არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
ფსალმუნთა განმარტება
1. "საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა" - ფსალმუნის ამ სიტყვების წარმოთქმით დავით წინასწარმეტყველი უფალს მიმართავს: ბრძოდე და დაგვიფარე, უფალო, დაცემული ანგელოზებისგან, რომელთაც ჩვენი სულის დაღუპვა სურთ. სწორედ დაცემული ანგელოზები არიან ჩვენი მავნებელნი, ზიანის მომყენებელნი. ისინი არიან მარადის ადამიანის მბრძოლნი და ადამიანის სულის დაღუპვისთვის მოცადენი.
2. "აღიღე ჭური და ფარი და აღდეგ მწედ ჩემდა" - ჭურში აქ იგულისხმება საჭრისი, ხმალი, მახვილი. დავითი უფალს შეჰღაღადებს: აღიღე, უფალო, მახვილი და ფარი და "აღდეგ მწედ ჩემდა". ისევე როგორც ბრძოლისთვის გამზადებულმა მებრძოლმა მახვილი და ფარი უნდა აიღოს საომრად, ასევე შევთხოვთ უფალს, დაგვიცავი შენი ფარით და მახვილით და შემწე იყავი ჩვენიო.
3. "განფინე მახვილი შენი და შეკრიბე წინაკერძო მდევართა ჩემთაისა; არქუ სულსა ჩემსა: მხსნელი შენი ვარი მე" - შენი მახვილი აღმართე, შენი ყველა მახვილი ჩვენს მდევართა - ბოროტი სულების წინააღმდეგ შეკრიბე. უფლის ძალა, შესაძლებლობები განუსაზღვრელია. სწორედ ამ მიუწვდომელი, განუსაზღვრელი ძალით დაგვიფარე მდევართაგან. ჩვენს სულს კი უთხარი - "შენი მხსნელი ვარო", ე.ი. შენი მოწყალება მიჩვენე, ჩემს გულში აღძარი სასოება, რათა ვირწმუნო, რომ შენ ხარ ჩემი მხსნელი, უფალო.
4. "ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა" - რცხვენოდეს და კდემოდეს - განქარვდეს ამ ქვეყნიდან, ვინც ჩემს, ადამიანის, სულს ეძიებს. ვინ ეძიებს ადამიანის სულს? - დაცემული ანგელოზი. უკუიქცენ ისინი ჩვენგან და სირცხვილეულ იქმნენ. დაცემული ანგელოზი მაშინ იქნება შერცხვენილი, როდესაც ცდილობს ადამიანის სულის წარწყმედას, მაგრამ ღვთის მოიმედე და მსასოებელი კაცი ღვთის შეწევნით იქნება დაცული და ცხონებული და ვერ მოახერხებს მის წარწყმედას.
5. "იქმნენ იგინი, ვითარცა მტუერი წინაშე ქარსა და ანგელოზმან უფლისამან აჭირვენ მათ" - როგორც მტვერია უძლური ქართან, ასევე იყვნენ უძლურნი ბოროტი სულები ადამიანის სულის წარწყმედაში. ღვთის ანგელოზმა, რომელიც იცავს და მფარველობს ადამიანს, აჭირვოს იგინი. ღვთის ანგელოზი მაშინ იფარავს ადამიანს და აჭირვებს მის წინააღმდეგ აღძრულ დაცემულ სულებს, როდესაც თავად ადამიანს სურს უფლის მიერ დაცვა და მას მფარველობას შესთხოვს.
6. "იყვნენ გზანი მათნი მთელ და საცთომელ და ანგელოზმან უფლისამან დევნნეს იგინი" - ხოლო ბოროტი, დაცემული სულების გზები ბნელითაა მოცული, აცდენილია ჭეშმარიტების გზას და უფლის ანგელოზი დევნის ყოველთვის.
7. "რამეთუ ცუდად დამირწყეს მე განსახრწნელი საფრთხისა მათისაი და ამაოდ აყუედრებდეს სულსა ჩემსა" - რის გამო ხდება ეს? იმის გამო, რომ მახეები დამიგეს, საფრთხეები გამიმზადეს, რათა ღვთის გზას ავცდე და განვიხრწნა, მაგრამ თუ უფალი შემეწევა, ამაო იქნება მათი ეს საქმეები და ამაოდ აყვედრებენ ასეთ შემთხვევაში ჩემს სულს, თუკი ღვთის მფარველობით მე მათ მახეებში არ აღმოვჩნდები.
