არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
ფსალმუნთა განმარტება
1. "ღმერთი ღმერთთაი უფალი იტყოდა და უწყოდა ქვეყანასა აღმოსავალითგან მზისაით ვიდრე დასავალადმდე" - ვიცით, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ ფსალმუნის სიტყვებში, იმდროინდელი მსოფლიოს შეხედულებებიდან გამომდინარე, იგულისხმება "ღმერთი ღმერთთაი". წარმართებს უამრავი ღმერთი ჰყავდათ. ღმერთი ღმერთთა - ამ სიტყვებში მოიაზრება, რომ საუბარია იმ ერთადერთ ღმერთზე, რომელმაც ყოველივე შექმნა და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წარმართები ვისაც ღმერთებს უწოდებდნენ, ისინიც ღმერთები არიან. ასევე, წმინდა მამები გვაუწყებენ, რომ აქ შეიძლება ვიგულისხმოთ ის ადამიანები, რომლებმაც თავიანთი მართალი და წმინდა ცხოვრებით განღმრთობას მიაღწიეს, ღვთის მცნებების განუხრელად აღსრულების სანაცვლოდ უფალმა განღმრთობა მიანიჭათ. უპირველესად კი ფსალმუნის დასაწყის სიტყვებში საუბარია ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთზე, რომელიც ყოველივე - ხილული და უხილავი სამყაროს შემოქმედია. სწორედ ამ ღმერთმა "უწოდა" ქვეყანას "აღმოსავალითგან მზისაით, ვიდრე დასავალადმდე" - როდესაც უფალი განკაცნა და მოვიდა ადამიანთა გამოსახსნელად, მთელ ქვეყანას, ყველა ადამიანს უხმო. უფალი არ მოსულა მხოლოდ იუდეველებისთვის. როდესაც შემდგომ წარგზავნა თავისი მოციქულები წარმართთა მოსაქცევად, ყველა ადამიანს, მთელ მსოფლიოს მოუწოდებდა და მოუწოდებს, არა მარტო იმ პერიოდში, არამედ სამყაროს დასასრულამდე, რომ მის გზას დაადგეს.
2. "სიონით გამო არს შუენიერებაი ჰაეროვნებისა მისისაი" - სიონისგან არის მისი მშვენება გამოსულიო, - ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი. სხვა ადგილას დავითი გვეუბნება: დედად სიონსა რქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა. წმინდა მამათა განმარტებით, სწორედ სიონის მიწისგან შექმნა ღმერთმა ადამიანი. სიონის მთა იყო სამოთხის ნაწილი. თუ ადამი, პირველი ადამიანი ხორციელი სიონისგან შეიქმნა, აქ უკვე სულიერ სიონზე და მეორე ადამზე, ახალ ადამზე - მაცხოვარზეა საუბარი. მისი მშვენიერება სიონიდან გამოვიდაო. როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, აქ ასევე ნაწინასწარმეტყველებია მაცხოვრის პირველი მოსვლა, ანუ უფლის განკაცება. იმის გამო ვაკონკრეტებთ, რომ მომდევნო მუხლში უკვე საუბარია უფლის მეორედ მოსვლის შესახებ.
