არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
ფსალმუნთა განმარტება
ყველა ფსალმუნი დავითისა, განსაკუთრებით კი ორმოცდამეათე, არის სინანულის საგალობელი, რომელიც დავით მეფე-წინასწარმეტყველმა იმ დროს დაწერა, როდესაც მძიმე ცოდვაში ჩავარდა. დავით მეფე წმინდა და მართალი ცხოვრებით გამოირჩეოდა, მაგრამ ერთხელ მასაც მოუხდა მძიმე ცოდვაში ჩავარდნა: ერთხელ მან ბანაობისას იხილა თავისი ქვეშევრდომის, ურია ხეთელის ცოლი - ბერსაბე. მეფე ქალის მშვენიერებით მოიხიბლა და მისი ცოლად შერთვა გადაწყვიტა. ძველი აღთქმის თანახმად, ქმრიანი ქალის ცოლად მოყვანა იკრძალებოდა, მაგრამ დავითმა ასეთ ხერხს მიმართა: ურია ხეთელი ომში გაიწვია, მთავარსარდალს კი წერილი მისწერა - წინა ხაზზე გაუშვიო.
დავითთან ნათან წინასწარმეტყველი მივიდა და იგავით ამხილა ამ შეცოდების გამო. წინასწარმეტყველის შეგონება და მხილება იმდენად მძაფრი იყო, რომ დავით მეფე უდიდესმა სინანულმა შეიპყრო.
ამ დაცემისთვის დავითი მკაცრად დაისაჯა - ბერსაბესგან შობილი საყვარელი შვილი მოუკვდა. ამის შესახებ წინასწარ ეუწყა წინასწარმეტყველისგან. სინანულითა და უდიდესი სულიერი მწუხარებით შეპყრობილმა მეფე-წინასწარმეტყველმა სწორედ ამ დროს დაწერა 50-ე ფსალმუნი, რომელშიც უდიდესი, განსაცვიფრებელი სინანულია გადმოცემული. 50-ე ფსალმუნი ყველაზე მეტად გამოხატავს მონანული სულის მდგომარეობას და ხელს უწყობს ადამიანს სინანულის გამძაფრებაში.
ფსალმუნში ასევე არის წინასწარმეტყველება ადამიანთა ცოდვისგან გამოხსნაზე. კაცობრიობის გამოხსნა მოხდა მაცხოვრის განკაცებითა და მაცხოვრის ცხოველსმყოფელი, გამომხსნელი მსხვერპლშეწირვით. ამდენად, ფსალმუნი არის წინასწარმეტყველება მაცხოვრის განკაცებაზეც, რადგან კაცობრიობის ცოდვათაგან გამოხსნა მაცხოვრის განკაცებისა და ჯვარცმის გარეშე არ არსებობს.
1. "მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი" - უკვე ვისაუბრეთ, რატომ დაწერა დავითმა ეს ფსალმუნი. დასაწყისი სიტყვებით დავითი მიმართავს უფალს - შენი დიდი წყალობით მიხსენიო. ღვთის წყალობა არის არა დიდი, არამედ განუსაზღვრელი. სიტყვა "დიდში" სწორედ განუსაზღვრელობა, ღვთის განუსაზღვრელი მოწყალება იგულისხმება. შენი განუსაზღვრელი მოწყალებით მიხსენი და შენი მრავალი მოწყალებით აღხოცე ჩემი უსჯულოებანიო, - შესთხოვს დავითი უფალს. ის გრძნობდა, განიცდიდა თავის მძიმე შეცოდებას, მაგრამ იმედს არ კარგავდა, რადგან უწყოდა, როგორი ცოდვაც არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა, არ შეიძლება იყოს ღვთის კაცთმოყვარეობაზე დიდი, გარდაემეტოს უფლის კაცთმოყვარეობასა და მრავალმოწყალებას.
2. "უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმინდე მე" - ჩემს ცოდვათა და უსჯულოებათაგან განმწმინდეო, - ევედრება დავითი უფალს. წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ უსჯულოებაში უნდა ვიგულისხმოთ კაცისკვლა, ცოდვაში კი - სიძვით დაცემა. საერთოდ, ნებისმიერი ცოდვა უსჯულოებაა, მაგრამ უფლისგან ყველა ადამიანს მიცემული აქვს შინაგანი სჯული, რომლის წინაშეც მხოლოდ თვითონ არის პასუხისმგებელი. კაცთა წინაშე არ ჩანს, შინაგანი სჯულის წინაშე ჩაიდინა თუ არა ცოდვა ადამიანმა, ხოლო როდესაც ცოდვას სჩადის გარეგნულად, ხილულადაც დასანახია სხვათათვის. ფსალმუნის ამ მუხლში დავითი უფალს ევედრება - ყველაფერი მომიტევე, რაც ჩემს გულში შევცოდე და რაც კაცთათვის სახილველიაო.
