არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
ფსალმუნთა განმარტება
1. "ნეტარ არს, რომელმან გულისხმა-ყოს გლახაკისა და დავრდომილისაი, დღესა ბოროტსა იხსნას იგი უფალმან" - როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, "გლახაკში" უნდა ვიგულისხმოთ მაცხოვარი. იმდენად ზეაღმატებულია ღმერთი ადამიანზე, იმდენად მდაბალია ადამიანი ღმერთთან შედარებით, რომ ღვთის განკაცება არის დაგლახაკება, უკიდურესად თავის დამდაბლება. დავითი წინასწარმეტყველურად ბრძანებს: ნეტარია ის კაცი, ვინც მიხვდება, დაგლახაკებული ვინ არის; ვინც იესოში ქრისტეს, განკაცებულ მაცხოვარს შეიცნობსო. ფსალმუნის მომდევნო სიტყვებით - "დღესა ბოროტსა იხსნას იგი უფალმან" - დავითი გვაუწყებს, რომ ასეთი კაცი ბოროტ დღეს - განსჯის დღეს იცნოს უფალმა და სამარადისო განსჯის ჟამს სიკეთეს მოიწევსო.
2. "უფალმან დაიცვას იგი და აცხოვნოს იგი და სანატრელ ყოს იგი ქუეყანასა ზედა, და არა მისცეს იგი ხელთა მტერთა მისთასა" - ფსალმუნის ამ მუხლში დავით წინასწარმეტყველს ჩამოთვლილი აქვს, რას მიანიჭებს უფალი ასეთ კაცს განსჯის დღეს: დაიცავს, აცხოვნებს - აცოცხლებს ხორციელადაც და შემდგომ სულიერადაც სამარადისოდ. ასეთი კაცის ცხოვრება სანატრელი იქნება მიწაზეც და ზეციურ სამყოფელშიც. "არა მისცეს იგი ხელთა მტერთა მისთა" - მტრების, პირველ რიგში, ბოროტის ხელში არ ჩააგდებს, ასევე მიწიერი მტრების ხელიდანაც დაიცავსო.
3. "უფალი შეეწიოს მას ცხედარსა ზედა სალმობისა მისისასა; ყოველი სარეცელი მისი გარე-მიაქციე არა ძლებასა შინა მისსა" - მას სნეულებისა და განსაცდელის დროსაც შეეწევა უფალი, არც იმ დროს დაივიწყებს, როდესაც სარეცელსაა მიჯაჭვული, პირიქით, განსაცდელს და ხორციელ გაჭირვებას სიხარულად უქცევს.
4. "მე ვთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა" - უფალო, მე შენს მიმართ ვამბობ: მეც დაგლახაკებული, მეც ცოდვილი და არაფრისმქონე ვარ შენ წინაშე და შემეწიე და შემიწყალე მე.
5. "მტერთა ჩემთა თქვეს ბოროტი ჩემთვის: ოდესმე მოკუდეს და წარწყმდეს სახელი მისი" - ფსალმუნის ამ სიტყვებს თავად განკაცებული უფალი ბრძანებს დავით წინასწარმეტყველის პირით: "მტერთა ჩემთა თქვეს ბოროტი ჩემთვისო". ვინ მტრებმა? - ჰურიებმა. მათ ბოროტი ზრახეს და ბოროტი ისურვეს მაცხოვრისთვის - როდის მოკვდება და წარწყმდება ამ ქვეყნიდანო. ისინი ფიქრობდნენ, რომ იესო ქრისტე იყო კაცი, რომელიც მათ მდგომარეობას შეურაცხყოფდა, მათი მდგომარეობის დაკნინება უნდოდა, ამიტომ განიზრახეს მოეკლათ. სწორედ ამის შესახებ გვაუწყებს წინასწარმეტყველურად უფალი დავით წინასწარმეტყველის პირით.
6. "და შემო-თუ-ვიდის ხილვად, ამაოსა იტყვინ; გულმან მისმან შეიკრიბა უშჯულოებაი თავისა თვისისაი; გარე-განვიდის გარე, და მასვე იტყვინ" - ფსალმუნის ამ მუხლში დავით წინასწარმეტყველი პირდაპირ წინასწარმეტყველებს იუდას მიერ მაცხოვრის გაცემას. იუდა იესო ქრისტსთან, მაცხოვართან, როგორც მისი მოწაფე, ისე საუბრობდა, ისე აკეთებდა ყველაფერს, გარეთ - მაცხოვრის მოწაფეების, მაცხოვრის საკრებულოს გარეთ, მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებთან უსჯულოებას, იმას იტყოდა, რასაც გულში ფიქრობდა.
