არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
ფსალმუნთა განმარტება
1. "შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი" - შენდამი - შენკენ, შენი დიდებისკენ მოვმართე ჩემი სულიო, - მიმართავს უფალს დავითი და მთელი კაცობრიობა, ყველა ის ადამიანი, რომელიც ფსალმუნთა კითხვით ადიდებს უფალს. განმარტების დროს რამდენჯერმე ვთქვით, რომ ფსალმუნთა სიტყვები შეიძლება ვიგულისხმოთ როგორც დავით წინასწარმეტყველის ნათქვამად, ისე ყველა იმ ადამიანის წარმოთქმულად, რომლებიც ფსალმუნებს კითხულობენ.
2. "ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე, ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი" - შენ გსასოებ, უფალო, შენი იმედი მაქვს და ამის გამო ნუ მომერევიან, ნურც მარცხვენენ საუკუნეთა აღსასრულამდეო. თუკი საუკუნეთა აღსასრულამდე მტერმა - ბოროტმა სულმა ადამიანი ვერ არცხვინა, ვერ დაიმორჩილა, აღსასრულის შემდეგ მის შერცხვენას - ცოდვაში ჩაგდებასა და შეურაცხყოფას ვეღარ მოახერხებს.
3. "და რამეთუ ყოველნი, რომელთა დაგითმონ შენ, არა ჰრცხუენეს. ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უსჯულოებენ ცუდად" - უფალო, ვინც შენ დაგითმობს - შენს მცნებებს აღასრულებს, არ შერცხვება, სულიერად არ წარწყმდება. რცხვენოდეთ მათ, ვინც უსჯულოებას სჩადის, შენს მცნებებს არღვევს, რადგან ისინი იქნებიან შერცხვენილნიო.
4. "გზანი შენნი, უფალო, მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე" - ის გზები და ის ადგილი მასწავლე, სადაც შენ ხარო, - მიმართავს დავითი უფალს. საუბარია სულიერ გზაზე, სულიერ სვლაზე, უფალთან სულიერად მიახლოებაზე. რომელი მცნებები აღვასრულო, როგორ ვიარო, შენ მომეცი მიმართულებაო - თავად ღვთის გარდა არავის ძალუძს გვასწავლოს უფლისკენ სავალი გზა. ამას კი გვასწავლის იმით, რომ დაგვიდგინა ეკლესია, დაგვიდგინა სულიერი მოძღვარნი.
5. "მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე" - აქ ჭეშმარიტება არის ძე ღვთისა - უფალი მოვიდოდა და განკაცდებოდა, ჭეშმარიტება, სიტყვა ხორცს შეისხამდა და ამით იხსნიდა და აცხოვნებდა ადამიანებს. სწორედ ეს წინასწარმეტყველება შეიძლება განვჭვრიტოთ ამ მუხლში. შენი ჭეშმარიტებით, შენი განკაცებით მიწინამძღვრე მეო, - შეღაღადებს უფალს დავითი.
6. "მოიხსენე მოწყალებათა შენთაი, უფალო, და წყალობანი შენნი, რამეთუ საუკუნითგან არიან" - შენი მოწყალება გაიხსენე, უფალო, და ამ წყალობით შემიწყალე. რა მოწყალებაზეა საუბარი? - იმაზე, რომ არარაობისგან შექმნა კაცი; იმაზე, რომ მართალი ნოე გადაარჩინა ადამიანთა შორის; იმაზეც, რომ უფალმა წინდაწინ უწყოდა, რას ჩაიდენდა კაცობრიობა ღვთის წინააღმდეგ და ამის მიუხედავად მაინც შექმნა ადამიანი.
7. "ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიხსენებ: წყალობითა შენითა მომიხსენე მე სიტკბოებისა შენისათვის, უფალო" - ჩემი სიჭაბუკის ცოდვებს - სულიერი უძლურების ჟამს და უმეცრებით ჩადენილ ცოდვებს ნუ მოიხსენებ, წყალობითა და სიტკბოებითა შენითა მომიხსენე, უფალო. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ უფალი ადამიანში ცხონების მიზეზს ეძებს და არა წარწყმედისას. ფსალმუნის ამ მუხლში სწორედ ამას შესთხოვს დავითი უფალს. მისი სიტყვებით მთელი კაცობრიობა, ადამიანებიც ვევედრებით - ცოდვები კი არა, სიკეთეები, საცხოვნებელი საქმენი ეძიე ჩემში, უფალო, და შემიწყალე.