3. "რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის" - ჩემი უშჯულოებანი, ის შეცოდებანი, რაც შინაგან სჯულს ეწინააღმდეგება და ჩემი ცოდვები სულ ჩემს წინაშეა და მომიტევე, უფალოო, - შესთხოვს დავითი უფალს.
4. "შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა" - მხოლოდ შენ შეგცოდე და შენს წინაშე ჩავიდინე ცოდვა, მიმართავს დავით მეფე უფალს. დავითმა ცოდვა ჩაიდინა ურია ხეთელის წინაშე, ცოდვა ჩაიდინა ბერსაბეს წინაშე, მაგრამ როცა ვცოდავთ, პირველ რიგში ცოდვას ვჩადით ღვთის წინაშე. შესაძლოა ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვა იყოს კაცთა საზიანოც, ადამიანთა წინააღმდეგ მიმართულიც, მაგრამ უპირველესად ცოდვას უფლის წინაშე ვჩადით, სწორედ ამას გულისხმობს დავითი, როდასაც ბრძანებს - შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვყავო. შემდეგ კი ევედრება -შენ წინაშე რომ გავმართლდე, მომიტევე ეს ყველაფერი და "ვძლო სჯასა შენსა" - კაცობრივი განსჯით ნუ კი განმსჯი, რომლითაც მე დასჯა მეკუთვნის, არამედ შენი საღმრთო განსჯით შემეწიე, რომელიც პატიება და მიტევებააო.
5. "რამეთუ ესერა უშჯულობათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან" - უსჯულოებაში დავიბადე, უსჯულოებაში გავჩნდი, ვიშვი რა დედის მუცლიდან, უკვე ცოდვილი ვიყავიო. ამ სიტყვების წარმოთქმით დავითი განავრცობს თავის ცოდვებს, კონკრეტულად იმ ცოდვის მიტევებას კი არ შესთხოვს უფალს, რომლის გამოც წარმოთქვა ეს ფსალმუნი, არამედ შესთხოვს - დედის მუცლიდან მოყოლებული რა ცოდვაც ჩამიდენია, ყოველივე მომიტევეო.
6. "რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე" - საღმრთო ჭეშმარიტება ის არის, რომ მე ცოდვილი ვარ, ცოდვაში გავჩნდი, შენ კი ჭეშმარიტი ხარ, უცოდველი ხარ, უფალო, შემეწიე და ის დაფარული საღმრთო საქმეები, დაფარული მადლი, დაფარული საღმრთო სწავლება, რაც შენშია, განმიცხადეო. ამ სიტყვების წარმოთქმით დავითი უფალს შესთხოვს - ნუ განმაშორებ წინასწარმეტყველის ნიჭს, მომიტევე ცოდვები და, პირიქით, შენგან ბოძებული წინასწარმეტყველების ნიჭი გამიმრავლეო.
7. "მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე" - როდესაც ისრაელიანები სისხლიან მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ, უსუპით აიღებდნენ და ასხურებდნენ შესაწირ სისხლს. იმ უსუპით მასხურე და თოვლზე მეტად განმასპეტაკე - რაც ამ ცოდვაში ჩავარდნამდე ვიყავი, იმაზე მეტად განმწმინდე და აღხოცე ჩემი ცოდვებიო; როგორც მამები ბრძანებენ, უსუპით სხურებაში ასევე წინასწარმეტყველურად უნდა ვიგულისხმოთ მაცხოვრის გამომხსნელი სისხლის შესახებ, რომელმაც მთელი კაცობრიობა გამოიხსნა ცოდვისგან.
