდა უფლისა. ვერავინ იზამდა იმ სიკეთეს, რაც უფალმა ქმნა.
2. "ღმერთმან ზეცით მოხედნა ძეთა კაცთასა ხილვად, არს თუ ვინმე გულისხმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისაი" - ასეთ მდგომარეობაში მოხედა ღმერთმა კაცობრიობასო, - წინასწარმეტყველურად ბრძანებს დავითი. უფალი ცოდვილთათვის მოკვდა, ძნელად თუ ვინმე მოკვდეს მართალთათვისო, - გვაუწყებს წმინდა წერილი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ცოდვით დაცემულნი იყვნენ, ცოდვაში იმყოფებოდნენ, უფალმა არ დაუტევა კაცობრიობა - მოვიდა, განკაცნა და გამოიხსნა ადამიანები; ფსალმუნის ამ მუხლის მომდევნო სიტყვებით დავითი შემდეგს ბრძანებს: თუ ვინმე არის გულისხმისმყოფელი, ნახეთ, რა სიკეთე ქმნა უფალმა კაცობრიობისთვის, ამგვარ მდგომარეობაში მყოფი კაცობრიობისთვის მოვიდა და იხსნა. თავისი მაგინებლები და შეურაცხმყოფელნი გამოიხსნა საუკუნო წარწყმედისგან.
3. "ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უხმარ იქმნნეს, არავინ არს, რომელმანცა ქმნა კეთილი, არავინ არს მიერთადმდე" - ფსალმუნის ამ მუხლშიც მაცხოვრის მოსვლამდელი ადამიანების სულიერ მდგომარეობაზეა საუბარი - ყველანი ღვთისგან იყვნენ მიქცეულნი, მიბრუნებულნი. არავინ იყო ისეთი, ვინც საღმრთო სიკეთეს იქმოდა, არავინ და არაფერი იყო დედამიწაზე ისეთი, ადამიანებს რომ გამოიხსნიდა საუკუნო წარწყმედისგანო. დავით წინასწარმეტყველი კვლავ იმეორებს ფსალმუნის მეორე მუხლში ნათქვამს. "არავინ არს მიერთამდე", ანუ მაცხოვრის მოსვლამდე არავინ იყო, ვინც ჭეშმარიტ სიკეთეს იქმოდა, ვინც სიკეთის ქმნით სასუფეველში შევიდოდა, რადგან დახშული იყო სასუფევლის კარი.
4. "არა გულისხმა-ყონ ყოველთა, რომელნი იქმან უსჯულოებასა, რომელნი შეჭამენ ერსა ჩემსა, ვითარცა ჭამადსა პურისასა" - ვერ გულისხმაყონ მაცხოვრის ეს გამომხსნელი მადლი და გამომხსნელი სიკეთის ქმნა მათ, ვინც უსჯულოებას სჩადის, ვინც "შეჭამს ერსა უფლისასა" - ვინც ახალ საღმრთო ერს, ანუ ახალაღთქმისეულ ისრაელს - ქრისტიანებს ავიწროებს.
5. "ღმერთმან არა ხადეს, მუნ შეეშინა მათ შიში, სადა იგი არ იყო შიში; რამეთუ ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთა მოთნეთანი, ჰრცხუენოდენ მათ, რამეთუ ღმერთმან შეურაცხ-ყვნა იგინი" - ვინც ღმერთს არ ხადის, მსასოებლად და შემწედ არ თვლის, ვერ მიხვდება იმ საღმრთო ჭეშმარიტებას და საღმრთო საიდუმლოს, რაც მაცხოვარმა აღასრულა. მათ, ურწმუნოებს, იქ შეეშინდათ, სადაც შიში არ იყო. ეს არის დაცემული ადამიანის ბუნება - შიში იმისა, რაც საშიში არ არის. ერთადერთი, რისაც ადამიანს უნდა ეშინოდეს, ღვთის სიყვარულისა და სასუფევლის დაკარგვაა. ვისაც ღვთის სიყვარულის დაკარგვისა ეშინია, მას სხვა არაფრის შიში არ აქვს, ასეთი ადამიანი სულიერად მამაცია. ამიტომაც იყო, რომ როდესაც ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ქრისტიანები თავს დებდნენ სარწმუნოებისთვის, ქრისტეს აღსარებისთვის, არაფრის არ ეშინოდათ, გარდა ერთისა - ღვთის სიყვარულის დაკარგვისა. ვისაც ეს არ აქვს, ყველაფრის ეშინია; როგორც მხეცისგან დაგლეჯილი ცხოველის ძვალია მიმოფანტული, ასევე იქნება იმ ადამიანების მიერ ქმნილი კეთილი საქმეები, ვინც ამ საქმეებს კაცთმოთნეობით აკეთებეს. "რცხუენოდენ მათ, რამეთუ ღმერთმან შეურაცხ-ყვნა იგინი" - ღმერთი არავის შეურაცხყოფს, მაგრამ ასეთი ადამიანები ღვთის მცნებების დარღვევითა და დამახინჯებით თავიანთ თავს აყენებენ შეურაცხყოფას. შესაძლოა, სიტყვით ვთქვათ - ღმერთმა შეურაცხ-ყოო, მაგრამ ადამიანს უფალი კი არ შეურაცხყოფს, არამედ თავადვე შეურაცხყოფს თავის თავს ღვთის მცნებების დარღვევით.
6. "ვინ მოსცის სიონით ცხორებაი ისრაელს? რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუე ერისა თვისისა, იხარებდეს იაკობ და იშუბდეს ისრაელი" - ვინ არის ის, ვინც ისრაელს სიონით მოსცემს ცხონებას, ვინც ისრაელს გამოიხსნის? - კითხულობს დავით წინასწარმეტყველი. ისარელში უნდა ვიგულისხმოთ არა კონკრეტულად ისრაელის ერი, არამედ მთელი კაცობრიობა. დავითი კითხვას სვამს, ვინ გამოიხსნის კაცობრიობას სამარადისო, სულიერი ტყვეობიდანო. შემდეგი სიტყვებით კი წინასწარმეტყველურად გვაუწყებს, რომ ამ გამოხსნის შემდეგ იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი, ანუ ძველი აღთქმის მამამთავარნიო. იშუებდნენ იმით, რომ გამოხსნილნი იქნებიან ჯოჯოხეთის მარწუხებიდან. ვიცით, რომ ძველი აღთქმის პერიოდში ძველი აღთქმის მამამთავარნი, მართალნიც კი, მაცხოვრის შობამდე გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეში ხვდებოდნენ, რადგან დახშული იყო სასუფევლის კარი. სწორედ მაცხოვრის მოსვლისა და ისრაელის, კაცობრიობის სულიერი ტყვეობიდან და სატანჯველიდან გამოხსნის შესახებ ბრძანებს დავითი წინასწარმეტყველურად. ამის შემდეგ იქნება ასეთი ადამიანებისთვის შვება და ნეტარება დაუსრულებელი სასუფეველში.
ფსალმუნში აღწერილია ადამიანების სულიერი მდგომარეობა მაცხოვრის მოსვლამდე და საუბარია მაცხოვრის მოსვლის, განკაცებისა და ადამიანთა სულიერი გადარჩენის შესახებ.