არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
ფსალმუნთა განმარტება
1. "თქუის უსჯულომან ცოდვასა შინა გულსა თვისსა, არა არს შიში ღმრთისაი წინაშე თუალთა მისთა" - როდესაც ცოდვაშია - უსჯულოებაშია კაცი, ფიქრობს - არ არსებობს ღმერთიო და ამის გამო ღვთის შიში არ აქვს. გამოხატულება იმისა, რომ კაცი უსჯულოა, ის არის, რომ ღვთის არ ეშინია.
2. "რამეთუ ზაკვიდა იგი წინაშე მისსა მოპოვნებად უშჯულოებისა თვისისა და სიძულილისა" - ასეთი კაცი არ ფიქრობს, რომ გამოიძიოს და მოიძულოს თავისი ცოდვა, რადგან ზაკვა და უკეთურებაა მის გულშიო.
3. "სიტყუანი პირისა მისისანი - უშჯულოება და ზაკვა, არა ინება მან გულისხმისყოფაი კეთილისაი" - კვლავ გრძელდება წინა მუხლებში დაწყებული აზრი: ასეთი კაცი მხოლოდ უსჯულოებას განიზრახავს და იქმს. სიკეთისკენ არასოდეს მიიდრიკება. ფსალმუნის ეს მუხლები არა მარტო ადამიანების, უფრო მეტად დაცემული ანგელოზების შესახებაა წარმოთქმული, რომლებიც ასე აღძრავენ ადამიანებს. პირველ რიგში, მათშია სრული ზაკვა, კეთილის მოძულება და მათ მორჩილებაში მყოფ ადამიანებს აღძრავენ და აკეთებინებენ უსჯულოებას.
4. "უსჯულოებაი იზრახა საწოლსა ზედა თვისსა, დადგა იგი ყოველსა გზასა არა-კეთილსა და ბოროტი მას არა მოეწყინა" - ძილშიც კი, როდესაც ადამიანი უნდა ისვენებდეს, უსჯულოებაზე ფიქრობს - ვის რა ბოროტი მოუწყოს, ვის სად დაუგოს მახე, ვის რა ავნოს. ბოროტის ქმნა არასოდეს მოეწყინება. პირიქით, სულ უსჯულოების ქმნა სურთ დაცემულ სულებსაც და იმ ადამიანებსაც, რომლებიც მათი ხელმწიფების ქვეშ არიან.
5. "უფალო, ზეცას არს წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი ვიდრე ღრუბელთამდე" - დავითი ფსალმუნის ამ მუხლში ბრძანებს: უფლის წყალობა და ჭეშმარიტება თავისი სისრულით ზეცაშია, როგორც ახლა, ისე ძველი აღთქმის პერიოდშიც, როდესაც დავითმა ფსალმუნები შექმნა, როდესაც დაცემული ანგელოზები ხილულ სამყაროზე გაცილებით მეტად ბატონობდნენ, ვიდრე მაცხოვრის მოსვლისა და ჯვარცმის შემდეგ.
6. "სიმართლენი შენნი ვითარცა მთანი ღმრთისანი და განკითხვანი შენნი უფსკრულ მრავალ კაცთა და საცხოვარსა აცხოვნებ შენ, უფალო" - ღვთის სიმართლე უზარმაზარ მთებს ჰგავს - ყველგან ჩანს, ღვთის განკითხვა, განსჯა კი - მრავალ უფსკრულს. უზარმაზარი უფსკრულები შეუცნობელია, მაგრამ მათი შეცნობა ადამიანს მაინც გაცილებით იოლად შეუძლია, ვიდრე ღვთის განზრახვისა. ფსალმუნის ამ მუხლის ბოლო სიტყვების - "კაცთა და საცხოვარსა აცხოვნებ შენ, უფალო" - განმარტებისას წმინდა მამები გვეუბნებინა, რომ სიტყვაში "კაცნი" იგულისხმება ისრაელის ერი, "საცხოვარში" კი წარმართები, რადგან ისრაელიანებმა იცოდნენ სჯული და ჭეშმარიტი ღმერთი, წარმართებმა კი არ უწყოდნენ და პირუტყვს მიემსგავსებოდნენ. აქ არის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ კაცობრიობის ეს ორი მოდგმა - ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები და წარმართები - გაერთანდებოდა და უფალი აცხოვნებდა განახლებულ სარწმუნოებაში - ქრისტიანობაში.
