არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
ფსალმუნთა განმარტება
1. "უფლისაი არს ქვეყანაი და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველი დამკვიდრებული მას შინა". ამ სიტყვებით დავით წინასწარმეტყველი განადიდებს უფალს და გვაუწყებს, რომ ქვეყანა, მთელი სისავსე ამ ქვეყნისა - ხილული და უხილავი სამყარო და მისი მკვიდრნი, ყველაფერი, რაც ამქვეყნადაა დამკვიდრებული, უფლისაა. ფსალმუნთა სხვა მუხლში ბრძანებს კიდეც უფალი დავით წინასწარმეტყველის პირით: ჩემი არს ყოველი, სავსება მისი.
2. "რამეთუ მან თავადმან ზღუათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განჰმზადა იგი". თავად უფალმა შექმნა ეს ყველაფერი - ზღვები, მდინარეები... ყოველივე, რაც დედამიწაზეა. ამიტომ არის მისი ყოველივე.
3. "ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა?" - ფსალმუნის ამ მუხლში დავით წინასწარმეტყველი კითხულობს - ვინ ავიდეს იმ მთაზე, იმ სიწმინდის თავზე, რომელზეც უფალია დამკვიდრებული; ან ვინ დადგეს, ვინ მოვიდეს იმ წმინდა ადგილებში, ზეციურ იერუსალიმში, სადაც უფალი მკვიდრობს? - კვლავ სვამს კითხვას დავითი, რომელსაც მომდევნო მუხლში თვითონვე პასუხობს.
4. "უბრალოი ხელითა და წმიდაი გულითა, რომელმან არა აღიღო ამაოებასა ზედა სული თვისი და არცა ეფუცა ზაკუით მოყვასსა თვისსა". ის, ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი - ადამიანი, რომელიც ცოდვას არ იქმს თავისი ხელით და გულით წმინდაა, რომელიც გულში არ განიზრახავს სხვისთვის ბოროტს, ამაოებებს არ არის აყოლილი, მზაკვრობას და სიცრუეს არ მიმართავს, მოყვასს არ მტრობს.
5. "ამან მოიღოს კურთხევაი უფლისაგან და წყალობაი ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა". კვლავ გრძელდება წინა მუხლებში დაწყებული აზრი - ჩვენი მაცხოვნებელი, ჩვენი შემოქმედი ღმერთისგან ასეთი ადამიანი მიიღებს წყალობასო.
6. "ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისასა". კვლავ გრძელდება წინა მუხლებში დაწყებული აზრი. ასეთი ადამიანების ერთობა ეძიებს უფალს, იაკობის ღმერთს. ვიცით, რომ ძველ აღთქმაში ჭეშმარიტ ღმერთს ასეც იხსენიებდნენ: ღმერთი აბრაამისი, ღმერთი იაკობისი და ა.შ. ეს ჭეშმარიტ ღმერთს აღნიშნავდა. აუარებელი წარმართული ე.წ. ღმერთებისგან განსასხვავებლად ჭეშმარიტი ღმერთის მიმართ ხშირად ამბობდნენ, - ღმერთი აბაამისი, ღმერთი ისააკისი, ღმერთი იაკობისი. სწორედ ამ კონტექსტშია ფსალმუნის ამ მუხლში ეს სიტყვები, სწორედ ასეთი ადამიანები ეძიებენ და იხილავენ იაკობის ღმერთის ანუ ჭეშმარიტი ღმერთის პირსო.
7-8. "აღახვენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნონი და შევიდეს მეუფე დიდებისაი. ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი? უფალი ძლიერი და მტკიცე, უფალი ძლიერი ბრძოლასა შინა". ფსალმუნის ამ მუხლებიდან იწყება წინასწარმეტყველება უფლის ამაღლების შესახებ. დავითი წინასწარმეტყველურად გვაუწყებს იმ სიტყვებს, რომელთაც ანგელოზები ერთმანეთს მიმართავენ უფლის ამაღლების ჟამს. როდესაც მაცხოვარი უდაბნოში განიცადა, ორმოცი დღის შემდეგ მასთან ანგელოზები მივიდნენ და ემსახურებოდნენ. ზეციური სასუფევლის ბჭეებსაც ანგელოზები იცავენ. წმინდა მამები ბრძანებენ, რომ სწორედ ამ ანგელოზთა საუბარია გადმოცემული წინასწარმეტყველურად ფსალმუნის ამ მუხლში. ის ანგელოზები, რომლებიც უფალს ემსახურებოდნენ და ახლდნენ ზეცად ამაღლების ჟამს, ღაღადებენ: "აღახვენით ბჭენი თქვენნი, მთავარნო" - გააღეთ დახშული ბჭეები, რათა მეუფე დიდებისა შევიდეს. ზეციურ ბჭეთა მცველი ანგელოზები კი ეკითხებიან: "ვინ არს ესე მეუფე დიდებისა?" "უფალი ძლიერი და მტკიცე, უფალი ძლიერი ბრძოლასა შინა" - ბრძოლასა შინა ძლიერი და მტკიცე უფალი იესო, - პასუხობენ მაცხოვრის მსახური და თანმხლები ანგელოზები.
9-10. "აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი; ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი? უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი". დასაწყისი სიტყვები კვლავ იმ ანგელოზთა დასის სიტყვებია, რომლებიც მაცხოვარს ახლდნენ და ემსახურებოდნენ ამქვეყნად. ზეციურ ბჭეთა მცველი ანგელოზები კვლავ სვამენ კითხვას: "ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი?" ბოლო სიტყვებს კი ზეციურ ბჭეთა მცველი ანგელოზები ღაღადებენ უფლის მცველ ანგელოზებთან ერთად - "უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი" - ძალთაი ანუ ჩვენი, ანგელოზთა დასის, უფალიო: ძალნი, საყდარნი... ვიცით, რომ ანგელოზთა დასებია. ანგელოზთა ამ დიდებაში განიღო ზეციური ბჭეები და უფალი ხორციელად ამაღლდა ზეცად. უფლის ჯვარცმის, აღდგომისა და ამაღლების შემდეგ უამრავმა ადამიანმა, როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმისა, დაიმკვიდრა ზეციური სასუფეველი.
P.S. ფსალმუნი იწყება წარმართთა მოქცევის შესახებ წინასწარმეტყველებით, შემდეგ კი წინასწარმეტყველებაა მაცხოვრის ზეცად ამაღლებისა და სასუფევლის ბჭეების გახსნის შესახებ.