არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
ფსალმუნთა განმარტება
1. "შენდამი, უფალო, ხმა-ვყო; ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან, ნუ სადამე დასდუმნე ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა" - შენდამი აღვიღე, უფალო, ჩემი ხმა - შენ გევედრები, შენკენ არის მოპყრობილი ჩემი გონება, რომ შემეწიო. "ნუ დასდუმნები ჩემგან" - ამ სიტყვების წარმოთქმით დავით წინასწარმეტყველი უფალს შესთხოვს - ნუ დატოვებ ჩემს ლოცვას უპასუხოდ, შემიწყალე, მაუწყე, რომ შემიწყალეო. უფალი არასოდეს "დასდუმნება" ჩვენს ლოცვაზე, ყოველთვის პასუხობს ჩვენს თხოვნას, მაგრამ გააჩნია, როგორია ჩვენი ლოცვა - თუ ის გულითაა აღვლენილი და ამასთან ჩვენი თხოვნა არ ეწინააღმდეგება ღვთის ნებას, უფალი აუცილებლად აგვისრულებს, მაგრამ თუ ფარისევლურად ვითხოვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უფალს არ შევთხოვთ და, ცხადია, ვერც პასუხს მივიღებთ.
"ნუ სადამე დასდუმნე ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა" - მღვიმეში ჯოჯოხეთი იგულისხმება. ფსალმუნის ამ სიტყვებით დავით მეფე შემდეგს ბრძანებს - უფალო, თუ ცოდვებს არ მაპატიებ, თუ ჩემს ლოცვას არ შეისმენ, სულიერად წარვწყმდები და ჯოჯოხეთში ჩავვარდებიო.
2. "ისმინე, უფალო, ხმაი ვედრებისა ჩემისაი, ვედრებასა ჩემსა შენდამი, აპყრობასა ხელთა ჩემთასა ტაძრისა შენისა მიმართ წმიდისა" - გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი: ჩემი ვედრება ისმინე, ჩემი საქმეები შენს სადიდებლად იქნება, უფალოო. ფსალმუნის ამ მუხლის სიტყვების წარმოთქმით, ფაქტობრივად, პირობას ვდებთ ღვთის წინაშე - უფალო, ჩემი საქმენი შენი სადიდებელი იქნება.
უფალი ყველგან მყოფობს. მიწიერი ტაძარი ქრისტეს სხეულია, მაგრამ ღვთის უპირველესი ტაძარი ზეცაა, სადაც უფალი თავის დიდებას ყველაზე მეტად გამოამჟღავნებს. აქ სწორედ ამ ტაძარზეა საუბარი - ზეციური ტაძრისკენ იქნება მიპყრობილი ჩემი გონება და საქმეებიო.
3. "ნუ მიმზიდავ მე ცოდვილთა თანა, და მოქმედთა თანა სიცრუვისათა ნუ თანაწარმწყმედ მე, რომელნი იტყვიან მშვიდობასა მოყუასისა მათისა თანა, ხოლო უკეთურებასა - გულთა შინა მათთა" - დავით მეფე უფალს შესთხოვს: ცოდვილებს ნუ მიმათვლი ჩემი საქმეებით. მართალია, ცოდვილი ვარ, მაგრამ არც ისეთი, "რომელნი იტყვიან მშვიდობასა მოყუასისა მათისა თანა, ხოლო უკეთურებასა გულთა შინა მათთა", რომლებიც პირით სიკეთეს იქმან, ხოლო გულით ბოროტება სურთ. მე კი გულით არ მსურს ბოროტება, გულით არ ვიქმ ცოდვას. მეც ცოდვილი ვარ და მომიტევე ჩემი ცოდვები, მაგრამ მათ ნუ მიმათვლი, ვინც ბოროტებას გულით სჩადისო. თუ ასეთი ცოდვილია ადამიანი - კეთილს ამბობს, გულში კი ბოროტს იზრახავს და ზურგს უკან ადამიანს უკეთურებას უკეთებს, ცხადია, მისი ლოცვა ღვთის წინაშე არც შეიწირება. დავითი წინა მუხლშიც შესთხოვს უფალს: იმის გამო ნუ დაიდუმებ შენს ხმას ჩემ მიმართ, რომ ამგვარი ცოდვები არ მაქვს - განზრახ არ ვიზრახავ ბოროტს, განზრახ არ ვცოდავ, არამედ უძლურების გამოო.