7. "ვითარცა განამრავლე წყალობაი შენი, ღმერთო, ხოლო ძენი კაცთანი საფარველსა ფრთეთა შენთასა ესვიდენ" - ღვთის წყალობის გამრავლებაში უნდა ვიგულისხმოთ მაცხოვრის მოსვლა დედამიწაზე. უკვე ნებისმიერ ადამიანს, ყველა დაბადებულს შეუძლია ცათა სასუფევლის დამკვიდრება, თუ თვითონ მოინდომებს. "ხოლო ძენი კაცთანი საფარველსა ფრთეთა შენთასა ესვიდენ" - შენს საფარველს განადიდებენ და შენი მფარველობის იმედი აქვთ მაცხოვრის მოსვლის შემდეგ ადამიანებსო, - წინასწარმეტყველურად ბრძანებს დავითი. ვიცით, რომ ახალაღთქმისეულად ყველა ღვთის მადიდებელ ადამიანს ღვთის საფარველის იმედი აქვს.
8. "დაითვრნენ იგინი სიპოხითა სახლისა შენისაითა და ღუარი საშუებელისა შენისაი ასუა მათ" - "დაითვრნენ" - ამ სიტყვაში საღვთო სიყვარულით, საღვთო ნეტარებით დათრობა - ცათა სასუფევლის დამკვიდრება იგულისხმება. სწორედ ამგვარად "დაითვრნენ" ღვთის მადიდებელი ადამიანები. "ღუარი საშუებელისა შენისაი ასუა მათ" - ღვთის საშუებელ ღვარში იგულისხმება ის წყალობა, რომელიც განკაცებულმა მაცხოვარმა მოუტანა ადამიანებს - წმინდა ნათლისღება, წმინდა ზიარება, რითაც ისინი ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებენ.
9. "რამეთუ შენგან არს წყარო ცხოვრებისაი და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩუენ ნათელი" - დავითი უფალს მიმართავს: შენგან არს, უფალო, წყარო ცხოვრებისა და შენი ნათლით ვიხილოთ ნათელიო. ღვთისგან არს ყოველი წყალობა, ყოველი ცხოვრება. წყარო ცხოვრებისა არს თავად მაცხოვარი, რომელიც ადამიანებს ექმნა საუკუნო ცხოვრების წყაროდ. საღმრთო ნათელშიც უნდა ვიგულისხმოთ განკაცებული მაცხოვარი. თავად საღვთო ნათელია მიზეზი იმისა, რომ ჩვენ საღმრთო ნათელი ვიხილოთ.
10. "მოჰფინე წყალობაი შენი, რომელთა გიციან შენ, და სიმართლე შენი წრფელთა გულითა" - შენი წყალობა და სიმართლე წრფელი გულის ადამიანებს მოჰფინე! - შეღაღადებს დავითი უფალს. აქ ერთგვარი დაპირისპირებაა წრფელთა და უსჯულოთა შორის. უსჯულო მარადის მზაკვრობას განიზრახავს, ის ღმერთს ვერ იხილავს. გულით წრფელთ კი თავის სიმართლესა და წყალობას მისცემს უფალი სამარადისოდ.
11. "ნუ მოვალნ ჩემ ზედა ფერხი ამპარტავანებისა და ხელი ცოდვილისაი ნუ შემძრავნ მე" - ნუ მისცემ უფლებას ბოროტ სულს, ამპარტავნების ცოდვით მომიცვას. მომეცი ძალა, არ დავემორჩილო, წინ აღვუდგე ბოროტის ზრახვებს, რათა არ ჩავვარდე ცოდვებშიო, - შესთხოვს დავითი უფალს.
12. "მუნ დაეცნეს ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი; განვარდენ და ვერღარა უძლონ ადგომად" - როდესაც შენი ძალით წინ აღვუდგები ყველა ცოდვას, დაეცემიან ბოროტი ანგელოზები, ვეღარ შეძლებენ შემეწინააღმდეგონ, ცოდვებში ჩამაგდონ, რადგან შენი ყოვლისშემძლეობა იქნება ჩემთან დამკვიდრებული. მისით შევძლებ, უფალო, ბოროტი ზრახვების განგდებასო.
P.S. ამ ფსალმუნით უფალი დავით წინასწარმეტყველის პირით განგვიცხადებს, რა სასჯელი ელით უსჯულოებს თვით ამქვეყნად ყოფნის ჟამსაც. უსჯულოს უფალი კი არა, თავისივე ურჯულოება სჯის, თორემ უფალს ყველა ადამიანი, თავისი ყველა ქმნილება - უსჯულოც და ღვთივსთნო არსებაც - ერთნაირად უყვარს. ვისაც ღვთის სასოება აქვს, მისგან უსჯულოება განქარდება. ასეთი ადამიანები უფალთან მყოფობას სამარადჟამოდ დაიმკვიდრებენ და როგორც ფსალმუნშია ნათქვამი - "მისი სახლის სიპოხით იქნებიან მთვრალნი".