არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
ფსალმუნთა განმარტება
1. "მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაი, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან" - მეთერთმეტე ფსალმუნი ეხმიანება მერვე ფსალმუნს და მასში მოთხრობილს განაგრძობს. კერძოდ ამ მუხლში კი დავით წინასწარმეტყველი მიმართავს უფალს: ღმერთო, შემეწიე და მაცხოვნე, რამეთუ ადამიანთა შორის ჭეშმარიტება შემცირდაო. დღესაც ძალზე შემცირებულია ჭეშმარიტება და სიწრფოება კაცთა შორის...
2. "ამაოსა იტყოდა კაცად-კაცადი მოყუასისა მიმართ თვისისა, ბაგითა ზაკულითა გულსა შინა და გულსა შინა იტყოდა ბოროტსა" - ადამიანები ღვთის დიდებას კი არ იტყვიან და უფლის სადიდებელ საქმეთა ქმნისთვის კი არ მეტყველებენ, არამედ ამაოდ, მზაკვარი ბაგეებით გამოთქვამენ იმ მზაკვრობას, ბოროტებას, რაც გულში აქვთ.
3. "აღხოცენ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუვარნი და ენაი დიდადმეტყუელი" - ბაგემზაკვარნი, უპირველესად, ეშმაკები არიან, შემდეგ კი ყველა ის ადამიანი, ვინც საქმით ეშმაკის მიმდევარია. ასეთებს უფალი აღხოცავს და განაქარვებს.
4. "რომელთა თქუეს: ენაი ჩუენი განვიდიდოთ, ბაგენი ჩუენნი ჩვენ თანა არიან; და ვინ ჩუენდა უფალ არს?" - "რომელთა" ანუ ეშაკთა "თქუეს" - ადამიანების დასმენითა და მათი ცოდვების აღრაცხვით გავიდიდოთ თავიო. თუ ასეთი მჭევრმეტყველნი ვიქნებით, ვინ იქნება ჩვენი უფალი, თუ არა ჩვენვეო.
5. "ჭირისათვის გლახაკისა და სულთქმისათვის დავრდომილთაისა აწ აღვდგე, იტყვის უფალი, დავდვა ცხორებაი და განვცხადნე მას ზედა" - უკვე რამდენჯერმე განვმარტეთ, რომ "გლახაკნი" ძველი აღთქმის პერიოდში მცხოვრები ადამიანები არიან. სულიერად დავრდომილი იყო ადამიანი ძველ აღთქმაში, რადგან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მხსნელი. უფალი - განკაცებული მაცხოვარი ბრძანებსო, - ამბობს წინასწარმეტყველი, - დაგლახაკებულ ადამიანთა ზედა გამოვცხადდები, ჩემს სიცოცხლეს დავდებ მათთვის და აღვდგები, რათა შევეწიო მათ და გამოვიხსნა ეშმაკის ხელიდანო.
6. "სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვერცხლ გამოხურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმენდილ შვიდწილად" - როგორც ვერცხლია ცეცხლში განწმენდის შემდეგ სუფთა მინარევებისგან, ასეთივე წმინდაა ღვთის სიტყვა. ის არ შეიცვლება, მას ვერავითარი სიბილწე ვერ შეერევა. რაც უფალმა ბრძანა, უცილობლად აღესრულება - მოვა მესია და გამოიხსნის კაცობრიობას ეშმაკის ხელიდან.
7. "შენ, უფალო, მაცვნე ჩუენ და დაიმარხნე ჩუენ ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე" - შენ დამიცავი, უფალო, ახლაც, შენი მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც და უკუნისამდე - მარადისობაშიც.
8. "გარემოის უღმრთონი ვლენან; სიმაღლითა შენითა დაიცვენ ძენი კაცთანი" - ბოროტი სულებითაა სავსე ქვეყანა და შენ დაგვიცავი, უფალო, დაცემული სულებისგან იმ სიწმინდით, შენ რომ გაქვს. უფლის სიწმინდე ზეაღმატებულია ყველა იმ სიწმინდეზე, რისი წარმოდგენაც ჩვენ შეგვიძლია.
P.S. მეთერთმეტე ფსალმუნი წინასწარმეტყველურია. მასში ნაწინასწარმეტყველებია მაცხოვრის ხორციელად სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა, რაც უფალმა აღუთქვა კაცობრიობას. შესაბამისად, ჩანს იმედიც ადამიანებისა, რომ უფალი შეეწევა გლახაკსა და დავრდომილს, ბოროტსა და მზაკვარს კი განაქარვებს.