8. "რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისათვის შჯულიერ-ყვნეს ცოდვილნი გზასა" - ფსალმუნის ამ მუხლში დავითი გვაუწყებს - უფალი ცოდვათა გამხსენებელი კი არა, წყალობის მომნიჭებელია. რადგან უფალი მოწყალეა, ამისთვის "შჯულიერ-ყვნეს ცოდვილნი" - ცოდვილებში შეიძლება ვიგულისხმოთ იუდეველი ერი და უმეტესად წარმართები, რომლებიც "შჯულიერ-ყვნეს" - წარმართობიდან ქრისტიანობაზე მოექცნენ.
9. "უძღუეს მშვიდთა სასჯელსა შინა, ასწავლნეს მშვიდთა გზანი მისნი" - "მშვიდთა" - ღვთის მადიდებელ ადამიანებს სასჯელსა შინა უძღოდეს უფალიო, - ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნის ამ მუხლში. ბოროტის ქმედება, მისი ყველა მანქანება იმისკენ არის მიმართული, რომ ადამიანის სული წარწყმიდოს, რაიმე ავნოს - ეს არის სასჯელი ადამიანის სულისთვის. ამ ამაოებაში, ამ სასჯელებში, რომლებიც ადამიანის სულისთვის არის გამზადებული, უძღოდე, უფალო, და "მშვიდთა ასწავლე გზანი" - შენს მადიდებლებს ასწავლე, როგორ დააღწიონ თავი ამ ხაფანგებს.
10. "ყოველნი გზანი უფლისანი - წყალობა და ჭეშმარიტება მათთვის, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და წამებათა მისთა" - ყველა გზა უფლისა არა სასჯელი და ცოდვაზე მისაგებელი, არამედ წყალობა და ჭეშმარიტებაა, მაგრამ მხოლოდ იმათთვის, ვინც გამოიძიებს აღთქმასა ღვთისასა - რომ მოვიდოდა მხსნელი, რომელიც კაცობრიობას, თითოეულ ადამიანს იხსნიდა და გადაარჩენდა. ვინც ამ აღთქმას გამოიძიებს, მათი გზანი წარემართოს შენკენ, უფალოო.
11. "სახელისა შენისათვის, უფალო, და მილხინე მე ცოდვისა ჩემისაგან, რამეთუ მრავალ არს" - უფალი მოწყალეა, უფალი ყველაზე აღმატებულია. ამ სახელისა და დიდებისთვის მილხინე, შემიწყალე და ცოდვებისგან მიხსენ, რომლებიც მრავალ არიანო.
12. "ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა? შჯულიერ-ყოს იგი გზასა მას, რომელიცა სთნდა" - იმ ადამიანს, რომელსაც ღვთის ეშინის, "შჯულიერ-ყოფს" - მოაქცევს, ცოდვებიდან გამოიყვანს და თავის გზაზე დააყენებს უფალი.
13. "სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანაი" - ფაქტობრივად გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი: ისეთი კაცის სულმა, რომელიც უკვე ღვთის გზას დაადგა, კეთილსა შინა - სასუფეველში, უფალთან განისუენოს. არა მარტო მან, არამედ "ნათესავმან მისმან" - სულიერად მისმა მსგავსმა - "დაიმკვიდროს ქვეყანა" - ზეციური სასუფეველი.
14. "ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და სჯული თვისი აუწყოს მათ" - მათთვის, ვისაც ღვთის ეშინია, "ძალ არს უფალი" - მათ აძლევს ძალას და თავის სჯულს აუწყებს.
15. "თუალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა ფერხნი ჩემნი" - ჩემი თვალი მარადის უფლისკენაა მიმართული, რათა იმ სულიერ მახეებს განმარიდოს, რომლებიც დაგებული აქვს ბოროტს ადამიანთა წარსაწყმედად.
16. "მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდშობილ და გლახაკ ვარი მე" - "მხოლოდშობილ და გლახაკ ვარი მე" - ამ სიტყვებში დავითი არ უნდა ვიგულისხმოთ - იგი ხორციელად არც მხოლოდშობილი იყო და არც გლახაკი, რადგან შვიდი ძმა ჰყავდა და მეფე იყო. სულიერად, როგორც დავითიც აღნიშნავს, ისიც და ყველა ადამიანი გლახაკია, რადგან სულით არაფერი გაგვაჩნია, სულიერებაში უფლის შეწევნის გარეშე ვერაფერს შევძლებთ და მივაღწევთ. ფსალმუნის ამ მუხლში და კერძოდ სიტყვებში "მხოლოდშობილი" და "გლახაკი" იგულისხმება, რომ მთელი კაცობრიობა მხოლოდშობილია, უფალს არავინ შეუქმნია მსგავსი ადამიანისა, არ არსებობს სხვა კაცობრიობა იმის გარდა, რომელიც ადამ და ევასგან მომდინარეობს. ამ სიტყვებს დავითი კაცობრიობის პირით წარმოთქვამს, რომელიც ძველი აღთქმის პერიოდში სულიერად დაგლახაკებული - წარმართობის ჭაობში იყო ჩაფლული და ეშმაკის ხელმწიფების ქვეშ იმყოფებოდა. კაცობრიობას მოხედე და შეიწყალეო, - შესთხოვს დავითი უფალს.
