არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
ფსალმუნთა განმარტება
1. "ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი" - დავით წინასწარმეტყველი ნეტარად თვლის მათ, რომელთაც "მიეტევნეს უსჯულოებანი" და "დაეფარნეს ცოდვანი". როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, უსჯულოებათა მიტევებაში იგულისხმება ნათლისღებით მიტევებული ცოდვები - ნეტარია ის ადამიანი, რომელიც ნათელს იღებს. ნეტარია ისიც, ვისაც "დაეფარნეს ცოდვანი" - სინანულის გამო მიეტევა ცოდვები. ნათლისღების შემდეგაც უხდება ადამიანს უსჯულოებაში - ცოდვაში ჩავარდნა, მათგან კი სინანულით უნდა განვიწმინდოთ.
2. "ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაი, არცა არს პირსა მისსა ზაკუვაი" - ნეტარია ის კაცი, რომელსაც უფალი ცოდვას არ შეურაცხავს. რას ნიშნავს "ცოდვას არ შეურაცხავს"? როდესაც ადამიანი ცოდვას სჩადის, მისი ცოდვები, რა თქმა უნდა, აღრაცხულია - სამყაროში არაფერი იკარგება, მაგრამ აქ იგულისხმება სინანულის სანაცვლოდ ცოდვათაგან განწმენდა. ვიცით, რომ "არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს", მაგრამ შესაძლოა, ადამიანს ცოდვები არ შეურაცხოს უფალმა, თუ ღვთის დიდებით ცხოვრობს და სინანულს განიცდის, რადგან მასში არ არის ზაკვა და ცოდვას შეგნებულად არ სჩადის. ფსალმუნის ამ მუხლში დავით წინასწარმეტყველი გვაუწყებს, რომ ცოდვებს ისეთ კაცს არ შეურაცხავს უფალი, რომელშიც ზაკვა არ არის, მით უმეტეს, თუ ადამიანი ნანობს თავის ცოდვებს. ასეთის ცოდვები დაფარულია, როგორც ფსალმუნის წინა მუხლშია ნათქვამი.
3. "რამეთუ დავდუმენ მე, განკფდეს ყოველი ძუალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარადღე" - ჩემი ცოდვების მიტევებისთვის იმდენს გევედრები, უფალო, რომ დავდუმდი - ვედრების ძალაც აღარ შემწევს. "განკფდეს ყოველი ძუალნი ჩემნი" - "ძვალში" ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და საზოგადოდ ფსალმუნებშიც სარწმუნოების სიმტკიცე იგულისხმება - როგორც ძვალია ადამიანის სხეულისთვის სიმტკიცის მიმცემი, ასევე სარწმუნოების სიმტკიცის გარეშე ჩვენი ვედრება და ღვთის სადიდებლად აღსრულებული საქმე არარაა, ამაოა და ფუჭი: ამდენი ვედრებით სარწმუნოებაც კი მეფანტებაო.
4. "რამეთუ დღე და ღამე დამიმძიმდა ჩემ ზედა ხელი შენი; მივიქეც მე გლახაკებად, რამეთუ განმესხა მე ეკალი" - როდესაც ადამიანი ცოდვაშია, მასში არ არის ჭეშმარიტი სინანული, შეიძლება მასზე ვთქვათ, რომ ღვთის ხელი დაუმძიმდა - ასეთს უფალი განსაცდელს მოუვლენს, რათა გამოსწორდეს და სინანულში მოვიდეს. ფსალმუნის ამ მუხლში დავით წინასწარმეტყველი ამას ბრძანებს: უფალო, ხელი შენი დამძიმდა ჩემ ზედა - გამოსასწორებლად განსაცდელები მეწიაო. "მივიქეც მე გლახაკებად, რამეთუ განმესხა მე ეკალი" - დავგლახაკდი, რადგან "ეკალი ჩამესო" - ცოდვაა ჩარჭობილი ჩემს სხეულში და ვიდრე არ მომშორდება, გლახაკად დავრჩებიო.
