არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
ფსალმუნთა განმარტება
1. "ნუ გშურნ უკეთურთაი, ნუცა გშურნ მათი, რომელნი იქმან უშჯულოებასა" - დავით წინასწარმეტყველის პირით უფალი მოგვიწოდებს: ნუ გშურთ იმ ადამიანებისა, რომლებიც უკეთურებასა და უსჯულოებაში არიანო. შესაძლოა, ასეთნი მიწიერი თვალსაზრისით მდიდარნი, წარმატებულნი იყვნენ, მაგრამ მაინც ნუ შეგშურდებათ მათიო, - გვაუწყებს უფალი.
2. "რამეთუ ვითარცა თივაი მსთუად განხმენ და ვითარცა მხალი მწუანვილისაი ადრე დამოცვენ" - გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი: რატომ არ უნდა გვშურდეს უშჯულოებაში მყოფი ადამიანებისა? - რადგან როგორც ბალახი სწრაფად გახმება და თივად იქცევა, როდესაც მისი გახმობის დრო მოვა და როგორც ფოთლები შემოდგომის დადგომისთანავე ჩამცვივდება, ასევე იქნება მათი ცხოვრებაც. მათი მიწიერი კეთილდღეობა დროებითია, ისევე როგორც სიმწვანეა გაზაფხულზე და ზაფხულში, შემოდგომის დადგომამდე.
3. "ესევდ უფალსა და ყავ სიტკბოებაი, დაემკვიდრე ქუეყანასა და დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა" - შენ კი უფლის იმედი გქოდეს, აკეთე სიტკბოება - კეთილი საქმეები ქმენი და "ქვეყანას დაიმკვიდრებ" - შენ უფრო დიდხანს იქნები ამქვეყნად, ვიდრე ის უსჯულო, რომელიც თითქოს მდიდარია და მიწიერი კეთილდღეობა აქვს. "ქვეყანაში" საუკუნო სამკვიდრებელი, ზეციური სასუფეველიც იგულისხმება. ფსალმუნის ბოლო სიტყვებით დავითი ბრძანებს: შესაძლოა, არ გქონდეს ამქვეყნიური სიმდიდრე, მაგრამ თუ უსჯულო კაცის არ შეგშურდება და კეთილს იქმ, საღვთო სიმდიდრით გამდიდრდებიო.
4. "იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაი გულისა შენისაი" - უფალს იყავი მინდობილი, ღვთისკენ იყოს მიმართული შენი ცხოვრება და უფალი ყველაფერს მოგცემს, რასაც გულში ითხოვ. რა თქმა უნდა, თუკი ჩვენი სათხოვარი არ ავნებს სხვა ადამიანს და არც თვითონ ჩვენ.
5. "განაცხადე უფლისა მიმართ გზაი შენი და ესევდ მას და მან ყოს" - ღვთის წინაშე განაცხადე შენი გზა - შენი ცხოვრებით, ქმედებით აღიარე, რომ ღვთის მცნებებით ცხოვრობ, ღვთის გზაზე დადიხარ და მისი იმედი გაქვს და უფალი ყველაფერს აგისრულებს, რაც შენთვის საჭირო და უცილებელია.
6. "და გამოაბრწყინოს ვითარცა ნათელი სიმართლე შენი და განკითხვაი შენი - ვითარცა დღე შუაი" - შენი სიმართლე, შენი ქმნილი კეთილი საქმეები, ვითარცა ნათელი, ისე გამობრწყინდესო. სახარებაში უფალი ბრძანებს: "არცა აღანთიან სანთელი და დადგიან მღვიმესა ქვეშე" - როგორც არ უნდა მალოს ადამიანმა კეთილი საქმე, მაინც განცხადდება კაცთა წინაშე, მაგრამ თუ თვითონ ადამიანი ცდილობს თავისი კეთილი საქმეების განცხადებას, წარმოჩინებას, მაშინ მისი საქმეები ისე ჩანს ღვთის წინაშე, როგორც ჭიის მიერ გამოჭმული ფოთოლი. შენი განკითხვა, შენი განსჯა, შენი აზრები შუადღესავით იყოს განცხადებული, თუკი სიკეთისკენ იქნება მიმართულიო.