3. "ღმერთი ცხადად მოვიდეს, ღმერთი ჩუენი და არა დადუმნეს: ცეცხლი მის წინაშე აღატყდეს და გარემოის მისსა გრიგალი ფრიად" - როგორც ვთქვით, აქ უკვე საუბარია უფლის მეორედ მოსვლის შესახებ. თუ უფალი პირველად მოვიდა სიმდაბლით და არაგანცხადებულად - ადამიანებს სარწმუნოებით უნდა მიეღოთ მაცხოვარი, როდესაც მეორედ მოვა, ყველასთვის თვალცხადი, განცხადებული იქნება - მართალთათვისაც და ცოდვილთათვისაც, რომ ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი. მაგრამ ასეთი ცოდნა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მეორედ მოსვლამდე არ მიუღიათ ქრისტე, უკვე დაგვიანებული იქნება, მათ ქრისტეს მიღების შესაძლებლობა აღარ ექნებათ. "ცეცხლი მის წინაშე აღატყდეს და გარემოის მისსა გრიგალი ფრიად" - ერთი მხრივ, აქ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ქრისტეს უარმყოფელნი საუკუნო ცეცხლში დაიწვებიან, ასევე ცეცხლში შეიძლება ვიგულისხმოთ სულიწმინდის მადლი, გამომხსნელი მადლი, რომელმაც მაცხოვრის მოსვლით, მისი ჯვარცმითა და აღდგომით კაცობრიობის ცოდვები დაწვა და გაანადგურა. ე.ი. დავითი წინასწარმეტყველურად გვაუწყებს, რომ უფლის უარმყოფელთ მარადიული ცეცხლი და გრიგალი ელოდებათ, ასევე იქნება მარადიული საღმრთო ცეცხლი და საღმრთო ქარის მობერვა ადამიანთა სულების გასანათლებლად და საცხოვნებლადო.
4. "მოუწოდოს ზეცასა ზეგარდმო და ქვეყანასა განრჩევად ერისა თვისისა" - მეორედ მოსვლის ჟამს ანგელოზებსაც მოუწოდებს უფალი, რათა, როგორც სახარებაშია მოთხრობილი, განირჩიოს "ღვარძლი იფქლისაგან", მისი ერი - ქრისტიანები, ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები გამოირჩიოს დანარჩენებისგანო. ვიცით, რომ მეორედ მოსვლის ჟამს განირჩევიან ერთმანეთისგან ისინი, ვისაც ქრისტე სწამდა, ქრისტეს მცნებებს აღასრულებდა, ქრისტეს მიმდევარი იყო და ქრისტეს მოწინააღმდეგენი. სწორედ ზეციურ ანგელოზებს მოუწოდებს უფალი მეორედ მოსვლის ჟამს მისი ერის გასარჩევად.
5. "შემოიკრიბენით მისა წმიდანი მისნი, აღმასრულებელნი აღთქუმისა მისისანი საკუერთხთა ზედა" - უფლის წინაშე შემოიკრიბენით ყველა მისი მადიდებელი, ყველა მისი წმინდანი, მისი აღთქმის - ღვთის მცნებების აღმასრულებელნიო, - მოუწოდებს დავით წინასწარმეტყველი. ვიცით, რომ სწორედ ასე იქნება აღსრულებული, ყოველი ღვთის მადიდებელი უფალთან იქნება შემოკრებილი.
6. "და უთხრობენ ცანი სიმართლესა მისსა, რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს" - "ცანი" - ანგელოზები და ყოველი - ხილული, უხილავი, სულიერი, უსულო... ღვთის სიმართლეს და ღვთის ჭეშმარიტებას განადიდებს. სწორედ ღვთის სიმართლით, ღვთის სამსჯავროზე იქნება განსჯილი თითოეული ადამიანი, რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს. სახარებაში მაცხოვარი გვეუბნება, "ყოველივე მომეცა მამისა ჩემისა მიერ" - ანუ მამა კი არ განსჯის, არამედ ძე მეორედ მოსვლის ჟამს. სწორედ ეს არის ნაწინასწარმეტყველები დავითის მიერ ფსალმუნის ამ მუხლში.
7. "ისმინე, ერო ჩემო, და გეტყოდი შენ; ისრაელო, და გიწამო შენ; ღმერთი, ღმერთი შენი ვარი მე" - აქ უკვე დავით წინასწარმეტყველის პირით უფალი ბრძანებს იუდეველთა მიმართ: ისმინე, ჩემო ერო, შენ გეტყვი, "გიწამო" - დაგიმოწმებ, რომ შენი ღმერთი ვარ. უფალი შეახსენებს მათ, რომ არა ანგელოზი, არა წინასწარმეტყველი, არამედ თქვენი ღმერთი ვარ მოსული და თავად მე გეტყვით და ისმინეთ ჩემიო.