5. "ცოდვაი ჩემი გაუწყე შენ და უსჯულოებაი ჩემი არა დავფარე შენგან; ვთქუ: აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე უღმრთოებაი გულისა ჩემისაი" - ასეთ მდგომარეობაში მყოფმა ვიფიქრე - ჩემს ცოდვებს ვაღიარებ, არავითარ უსჯულოებას არ დავფარავ ღვთის წინაშე-მეთქი. ფსალმუნის ეს სიტყვები აღსარების აუცილებლობაზე მიანიშნებს. ცოდვები აუცილებლად მოძღვრის წინაშე უნდა ვაღიაროთ. ფსალმუნის ბოლო სიტყვებით კი უფალს მივმართავთ - მომიტევე ყველა ცოდვა, ყველა ბრალი, რომელსაც ვაღიარებ შენს წინაშე. უფალი გულწრფელი სინანულით აღიარებულ ყველა ცოდვას მოგვიტევებს.
6. "ამისთვის ილოცვიდეს შენდამი ყოველი წმიდაი ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო რღუნაი წყალთა მრავალთაი მას არა მიეახლოს" - ყველა მონანული ადამიანი ცოდვათა მიტევებისთვის გევედრება. მათ არა მიეახლოს "წყალთა სიმრავლე" - ამქვეყნიური ამაოებანი, ამქვეყნიური ცოდვები.
7. "შენ ხარ შესავედრებელი ჩემი ჭირისაგან, რომელი გარემომადგეს მე; სიხარულო ჩემო, მიხსენ მე მათგან, რომელთა გარემოუცავ მე" - დავით წინასწარმეტყველი უფალს მიმართავს: შენ გევედრები ხსნას ჭირისგან - ცოდვისგან, ბოროტისგან დაგებული მახეებისგან, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყოველწამიერად ხვდება ადამიანს. ამ ჭირისაგან შესავედრებელი ჩემი შენ ხარ - მხოლოდ უფალს ძალუძს მისგან გამოხსნა კაცისა. შემდეგ კი მიმართავს: სიხარულო ჩემო, მიხსენი მათგან... ჭეშმარიტი სიხარული მხოლოდ და მხოლოდ უფალია და ადამიანის სული ღვთით უნდა ხარობდეს, იმის შემეცნებით, რომ უფალმა თავისი მოწყალებით შექმნა ყოველივე - ხილული სამყაროც და ადამიანიც, შემდეგ კი ყოველივე ადამიანს დაუმორჩილა. როდესაც ამას გაიაზრებს, უფალს მიეკედლება კაცის გული, მისთვის ერთდერთ სიხარულად უფალი რჩება. შესაძლოა ადამიანს უამრავი სიხარული ჰქონდეს, რომელიც სათნოა ღვთისთვის, მაგრამ როდესაც ადამიანის გული საღვთო სიხარულით აღივსება, ეს გრძნობა ყოველგვარ მიწიერ სიხარულს გადაფარავს.
8. "გონიერ-გყო შენ და გულისხმა-გიყო შენ გზასა მას, რომელსაცა ხვიდოდი; ვიგნე შენ ზედა თუალნი ჩემნი" - ეს ღვთის სიტყვებია. უფალი დავით წინასწარმეტყველს და ყველა იმ ადამიანს მიმართავს, ვინც სინანულშია ცოდვათა გამო, ვინც საღვთო სიხარულით ხარობს. ასეთებს მიმართავს უფალი - კიდევ უფრო გაგიძლიერებ გულსიხმისყოფას ღვთის სადიდებლად; გონებას მოგცემ ღვთის გზაზე სვლისთვის, რომელზეც დგახარო. ღვთის გზაზე დამდგარ ადამიანს უფალი სულ უფრო მეტად და მეტად უხსნის გონებას, რათა უფალს მიეახლოს. "ვიგნე შენზედა თვალი ჩემი" - შენ მოგაპყრობ თვალს და არასოდეს მოგაცილებ მზერასო. როდესაც ღვთის თვალი ადამიანზეა მიპყრობილი, უფალი იცავს მას ყოველგვარი ბოროტებისგან. ფსალმუნის ბოლო სიტყვებში სწორედ ეს იგულისხმება: ღვთის გზაზე მავალი ადამიანი უფლის მფარველობაში იქნება მარადის და უფალი კიდევ და კიდევ გააძლიერებს მას. ამ აღთქმას აძლევს უფალი დავით წინასწარმეტყველს, თავად დავითი კი წინასწარმეტყველურად გვაუწყებს თითოეულ ჩვენგანს.