8. "ეწიენ მათ საფრთხე, რომელ არა უწყოდიან, და სანადიროი, რომელ დაარწყუეს, შეიპყრეს იგინი და საფრთხესავე მათსა შეითხინედ" - ფსალმუნის ამ მუხლში შეიძლება ვიგულისხმოთ ისიც, რაც დაცემულმა ანგელოზმა მოუმზადა განკაცებულ მაცხოვარს - რათა ის ჯვარს ეცვა. თვითონ მოუმზადა ჯვარცმა, მაგრამ ის თავადვე ჩავარდა საფრთხეში. მან ისურვა, კაცობრიობის მხსნელი მოეკლა. რა თქმა უნდა, არ იცოდა, რომ ის იყო ჭეშმარიტი ღმერთი, განკაცებული ღმერთი. მოინდომა მისი გადადგურება, მაგრამ თვითონვე ჩავარდა თავისივე მიერ გათხრილ ორმოში და თვითონ იქმნა უკვე შეპყრობილი და განადგურებული.
9. "ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშუებოდეს მაცხოვარებითა მისითა" - ყველა ადამიანის სული იხარებს იმით, რაც მაცხოვარმა ქმნა ჩვენთვის, იმით, რომ განქარდა ბოროტის ხელმწიფება, მისი მაცხოვარებით, განკაცებული ღმერთით იხარებს ჩვენი სული.
10. "ყოველთა ძუალთა ჩემთა თქუან: "უფალო, უფალო, ვინ გემსგავსოს შენ? რამეთუ იხსენ გლახაკნი ხელთაგან უძლიერესთა მისთაისა და გლახაკი და დავრდომილი მიმომტაცებელთაგან მისთა" - ძვალი, საფუძველი - ჩვენი სარწმუნოება იხარებს. ჩვენი სარწმუნოებით ვამბობთ: "უფალო, უფალო, ვინ გემსგავსოს შენ?" - ვინ ემსგავსება იმ მეუფეს, რომელმაც იხსნა ყველა ადამიანი, "გლახაკნი ხელთაგან უძლიერესთა მისთაისა?" ჩვენ ვიცით, რომ პირველქმნილი ცოდვით დაცემის შემდეგ, ძველი აღთქმის პერიოდში ადამიანი დაგლახაკებული იყო სულიერად და ბოროტის ხელმწიფებაში იყო შთავრდომილი. სწორედ ამის შესახებ გვაუწყებს დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნის ამ მუხლში: ეს დაგლახაკებული ადამიანები უძლიერესთაგან იხსენი და დავრდომილი ვინც მიიტაცა, ვის ხელშიც იყო გლახაკი და დავრდომილი კაცობრიობა, მათგან - ბოროტისგან იხსენი, უფალო.
11. "რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და რაი-იგი არა უწყოდე, მკითხვიდეს მე" - ფსალმუნის ამ მუხლში დავითი წინასწარმეტყველებს მაცხოვრის ჯვარცმის წინა პერიოდის შესახებ. როგორც ვიცით, მაცხოვრის წინაშე აღდგნენ ცრუ მოწმეები, რომლებიც ცილს სწამებდნენ მას. როგორც სახარება გვეუბნება - მათი "წამება" არ იყო ერთნაირი. შეუძლებელი იყო, მათი ცრუ წამებანი დამთხვეოდა ერთმანეთს. "რაი-იგი არ უწყოდე, მკითხვიდეს მე" - აქ ის კი არ იგულისხმება, რომ უფალმა რაიმე არ იცოდა, არამედ: რაც არ მიქმნია, იმას მაბრალებდნენო.
12. "მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და უმკვდროებაი სულისა ჩემისაი იზრახეს" - უფალი კაცობრიობის, უკლებლივ ყველა ადამიანის ხსნისთვის მოვიდა, მათთვისაც კი, ვინც იგი ჯვარს აცვა. ამ სიკეთის წილ კი ბოროტება - შეურაცხყოფა, ნერწყვა, ჯვარცმა მიაგეს მას.