7. "დაემორჩილე უფალსა და დაემონე მას და ნუ გშურნ მისი, რომელი წარმართებულ იყოს გზასა მისსა კაცისა თანა, რომელი იქმოდის უშჯულოებასა" - უფალს დაემორჩილე, მას დაემონე, ღვთის მცნებების აღმსრულებელი იყავი. ეს უნდა მოხდეს ჩვენი ნებით, რადგან ღვთის წყალობას სწორედ ის მოიპოვებს, ვინც ნებაყოფლობით ასრულებს ამას. უფალი არავის აიძულებს ღვთის მცნებების აღსრულებას. უფალს შეეძლო, ადამიანებისთვის არ მიეცა საშუალება, რომ შეეცოდათ, მაგრამ ამგვარად ადამიანი თავისუფალი ნების მქონე არსება აღარ იქნებოდა. მათი კი ნუ გშურს, ვინც უსჯულოებას იქმს - ღვთისკენ კი არა, ღვთის საწინააღმდეგოდ მოდისო, - კიდევ ერთხელ გვაუწყებს ფსალმუნი.
8. "დასცხერ რისხვისაგან და დაუტევე გულისწყრომაი და ნუ ეშურები, რაითამცა უკეთურებდი" - რისხვა ნუ იქნება შენში. თუ ვინმე კაცთაგანი შეურაცხგყოფს, ნუ განრისხდები, დაცხრი რისხვისგან, განიშორე იგი. გულისწყრომა მოიშორე და ნუ მოინდომებ, სამაგიერო დაგაუხადო მაწყინართ. ამგვარად მოიქეცი, რომ არ უკეთურებდე. თუკი რისხვა შეგიპყრობს და სამაგიეროს მიზღვას განიზრახავ, შენც უკეთური იქნები.
9. "რამეთუ უკეთურნი ადრე მოისრნენ, ხოლო რომელთა დაუთმონ უფალსა, მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა" - უკეთურნი სწრაფად მოისრებიან, აქვე, ამ ქვეყანაზევე მოხდება ეს და მართალნი შეხედავენ მათ მოსვრას. ისინი თავიანთი უკეთურების გამო ამქვეყნიურ სიამეებსაც კი დააკლდებიან, რომლებიც უკეთურებით ჰქონდათ მოპოვებული. ხოლო ვინც უფალს დაუთმობს, ვინც ღვთის მცნებებს აღასრულებს, თავის ნებაზე მაღლა უფლის ნებას დააყენებს და თავის ნებას ღვთის ნებას დაუმორჩილებს, დაიმკვიდრებს ქვეყანას, მარადიულ სასუფეველს.
10. "და წუთღა, და არა იყოს უღმრთოი და ეძიებდე ადგილსა მისსა და არა ჰპოვო" - შეიძლება უღმრთო იყოს განდიდებული, მაგრამ გავა დრო და ის ადგილიც კი აღიხოცება, სადაც ის ცხოვრობდა, ამ ადგილსაც ვეღარ მიაგნებ, რადგან აღარაფერი დარჩება მისგან.
11. "ხოლო მშვიდთა დაიმკვიდრონ ქუეყანაი და იშუებდენ მრავლითა მშვიდობითა" - თუ შენ მშვიდი იქნები, სიმშვიდით შეხვდები და მიიღებ ყოველივეს, რასაც გარესამყარო გვიმზადებს, "ქვეყანას დაიმკვიდრებ" - დარჩები დროებით ამქვეყნად, გარდაცვალების შემდეგ კი მარადიულად დაივანებ ღვთის სამკვიდრებელში, იმ ქვეყანაში, სადაც არ არის არავითარი ბოროტება, მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიკეთეა. მრავალი მშვიდობა სწორედ იქ არის, სადაც თავის სახიერებას ყველაზე მეტად განაცხადებს უფალი - ზეციურ სასუფეველში.