7. "ჩემთვის ცუნდრუკებდეს ყოველნი მტერნი ჩემნი, ჩემთვის ზრახვიდეს ბოროტსა" - "ცუნდრუკში" უნდა ვიგულისხმოთ საიდუმლოდ დაგეგმილი საქმეები. დავით მეფის პირით მაცხოვარი წინასწარმეტყველურად ბრძანებს - "ჩემთვის ცუნდრუკებდეს ყოველნი მტერნი ჩემნი" - იუდა და მღვდელმთავრები ჩუმად აწყობდნენ გეგმას მაცხოვრის წინააღმდეგ, რადგან ეშინოდათ ერისა, რომ მათი უკეთური ზრახვანი არ გამჟღავნებულიყო. ისინი საგანგებოდ ხლართავდნენ მახეებს მაცხოვრის გარშემო, თითქოსდა სამართალს აღასრულებდნენ, სინამდვილეში კი ყოველივეს თავიანთი სარგებლის გამო აკეთებდნენ, რამეთუ თუკი ხალხი, რომელიც მაცხოვარს უსმენდა, მას მიემხრობოდა, ამით მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს ქვეშევრდომები მოაკლდებოდათ, საიდანაც მათ შემოსავალი ჰქონდათ. იუდაც და მღვდელმთავრებიც ვერცხლისმოყვარენი და ანგარებისმოყვარენი იყვნენ და მათი ყველა წუხილი იმაზე იყო, რომ თუ ხალხი მაცხოვარს მიემხრობოდა, მათ ვერცხლი მოაკლდებოდათ.
8. "სიტყუაი უშჯულოებისაი დამდვეს ჩემ ზედა; ნუუკუე მძინარემან არღარა ნუ შესძინოსა აღდგომაი?" - ფსალმუნის ამ მუხლშიც მაცხოვარი წინასწარმეტყველურად გვაუწყებს დავითის პირით: "უსჯულოების სიტყვა დამდვეს ჩემ ზედა" - რა უსჯულო სიტყვა? - სიკვდილი გადამიწყვიტეს, თან ამბობდნენ, მოვკლათ და ყველაფერი დამთავრდებაო, მაგრამ განა მძინარე აღარ გაიღვიძებს და არ აღდგება ფეხზე? - აქ უფალი წინასწარმეტყველებს იმას, რომ მოკლავდნენ და აღდგებოდა, ამასთან გვაუწყებს, ჩემ წინააღმდეგ აღძრულმა ადამიანებმა არ იციან, რასაც ისინი სიკვდილს ეძახიან, ჩემთვის ძილია. როგორც ადამიანი დაიძინებს და დილით კვლავ აღდგება, ასევე იქნება ჩემთვის სიკვდილი და ისინი უგუნურებენ, ამას რომ ამბობენო.
9. "და რამეთუ ამანცა, კაცმან მშვიდობისა ჩემისამან, რომელსა-იგი ვესავდი, რომელი ჭამდა პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემ ზედ შეტყუვილი" - როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, "მშვიდობიან კაცში" უნდა ვიგულისხმოთ ისრაელის ერი, რომელსაც ყველანაირად იცავდა უფალი, რომ მათი ჭეშმარიტი სარწმუნოება შემორჩენილიყო. დავითის პირით განკაცებული უფალი წინასწარმეტყველურად ბრძანებს: "მშვიდობის კაცმა" - ისრაელის ერმა, რომელსაც ვესავდი - რომლის იმედიც მქონდა, რომელიც ჩემს პურს ჭამდა (ჩვენ ვიცით, რომ ებრაელ ერს არა მარტო მიწის ნაყოფი განუმრავლა უფალმა, არამედ ზეციდან მოსცა პური), სწორედ ამ ერმა ქმნა ყველაზე მეტი ბოროტი ჩემს წინააღმდეგო. მართლაც, მაცხოვრის მიმართ ყველაზე დიდი ბოროტება იუდეველებმა ქმნეს - თავად განკაცებული უფალი აცვეს ჯვარს.
10. "არამედ შენ, უფალო, მიწყალე მე, აღმადგინე მე და მე მივაგო მათ" - ამ სიტყვებს მაცხოვარი, როგორც კაცი, ისე აღავლენს მამის მიმართ: უფალო, შენ შემეწევი, აღმადგენ მკვდრეთით და მე მივაგო მათ სამაგიერო - არა ბოროტებით, არამედ სიკეთით გადავუხადო ადამიანებსო. ის, რომ ადამიანებმა ჯვარს აცვეს მაცხოვარი, იყო არა კაცობრიობის დასასრული, არამედ სწორედ ჯვარცმამ გამოიხსნა ადამიანები. ადამიანებმა ბოროტი მიუზღეს უფალს, უფალმა კი სამარადისო სიკეთე მიაგო მათ.
