არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
ფსალმუნთა განმარტება
1. "მისაჯე მე, უფალო, რამეთუ მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე და უფალსა ვესევდ, რაითა არა მოუძლურდე" - არ არსებობს ადამიანი, რომლის საქმეებიც ღვთის წინაშე აბსოლუტურად მართალი იქნება. თუ ღმერთი ამგვარად განსჯის, ვერც ერთი კაცი ვერ განმართლდება. დავითიც ამიტომ შესთხოვს უფალს: შენი სიკეთითა და სიყვარულით განმსაჯე, ჩემი უმანკო და კეთილი საქმეები იქნეს აღრაცხული, ცოდვები კი დავიწყებული, რათა ამ განსჯით უმანკოებით ვიდოდეო.
ვიცით, რომ ცოდვათა სასჯელი ხშირად ამქვეყნიური უძლურებებიცაა. დავითი კი ამბობს, თუ ღმერთი მხოლოდ ჩემს კეთილ საქმეებს გაიხსენებს, არ მოვუძლურდები, არამედ უფრო მეტად შევძლებ ღვთის განდიდებასო. ამ მუხლის სიტყვებში ფაქტობრივად შეიძლება ვიგულისხმოთ აღსარების წინასახე. როგორც აღსარებისას ვევედრებით უფალს, აღხოცოს ჩვენი ცოდვები, ასევე ევედრება დავითი, მხოლოდ მისი კეთილი საქმეები იქნეს აღრაცხული და მათ მიხედვით წარიმართოს მისი ცხოვრება.
2. "გამომცადე მე, უფალო, და, განმცადე მე, გამოახურვენ თირკუმელნი ჩემნი და გული ჩემი" - გამომცადე ანუ განმამტკიცე და განმაძლიერე, უფალო, - ევედრება უფალს დავითი. უფალი არავის გამოცდის, მაგრამ სხვათა და თავად ჩვენს განსამტკიცებლად გვაძლევს გამოცდას - განსაცდელს.
"გამოახურვენ თირკუმელნი ჩემნი და გული ჩემი" - ჩემი ამქვეყნიური, გარეგანი და შინაგანი საქმეები გამოახურვე ანუ განწმინდე, რათა სათნო იყოს ღვთისთვისო.
3. "რამეთუ წყალობაი შენი წინაშე თუალთა ჩემთა არს და სათნო-ვეყავ მე ჭეშმარიტებასა შენსა" - ამ მუხლში შემდეგს ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი: მე მუდამ ვუცქერ, რა მოწყალე ხარ, უფალოო. მართლაც, წმინდა წერილის თანახმად, უფალს ერთნაირად ამოჰყავს მზე ცოდვილთათვისაც და მართალთათვისაც, ერთნაირად მოჰყავს წვიმა... სწორედ ამას ბრძანებს დავითი.
"სათნო-ვეყავ მე ჭეშმარიტებასა შენსა" - ჭეშმარიტებაში შესაძლოა ვიგულისხმოთ განკაცებული მაცხოვარი.
4. "არა დავჯედ მე კრებულსა თანა ამაოებისასა და უსჯულოთა თანა მე არა შევიდე" - არ ვიყო იმ კრებულში, რომელიც უსჯულოებას განიზრახავს. თითქმის ყველა წმინდა მამა, როდესაც ფსალმუნის ამ მუხლს განმარტავს, ბრძანებს: დავით წინასწარმეტყველი წინასწარ განჭვრეტით ამბობს, როგორ მოიქცეოდა იუდეველთა ანუ "უსჯულოთა კრებული", რომლებმაც მაცხოვარი განსაჯეს და ჯვარს აცვეს.
5. "მოვიძულე კრებული უკეთურთაი და უღმრთოთა თანა მე არა დავჯდე" - მათთან არ დავჯდე, ვინც შენ უნდა განგსაჯოს, უფალო, და მათი ამაო საქმეები არ გავიზიაროო.
6. "დავიბანე უბრალოებით ხელნი ჩემნი და გარემოვადგე საკურთხეველსა შენსა, უფალო" - ვიცით, რომ პილატემაც დაიბანა ხელი, მაგრამ მას ეს უბრალოებით არ გაუკეთებია; მან "ხელი დაიბანა", თითქოსდა ამით არ მონაწილეობდა მაცხოვრის ჯვარცმაში, მაგრამ საბოლოოდ სწორედ მან მიუსაჯა განკაცებულ უფალს ჯვარცმა. დავით წინასწარმეტყველი კი უფალს შესთხოვს, სრულიად უბრალო ვიყო იმ ცოდვაში, რომელსაც გიმზადებენ მომავალში, განკაცების შემდეგო. "გარემოვადგე მე საკურთხეველსა შენსა, უფალო" - როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, "საკურთხეველში" გული იგულისხმება. დავითი უფალს შეჰღაღადებს: ჩემი გულიდან აღგივლინო დიდება, როგორც საკურთხეველზე მსხვერპლის შეწირვით - არ ვიქნები თანამონაწილე ამ უსჯულოების საქმეებისო.