12. "უმზირინ ცოდვილი მართალსა და დაიღრჭინნის მის ზედა კბილნი მისნი" - ცოდვილებში იგულისხმებიან დაცემული ანგელოზები, რომლებიც განუწყვეტლივ დაძრწიან მართალი ადამიანების გარშემო და თუკი მართალნი ღვთის მცნებებს უფრო და უფრო მეტად აღასრულებენ და თავიანთ ნებას მეტად და მეტად უმორჩილებენ ღვთის ნებას, კბილებს აღრჭენენ. ამის გარდა აღარაფერი რჩებათ, რადგან ხელმწიფება აღარ აქვთ ასეთ ადამიანებზე, მათ ვეღარაფერს ვნებენ. "კბილთა ღრჭენით" მხოლოდ თავიანთ გულისწყრომას გამოხატავენ.
13. "ხოლო უფალი ეცინინ მას, რამეთუ წინასწარ ხედავს, რამეთუ მოახს დღე მისი" - უფალმა წინდაწინ უწყის, რომ მათი დღე მოახლოებულია და სამარადჟამო ტანჯვისთვის არიან გამზადებული - დაცემული ანგელოზები და ის ადამიანებიც, ვინც ეშმაკის საქმეებს აღასრულებს. შეიძლება ადამიანმა სცოდოს, მაგრამ ეს იყოს მისი უძლურებიდან გამომდინარე. ხოლო ვინც შეგნებულად სცოდავს, უსჯულოებას იმის გამო სჩადის, რომ ღვთის წინააღმდეგია. ასეთნი ერთიანდებიან დაცემულ ანგელოზთან. სწორედ ამგვარი ცოდვილების შესახებაა საუბარი ფსალმუნის ამ მუხლში.
14. "მახვილი იხადეს ცოდვილთა და გარდააცუეს მშვილდსა მათსა დაცემად გლახაკისა და დავრდომილისა და მოკლვად მათდა, რომელნი წრფელ არიან გულითა"- ცოდვილებში ისევ და ისევ დაცემული ანგელოზები იგულისხმებიან, გლახაკებში კი ძველი აღთქმის კაცობრიობა. როდესაც თითქოსდა ხსნა არსაიდან ჩანდა, კაცობრიობა დაგლახაკებული იყო ბოროტის ხელმწიფების ქვეშ. ბოროტი იზრახავდა, რომ მთლიანად გაენადგურებინა კაცობრიობა - არ დარჩენილიყო არც ერთი ღვთის მადიდებელი ადამიანი. საზოგადოდ, ეს არის მათი მთავარი მიზანი.
15. "მახვილი მათი განეწონენ გულსა მათსა, და მშვილდი მათი შეიმუსრენ" - მაგრამ მათი მახვილი მათივე გულს მოხვდა და მათი მშვილდი მოისრა - დაცემული ანგელოზის საქმეები მაცხოვრის მოსვლით განქარვდა. რა განზრახვაც ჰქონდათ, თითქოსდა ამ განზრახვის ბოლომდე მიყვანას ცდილობდნენ, მაგრამ არა მარტო დედამიწაზე ვერ აღასრულეს, არამედ თავად ჯოჯოხეთში, ეშმაკის მფლობელობის ქვეშ მყოფი მართალთა სულებიც კი გამოიხსნა მაცხოვარმა თავისი ჯვარცმით.
16. "შჯობს მცირედი მართლისაი, ვიდრეღა - არა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა" - ჯობია, მცირედი გქონდეთ და მართალნი იყოთ, რადგან ეს მცირედი გაცილებით დიდია, ვიდრე უსჯულოებაში მყოფი ადამიანის მრავალი, უსჯულოებით მოპოვებული სიმდიდრე. არა მარტო სულიერად, უსჯულოებითა და ბოროტებით მოპოვებული სიმდიდრე მატერიალურადაც ნაკლებად წაადგება ადამიანს, ნაკლებად გამოიყენებს, სულიერად კი დაღუპავს, წარწყმედს.
17. "რამეთუ მკლავნი ცოდვილთანი შეიმუსრნენ, ხოლო განამტკიცნის მართალნი უფალმან" - მართალთ განამტკიცებს უფალი, ცოდვილის მკლავი კი შეიმუსრება: ვინც ცოდვით მოიპოვებს სიმდიდრეს, შეიმუსრება მისი მკლავი და ეს სიმდიდრე განქარდება, ვეღარ შეძლებს უკვე მის დაცვას. იქ, სადაც ღვთის მფარველობა არ არის, ადამიანს არ შეუძლია საკუთარი ძალით თავის დაცვა. ამიტომ უსჯულოებით მოპოვებული სიმდიდრე დროებითია.
