არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
ფსალმუნთა განმარტება

ფსალმუნი 18

1. "ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროი" - როგორ შეიძლება, ცამ, მთელმა სამყარომ "მიუთხრას" - იღაღადოს ღვთის დიდება? სამყარო ხომ უსულო სივრცეა, უსულოა ცაც. წმინდა მამები გვასწავლიან: როგორც საუკეთესო შენობა ღაღადებს მშენებლის ნიჭიერებაზე, ასევე ღაღადებენ ცა, ვარსკვლავები და მთელი სამყარო შემოქმედზე.

2. "დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა"
 - გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი - ამის შესახებ დღეები დღეებს აუწყებენ, ღამეები კი ღამეებსო, - ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი. ცხადია, მეფსალმუნე იმას არ გულისხმობს, რომ დღე და ღამე ერთმანეთს ან თუნდაც ადამიანებს სიტყვებით ებაასებიან ღვთის შესახებ, მაგრამ როგორც მზისგან განათებული დღის განმავლობაში ვხედავთ ყველაფერს ღვთის შექმნილს, ღამითაც, როცა ვარსკვლავებსა და მთვარეს ვუყურებთ, ვჭვრეტთ მათი შემოქმედის სიდიადეს. 

3. "არა არიან თქმულ არცა სიტყუაი, რომელთა-იგი არა ესმა ხმაი მათი" - ვისი ხმა? ამ უტყვი და უსულო, მატერიალური და არაგონიერი სამყაროსა და არსებების ხმა ყველას და ყველაფერს მისწვდა. ვიცით, რომ თავად ამ ქმნილებებს თვლიდნენ წარმართები ჭეშმარიტ ღმერთებად, რადგან მათი გონება მათ სიდიადეს სწვდებოდა, მაგრამ გონება ვერ აღწევდა ამ ქმნილებათა მიღმა, რომ შესწვდომოდა მათ შემოქმედს, ამიტომაც თავად ქმნილებებს მიიჩნევდნენ ღმერთებად. 

4. "ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი მათი და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მათნი" - ეს სიტყვები წინასწარმეტყველურად მიემართება მოციქულებს - როდესაც მათი სიტყვა "ყოველსა ქუეყანასა განხდა", მთელ დედამიწაზე გავრცელდა, ადამიანებმაც შეიტყვეს, შეიმეცნეს ყოველივე იმის შესახებ, რაც წინა მუხლებში იყო მოთხრობილი - რომ თავად ქმნილებები კი არა, მათი შემოქმედია ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც ასეთი სიდიადით შექნა ყოველივე და ეს ყველაფერი თავის შემოქმედს ადიდებს უხმოდ.

5. "მზესა აღდგა კარავი თვისი; და თავადი, ვითარცა სიძე რაი გამოვალნ ეზოით თვისით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა" - ფსალმუნის ეს მუხლი წინასწარმეტყველებს მაცხოვრის განკაცების შესახებ: "ვითარცა სიძე", როგორც ადამიანი - ხორციელად გამოჩნდა განკაცებული ღმერთი დედამიწაზე და თავისი საღვთო სიბრძნით გააბრწყინა, ნათელი მოჰფინა მას. 

6. "ცის კიდითგან არს გამოსლვაი მისი და მიწევნაი მისი ვიდრე კიდედ ცისამდე; და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა" - მაცხოვარი, განკაცებული უფალი ცის კიდიდან გამოვიდა - ციდან გარდამოხდა და ცის კიდემდე მივიდა - კვლავ ზეცადვე ამაღლდა. "და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა" - საღმრთო მხურვალებასა და ჭეშმარიტებას ვინმე რომ დაეფაროს, შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, აღიარებს თუ არა ამას ადამიანი.

7. "შჯული უფლისაი უბიწო არს და მოაქცევს სულთა; წამებანი უფლისანი სარწმუნო არიან და გონიერ ყვნიან ყრმანი" - ვიცით, რომ ღვთის სჯული უბიწო, ჭეშმარიტი და მაცხოვნებელია. ძველი სჯული ქრისტემდე მიმყვანებელი იყო, ქრისტესთან მისულთ კი ახალი სჯული მიეცათ, რომლითაც ცხონდებიან. ფსალმუნის ამ მუხლის მეორე ნაწილი შემდეგს ღაღადებს: უფლის წამება სარწმუნოა, გონებას გაუნათლებს წარმართებს. აქ დავითი წარმართთა მოქცევის შესახებ ლაპარაკობს. 

8. "სიმართლენი უფლისანი წრფელ არიან და ახარებდენ გულსა; მცნებაი უფლისაი ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა" - რატომ არის წრფელი ღვთის სიმართლე? - მართალია, უფალი მართლმსაჯულია, მაგრამ მან თავისი მართლმსაჯულება თავისივე განკაცებითა და ჯვარცმით დააკმაყოფილა, ამის შემდეგ კი მისი სამართალი უკვე მოწყალე გახდა და "ახარებს გულსა". მეორედ მოსვლის შემდეგ ადამიანები, რომლებიც ღვთის მცნებებს აღიარებენ და მისდევენ სჯულს, გაიხარებენ უფალთან მარადიული ყოფით. ღვთის მცნებები თავისი ბრწყინვალებით განანათლებს ადამიანის არა ხორციელ, არამედ სულიერ თვალს. 