4. "მიეც მათ, უფალო, საქმეთა მათთაებრ და უკეთურებისაებრ საქმეთა მათთაისა; საქმეთაებრ ხელთა მათთაისა მიეც მათ და მიაგე მისაგებელი მათი მათვე" - მათ კი, როგორ ცოდვილებზეც წინა მუხლში ვსაუბრობდით, საქმეთა მათაებრ მიაგეო. შესაძლოა, ფსალმუნის ამ სიტყვების წაკითხვისას ვინმემ იფიქროს, რომ დავით წინასწარმეტყველი წყევლას აღავლენს, მაგრამ არამც და არამც არ იქნება მართალი; იგი წინასწარმეტყველურად ბრძანებს, რომ მათ მათი საქმეებისამებრ მიეგებათ. უფალს მიმართავს და შესთხოვს: მე არ მომაგო ასე, რადგან ცოდვასა და ბოროტებას გულით არ ვიზრახავო.
5. "რამეთუ არა გულისხმა-ყვნეს საქმენი უფლისანი, არცა ქმნულსა ხელთა მისთასა მიხედნეს; დაამხუნე იგინი და არა აღაშენე" - რადგან ასეთმა ადამიანებმა არ იციან ღვთის საქმენი, არ თვლიან უფალს ყოვლისშემძლედ. კაცმა, რომელიც მოყვასს ბოროტს უზრახავს, შეგნებულად სცოდავს და ღვთის საწინააღმდეგო საქმეებს სჩადის, ცხადია, არ უწყის ღვთის ყოვლისშემძლეობა, არ იცის უფალი. შესაძლოა, სიტყვით აღიარებდეს, მაგრამ უფალი რომ იცოდეს, ამგვარად არ მოიქცეოდა. საუკუნოდ იქნება მათი საქმენი დამხობილიო, - ბრძანებს დავითი სულიწმინდის შთაგონებით. ამგვარ არსებებში უპირველესად ეშმაკი იგულისხმება, რომლის საქმეებიც საუკუნოდ იქნა დამხობილი მაცხოვრის ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით.
6. "კურთხეულ არს უფალი, რამეთუ ისმინა ხმაი ლოცვისა ჩემისაი" - ვაკურთხებთ და ვადიდებთ უფალს, რამეთუ ყოველთვის შეისმენს ჩვენს გულწრფელ ლოცვას.
7. "უფალი შემწე ჩემდა და მფარველ ჩემდა; მას ესვიდა გული ჩემი და შეწევნულ იქმნა და მხიარულ იქმნნეს ხორცნი ჩემნი და მე ნებითა ჩემითა აღვუარო მას" - უფალია ჩვენი შემწე, როდესაც მას ვევედრებით. ჩემს გულს მოხედავს, ჩემს გულს განწმენდს. ამიტომაც უნდა ვაკურთხო და ვადიდო. უფალი თავის მადიდებელს სულიერადაც შეეწევა და ხორციელადაც. სანაცვლოდ არა მარტო იმქვეყნიურს, ზეციურს ჰპირდება, მიწიერადაც აძლევს სიკეთეს: როდესაც ადამიანი ღვთის მცნებებს იმისთვის აღასრულებს, რომ მიწიერი სიკეთეები მიიღოს, მას მცნებების აღსრულება არ სდომებია, ხოლო ვინც ზეციური სიკეთეების მიღებისთვის იქცევა ასე, ის მიწიერ სიკეთეებსაც მიიღებს. სწორედ ეს იგულისხმება ფსალმუნის სიტყვებში: "მხიარულ იქმნეს ხორცნი ჩემნი..."
8. "უფალი ძალ არს ერისა თვისისა და შესავედრებელ არს ცხორებად ცხებულის თვისისა" - უფალია ძალა თავისი ერისა, თავისი მადიდებლებისა: ძველ აღთქმაში - ისრაელის ერის, ახალ აღთქმაში - ქრისტიანების ანუ ახალი ისრაელის. ღვთის ძალისა და შეწევნის გარეშე არავითარი საქმის ქმნა არ შეგვიძლია. ღვთის საქმეთა შორის კი ღვთის დიდება უპირატესია.
9. "აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. და დამწყსენ და აღამაღლენ იგინი უკუნისამდე" - ფსალმუნის ამ მუხლში გადმოცემულია დავით მეფის წინასწარმეტყველება მომავალზე, რომ უფალი აცხოვნებს თავის ერს - ახალს ისრაელს, ქრისტიანებს, რომელთაც საუკუნოდ დამწყსავს და აღაშენებს - გაამრავლებს ამ ქვეყანაზე და ზეცაში დაამკვიდრებს.
P.S. ოცდამეშვიდე ფსალმუნი უპირველესად არის სინანულით აღვლენილი ლოცვა ღვთის წინაშე. ზოგიერთ მუხლში გვხვდება წინასწარმეტყველება იმისა, თუ რა მოელის ბოროტებასა და ბოროტეულს. ნაწინასწარმეტყველებია ასევე მაცხოვრის ჯვარცმა, აღდგომა და წარმართების მოქცევა.