18. "იცნის უფალმან გზანი უბიწოთანი, და მკვიდრობაი მათი უკუნისამდე ეგოს" - უბიწო ადამიანში იგულისხმება უცოდველი ადამიანი. უცოდველი კაცი არ არსებობს, მაგრამ უბიწო, უცოდველი ისეთ მდგომარეობას ვუწოდოთ, როდესაც ადამიანი შეგნებულად არ სცოდავს. თუკი უძლურების გამო ან შემთხვევით ჩაიდენს ცოდვას, მსწრაფლ სინანულში ჩავარდება ცოდვის გამო. სანაცვლოდ კი აღიხოცება, მიეტევება ცოდვები და უბიწოა უკვე ღვთის წინაშე. ასეთი ადამიანის ყოველი გზა, ყოველი აზრი, ყოველი ქმედება უწყის უფალმა და უკუნისამდე, სამარადჟამოდ იქნება მათი მყოფობა უფალთან.
19. "არა სირცხვილეულ იქმნენ იგინი ჟამსა ბოროტსა და დღეთა სიყმილისათა განძღენ" - მართალი, უბიწო ადამიანი "ბოროტ ჟამს" - განსაცდელის დროს - შიშილობისა და ყოველგვარი უბედურებისას იქნება დაცული უფლისგან. როდესაც უსჯულოები იქნებიან განსაცდელში, ღვთის წინაშე მართალ ადამიანს უფალი მიანიჭებს "არსობის პურს" - ამქვეყნიურ საჭიროებებს მისცემს, არათუ სირცხვილეული, შერცხვენილი, პირიქით, გამოჩინებული იქნება როგორც ღვთის მცნებების აღმსრულებელი.
20. "რამეთუ ცოდვილნი წარწყმდენ, ხოლო მტერნი უფლისანი დიდებასა ოდენ მათსა და ამაღლებასა მოაკლდენ და ვითარცა კუამლი განქარდენ" - რამეთუ ცოდვილები წარწყმდებიან - დაიღუპებიან, ხოლო ღვთის მტერნი, დაცემული ანგელოზები თავიანთ დიდებას მოაკლდებიან და გაქრებიან. როდესაც უფალი თავისი დიდებით, ძლიერებით მოვა, ბოროტება განქარდება. ბოროტ ანგელოზებს აღარ ექნებათ უფლება არა მარტო ადამიანებზე, არამედ თავის თავზეც კი, როდესაც საუკუნო წყვდიადში დაინთქმებიან. იქ იმათზე მეტად დაიტანჯებიან, ვინც აცდუნეს და სატანჯველში ჩაიყოლიეს.
21. "ივასხის ცოდვილმან და არა მიაგის, ხოლო მართალსა ეწყალინ და მისცის" - წყალობა ცოდვილსაც მიეცემა. უფალი წყალობას ყველას აძლევს. უფალს ყველა ადამიანი ერთნაირად უყვარს, მაგრამ ცოდვილი ღვთისგან მიცემულს ღვთისგან ბოძებულად არ აღიარებს და სანაცვლოდ მადლობას არ სწირავს უფალს. მართალს კი ყველა ეწყალება, ყველას უნაწილებს იქიდან, რასაც უფალი აძლევს, ე.ი. მართალი კაცი არ არჩევს ბოროტსა და კეთილს, ერთნაირად ებრალება გასაჭირში ჩავარდნილი და ერთნაირად გასცემს ღვთისგან ბოძებული სიმდიდრიდან მოწყალებას კეთილზეც და ბოროტზეც.
22. "რამეთუ მაკურთხებელთა მისთა დაიმკვიდრონ ქვეყანაი, ხოლო მწყევარნი მისნი მოისრნენ" - უფალი დავითის პირით გვაუწყებს: ღვთის მადიდებელი მასთან დაიმკვიდრებს საუკუნოდ, ღვთის მაწყევარნი კი განქარდებიან - მოისრებიან და განადგურდებიან. "მაწყევარნი" არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით; "მაწყევარში" იგულისხმებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ღვთის წინაღმდგომნი, ღვთის მცნებების წინააღმდგომნი არიან შეგნებულად.
