არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
ფსალმუნთა განმარტება

ფსალმუნი 21

1. "ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე; რაისათვის დამიტევე მე? შორს არიან ცხოვრებისა ჩემისაგან სიტყუანი ბრალთა ჩემთანი" - ღმერთო ჩემო, რატომ დამიტევე მე? - ამ სიტყვებში, ერთი მხრივ, შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ დავით წინასწარმეტყველი მიმართავს უფალს, მეორე მხრივ - თავად უფალი - განკაცებული მაცხოვარი, იმის გამო, რომ თავად არის სრულყოფილი კაცი, მთელი კაცობრიობის პირით აღავლენს ამ სიტყვებს - კაცობრიობა შეღაღადებს უფალს. რა თქმა უნდა, უფალს არ დაუტევებია კაცობრიობა, თავად კაცობრიობამ დატოვა შემოქმედი, მაგრამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ უფალმა მიატოვა ისინი. ნებისმიერ ეპოქაში, როდესაც ადამიანს რაიმე განსაცდელი ეწვევა, ხშირად ფიქრობს, რომ უფალმა დაუტევა იგი, მაგრამ, როგორც ვთქვით, უფალი არასოდეს გვტოვებს; ყოველთვის თვითონ ვტოვებთ მას და ღვთის გარეშე დარჩენილთ შეგვემთხვევა ესა თუ ის განსაცდელი. რა თქმა უნდა, თუკი ადამიანი გაჭირვების დროს მადლობს უფალს, ასეთი კაცი უფრო მეტად სათნოა ღვთისთვის და მეტ ჯილდოსაც მიიღებს.

"შორს არიან ცხორებისა ჩემისაგან სიტყუანი ბრალთა ჩემთანი" - ამ სიტყვებს მაცხოვარი ამბობს - ის, რასაც ბრალად მდებდნენ იუდეველები, სიცრუეაო. უსჯულო იუდეველები იქამდეც კი დაეცნენ, რომ რომელიღაც რომაელი ლეგიონერის შვილად შერაცხეს მაცხოვარი, ათას რამეს აბრალებდნენ, ცილს სწამებდნენ. არ აღიარებდნენ, რომ მაცხოვარი წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა.

2. "ღმერთო ჩემო, დღისი ხმავყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და - ღამე, და არა იღუაწე ჩემთვის" 
- ფსალმუნის ამ მუხლშიც კვლავ ღაღადებს განკაცებული ღმერთი კაცობრიობის პირით: ღმერთო, დღისით გევედრებოდი და არ ისმინე ჩემი, ღამე არ იღვაწე ჩემთვისო. არ იღვაწა უფალმა იმიტომ კი არა, რომ დაივიწყა კაცობრიობა, რამედ იმის გამო, რომ ადამიანების თხოვნა არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო - მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მთელი ისრაელის ერი მოელოდა მესიას და ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი იყო, ებრაელებმა არ მიიღეს მაცხოვარი, რადგან ისინი სხვაგვარ, მიწიერ მხსნელს მოელოდნენ, ამიტომ მათი სათხოვარი მიწიერი იყო და არა სულიერი. ამიტომაც არ იღვაწა უფალმა იმ თხოვნათა აღსასრულებლად, იუდეველები და ძველი აღთქმის კაცობრიობა რომ სთხოვდა. ხშირად არც ჩვენ გვისრულდბა ღვთისთვის ნათხოვნი, რადგან ჩვენი თხოვნა არ არის ღვთისთვის სათნო. ჩვენ ვითხოვთ მიწიერს, ზოგჯერ ჩვენთვის საზიანოსაც. ამის გამო არ იღვწის უფალი, რომ აგვისრულოს ამგვარი სათხოვარი.

3. "ხოლო შენ წმიდასა შინა დამკვიდრებულ ხარ ქებული ეგე ისრაელისაი"
 - ისრაელისგან - ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი ერისგან ქებული უფალი წმინდათა თანა - ანგელოზთა, სიწმინდეთა შორის არის დამკვიდრებულიო. უფალი კი არ დამკვიდრდა სიწმინდეში, არამედ ისინი, ვინც ღვთის გარშემოა, ღვთის მადლით არიან წმინდანი. ეს სიწმინდე თავად უფლისაა და არა მათი - მათაც ღვთისგან აქვთ სიწმინდე.