8. "არა თუ მსხვერპლთა შენთათვის გამხილო შენ, რამეთუ საკუერთხნი შენნი ჩემ წინაშე არიან მარადის" - ფსალმუნის ამ მუხლში უფალი საუბრობს დავით წინასწარმეტყველის პირით, უპირველესაც ისრაელიანთა მიმართ: თქვენი მსხვერპლისათვის არ გამხილებთ, არ გეუბნებით, რომ მსხვერპლშეწირვას არ აღასრულებთ. ამას აღასრულებთ, მაგრამ მიწიერად, მხოლოდ გარეგნულად და რიტუალურად და არა თავისი სულიერი მნიშვნელობითო; შემდეგ კი უფალი ბრძანებს:
9. "არა შევწირავ მე სახლისა შენისაგან ზუარაკთა, არცა არვისა შენისაგან ვაცთა" - თქვენგან ზვარაკებს და ვაცებს არ შევიწირავო. უფალს არ სჭირდება ადამიანისგან შეწირული მსხვერპლი, მას არ სჭირდებოდა არც სამსხვერპლოს სისხლი, არც ის ხორცი, რომელსაც ისრაელის ერი შესწირავდა მსხვერპლოდან, ეს თავად ისრაელიანებს სჭირდებოდათ იმისათვის, რომ ამით სჯულისა და ღვთის მორჩილება ესწავლათ. არა თავად მსხვერპლშეწირვა იყო სათნო ღვთისთვის, არამედ ღვთის მცნებების მორჩილებით ცხოვრება, ღვთის დიდება.
10. "რამეთუ ჩემი არს ყოველი მხეცი ველისაი, ნადირი მთათაი და ყოველი პირუტყვი" - რად მინდა თქვენი შემოსაწირი, - ბრძანებს უფალი, - როდესაც მთელი ველის ცხოველები, მთელი პირუტყვი, თუ რამეა ამქვეყნად, ყველაფერი ჩემია, მე შევქმენი და არ გკითხავთ, თუ რაიმე დამჭირდება მათგან.
11. "ვიცნი მე ყოველნი მფრინველნი ცისანი, და შუენიერებაი ველთაი ჩემ თანა არს" - ცის ყველა ფრინველი, ველის ყველა ცხოველი, ყველა თევზი სათითაოდ ვიცი და თუ თქვენ ჩემგან მოცემულისგან - "ათასიდან" ერთს მომართმევთ, შემომწირავთ, ყველა ჩემია და ნუ ფიქრობთ, რომ თქვენი საკუთრება შემომწირეთ. მე მხოლოდ ჩემსას გიბრუნებთ, ჩემი საკუთრებიდან უმცირეს ნაწილს და ისიც ისევ და ისევ თქვენთვის, თქვენი სულისთვისაა საჭიროო. ამ სიტყვებსაც უფალი ბრძანებს დავითის პირით.
12. "შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსებაი მისი" - უფალი მიმართავს ისრაელის ერს: თუ ფიქრობთ, რომ მომშივდება, ხორციელი ვარ და მიწიერი საზრდელი მჭირდება, ამასაც ჩემით გავაკეთებ, თქვენ არ გკითხავთ, რამეთუ ჩემი არს ამ ქვეყნის სისავსე; მიწიერი საერთოდ არ სჭირდება უფალს, არამედ, როგორც ვთქვით, ადამიანს - მსხვერპლშეწირვის მორჩილებით აღსრულება.