9. "ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისთქმა; ჭიმითა და აღვირითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მიგეახლნეს" - დაუმორჩილებელი, პირუტყვივით ჯიუტი ნუ იქნები, რომელთაც არ აქვთ "გულისხმა" - აზრი, არჩევანის უნარი. მათთვის ღვთის ნების საწინააღმდეგო საქციელი არ არის ცოდვა, მაგრამ როდესაც კაცი მოიქცევა ასე, ის ცოდვას სჩადის და ასეთებს "ჭიმითა და აღვირითა უქცინე ღაწუნი მათნი" - როგორც აღვირის მოჭიმვით იმორჩილებს კაცი ცხენსა და ჯორს, ასევე იმორჩილებს ღვთის წინააღმდგომ ადამიანს უფალი განსაცდელთა მოვლინებით, რათა ღვთისკენ მობრუნდეს, მოიქცეს და არ დაიღუპოს სამარადჟამოდ.
10. "მრავალ გუემა არიან ცოდვილთათვის, ხოლო რომელნი ესვენ უფალსა, წყალობაი გარემოადგეს მათ" - ცოდვილთათვის მრავალგვარი გვემა და სასჯელია არა მარტო ამქვეყნად, გარდაცვალების შემდგომაც, სამარადისო სატანჯველში. ხოლო მათ, ვისაც ღვთის იმედი აქვს, არასოდეს მოაკლდება უფლის წყალობა, ორივე სოფელში სამარადისო ნეტარებაში, მარადიულ დიდებაში იქნება.
11. "იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით, მართალნო, და იქადოდით ყოველნი წრფელნი გულითა" - გაიხარეთ, ღვთის მადიდებლებო და მართლებო, ვინც ღვთის მცნებებს აღასრულებთ, სამარადჟამოდ ღვთით იხარებდეთ და იქადოდეთ. ვიქადოდეთ არა ჩვენი საქმეებით, არამედ ღვთით, რადგან ვისაც უფალი ჰყავს მწედ, მას არაფრის და არავისი ეშინია. ერთ-ერთ მხცოვან ბერთან ახალბედა ბერი მივიდა და უთხრა: მამაო, რა ვქნა, მიჭირს სულიერი ბრძოლაო. მხცოვანმა მიუგო: რატომ? თქვენ ხომ ორნი ხართ, ის კი ერთიაო. ვინ ორნიო? - გაუკვირდა ახალგაზრდას, რაზეც პასუხად მიიღო: შენ და ღმერთიო. როდესაც ჩვენ სულიერ წარმატებას მოვიპოვებთ, ღვთით უნდა ვიქადოთეთ, ხოლო თუ უფალთან ერთად ვართ, ბოროტს ყოველთვის ვძლევთ, მაგრამ თუკი უფალს მივატოვებთ, ვმარცხდებით.
P.S. ფსალმუნი მოგვითხრობს სინანულის აუცილებლობაზე, ასევე გვაუწყებს, რა ელის იმ ადამიანს, ვინც ღვთის დიდებასა და სინათლეშია, მასაც, ვინც ღვთის საწინააღმდეგო საქმეებს იქმს და უსჯულოებათა გამო სინანულს არ განიცდის.