4. "შენ გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იხსნენ იგინი"
 - ძველი აღთქმის მართალნი, რომლებიც უფალს "ესვიდნენ" - სასოებდნენ და ადიდებდნენ, ამ სასოებით გამოიხსნებიანო.

5. "შენდამი ღაღადებდეს და ცხოვნდეს, შენ გესვიდეს და არა ჰრცხუენა" - ფაქტობრივად გრძელდება ფსალმუნის წინა მუხლში დაწყებული აზრი: შენდამი რომ ღაღადებდნენ - ლოცვას აღგივლენდნენ, შენ რომ გევედრებოდნენ და შენი იმედი ჰქონდათ, სწორედ ამით ცხონდნენ ისინი, ამის გამო არ შერცხვებიან - რადგან სწამდათ ჭეშმარიტად უფალი, მაცხოვრის ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გამოხსნილნი და განდიდებულნი იქნებიანო.

6. "ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა"
 - ამ სიტყვებში - "მატლ ვარ და არა კაც" - შეიძლება ვიგულისხმოთ ადამიანი. ამით უფალი თავმდაბლობას გვასწავლის. ადამიანი ღვთის წინაშე მატლია. როდესაც იოანე საბანისძე ფსალმუნის ამ მუხლს განმარტავს, ბრძანებს - მატლი თავად მაცხოვარია, უფალმა ეს სიტყვები საკუთარ თავზე თქვაო. ამის წაკითხვისას შევრწუნდებით კიდეც, მაგრამ მივყვეთ განმარტებას: "როგორც ჭკვიანი მეთევზე მატლით ფარავს ანკესს, ასევე დაფარა უფალმა თავისი ღვთაებრივი ბუნება ადამიანური ბუნებით. გადაუგდო და დაიჭირა უზარმაზარი ვეშაპი - ეშმაკი". ეშმაკს რომ ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება ენახა, მაშინვე განეშორებოდა მას. სატყუარად ექცა მაცხოვრის განკაცება და მაცხოვრის ხორცი, ამით იქმნა შეკრული და შეპყრობილი. სწორედ ამის წინასწარმეტყველებაა ფსალმუნის ეს მუხლი. ისევე როგორც მატლია ადამიანის წინაშე, ასევეა ადამიანი ღვთის წინაშე და კიდევ უფრო დაშორებულიც. უფალმა არ იუკადრისა ეს; უდიდესი თავმდაბლობა გვაჩვენა - ადამიანის ხორცი შეისხა ჩვენი ხსნისთვის.

"საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა" - როდესაც უფალი მოვიდა, ვიცით, რომ აყვედრიდნენ და შეურაცხყოფდნენ. ეს ყველაფერი გვასწავლის, როგორი სიმდაბლით უნდა მოიქცეს ადამიანი, თუგინდ უდიდეს საქმეს აღასრულებდეს. მაცხოვარმა მთელი კაცობრიობა იხსნა თავისი განკაცებით, ადამიანთაგან კი ტანჯვა, წამება, შეურაცხყოფა, ყვედრება მიიღო. როდესაც კეთილ საქმეს აღვასრულებთ, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ამისთვის.

7. "ყოველნი, რომელნი მხედვიდეს მე, მეკიცხვიდეს მე, იტყოდეს ბაგითა და ხრიდეს თავთა" - სახარებიდან ვიცით, როდესაც მაცხოვარი ჯვარს აცვეს, იუდეველები თავს აქნევდნენ და ამბობდნენ, თუ ეს მართლა მხსნელია, მაშინ გამოიხსნას თავისი თავიო. სწორედ ამას წინასწარმეტყველებს დავითი ფსალმუნის ამ მუხლში.