13. "ნუ ვჭამოა ხორცი ზუარაკთაი, ანუ სისხლი ვაცთაი ვსუაა?" - უფალი ისევ და ისევ დავითის პირით მიმართავს ისრაელის ერთ: თქვენ ფიქრობთ, რომ ზვარაკის ხორცს ვიხმევ და ვაცის სისხლს ვსვამ? ღმერთი, რომელიც თქვენ გიკრძალავთ სისხლის სმას, მე ვსვამ ამ სისხლსო?
14. "შეწირე ღმერთსა მსხვერპლი ქებისაი და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი" - ამ სიტყვებს უკვე დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, დავით წინასწარმეტყველი იყო ახალი აღთქმის კაცი ძველ აღთქმაში თავისი აზროვნებით. მან მშვენივრად უწყოდა, რომ ძველაღთქმისეული სისხლიანი მსხვერპლშეწირვა არ იყო ღვთისთვის სათნოყოფა, ღვთისთვის სათნოყოფა არის ქების აღსრულება, ლოცვა, მარადიულად გონებით ყოფა უფალთან და ღვთის მცნებების აღსრულება. სწორედ ამას ბრძანებს, ამის შესახებ გვაუწყებს დავითი ფსალმუნის ამ მუხლში: ქების მსხვერპლი - ლოცვა, კეთილი საქმეები, საღვთო მცნებების აღსრულება შევწიროთ უფალს და რასაც აღვუთქვამთ, ის ავუსრულოთო. დავუშვათ, კაცმა ძველ აღთქმაში აღუთქვა, რომ შესწირავდა ზვარაკს, არა ზვარაკი უნდა უფალს, არამედ შენი აღთქმის აღსრულება, რათა მორჩილება და სიმდაბლე გამოავლინო უფალთან.
15. "და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე" - ეს უფლის სიტყვებია დავითის პირით წარმოთქმული: თქვენი გასაჭირის დროს "მხადეთ" - მთხოვეთ, მევედრეთ და შეგეწევით. გიხსნით და გამოგიყვანთ გასაჭირისგან. "და შენ მადიდო მეო". როდესაც უფალი გასაჭირიდან გამოგვიყვანს და შეგვეწევა, მაშინ უკვე ადამიანი განადიდებს უფალს, როდესაც გაგიჭირდება, მთხოვე შეწევნა, მე შეგეწევი და ეს შენთვის იქნება სასიკეთო, რადგან შენ მე განმადიდებო - უფალს ჩვენი დიდება, ჩვენგან განდიდება არ სჭირდება, არამედ ეს ისევ და ისევ ჩვენთვისაა სათნო.
16. "ხოლო ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან: რაისათვის-მე მიუთხრობ შენ სამართალთა ჩემთა და აღიღებ აღთქუმასა ჩემსა პირითა შენითა?" - ხოლო ცოდვილებს უთხრა ღმერთმა, - ჩემი სამართლით რატომ განსჯით, ჩემს სამართალს რატომ იყენებთ თქვენი საქმეების გასასამართლებლადო. აქ "ცოდვილებში" ნაგულისხმები არიან ისრაელიანები - ფარისევლები, სჯულის მეცნიერნი, რომლებიც თითქოს ღვთის მცნებებს აღასრულებდნენ, თითქოს ღვთის მცნებებს განმარტავდნენ და ხალხს ღვთის სჯულს ასწავლიდნენ, თუმცა სინამდვილეში თავიანთი აზრების, თავიანთი სწავლების განმტკიცებას ცდილობდნენ თითქოსდა ღვთის სიტყვით. ამიტომაც ამხილებს და უწოდებს მათ უფალი ცოდვილთ, რადგან ღვთის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, მზაკვრობით იქმოდნენ ყოველი ამას.