23. "უფლისა მიერ წარმართების სლვაი კაცისაი, და დაიმუსროს, რამეთუ უფალი განამტკიცებს ხელსა მისსა" - ყველა კაცის სვლა ღვთისგან წარემართების, განსაკუთრებით მათი, ვისაც თავად ნებავს, რომ უფალმა გზა წარუმართოს.
24. "რაჟამს დაეცეს, არა დაიმუსროს, რამეთუ უფალი განამტკიცებს ხელსა მისსა" - როდესაც ასეთი კაცი დაეცემა, მას მსწრაფლვე წამოაყენებს უფალი - ცოდვის ჩადენის შემდეგ მალევე ჩავარდება სინანულში, არც კი შეეტყობა, რომ დაცემული იყო, ისე გააგრძელებს ღვთის გზაზე სვლას.
25. "ყრმა ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა" - დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: ყრმა - ახალგაზრდა ვიყავ და უკვე დავბერდი, მაგრამ არასოდეს მინახავს, რომ მართალი კაცი ღვთისგან ყოფილიყოს მიტოვებული, ან მართლის შთამომავლობას პურის სათხოვნელად ჰქონოდეს საქმე. უფალი ყოველთვის მიაგებს სიკეთეს ასეთ ადამიანებსო.
26. "მარადღე სწყალობს და ავასხებს მართალი, და ნათესავი მისი კურთხეულ იყოს" - მართალი კაცი ყოველთვის გასცემს წყალობას და სესხს ისე, რომ სამაგიეროს არ ელის. ვინც ამგვარად ცხოვრობს, არასოდეს დააკლდება ღვთის წყალობა და კურთხევა არც მას და არც მის შთამომავლობას.
27. "მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი და დაემკვიდრე უკუნითი უკუნისამდე" - ფსალმუნის ამ მუხლში უფალი დავით წინასწარმეტყველის პირით მოგვიწოდებს: მოიქეცი ბოროტისაგან, ნუ იქმ ცოდვას, სიკეთე ქმენი და დაიმკვიდრებ ქვეყანას, უფალთან სამარადისო მყოფობას ზეციურ იერუსალიმში.
28. "რამეთუ უფალსა უყუარს მშჯავრი და არა დასთხინეს ღირსნი მისნი, უკუნისამდე დაიცვნენ იგინი; ხოლო უშჯულონი იდევნნენ და თესლი უღმრთოთაი მოისრას" - მსჯავრში ის კი არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ მსჯავრდება უყვარს უფალს; უფალს უყვარს განსჯა. წმინდა ისააკ ასური ბრძანებს, უფალი სამართლიანი არ არისო. ერთი შეხედვით, ეს სიტყვები შეგვაძრწუნებს კიდეც. როგორ შეიძლება, უფალს უსამართლო ვუწოდოთ? მაგრამ მივყვეთ წმინდა მამის განმარტებას. უფალი არის მრავალმოწყალე. თუ უფალი თითოეულს მისი საქმებისამებრ მიაგებს, ვერც ერთი კაცი ვერ გადარჩება. ადამიანს არ შეუძლია თავისი საქმეებით მოიპოვოს ცხონება, ეს მხოლოდ ღვთის წყალობითაა შესაძლებელი და უფლის მსჯავრი სწორედ ისეთია, როგორიც ფსალმუნის ამ მუხლში დავით წინასწარმეტყველი გვაუწყებს: არასოდეს დატოვებს იმ ადამიანებს, რომლებიც მას ადიდებენ. შესაძლოა ასეთი ადამიანები ცოდვებში ვარდებოდნენ, მაგრამ როდესაც სინანული უჩნდებათ, მაშინვე თავისკენ მოუწოდებს, არ ტოვებს, საუკუნოდ იცავს. უსჯულოებს კი დევნის და მათი თესლი განადგურდება. უსჯულოში ისევ და ისევ ის ადამიანები იგულისხმებიან, რომლებიც შეგნებულად სცოდავენ, შეგნებულად სჩადიან ღვთის საწინააღმდეგო საქმეებს და ცოდვების გამო სინანულს არ განიცდიან.