8. "ესვიდა უფალსა, იხსენინ იგი, აცხოვნენ იგი, რამეთუ ჰნებავს იგი" - გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი. დავითი წინასწარმეტყველურად წარმოთქვამს ზუსტად იმ სიტყვებს, ებრაელებმა ჯვარცმული უფლის მიმართ რომ თქვეს: თუ ღმერთს უყვარს იგი, თუ ძეა ღვთისა, მაშინ გარდამოვიდეს ჯვრიდანო.

9. "რამეთუ შენ ხარ, რომელმან გამომიყვანე მე საშოით, სასოო ჩემო, დედის ძუძუით ჩემითგან" - როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, მხოლოდ მაცხოვარი იქმნა "გამოყვანებულ საშოით დედისაით"; ეს სიტყვები მხოლოდ მაცხოვრის მიმართ შეიძლება ითქვას, რადგან ვიცით, რომ იგი აბსოლუტურად არამიწიერი და არაბუნებრივი წესით ჩაისახა და იშვა. წმინდა ათანასე ალექსანდრიელი გვასწავლის, გამოყვანება სწორედ იმას ნიშნავს, რომ მაცხოვარი არაბუნებრივი გზით იშვა.

10. "შენდა შევვარდი მე საშოითგან, დედის მუცლით ჩემითგან. ღმერთი ჩემი ხარი შენ, ნუ განმეშორები ჩემგან, რამეთუ ჭირი მახს მე" 
- ფსალმუნის ამ მუხლში უფალი ღაღადებს მართალი ადამიანების პირით - შენს ხელში ვართ, უფალო, და თუ შეგვეწევი, ყოველი ჭირი განგვიქარვდებაო.

11. "და არავინ არს მწე ჩემდა". შენს გარდა არავინ არის ჩვენი შემწე, არავინ იყო კაცობრიობის მწე ღვთის გარდა, რომელიც განკაცდა კაცობრიობის გამოსახსნელად; ღმერთის გარდა არავის, თვით ბრწყინვალე ანგელოზებსაც კი, არ შეეძლოთ კაცობრიობის ხსნა.

12-13. "გარემომადგეს მე ზუარაკებ მრავალ და კუროთა პოხილთა მომიცვეს მე. აღაღეს ჩემ ზედა პირი მათი, ვითარცა ლომმან მტაცებელმან და მყვირალმან". ამ მუხლებში ჩამოთვლილია ის ვნებები, რაც მაცხოვარმა განიცადა. როგორც "კურონი" და ზვარაკნი, ისე მომადგნენ და როგორც ლომმა მყვირალმა, ისე აღაღეს პირი ჩემ მიმართ. მთელი ისრაელის ერი აღუდგა მაცხოვარს. ფსალმუნთა ამ მუხლებში წინასწარმეტყველურად ჩანს, როგორ მოექცა კაცობრიობა განკაცებულ მაცხოვარს. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება მცირედი ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც უფალს ადიდებდნენ.

14. "ხოლო მე ვითარცა წყალი, დავითხიე და განიბნინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი, იქმნა გული ჩემი, ვითარცა ცვილი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა"
. ფსალმუნის ამ მუხლში დავით წინასწარმეტყველის პირით მაცხოვარი ბრძანებს, - როდესაც მე "დავითხიე", ანუ როდესაც მაცხოვარი შეიპყრეს, "განიბნიეს" მოციქულნი ჩემნი: წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ "ძუალნში" უნდა ვიგულისხმოთ მოციქულები. თუკი მაცხოვრის სხეული არის ეკლესია, მაშინ მოციქულები შეგვიძლია ძველებად წარმოვიდგინოთ, რომელთა ქადაგებაც აერთიანებს ამ სხეულს. როდესაც იუდეველებმა მაცხოვარი შეიპყრეს, მოციქულები გაიფანტნენ მაცხოვრისგან. "და იქმნა გული ჩემი, ვითარცა ჩვილი." - ამით შეწუხდა უფალი. მაცხოვარი წუხდა მთელ კაცობრიობაზე. იმ დროს წუხდა და ზრუნავდა მოციქულებზეც, რომლებმაც ის მიატოვეს.

