არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
ფსალმუნთა განმარტება
1. "ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა განმავრცე მე, მიწყალე მე და ისმინე ლოცვისა ჩემისაი" - მარტო სიტყვა კი არ ესმის ღმერთს ჩვენი, მხოლოდ ლოცვა კი არ შეიწირება, არამედ მართალი საქმეებით განმტკიცებული ვედრება. "სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არსო", - გვეუბნება იაკობ მოციქული. თუ ადამიანი მართალი ცხოვრებით არ ცხოვრობს, მის ხადილს უფალი არ შეისმენს. დავითი კი გვეუბნება, ღმერთს იმის გამო ესმა ჩემი თხოვნა, რომ სიმართლით ვცხოვრობდი, სიმართლეს ვაკეთებდიო.
"ჭირსა ჩემსა განმავრცე მე" - აქ დავითი იმას კი არ გვეუბნება, ჭირი მომაცილა უფალმაო, არამედ "ჭირსა შინა" გამაძლიერაო. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ჭირი ადამიანს სულს განუსპეტაკებს, ლხინი, დალხინება კი უბნელებს. სწორედ ამას ღაღადებს დავით მეფსალმუნეც და ბოლოს უფალს შესთხოვს - შემიწყალე და ჩემი ლოცვა ისმინეო.
2. "ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულფიცხელ ხართ? რად გიყუარს ამაოებაი და ეძიებთ სიცრუვესა?" - დავითი მიმართავს ადამიანებს - ადამის ძენო, როდემდე იქნებით გულფიცხელნი და არ აღასრულებთ ღვთის მცნებებს, როდემდე არ იცხოვრებთ ღვთივსათნოდ?! რატომ გიყვართ ამაოება, ამქვეყნიური სიამენი? როდემდე უნდა იყოთ ამ სიცრუეში, როდემდე უნდა ეძიოთ სიცრუე - ამქვეყნიური სიამენი, ყველაფერი, რასაც კაცი მიწიერებისთვის აკეთებს? ამაოება ადამიანს აცილებს უფალს.
3. "და გულისხმა-ყავთ, რამეთუ საკვირველ ყო უფალმან წმიდაი თვისი; უფალსა შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ" - გაიგეთ და იფიქრეთ იმაზე, რაოდენ საკვირველ ყოფს, საკვირველად უვლის, პატრონობს უფალი თავის წმინდანებს, იმ ადამიანებს, რომლებიც წმინდად აღასრულებენ ღვთის მცნებებს, ღვთივსათნოდ ცხოვრობენ. შესაძლოა, ღვთივსათნო ცხოვრებისთვის ადამიანმა ამქვეყნად არ მიიღოს ჯილდო, მაგრამ ასეთნი არც არიან ამის მოსურნენი, რადგან ღვთივსათნოდ ცხოვრობენ არა ამქვეყნიურისთვის, არამედ მარადიულობისთვის, რათა საიქიოში მიიღონ საზღაური. ბოლოს კი მიმართავს უფალს: შეისმინე ჩემი სათხოვარიო.
4. "განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ, რაი სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ" - შესაძლოა, განრისხდეთ გონებით, გულში, მაგრამ იმას, რასაც განრისხების დროს ფიქრობთ, ნუ გამოხატავთ სიტყვითა და ქმედებით. "გულსა შინა" განრისხებულნი, გულში რომ სცოდავთ, "სარეცელსა ზედა თქვენსა შეინანეთ". ვიდრე ადგებით და ადამიანებს შეხვდებით, მანამ შეინანეთ, რომ მრისხანება მათზე არ გადმოანთხიოთ და უფრო დიდ ცოდვაში არ ჩავარდეთ. დავითი იცნობს ადამიანის ბუნებას - კაცი სუსტია და შესაძლოა განრისხდეს, ამიტომ იმას კი არ გვეუბნება, საერთოდ ნუ განრისხდებითო, არამედ განრისხებას ნუ გამოხატავთ, შეინანეთ და გულში ჩაიკალით მრისხანებაო.
5. "შესწირეთ მსხვერპლი სიმართლისაი და ესავდით უფალსა" - ვიცით, რომ ფსალმუნები იწერებოდა ძველი აღთქმის პერიოდში, როცა სისხლიანი მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა, მაგრამ აქ სისხლიან მსხვერპლზე არ არის ლაპარაკი; დავითი მოგვიწოდებს, სიმართლის - ღვთისმსახურებითი ცხოვრების მსხვერპლი შევწიროთ უფალს.
6. "მრავალთა თქვან: ვინ გვიჩვენოს ჩუენ კეთილი? გამოჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისაი, უფალო" - მრავალი იკითხავს, ვინ გვიჩვენოს, ვინ მოგვცეს ჩვენ კეთილიო. და ამას იკითხავენ გულფიცხ ადამიანებზე, ისეთებზე, რომელთა შესახებაც ამ ფსალმუნის მეოთხე მუხლში ვისაუბრეთ. მივყვეთ ფსალმუნის სიტყვებს: "გამოჩნდა ჩვენზედა ნათელი პირისა შენისაი, უფალო" - აი, ვინ გვიჩვენებს ჩვენ - ადამიანებს კეთილს. წმინდა მამები ბრძანებენ, რომ "ნათელი პირისა" განკაცებული უფალია. წმინდა მამები მაცხოვარს მზესაც ადარებენ, რამეთუ თავისი ამქვეყნად მოსვლით ადამიანებს ნათელი მოჰფინა. სახარებაშიც წერია: "იხილა ნათელი დიდი" - ღვთის განკაცებით ადამიანებმა დიდი ნათელი იხილეს. სწორედ ამ ნათელზე საუბრობს მეფსალმუნე. დავითი ბრძანებს - როდესაც ჩვენზე ეს ნათელი გამოჩნდება, როცა უფალი განკაცდება, ის გვიჩვენებს კეთილს, ამ დროს ვიხილავთ იმ სიკეთეებს, უფალს ადამიანებისთვის რომ აქვს მოცემულიო.
7. "მოეც სიხარული გულსა ჩემსა, ნაყოფისაგან იფქლისა და ღვინისა და ზეთისა მათისა განმრავლდეს" - აქ უნდა ვიგულისხმოთ ზიარების წინასახე. ზიარებისთვის გამოიყენება ღვინო და პური (იფქლისგან გამომცხვარი), რომლებიც ზიარების საიდუმლოს აღსრულებისას ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად გარდაიქმნება. "ნაყოფისაგან იფქლისა და ღვინისა" - ზიარებისგან მიეცემა სიხარული ადამიანის გულს. სწორედ ზიარებაა ჭეშმარიტი სიხარულის მომცემი.
მივყვეთ ფსალმუნს. "ზეთისა მათისა განმრავლდეს" - ყველა ცოდვა სულიერი წყლულია. როგორც ზეთი ალბობს ხორციელ წყლულებს, კურნავს და ამშვიდებს, ასევე უამებს ადამიანს სულს და კურნავს სულიერი წყლულებისგან ზიარება - უფლის სისხლისა და ხორცის მიღება.
8. "მშვიდობით მას ზედა დავწვე და დავიძინო, რამეთუ შენ უფალმან მხოლოი სასოებით დამამკვიდრე მე" - შენი იმედით მშვიდად დავწვე და დავიძინო, უფალო, რამეთუ შენი სასოებით მყოფს არ მეშინია ძილის დროს ხორციელ თუ სულიერ მტერთა თავდასხმისაც კი.