9. "შიში უფლისაი წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე; განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა" - აქ იგულისხმება საღმრთო შიში, რომელიც წმინდაა, რადგან არ არის ცხოველური, არამედ შიშია იმისა, რომ არ დავკარგოთ ღვთის მოწყალება; უფლის სასჯელისა კი არა, არამედ იმისა, რომ ღვთისადმი ჩვენმა სიყვარულმა არ მოიკლოს. ადამიანს სწორედ ამის უნდა ეშინოდეს. ეს შიში წმინდაა, უკუნისამდე ჰგიებს, ხოლო დასჯის შიში ვნებიანია და პირუტყვს ახასიათებს. ფსალმუნის ამ მუხლის მეორე ნაწილი - "განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა" - ასე უნდა გავიგოთ: უფალი ჭეშმარიტებით განიკითხავს, მაგრამ ამაში იგულისხმება ღვთის მრავალმოწყალებითი განკითხვა, რადგან მხოლოდ თავისი საქმეებით, ღვთის სიყვარულისა და მრავალმოწყალების გარეშე, ვერავინ ცხონდება. უფალი კაცის ცხონების მიზეზს ეძებს და არა წარწყმედისას და თუკი ადამიანი ცხონების მცირე მიზეზს მაინც მისცემს, აუცილებლად აცხოვნებს. 

10. "გულისსათქუმელ არიან უფროის ოქროისა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად და უტკბილეს უფროის თაფლისა და გოლეულისა" - ფსალმუნის ამ მუხლში დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: ანთრაკის თვლებზე, ბრწყინვალე ოქროზე, თაფლსა და გოლეულზე ტკბილი და მშვენიერია ის გულისთქმა, რომლითაც ადამიანს უფლის სიყვარულისადმი უთქვამს გული. 

11. "და რამეთუ მონამანცა შენმან იცვნეს ესე, დაცვასა მათსა მოსაგებელ მრავალ" - ეს ყოველივე, რაზეც წინა მუხლებში იყო საუბარი, განუწყვეტლივ სუფევდეს ჩვენს გულებში და მათი დაცვის სანაცვლოდ მრავალი მოსაგებელი მოგვეგება ღვთისგან. ეს ღვთის ყველა მონამ, ყველა ჭეშმარიტად მორწმუნემ იცის. 

12. "შეცოდებანი ვინ-მე გულისხმა-ყვნეს? საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმინდე მე" - ვინც თავისი შეცოდება დაინახოს და თავისი საიდუმლო ცოდვებიც კი, რომლებიც არავინ უწყის, გაამხილოს - აღსარებაში აღიაროს, ამ საიდუმლოს გზით განიწმინდებაო, - ბრძანებს დავითი. 

13. "და უცხოთაგან იცევ მონაი შენი; არათუ მეუფლნენ, მაშინ უბიწო ვიყო მე და განვწმიდნე მე ცოდვისაგან დიდისა" - ვისგან დაცვას შესთხოვს უფალს დავითი? დაცემულ ანგელოზთაგან, რომლებიც გაუუცხოვდნენ ღმერთს. თუ ისინი ვერას მავნებენ აზრებით - ვერ მიმდრეკენ ცოდვისკენ, უბიწო ვიქნებიო, - შეღაღადებს მეფსალმუნე უფალს, შემდეგ კი "ცოდვისაგან დიდისა" ანუ ადამისეული ცოდვისგან განწმენდას შესთხოვს. 

14. "და იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი შენ წინაშე მარადის, უფალო, მწეო ჩემო და მხსნელო ჩემო" - ამ მუხლში დავით წინასწარმეტყველი მთელი კაცობრიობის პირით ამბობს: უფალო, როდესაც ცოდებისგან, მათ შორის - ადამის შეცოდებისგანაც, განვიწმინდებით, ადამიანის ზრახვა, სიტყვა და გული შენთვის სათნო გახდებაო. ფსალმუნის ბოლო სიტყვებით კი დავითი განადიდებს უფალს და ბრძანებს, რომ ეს უბიწოება ღვთის შეწევნით მოგვეცემა და ამით ვიხსნებითო. 

P.S. ფსალმუნის დასაწყისში დავით წინასწარმეტყველი გვაუწყებს, როგორ განადიდებენ უფალს თავისი არსებობით არაგონიერი, მიწიერი ქმნილებებიც კი, რომელთაც აზროვნება და ბიოლოგიური სიცოცხლეც არ აქვთ. ფსალმუნი წინასწარმეტყველებს მაცხოვრის განკაცებასა და ზეცად ამაღლების შესახებაც, იმას, თუ როგორ მოეფინება ღვთის სიტყვა მთელ დედამიწას მოციქულთა მიერ. ბოლო მუხლში მეფსალმუნე გვაუწყებს ღვთის გამომხსნელი მადლისა და მარადიული ცხოვრების შესახებ.