15. "განხმა, ვითარცა კეცი ძალი ჩემი და ენაი ჩემი სასასა ჩემსა აექუა და მიწად სიკუდილსა შთამხადე მე". ვითარცა მიწა, ისე იქცა ძალი ჩემი. აქ არ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ქრისტე საღვთო ძალამ და საღვთო ბუნებამ დაუტევა. ფსალმუნის ამ მუხლში ნაწინასწარმეტყველებია მაცხოვრის ჯვარცმის შესახებ, ტანჯვა, რაც ჯვარზე განიცადა მაცხოვარმა თავისი ადამიანური ბუნებით. "ენაი ჩემი სასასა ჩემსა აექუა" - სასას აეკრა ჩემი ენა. ვიცით, როდესაც ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა წყალი მოითხოვა, ძმარი ასვეს, რითაც უფრო გაუმძაფრდა წყურვილი. სწორედ ამას მოასწავებს ფსალმუნთა სიტყვები. "და მიწად სიკვდილისა შთამხადე მე". სიკვდილისათვის გამწირეს და მიწად შთამაგდეს. ფსალმუნის ეს სიტყვებიც წინასწარმეტყველურია იმისა, რაც განკაცებულმა უფალმა, მისმა ადამიანურმა ბუნებამ, ხორცმა განიცადა - სიკვდილისთვის გაწირეს და ჯვარცმის შემდგომ მიწაში დაფლეს.

16-17. "რამეთუ გარემომადგეს მე ძაღლებრ მრავალ და კრებულმან უკეთურმან გარემომიცვა მე; განხვრიტეს ხელნი ჩემნი და ფერხნი ჩემნი და აღრაცხეს ყოველნი ძუალი ჩემი, მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე". ამ მუხლებში კონკრეტულად მაცხოვრის ჯვარცმის შესახებაა ნაწინასწარმეტყველები. დავით წინასწარმეტყველის პირით მაცხოვარი საკუთარი ჯვარცმის შესახებ გვაუწყებს, - ძაღლებივით დამესივნენ - უკეთურმა კრებულმა განმსაჯა, ხელ-ფეხი დამიხვრიტა, ყველა ძვალი აღრაცხეს - სრულად მნახესო. როგორც ვიცით, მაცხოვარი ჯვარცმის წინ, ისევე როგორც ყველა ჯვარზე გასაკრავი, გააშიშვლეს - ჩემი ყველა ძვალი აღრაცხეს, ყველაფერი იხილეს, როგორც კაცისო.

18. "განიყვნეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ზედა განიგდეს წილი".
ფსალმუნის ეს მუხლიც მაცხოვრის ჯვარცმას წინასწარმეტყველებს. სახარებიდან ვიცით, რომ ჯვარცმის შემდეგ მეომრებმა განიყვეს მაცხოვრის შესამოსელი, უკერველი, ხელთუქმნელი ხატი მაცხოვრისა წილად ხვდა ერთ-ერთ მათგანს, რომელმაც შემდეგ უფლის კვართი გაყიდა. ის მცხეთელმა ებრაელებმა - ელიოზმა და ლონგინოზმა შეიძინეს და საქართველოში ჩამოაბრძანეს.

19. "ხოლო შენ უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან და ხელისაპყრობად ჩემდა მომხედენ".
 მაცხოვარი ჯვარს აცვეს. მოკვდა კაცური ბუნებით, მაგრამ ქრისტეს წამითაც არ განშორებია ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება, ქრისტე იყო სრულყოფილი კაცი და სრულყოფილი ღმერთი. მიუხედავად ჯვარცმისა, ხორციელად სიკვდილისა, მას ღვთაებრივი ბუნება არ განშორებია. სწორედ ამას გვამცნობს ფსალმუნის ეს მუხლი.