29. "ხოლო მართალთა დაიმკვიდრონ ქვეყანაი და დაემკვიდრნენ უკუნითი-უკუნისამდე მას ზედა" - მართლებმა კი დაიმკვიდრონ ქვეყანა. ქვეყანაში უპირველესად იგულისხმება ზეციური სასუფეველი, ზეციური იერუსალიმი, ახალი ქვეყანა, რომელიც მეორედ მოსვლის შემდეგ იქნება უკუნითი უკუნისამდე - სამარადისოდ. უდროობაში იქნებიან მართლები დამკვიდრებულნი ზეციურ იერუსალიმში.
30. "პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე და ენაი მისი იტყოდის მშჯავრსა" - მართალი ადამიანების პირიდან სიბრძნე გამოდის, მათი ენიდან კი განსჯა - მათი განსჯა ისეთივეა, როგორიც საღვთო განსჯა - ცოდვილსაც კი არ განსჯის და არ წირავს საუკუნო წარწყმედისთვის.
31. "შჯული ღმრთისა მისისაი არს გულსა შინა მისსა და არა შეუბრკუმენ სვლანი მისნი" - ასეთი მართალი ადამიანების გულში ღვთის სჯულია დამკვიდრებული. უფლისკენ სვლა არასოდეს დაბრკოლდება: მათ გულში უფალია და უფლამდე მივლენ და მასთან დაიმკვიდრებენ სამარადჟამოდ, ვერაფერი დააბრკოლებს მათ ამ გზაზე სვლისასო.
32. "ხედავნ ცოდვილი მართალსა და ეძიებნ მას, რაითამცა მოკლა იგი" - ცოდვილში აქ ისევ და ისევ დაცემული ანგელოზი იგულისხმება. დავითი ფსალმუნის ამ მუხლში ბრძანებს: დაცემული ანგელოზი ეზებს მართალს, რათა მოკლას იგიო. მოკლას არა ფიზიკურად, არამედ სულიერად - მოაცილოს უფალს და ღვთისკენ სავალი გზის ნაცვლად თავისკენ, ჯოჯოხეთისკენ მავალ გზაზე დააყენოს.
33. "ხოლო უფალმან არა დაუტეოს იგი ხელთა მისთა, არცა დასაჯოს იგი, რაჟამს განიკითხვიდეს მას" - მაგრამ ღმერთი არ დატოვებს მართალს ბოროტის ხელში და არც დასჯის განკითხვის დროს. შესაძლოა, ასეთი ადამიანი ჩავარდეს ცოდვაში, მაგრამ შემობრუნდება რა უფლისკენ - სინანული ექნება, არ დატოვებს მას უფალი და საყოველთაო განსჯის, მეორედ მოსვლის დროს მიუტევებს და აცხონებს.
34. "დაუთმე უფალსა და დაიცევ გზაი მისი და აღგამაღლოს შენ დამკვიდრებად ქუეყანისა, და მოსვრაი ცოდვილთაი იხილო" - შენი ნება დაუთმე, დაუმორჩილე უფლის ნებას, ღვთის გზაზე იარე, მისი მცნებები დაიცავი და უფალი აღგამაღლებს ამ ქვეყნიდან - ამქვეყნიური ამაოებებიდან. შენი თვალით იხილავ ცოდვილთა განადგურებას.
35. "ვიხილე მე უღმრთოი უფროის ამაღლებული და აღმატებული ვიდრე ნაძუთამდე ლიბანისათა" - ლიბანი ყოველთვის ნაძვთა სიმრავლით იყო გამორჩეული. ლიბანის სახელმწიფო დროშაზეც კი ნაძვია გამოსახული. ნაძვი მათი სახელმწიფო სიმბოლოა. დავითი ფსალმუნის ამ მუხლში ბრძანებს: ლიბანის ნაძვზე მეტად გამრავლებული და ამაღლებული ვნახე უღმერთონიო.