8. "მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდეს ძუალი დამდაბლებული" - მოვა რა მაცხოვარი და მოხდება მაცხოვრის სისხლით კაცობრიობის განსპეტაკება, ამის შემდეგ მასმინე მე "გალობაი და სიხარულიო, - შესთხოვს დავით მაფე უფალს. სიხარულის გალობა არის ის, რომ მაცხოვარი მოვიდა, მთელი კაცობრიობა გამოიხსნა ცოდვის ტყვეობიდან და ადამიანებს გაუხსნა გზა სასუფევლისკენ. სწორედ ეს სიხარულის გალობა მასმინე, მეც დამამკვიდრე ამის შემდგომ სასუფეველშიო. "და იხარებდეს ძუალი დამდაბლებული" - ჩემი დამდაბლებული სული იხარებდეს სასუფეველში ყოფნით, იხარებდეს სხეული მეორედ მოსვლის ჟამს აღდგომით და განახლებით და ზეციურ იერუსალიმში დამკვიდრებითო.
9. "გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უშჯულოებაი ახოცენ" - შენი პირი ჩემი ცოდვებისგან შეაბრუნე - ნუ მომკითხავ ჩემს ცოდვებს და ყველა უსჯულოება, რაც მიქმნია, აღხოცეო.
10. "გული წმიდაი დაბადე ჩემ თანა და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა" - გული შემუსვრილი, რაც მე ახლა მაქვს, არ მქონდა ამ ცოდვის ჩადენამდე, განწმინდე და სული წრფელი - ის წრფელი, წინასწარმეტყველების სული, რომელიც იყო გადმოსული ჩემზე, განმიახლე, ამ მდგომარეობაში ნუ მიიღებო. თითოეული ჩვენგანიც, წარმოვთქვამთ რა ამ სიტყვებს, უფალს შევთხოვთ - ნათლისღებით ჩვენზე გადმოსულ წმინდა სულს, რომელიც ცოდვებით შევსვარეთ, ნუკი მიიღებ, არამედ განმიახლე, განწმინდე სინანულით და ისე მიიღე.
11. "ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან" - დავითი, შეიგრძნობს რა თავისი დაცემის სიმძიმეს, უფალს შესთხოვს - შენი პირისაგან ნუ განმაგდებ, ნუ დამსჯი შენი უხილავობით, სამუდამო სატანჯველს ნუ განმიმზადებ ჩემი შეცოდების გამო და ნუ განმაშორებ სულიწმინდის მადლს, ჩემთვის მოცემულ წინასწარმეტყველების ნიჭს, რომელსაც სულ შენი განდიდებისთვის ვიყენებდი, მიუხედავად ჩემი დაცემულობისა და ცოდვებისა, მომიტევე ჩემი ცოდვები და შემინარჩუნე ის მადლი, ის ნიჭი სულიწმინდისა, რომელიც შენგან მქონდა მოცემულიო.
12. "მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე" - შენი მაცხოვარების სიხარული მომეცი - როდესაც შენ განკაცდები, როდესაც დედამიწაზე მოხვალ, კაცობრიობას გამოიხსნი და გზას გაუხსნი სასუფევლისკენ, ეს სიხარული მომეცი, მეც დამამკვიდრე სასუფეველშიო. ფსალმუნის ამ სიტყვების წარმოთქმით ჩვენც ვუერთდებით დავითის ამ თხოვნას ღვთისადმი.
13. "ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ" - თუკი ასე მოხდება, ჩემს სულს სასუფევლისთვის განამზადებ და ჩემთან ცოდვა არ იქნება, უკვე შენს სჯულს, შენს გზას უშჯულოებს ვასწავლი და უღმრთოებს შენკენ მოვაქცევო. შემდგომში დავითმა მართლაც აღასრულა ეს - მისი სიტყვებით, მისი წინასწარმეტყველებებით, მისი მადლმოსილი ქმედებებით უამრავმა ადამიანმა დაიმკვიდრა სასუფეველი.
14. "მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლისა შენისა" - ჩემი სისხლისგან მიხსენი, იმ სისხლისგან, რომელიც ჩემს კისერზეა, რომელიც მე მოვაწიე უდანაშაულო ადამიანზე ჩემი ქმედებით, ამ სისხლის გამო ნუ დამსჯი, რათა ჩემი ენა შენი სიმართლის თქმით იხარებდეს, მარადის შენს განდიდებაში იყოს - რათა არ დავიმკვიდრო სატანჯველი, რადგან თუ დავისჯები, თუ ჯოჯოხეთში ჩავვარდები, იქ უკვე შენი აღიარებისა და დიდების საშუალება აღარ მექნებაო. დავითისვე სიტყვებით თუ ვიტყვით - ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ, უფალო? ანუ ჯოჯოხეთში ღვთის აღიარება და განდიდება შეუძლებელია, იქ არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ტანჯვის აღქმა.