20-21. "იხსენ მახვილისაგან სული ჩემი და ხელთაგან ძაღლთაისა მხოლოდშობილებაი ჩემი; მიხსენ მე პირისაგან ლომისა და რქათაგან მარტორქისათა - სიმდაბლე ჩემი."
მაცხოვრის ჯვარცმის შემდგომ იუდეველებმა მაცხოვრის მიმართ შეურაცხმყოფელი ცილისწამებანი დაიწყეს. სახარებიდან ვიცით, რომ იუდეველებმა მცველებიც კი მოისყიდეს, რათა ეთქვათ, ქრისტეს სხეული მოწაფეებმა მოიპარესო. იუდეველებს თავად გამომხსნელ მადლშიც კი, რომელიც უფლის ჯვარცმითა და აღდგომით მოგვეცა, სურდათ სიცრუის შეტანა. ამისგან მიხსენ, გამომხსნელი მადლი იქნას დაცული, რათა ადამიანებმა მიიღონ ეს მადლიო, ღაღადებს მაცხოვარი ფსალმუნთა ამ მუხლებში წინასწარმეტყველურად.

22. "მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის ეკლესიისა, გიგალობდე შენ".
 აქ მაცხოვარი მამას მიმართავს - ვუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა - მოციქულებს, რომლების შემდეგ აუწყებენ ყველა ღვთისმოყვარეს, მათგან გადავა საღვთო ცონდა, რომელსაც მე მათ ვაუწყებ ეკლესიაშიც, სადაც შენი მადიდებლები შეიკრიბებიან და შენ გიგალობებენო.

23. "მოშიშნი უფლისანი აქებდით მას და ყოველი ნათესავი იაკობისი ადიდებდით მას; ეშინოდენ მისგან ყოველსა ნათესავსა ისაელისასა".
 მოშიშნი უფლისანი, მთელი იუდეა, მთელი ისრაელი - ვინც მიიღო განკაცებული მაცხოვარი და ძველი აღთქმის მართალნი, ადიდებდნენ მაცხოვარს. სწორედ ამის შესახებაა წინასწარმეტყველება ფსალმუნის ამ მუხლში.

24. "რამეთუ არა შეურაცხ-ყო, არცა მოიწყინა ლოცვაი გლახაკისაი არცა გარემიაქცია პირი მისი ჩემგან და ხადილსა ჩემსა მისა მიმართ ისმინა ჩემი".
 ძველი აღთქმის მართალთა ვედრება, რომელიც აღესრულებოდა ღვთის წინაშე, შეისმინა უფალმა და მის გამო იქნა გამოხსნილი კაცობრიობა; ადამიდან დაწყებული, ყველა მამამთავარი და მართალი მოელოდა იმ უფლის აღთქმის აღსრულებას, რომ მოვიდოდა მხსნელი და იხსნიდა კაცობრიობას. ამისათვის აღუვლენდნენ ძველი აღთქმის მართალნი ლოცვას უფალს. უფალმა ეს ლოცვა შეიწყალა და ამით მოხდა განმართლება და გამოხსნა კაცობრიობისა მაცხოვრის მოსვლით და მაცხოვრის ჯვარცმით.

25. "შენ მიერ არს ქებაი ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა; აღგიარო შენ, აღთქუმანი ჩემნი აღვასრულნე წინაშე მოშიშთა მისთა".
 ანუ მთელ სამყაროშია მამის მიერ ის ქება. სახარებიდან ვიცით, რომ ზეციდან რამდენიმეჯერ მოისმა მამის ხმა მაცხოვრის მიმართ - "ესე არს ძე ჩემი საყვარელი. მაგისი ისმინეთ, რათა განედიდებინა განკაცებული მაცხოვარი, ადამიანებს ყურად ეღოთ, ესმინათ მაცხოვრისა და მაცხოვარს მამასთან დაებრუნებინა ადამიანები.