36. "და თანაწარჰხედ და აჰა არა იყო; და ვეძიებდი მას და არა იპოვა ადგილი მისი" - მაგრამ რომ დავუკვირდი, უკვე ვეღარ ვნახე, ვეძებდი და მათი ადგილიც ვეღარ ვიპოვე - მთლიანად განქარდაო. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი უსჯულოება იყო, ბოროტებას მოეცვა მთლიანად ძველაღთქმისეული სამყარო, ყველა ადამიანი გარკვეულწილად დაცემული ანგელოზის ხელმწიფების ქვეშ იმყოფებოდა, მაცხოვრის მოსვლის შემდეგ ეს მდგომარეობა მეყსეულად განქარდა. ვინც მაცხოვრის ჯვარცმის, კაცობრიობის გამოხსნისა და ბოროტის ხელმწიფების დამხობის შემდეგ თავისი ნებით არ უმორჩილებს ბოროტის ნებას თავის თავს, უკვე აღარ შეუძლია ადამიანის იძულებით დამორჩილება.
37. "დაიცევ უმანკოებაი და იხილე სიწრფელე, რამეთუ არს ნეშტი კაცისა მამშვიდებელისაი" - უფალი ფსალმუნის ამ მუხლში დავითის პირით მოგვიწოდებს - უმანკოება დაიცავი, არ ქმნა ცოდვა, წრფელი იყავიო. მართალია, ასეთი ადამიანები მცირედნი იქნებიან, მაგრამ დაიმკვიდრებენ "კაცისა მამშვიდებელისა". ამ სიტყვებში შეიძლება ვიგულისხმოთ თავად განკაცებული მაცხოვარი, რადგან სახარებაში ხშირად "ძე კაცისა" ეწოდება მას. განკაცებულ მაცხოვარს ასევე შეგვიძლია ვუწოდოთ კაცი მამშვიდებელი, რამეთუ მან საუკუნო მშვიდობა მოგვიტანა ადამიანებს - მაცხოვრის მცნებების აღსრულებით შეგვიძლია საუკუნო მშვიდობა დავიმკვიდროთ სასუფეველში.
38. "ხოლო უშჯულონი მოისრნენ ერთბამად, და ნეშტი უღმრთოთაი წარწყმდეს" - ხოლო უსჯულოები ერთიანად მოისრებიან. არა მარტო უღმრთო ადამიანები, უსჯულოება მთლიანად განქარდება მაცხოვრის მოსვლით, მისი ჯვარცმით, მკვდრეთით აღდგომით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის შემდეგ უსჯულოება აღარ არის, მაგრამ, როგორც ვთქვით, ბოროტებას აღარ შეუძლია ადამიანზე იმ ხელმწიფებით ბატონობა, მაცხოვრის მოსვლამდე რომ ჰქონდა, თუ ადამიანი თვითონ, თავისი ნებით არ დაემორჩილება, თავს არ ჩაუგდებს ხელში ბოროტებას.
39. "ხოლო ცხოვრება მართალთაი უფლისა მიერ არს, და მფარველ მათდა არს ჟამსა ჭირისასა" - მართალთა ცხოვრება ყოველთვის უფლის ხელშია და როდესაც მათზე განსაცდელი მოიწევა, კიდევ უფრო მეტად გამომჟღავნება უფლის მფარველობა ღვთისმოყვარე ადამიანების მიმართ.
40. "და შეეწიოს მათ უფალი და იხსნნეს იგინი და განარინნეს იგინი ცოდვილთაგან და აცხოვნნეს იგინი, რამეთუ ესვიდეს მას" - მართალ, მისი მცნებების დამცველ, მისკენ მავალ ადამიანებს უფალი შეეწევა, იხსნის ყოველგვარი განსაცდელისგან, ბოროტს განარიდებს და აცხოვნებს, საუკუნო განსასვენებელს დაუმკვიდრებს სწორედ იმის გამო, რომ ღვთის იმედი ჰქონდათ.
P.S. ფსალმუნი არის მოწოდება კეთილგონიერი ცხოვრებისკენ, ღვთის მადიდებლობისკენ. ასევე უფალი ამ ფსალმუნში გვაუწყებს, რა მოელით მათ, ვინც უშჯულო - ღვთის წინააღმდგომია და იმ ადამიანებსაც, რომლებიც ღვთის მცნებებს უნაკლულოდ აღასრულებენ.