17. "შენ ეგერა მოიძულე სწავლულებაი და განიშორენ და განსთხიენ სიტყუანი ჩემნი" - ფსალმუნის ამ მუხლში უფალი ამხილებს ისრაელის ერს - ჭეშმარიტი სწავლება მოიძულეთ და თქვენს სიტყვებს, თქვენს სწავლებას ავრცელებთო. სახარებაში ხშირად ამხილებს იუდეველებს, ფარისევლებსა და მწიგნობრებს: "თუ მოსესი გწამთ, ჩემსასაც იწამებთო", სხვა ადგილას ეუბნება: "თქვენ მცნებათა ხუცესთა - თქვენი მცნებებით ასწავლით კაცსო". "ხუცესთა მცენებას" უფალი უწოდებს იმ სწავლებებს, რაც თავად იუდეველებმა შემოიღეს თითქოსდა ღვთის სწავლებად, სინამდვილეში ეს იყო ღვთის სწავლების საწინააღმდეგო.
18. "იხილი თუ მპარავი, თანაურბიოდე მას და მეძავსა თანა დასდვი ნაწილი შენი" - ეს სიტყვებიც კვლავ იუდეველთა სჯულის მოძღვრების მიმართაა წარმოთქმული უფლის მიერ: მპარავებთან და მეძავებთან გექნებათ ნაწილი იმის გამო, რომ ღვთის სიტყვას იპარავთ - ისე არ ასწავლით ადამიანებს, როგორც მე გადმოგეცითო. მართლაც, როდესაც მაცხოვარი მოვიდა, აბსოლუტურად გამიწიერებული იყო საღვთო სწავლება და თავად მესია, რომელიც ადამიანთა სულების სახსნელად უნდა მოსულიყო, უკვე იუდეველ სწავლულებს ადამიანებისთვის წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც მიწიერი მხსნელი ისრაელის სახელმწიფოსი. ამიტომაც წარმოთქვამს უფალი მათ მიმართ, მეძავებთან და მპარავებთან გექნებათ ნაწილი იმის გამო, რომ ღვთის სიტყვა მოიპარეთ, ის ჭეშმარიტება გამოაკელით, რაზეც იყო აგებული საღვთო სწავლებაო.
19. "პირმან შენმან განამრავლა უკეთურებაი და ენაი შენი თხზვიდა ზაკვასა" - ისევ და ისევ ისრაელიანთა სჯულისმეცნიერთ მიმართავს უფალი დავითის პირით: თქვენმა პირმა უკეთურება განამრავლა და თქვენი ენა ზაკვას თხზავდა. სწორედ უკეთურებაა, როდესაც საღვთო სწავლებას რაღაცას შევმატებთ ან მოვაკლებთ, თუნდაც მცირედს, რადგან ამით საღვთო სწავლებას არსს ვუცვლით.
20. "შჯი რაი, ძმისა შენისათვის ბოროტსა იტყოდი და ძისათვის დედისა შენისა დასდვი საცდური" - თქვენი განსჯა ასეთია: როდესაც თქვენ თავად თქვენს ძმებს, დედათქვენისა და მამათქვენის შვილებს განსჯით, ბოროტს უზრახავთ. ბოროტს როგორ უზრახავდნენ? - ერთი მხრივ, იმით, რომ თავიანთი განდიდება უნდოდათ ფარისეველთ, სჯულისმეცნიერთ, გინდ სადუკეველთ - იმდროინდელ იუდეურ სასულიერო ელიტას, მაგრამ ასევე ისინი თავიანთ ძმებს ბოროტს იმით უზრახავდნენ, რომ ჭეშმარიტებას არ ასწავლიდნენ, ჭეშმარიტება დაფარეს. როგორც სახარებაში ბრძანებს მათ მიმართ უფალი: ჭეშმარიტება დაფარეთ ადამიანთა თვალთაგან, თქვენ არა შეხვალთ და შემავალთა არა უტევებთ შესვლასო.