17. "ჭირნი გულისა ჩემისანი განმრავლდეს, ურვათა ჩემთაგან გამომიყვანე მე" - "ჭირნი გულისა" იყო ის, რომ მხოლოდ ისრაელის ერი დარჩენილიყო ჭეშმარიტების მიმდევარი და ისინიც ხშირად განუდგებოდნენ ჭეშმარიტ ღმერთს. დანარჩენი კაცობრიობა წარმართობის წყვდიადში იყო ჩაფლული. ეს იყო ურვა კაცობრიობისა. ამ მდგომარეობიდან გამოგვიყვანე, უფალოო.
18. "იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომაი ჩემი, და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი" - ფსალმუნის ამ მუხლში დავითი ევედრება უფალს. ჩვენც, თითოეული ადამიანი ამ სიტყვებით უნდა ვევედროთ უფალს ყოველთვის - ჩემი სიმდაბლე და შრომა იხილე, უფალო, და მომიტევე ყოველი ცოდვანი ჩემნი. უფალი მაშინ მიგვითითებს ცოდვებს, როდესაც თავმდაბლობა სათნოების, სულიერი თვისების სახით გვაქვს და საღმრთო შრომას აღვასრულებთ და არა იმ დროს, როდესაც სიკეთეს გავაკეთებთ და ჩავთვლით, რომ თავმდაბალი და მშრომელი ვართ და ამის გამო ვიმსახურებთ ცოდვების მოტევებას.
19. "იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულვილით ამაოდ მომიძულეს მე" - გამრავლდნენ ჩემი მტრები - ბოროტმა სულებმა, დაცემულმა ანგელოზებმა გარემომიცვეს და მომიძულეს. ვიცით, რომ ეშმაკს დასაბამიდანვე სძულს ყველა ადამიანი და თითოეულის სულის წარწყმედას ცდილობს.
20. "იცევ სული ჩემი და მიხსენ მე და მრცხუენებინ მე, რამეთუ გესავ შენ" - გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი: მათგან დაიცავი ჩემი სული, რადგან შენ გესავ - შენზე ვსასოებ, შენი იმედი მაქვს, უფალო. ამის გამო ნუ მისცემ ჩემს სულს ეშმაკს წარსაწყმედადო.
21. "უმანკონი და წრფელნი შემომეყვნეს მე, რამეთუ დაგითმე შენ, უფალო" - კვლავ გრძელდება წინა მუხლებში დაწყებული აზრი: თუ შენ დაგითმობ, შენ გადიდებ და შენი იმედი მექნება, უფალო, უმანკონი და წრფელნი იქნებიან ჩემ გარშემო, უმანკოება და სიწრფელე მომიცავს. ამის იმედი მაქვს და ამის გამო შემეწიე, - მიმართავს დავით წინასწარმეტყველი უფალს.
22. "იხსენ, ღმერთო, ისრაელი ყოველთაგან ჭირთა მისთა" - დავით წინასწარმეტყველი მთელი კაცობრიობის პირით აღავლენს ამ ფსალმუნს. ისრაელში არა ხორციელი ისრაელი, ებრაელი ერი იგულისხმება, არამედ ყველა ღვთის მადიდებელი ადამიანი. თუ ძველ აღთქმაში ისრაელი იყო აბრაამის, იაკობის... შთამომავლები, რომლებიც ჭეშმარიტ ღმერთს ადიდებდნენ, ახალ აღთქმაში ახალ ისრაელიანებში იგულისხმება ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი, ყველა მართლმადიდებელი, ღვთის მადიდებელი ადამიანი. დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნის ამ მუხლით კაცობრიობის პირით შეღაღადებს უფალს: იხსენ, ღმერთო, ყველა შენი მადიდებელიო.
P.S. ოცდამეოთხე ფსალმუნი დავითის თხოვნაა უფლისადმი, რათა კაცობრიობა გამოიხსნას იმ გასაჭირიდან, რომელიც ძველი აღთქმის პერიოდში ადგათ ადამიანებს - წარმართობის წყვდიადიდან და ეშმაკის ხელმწიფებიდან.