15. "უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა" - უფალო, ჩემი სიტყვები, ჩემი აზრები, ჩემი ფიქრები ისე წარმართე, რომ მხოლოდ შენს დიდებას და ქებას ამბობდეს ჩემი პირი. თითოეული ჩვენგანიც, წარმოვთქვამთ რა ამ სიტყვებს, დავითის მსგავსად უფალს ვევედრებით, რომ მან წარმართოს ჩვენი აზროვნება, ჩვენი ფიქრები და სიტყვები, რათა მხოლოდ ღვთის დიდება ამოდიოდეს ჩვენი პირიდან.
16. "რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს" - უფალო, შენ ჩვენი შესაწირი არ გჭირდებაო, - მიმართავს დავით წინასწარმეტყველი უფალს; 49-ე ფსალმუნში უფალი დავითის პირით ბრძანებს - უკეთუ მე შესაწირი დამჭირდება, თქვენ არ გკითხავთ, "რამეთუ ჩემი არს ქვეყანა და სავსება მისი" - ისედაც ყველაფერი ჩემიაო. სწორედ ამის შესახებ ბრძანებს დავითი ფსალმუნის ამ მუხლში - რასაც ჩვენ გწირავთ მსხვერპლად, ის თუ გსურს, ჩვენი შეწირვა არ არის საჭირო, რადგან ისედაც ყველაფერი შენიაო.
17. "მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს" - ღვთისადმი შეწირული ჭეშმარიტი მსხვერპლი არის სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული - ადამიანს, რომელიც თავის ცოდვებს ხედავს, გული შემუსვრილი აქვს და უფალს ევედრება ცოდვათა მიტევებას, უფალს განადიდებს, მარადის ლოცულობს ღვთის წინაშე. ეს არის ჭეშმარიტი შესაწირავი. სიწრფოებით ცხოვრება და სიწრფოებით ქმედება უნდა მივართვათ უფალს მსხვერპლად.
18. "კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენნენ ზღუდენი იერუსალიმისნი" - სიონში აქ იგულისხმება დედაეკლესია. ამ სიტყვების წარმოთქმით დავითი უფალს შესთხოვს, კეთილი უყავ სიონს - დედაეკლესიასო. ამავდროულად, ეს არის წინასწარმეტყველებაც - როდესაც უფალმა დააარსა დედაეკლესია, კეთილი უყო მას, სიკეთე დაამკვიდრა მასში. მიწიერი ეკლესია არის ბჭეები სასუფევლისა. ვინც ეკლესიის წიაღში ღვთის მცნებების აღსრულებით იცხოვრებს, დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს. ანუ ეკლესიაში უდიდესი სიკეთეა დამკვიდრებული - აქედან ადამიანს შეუძლია ცათა სასუფეველში გადასახლება; ამ ეკლესიის გარშემო აღაშენე იერუსალიმის ზღუდეები - საღმრთო მცნებები, ახალი სჯული, წმინდა მამათა სწავლებები შემოავლე, რომ ბოროტმა ვერ გამოიტაცოს იქ მყოფი ადამიანებიო. ფსალმუნის ეს მუხლი არის წინასწარმეტყველება ქრისტიანული ეკლესიის დაარსების შესახებ.
19. "მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლადდასაწველი; მაშინ შესწირე საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი" - ფსალმუნის ამ მუხლში დავით მეფე შემდეგს ბრძანებს: როდესაც მაცხოვარი მოვა, გამოჩნდება ხსნა კაცობრიობისა, სულიერი გადარჩენისა, მაშინ იქნება სიმართლის შესაწირავი და ყოვლად დასაწველი მსხვერპლიო. ეს არის არა სისიხლიანი მსხვერპლი, არამედ წმინდა გული, ღვთის მცნებების აღსრულება და ღვთის განდიდება, ანუ ახალაღთქმისეული ჭეშმარიტი მსხვერპლშეწირვა - უფალს არ სჭირდება სისხლიანი შესაწირავი, არამედ, როგორც დავითი სხვა ადგილას ამბობს, "გული შემუსვრილი, სული შემუსვრილი და დამდაბლებული" - ღვთის წინაშე საკუთარი ცოდვების შეგრძნება, სინანული ამის გამო და იმედი, რომ უფალი ყოველთვის შეეწევა ადამიანის სულს და დაუმკვიდრებს სასუფეველს.