21. "ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმნე; ჰგონე უშჯულოებაი, ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო; გამხილო და წარმოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა" - ამ ყველაფერს იქმოდით და "მე დავიდუმნე" - არაფერი მოვიმოქმედე, არ განგსაჯეთ, მაგრამ თქვენ გგონიათ, მეც თქვენსავით უსჯულო ვარ და მეც უსჯულოებას ვასწავლი, თქვენს სწავლებებზე დავტოვებ კაცობრიობასო? - მიმართავს იუდეველთა სჯულისმოძღვართ უფალი ისევ და ისევ დავითის პირით. არა, გამხილებთ და თქვენს წინაშე და ყველა ადამიანის წინაშე წარმოვადგენ იმ ჭეშმარიტებას, რომ თქვენ სიცრუეს ასწავლიდით მათო. მართლაც, როდესაც უფალი მოვიდა, ამხილა იუდეველთა ფარისევლები და სჯულის მეცნიერნი იმის გამო, რომ არ ასწავლიდნენ ადამიანებს საღვთო მცნებას ისე, როგორც სიმართლე, ჭეშმარიტება იყო. უფალმა ახალი სჯული მისცა კაცობრიობას - ჭეშმარიტად როგორ უნდა ერწმუნათ.
22. "გულისხმა-ყავთ ესე ყოველთა, რომელთა დაგივიწყებიეს ღმერთი; ნუუკუე წარგიტაცნეს და არავინ იყოს მხსნელ თქუენდა" - მაგრამ ვიცით, რომ უფალი მარტო კი არ ამხილებს ადამიანებს, არამედ აძლევს სწავლებასაც, თუ როგორ უნდა გადარჩნენ თავად ისინი, რომლებიც არასწორად ასწავლიდნენ სჯულს. ამიტომაც მიმართავს დავითის პირით იუდეველთა სჯულის მეცნიერთ: მოისმინეთ, "გულისხმა-ყავთ" - გაიგეთ, რას გეუბნებით თქვენ, რომელთაც დაგივიწყებიათ ღმერთი" - ე.ი. ღმერთი დაგივიწყებიათ თქვენ და გაიგეთ, მიხვდით, რასაც გეუბნებით. ეს იმ დრომდე ქმენით, ვიდრე სიკვდილი წარგიტაცებთ - ვიდრე ამ ქვეყნიდან გახვალთ, რადგან ამის შემდეგ თქვენი მხსნელი აღარავინ იქნებაო. თუ ადამიანი უშჯულოებაში მოკვდა, მისი მხსნელი ვეღარავინ იქნება.
23. "მსხვერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაი, სადა უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი" - "ქების მსხვერპლი" - ღვთისადმი აღვლენილი მარადიული ლოცვა-ვედრება, მარად უფალთან გონებით ყოფნა, ჭეშმარიტი მსხვერპლია, ასევე ეს არის გზა, რომლითაც ადამიანი იხილავს ღვთის მარადიულობას დაFღვთის მაცხოვარებას, ანუ ცოცხალ, მარადიულ ღმერთს.
P.S. ფსალმუნი წინასწარმეტყველურია. მასში ნაწინასწარმეტყველებია მაცხოვრის მოსვლის, განკაცებისა და მეორედ მოსვლის შესახებ. ასევე გადმოცემულია სწავლება, თუ რისთვის იყო დადგენილი ძველი აღთქმის სწავლება. არა იმისთვის, რომ ეს თავად უფალს სჭირდებოდა, არამედ იმისთვის, რომ ეს ადამიანებს სჭირდებოდათ. მაცხოვრის მოსვლის შემდეგ, ამაღლდა რა ადამიანის გონება საღვთო სწავლებაში - ნაბიჯი გადადგა ადამიანის გონებამ ზეაღმატებულისაკენ, უკვე უფალი გვასწავლის, ჭეშმარიტად როგორი მსხვერპლი უნდა შევწიროთ მას - ქების მსხვერპლი. ესეც უფალს კი არ სჭირდება, არამედ ისევ და ისევ ჩვენთვის, ჩვენი სულისთვისაა საჭირო.