13. "ხოლო რაჟამს იგინი მაჭირვებდიან მე, შევიმოსო ძაძაი და დავიმდაბლო მარხვითა სული ჩემი, და ლოცვაი ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს" - გრძელდება წინა მუხლებში დაწყებული წინასწარმეტყველება: როდესაც ისინი მაჭირვებდნენ მე, ძაძა შევიმოსე და მარხვით დავიმდაბლე სული ჩემი. ეს მაცხოვრის სიტყვებია, დავითის მიერ წინასწარმეტყველურად წარმოთმული. ძაძით შემოსვა და მარხვით სულის დამდაბლება არის მწუხარების ნიშანი - მაცხოვარი გვაუწყებს, რომ ის წუხს მათთვის, მათი სულებისთვის, ვინც ის ჯვარს აცვა. "ლოცვა ჩემი წიაღადვე ჩემდა მიექცა" - აქ ნაუწყებია განკაცების საიდუმლოება - ლოცვა არის უფალთან საუბარი. ის თავად უფალს არ სჭირდებოდა. ლოცვა სჭირდება ადამიანს. და იმ დროს, როდესაც განკაცებული უფალი ლოცულობდა, თავადვე იყო ის, ვინც ლოცულობდა და ისიც, ვის წინაშეც ლოცვა იყო აღვლენილი. მაცხოვრის ლოცვა აღვლენილი იყო იმისათვის, რომ ჩვენ გვენახა, როგორ უნდა გველოცა.
14. "ვითარცა ძმაი და მეგობარი ჩუენი, ეგრეთ სათნო-ვიყავ, ვითარცა მგლოვარე და მწუხარე, ეგრე დავმდაბლდი" - როგორც ძმას და მეგობარს მიხედავს ადამიანი, ისე მივხედე კაცობრიობას, როგორც მწუხარე და მგლოვიარე ადამიანია დამდაბლებული, ისე დავიმდაბლე თავი - ეს სიტყვებიც მაცხოვრისაა, დავით წინასწარმეტყველის პირით წარმოთქმული. უფალმა უფრო მეტადაც დაიმდაბლა თავი კაცობრიობის ხსნისთვის. იმაზე უდიდესი სიმდაბლე - ღმერთმა რომ ხორცი შეისხა და განკაცნა, - არ შეიძლება იყოს გამოვლენილი სამყაროში.
15. "და ჩემ ზედა იხარეს და შეკრბეს; შეკრბეს ჩემ ზედა გუემანი და მე არა ვაგრძენ, განიყვნეს და არა შეინანეს" - როდესაც მაცხოვარი შეიპყრეს, ებრაელები იხარებდნენ იმის გამო, რომ იგი ჯვარს უნდა ეცვათ. "შეკრბეს ჩემ ზედა გუემანი" - განსაცდელები, გვემანი, ნერწყვანი მოავლინეს მაცხოვარზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი განიყვნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ თანამოძმეთა ბოროტ ზრახვებს. მათ კი, ვინც ბოროტს ზრახავდა მაცხოვრის წინააღმდეგ, არ შეინანეს თავიანთი საქციელი. სწორედ ამის შესახებ წინასწარმეტყველებს დავითი ფსალმუნის ამ მუხლში.
16. "განმცადედ მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი" - ფსალმუნის ეს მუხლიც მაცხოვრის სიტყვებია, დავითის პირით წარმოთქმული: განმცადეს, შეურაცხმყვეს, გამწარებულები იყვნენ ჩემზე და ყველანაირად ცდილობდნენ, ჩემზე ბოროტება ექმნათო.
17. "უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირსსაქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდშობილებაი ჩემი" - ამ სიტყვებს უკვე დავით წინასწარმეტყველი ამბობს მთელი ძველი აღთქმის კაცობრიობის პირით: უფალო, როდის მოგვხედავ, როდის განკაცდები, როდის დადგება ის ბედნიერი დღე, როდესაც კაცობრიობა გამოიხსნება შენი განკაცებით? შემდეგ კი უფალს შესთხოვს: განმაშორე ჩემი შთამომავლების, იუდეველთა საქმეებისგან - რომელთა შესახებაც წინა მუხლებში იყო საუბარი მაცხოვრის ჯვარცმასთან დაკავშირებით, მით უფრო ფარისეველთა, მწიგნობართა საქმეებისგან განმაშორეო. დავითის სიტყვით, ფსალმუნის ამ მუხლში იუდეველთა ელიტა მტაცებელ ლომად არის წარმოდგენილი.