26. "შეჭამონ დავრდომილთა და განძღენ და აქებდენ უფალსა მეძიებელნი მისნი, ცხოვნდნენ გულნი მათნი უკუნითი უკუნისამდე".
 დავრდომილებში ძველი აღთქმის კაცობრიობა იგულისხმება. ძველი აღთქმის პერიოდში კაცობრიობა იყო სულიერად დავრდომილი. რა შეჭამონ დავრდომილთა? მაცხოვრიდან მომდინარე მადლი - ქრისტეს წმინდა სისხლი და ხორცი, ანუ წმინდა ზიარება. და ამით იქნებიან უკუნითი უკუნისამდე ხსნილნი. სწორედ მაცხოვრის ჭეშმარიტი სისხლით და ხორცით იქნებიან უკუნისამდე, სამარადისოდ ადამიანები ხსნილნი. ფსალმუნის ამ მუხლში წმინდა ზიარებაზეა წინასწარმეტყველება.

27. "მოიხსენონ და მოიქცნენ უფლისა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და თაყვანის-სცენ წინაშე მისსა ყოველთა ტომთა თესლებისათა".
 ყოველი მხრიდან მოიქცნენ უფლის მიმართ, ყველა ტომმა თაყვანი სცეს უფალსო. ეს არის წინასწარმეტყველება წარმართთა მოქცევის შესახებ. მაცხოვრის ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, ვიცით, რაოდენი ადამიანი მოექცა წარმართობიდან და ცხადად ვხედავთ, დღეს როგორ განადიდებდნენ უფალს ისინი.

28. "რამეთუ უფლისაი არს სუფევაი და იგი მეუფებს ყოველთა ზედა წარმართთა".
გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი: რამეთუ ღმერთი არ არის მხოლოდ იუდეველთა, არამედ ჭეშმარიტი ღმერთი არს წარმართთა ღმერთიც - წარმართთა ზედაც მეუფობს უფალიო, - გვაუწყებს დავით წინასწარმეტყველი.

29. "ჭამეს და თაყუანის-სცეს ყოველთა პოხილთა ქუეყანისათა; მის წინაშე დაცვიოდიან ყოველნი, რომელნი შთავლენ მიწად და სული ჩემი მისა ცხოველ არს".
ყველა ჭეშმარიტი მორწმუნე ჭამდეს მაცხოვრის ტაბლიდან ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლს და ხორცს. ყველა მოკვდავი ღვთის წინაშე "დაცვიოდიან" - უფალს თაყვანს სცემენ მისი მადიდებელნი, ხოლო ისინი, ვინც უფალს არ ადიდებენ, მეორედ მოსვლის ჟამს დაემხობიან ღვთის წინაშე, როგორც მსაჯულისა, რომელიც უკვე გამომხსნელი აღარ იქნება. ღვთის თაყვანისცემა, ღვთის წინაშე არარად ჩათვლა, გამომხსნელი იქნება მათთვის, ვინც მეორედ მოსვლამდე სცემს თაყვანს უფალს და თავისი ცხოვრებით ადიდებს.

30. "და ნათესავმან ჩემმან ჰმონოს მას; ეუწყოს უფალსა ნათესავი მომავალი".
 მომავალი ნათესავნი უფლისა, არიან წარმართობისგან მოქცეული ქრისტიანები, რომლებიც გახდნენ ღვთისთვის სათნონი. მაცხოვრის მოსვლის, ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უფლისთვის ახალ რჩეულ ერად იქმნენ იუდეველთა და წარმართთა ის ნაწილი, რომლებიც ღვთის ჭეშმარიტი მადიდებელნი გახდნენ.

31. "და უთხრობდნენ სიმართლესა მისსა ერსა მას შობილსა, რომელ ქმნა უფალმან".
უთხრობდნენ სიმართლეს ახალ შობილ ერს. როგორც ვთქვით, მაცხოვრის ჯვარცმითა და აღდგომით ახალი რჩეული ერი იშვა - ქრისტიანების, ქრისტეს მიმდევართა სახით. სწორედ ამ ახალ ერს ეუწყება ყოველივე მაცხოვრის შესახებო.

P.S. XXI ფსალმუნი მთლიანად წინასწარმეტყველებაა მაცხოვრის განკაცების, მისი ცხოველმყოფელი ვნებების, ჯვარცმისა და აღდგომის, ასევე წარმართთა მოქცევისა და ეკლესიის დაარსების - ქრისტიანთა კრებულის წარმოშობის შესახებ.