11. "ამით ვცან, რამეთუ მინებე მე, რამეთუ არა უხაროდის მტერსა ჩემ ზედა" - მაცხოვარმა მშვენივრად უწყოდა, რომ განკაცებული ღმერთი იყო, მაგრამ "ამით ვცნო" ანუ გავიგო ადამიანური, კაცობრივი გონებისთვის მისაწვდომად არის ნათქვამი - მე კი არ ვცნო მხოლოდ, ხალხმა ცნოს ჩემით, რომ შენ მომავლინე, შენგან ვარ მოვლენილიო, - ბრძანებს მაცხოვარი დავით წინასწარმეტყველის პირით მამის მიმართ; "რამეთუ არა უხაროდის მტერსა ჩემ ზედა" - "მტერს" - დაცემულ სულებს არ გაუხარდებოდათ. მათი მწუხარება სწორედ ის იყო, როდესაც მაცხოვარი ჯვარს ეცვა, განხეთქა ჯოჯოხეთის ბჭენი და გამოიხსნა მართალთა სულები, მომავალ, ახალი აღთქმის კაცობრიობას კი სასუფევლისკენ მიმავალი გზა გაუხსნა; დაცემული ანგელოზების სიხარული იქნებოდა ის, რომ არ აღსრულებულიყო მხსნელი მისია, რაც განკაცებულ მაცხოვარს ჰქონდა - კაცობრიობის გამოხსნა.
12. "ხოლო მე უბიწოებითა ჩემითა შემიწყალე და დამამტკიცე მე შენ წინაშე უკუნისამდე" - ფსალმუნის ამ მუხლით დავით წინასწარმტყველი მიმართავს უფალს - ჩემი უბიწოებით შემიწყალე და დამამტკიცე შენ თანაო. დავითის უამრავი ფსალმუნიდან და მისი ცხოვრებიდან ვიცით, რომ იგი სინანულში იყო თავისი მძიმე ცოდვის გამო, აღიარებდა, რომ ცოდვილი იყო, მაგრამ რას ნიშნავს "ჩემი უბიწოებით შემიწყალე"? რატომ უწოდებს დავითი თავის თავს უბიწოს? - ადამიანმა შეიძლება ღვთის წინაშე შეგნებულად ჩაიდინოს ცოდვა, ასევე არსებობს კაცობრივი უძლურებით ჩადენილი ცოდვა. როდესაც კაცობრივი უძლურებით გვიხდება ცოდვის ჩადენა და ამის გამო სინანული გვაქვს, ასეთი კაცი ღვთის წინაშე უბიწოდ ცხოვრობს. სწორედ ამგვარი მდგომარეობა იგულისხმება დავითის წარმოთქმულ სიტყვებში - "უბიწოებითა ჩემითა შემიწყნარე მე" - ჩემი კაცობრივი უძლურების გამო ჩადენილი ცოდვები მომიტევე, ჩემი გონებრივი უბიწოებით შემიწყნარე, რადგან შეგნებულად არასოდეს წავსულვარ ღვთის წინააღმდეგ და შენს სიყვარულში დამამტკიცე უკუნისამდეო.
13. "კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი ამიერითგან და უკუნისამდე! იყავნ! იყავნ!" - კურთხეულია ღმერთი ისრაელისა, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. მისი ქება სამარადისოდ იქნება როგორც ზეცაში, ასევე კაცთა მიერ, რომლებიც უფალს აღიარებენ და სასუფეველს დაიმკვიდრებენ. ფსალმუნის ამ მუხლის ბოლო ორი სიტყვა: "იყავნ! იყავნ! - ნიშნავს - ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად! ეს სიტყვები უფრო განამტკიცებს და ზეაღმატებულს ხდის იმ აზრს, რასაც დავით წინასწარმეტყველი ამ ფსალმუნში გადმოგვცემს.
P.S. ფსალმუნი არის წინასწარმეტყველება მაცხოვრის განკაცების, ჯვარცმისა და აღდგომის შესახებ. ასევე, ვკითხულობთ რა ამ ფსალმუნს, დავით წინასწარმტყველის მსგავსად, ვაღიარებთ ყველაფერს, რაც უფალმა აღასრულა კაცობრიობის ხსნისთვის. ვაღიარებთ იმასაც, რომ არა ვართ თანაზიარნი იმ საქმეებისა, რაც იუდეველებმა ქმნეს. ველით და გვაქვს იმედი უფლის შეწევნისა და სამარადისო სასუფეველში დამკვიდრებისა.