18. "აღგიარო შენ ეკლესიასა შინა დიდსა და კრებულსა შორის მრავალსა გაქებდე შენ" - ეკლესიასა შინა აღგიარო - უდიდეს შესაკრებელში, ახალაღთქმისეულ ეკლესიაში აღგიარო და "კრებულსა შორის მრავალსა გაქებდე შენ" - ვიცით, რომ მსოფლიო დედაეკლესია არის ერთი, მაგრამ ადგილობრივი ეკლესიები - კრებულები მრავალია. სწორედ ამის შესახებ გვაუწყებს დავითი წინასწარმეტყველურად ფსალმუნის ამ მუხლში. ე.ი. შეიძლება ფსალმუნის ამ მუხლში ვიგულისხმოთ ახალი აღთქმის ეკლესიის დაფუძნება, რომელშიც უამრავი ღვთის მადიდებელი კრებული იქნა გაერთიანებული.
19. "ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ყოფდეს თუალითა" - როგორც ვიცით, დაცემულ ანგელოზს უხაროდა, სიამოვნებას განიცდიდა კაცობრიობის წარწყმედით, მაგრამ დავით წინასწარმეტყველი განჭვრეტს და წინდაწინ ბრძანებს: ნუ უხარის მათ, რადგან დროებითია მათი სიხარული - მაცხოვრის განკაცებით ადამიანზე მათი ხელმწიფება განადგურდება და ხსნილი იქნება კაცობრიობა. რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ყოფდეს თუალითა" - არა მარტო დავითი მოიძულეს ბოროტმა, დაცემულმა ანგელოზება, არამედ ყველა ღვთის მადიდებელი ადამიანი, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც ნუ უხარით მათო.
20. "რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკვასა განიზრახვიდეს" - ვიცით ბოროტის ხრიკები, ის ადამიანს ნათლის ანგელოზის სახით ეცხადება. შეუძლებელია, ადამიანს რაიმე ბოროტი აზრი მუვიდეს და ის სიკეთით არ იყოს შეფარული. ადამიანი თავის ბოროტებას ამართლებს, რადგან სწორედ ამგვარად უსახავს დაცემული ანგელოზი მას უკეთურებას. სწორედ ასე შეიძლება გავიგოთ ფსალმუნის ამ მუხლის სიტყვები: "ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკვასა განიზრახვიდეს" - თითქოს სიკეთეს გვაკეთებინებს, მაგრამ სინამდვილეში ბოროტებას ჩაგვადენინებს, თუ მისგან მოწოდებულ აზრებს მივენდობით.
21. "განავრცეს ჩემ ზედა პირი მათი და თქუეს: ვაშა, ვაშა! იხილეს თუალთა ჩუენთა" - როგორც ვიცით, ძველ აღთქმაში კაცობრიობა, მთლიანად სამყარო იყო დაცემული ანგელოზის ხელმწიფების ქვეშ. "გავრცობილი" - დიდად ჰქონდათ ხელმწიფება ადამიანებზე და იხარებდნენ მათი დაღუპვით. მათ ძველი აღთქმის პერიოდში გაცილებით დიდი ხელმწიფება ჰქონდათ, ვიდრე მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ, თუმცა სრული ხელმწიფება არასოდეს ჰქონიათ.
22. "იხილე, უფალო, ნუ დასდუმნები, უფალო, ნუ განმეშორები ჩემგან" - იხილე ეს ყველაფერი, უფალო, და დროზე გვიხსენი კაცობრიობა ამ გასაჭირისა და განსაცდელისაგან.