7. "სმენად ჩემდა ხმაი ქებისა შენისაი და მითხრობად ყოველი საკვირველებაი შენი" - შენი ქების ხმის გაგონების და შენი ყოველი საკვირველების მოთხრობის ღირსი გამხადეო. დავით წინასწარმეტყველი უფალს ევედრება ცათა სასუფევლის დამკვიდრებას, სადაც სამარადჟამოდ მიუთხრობენ მის საკვირველებას. დავითმა უწყის, რომ ჯერ კიდევ დახშულია სასუფევლის კარი, მაგრამ საუკუნეების შემდეგ მაცხოვარი მოვა და ჯვარცმის შემდგომ ჯოჯოხეთიდან გამოიხსნის მართალთა სულებს. ევედრება - მაშინ ჩემი სულიც არ დაივიწყო და მეც მასმინე ის ხმა, რომელიც სამარადისოდ გადიდებსო.
8. "უფალო, შევიყუარე შუენიერებაი სახლისა შენისაი და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისაი" - აქ იგულისხმება როგორც ზეციური სასუფეველი, ისე მომავალი მიწიერი ქრისტიანული ეკლესია. ისევე როგორც ზეციურ მოზეიმე ეკლესიაში, აქ, მიწაზეც, მებრძოლ ეკლესიაში, მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ ღვთის მარადიული დიდება დამყარდა. სამარადჟამოდ, მეორედ მოსვლის ჟამამდე, სანამ ეს ქვეყანა იარსებებს, იქნება იმ სახლის "შუენიერება", რომელსაც ეკლესია ჰქვია.
9. "ნუ წარსწყმედ უღმრთოთა თანა სულსა ჩემსა და კაცთა მოსისხლეთა თანა ცხორებასა ჩემსა" - ნუ წარმწყმედ იმ უღმერთოებთან - იუდეველებთან ერთად, რომელნიც ჯვარს გაცვამენ, რომელნიც მარადის გეწინააღმდეგებოდნენ, უფალო. ჩემს სულს იმ მოსისხლე იუდეველთა თანა ნუ წარწყმედ, რომლებმაც თქვეს - სისხლი მაგისი ჩვენ ზედა და შვილთა ჩვენთა ზედაო.
10. "რომელთა ხელნი უშჯულოებითა არიან, მარჯუენე მათი აღივსო ქრთამითა" - აქ იგულისხმებიან იუდა და იუდეველთა მწიგნობარნი და მღვდელმთავარნი, რომლებმაც იუდა მოისყიდეს და ქრთამი მისცეს. იუდამაც უსჯულოდ აიღო და მაცხოვარი გასცა. ასევე აქ იგულისხმება ყველა ადამიანი, რომელმაც ქრთამი აიღო მაცხოვრის ჯვარზე საცმელად. მაგალითად, მცველები, რომლებსაც მაცხოვრის აღდგომის შემდეგ ქრთამი მისცეს ებრაელებმა, რათა ეთქვათ - როდესაც გვეძინა, მოვიდნენ ქრისტეს მოწაფეები და გვამი მოიპარესო.
11. "ხოლო მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე; მიხსენ მე, უფალო, და მიწყალე მე" - ჩემი უზაკველობით, ჩემი უცოდველობით ვიდოდეო. დავითი ამ სიტყვების წარმოთქმით იმას კი არ ამბობს, უცოდველი ვარ ან რომელიმე კაცია უცოდველი ამქვეყნადო, არამედ უფლის განკაცების რწმენის შესახებ საუბრობს.
12. "ფერხი ჩემი დადგა სიწრფოებით, ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ, უფალო" - ჩემი ფეხი შენს სარწმუნოებაზე იდგეს სიწრფოებითო. "ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ, უფალო" - როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, ამ სიტყვებით დავითი წინასწარმეტყველურად ამბობს: მარადის, საუკუნეთა აღსასრულამდე გაკურთხო და გაქო შენ, უფალოო. როდესაც ფსალმუნებს ვკითხულობთ ყოველდღიურად, ამით არა მარტო ჩვენ, პირველ რიგში, დავით წინასწარმეტყველი ადიდებს უფალს და არა მარტო სასუფეველში, სადაც მკვიდრობს, არამედ მიწაზეც, ჩვენთან ერთად აღუვლენს დიდებას.
P.S. ფსალმუნში წინასწარმეტყველურად მოიაზრება მაცხოვრის განკაცება, გაცემა და ჯვარცმა. დავით წინასწარმეტყველი ევედრება უფალს, არ გახადოს იუდეველთა თანაზიარი იმ სასჯელში, რომელიც მათ ღვთის ჯვარცმისთვის დაიმსახურეს.