23. "განიღვიძე, უფალო, და მოჰხედენ განკითხვასა ჩემსა, ღმერთო ჩემო და უფალო ჩემო, შჯასა ჩემსა" - უფალი გამუდმებით მღვიძარებს, მაგრამ "განიღვიძე" - ამ სიტყვით დავითი მეტაფორულად მიმართავს უფალს - ნუღარ დააყოვნებ, უფალო, დროზე მოხედე ჩვენს გასაჭირს და ჩვენს განსჯას. გვიხსენი იმ მდგომარეობიდან, რაშიც ვიმყოფებით.
24. "მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუმცა უხმცა უხარის ჩემ ზედა" - ჩვენი სიმართლისაებრ მსაჯე" - ჩვენ გვწამს, რომ მოვა მესია, რომელიც გვიხსნის. ამ სარწმუნოებით გვისაჯენ, მოგვხედე ჩვენ. ნუ გაიხარებს ბოროტება საბოლოოდ ჩვენზე.
25. "ნუ იტყვედ გულთა შინა მათთა: ვაშა, ვაშა სულსა ჩუენსა! ნუცა იტყვედ, ვითარმედ: შთავნთქათ იგი" - ნუ ექნებათ ბოროტ სულებს, ჯოჯოხეთს იმის იმედი, რომ იქ ადამიანების სულები სამუდამოდ იქნება დანთქმული. როგორც ვიცით, როდესაც უფალი ჯვარს ეცვა და შთახდა ჯოჯოხეთად, განხეთქა ჯოჯოხეთის საკვრელნი და მართალთა სულები აღმოიყვანა. ფსალმუნის ამ მუხლში დავითი ბრძანებს: ნუ იქნებიან დაცემული სულები დაიმედებულნი იმით, რომ ეს არ მოხდებაო.
26. "ჰრცხვენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელთა უხაროდა ბოროტთა ჩემთათვის, შთაიცუედ სირცხვილი და კდემაი, რომელნი მდიდრად იტყოდეს ჩემ ზედა" - შერცხვენილნი და კდემულნი იქნენ ისინი, ვისაც კაცობრიობის ბოროტება უხაროდა, ვისაც თავად მაცხოვრის მიმართ ქმნილი ბოროტება უხაროდა. ის რაც იუდეველებმა უყვეს. სირცხვილი და კდემა იყოს მათი შესამოსელი, რამეთუ ღვთის წინააღმდეგ მრავალ ბოროტებას იტყოდნენ. როდესაც მაცხოვარი მოვიდა და გამოიხსნა კაცობრიობა, მთელი ეს ბოროტება უკვე შერცხვენილ იქნა.
27. "იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელთა ენება სიმართლე ჩემი და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უნდა მშვიდობაი მონისა შენისაი" - ხოლო ისინი ყველანი იხარებდნენ, "რომელთა ენება სიმართლე ჩემი და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უნდა მშვიდობაი მონისა შენისაი" - რომელთა ენება სიმართლე ჩემი - ის სიმართლე, რასაც ძველი აღთქმა ჭეშმარიტად აწოდებდა ადამიანებს, ის სიმართლე, რასაც უფალი წინასწარმეტყველთა პირით აწვდიდა ადამიანებს. ვინც ამას იღებდა, ისინი იხარებდენ და იქნებიან ცხონებულნი, ზეციურ იერუსალიმში დამკვიდრებულნი, რადგან ვინც მარადიულად განადიდებს უფალს, მისი სამკვიდრებელი ცათა სასუფეველშია. სწორედ ის განადიდებს მარადის უფალს, ვინც ცათა სასუფეველშია.
28. "და ენაი ჩემი იტყოდის სიმართლესა შენსა და მარადღე ქებასა შენსა" - ფაქტობრივად გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი. დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: მეც და ყველა ის ადამიანი, ვისი ენაც ღვთის სიმართლეს იტყვის, ხსნილი იქნება უფლის მიერ, სასუფეველს დაიმკვიდრებს, სადაც მხოლოდ ღვთის სიმართლე და განდიდებაა.
P.S. ფსალმუნში აღწერილია ადამიანთა მდგომარეობა ძველი აღთქმის პერიოდში, ნაწინასწარმეტყველებია მაცხოვრის ჯვარცმისა და მასზე მოწევნული მიწიერი შეურაცხყოფის შესახებ, რაც მაცხოვარმა იტვირთა კაცობრიობის ხსნისთვის.