არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)
ფსალმუნთა განმარტება
1. "უფალსა ვესავ; ვითარცა ეტყვით სულსა ჩემსა:იცვალებოდე მთათა ზედა, ვითარცა სირი" - სიტყვა "სირი" ფრინველს ნიშნავს. "იცვალებოდე მთათა ზედა, ვითარცა სირი" - აქ, როგორც მამები განგვიმარტავენ, ამქვეყნიურ ამაოებაზე ამაღლება და სიწმინდის მიღწევა უნდა ვიგულისხმოთ. ფსალმუნის ამ მუხლში დავითი შემდეგს ბრძანებს: როგორც ფრინველი დაფრინავს მთათა ზედა, ასევე ამაღლდი შენც, სულო ჩემო, ამქვეყნიურ ამაოებაზე, ღვთის დიდებასა და სიწმინდეში დაივანე და ამით ესვიდე - ადიდებდე უფალსო.
2. "რამეთუ აჰა ესერა ცოდვილთა გარდააცუეს მშვილდსა მათსა და განჰმზადეს ისარნი კაპარჭთა მათთა, რაითამცა ესროდეს ბნელსა შინა გულითა წრფელთა" - "ცოდვილთა" ანუ ბოროტმა სულებმა განამზადეს თავიანთი მშვილდ-ისარი საბრძოლველად, რათა "ესროდეს ბნელსა შინა გულითა წრფელთა" - წარმართობის ბნელში რომ დაემონებინათ ადამიანები. ეშმაკი არა მარტო წარმართობის, ნებისმიერ დროსაა აღძრული გულით წრფელთა დასამონებლად.
3. "რამეთუ რაი იგი შენ აღაშენე, მათ დაარღვიეს; ხოლო მართალმან რაი ყო?" - უფალო, "მათ" - ეშმაკებმა ყოველივე დაარღვიეს, რაც შენ აღაშენე და შენს სადიდებლად ქმენ - ეს ქვეყანა, ადამიანის სულიც... ცხადია, ადამიანი საკუთარი თავისუფალი ნებით დაეცა, მაგრამ ეშმაკის მოწოდებით. მას შემდეგ ეშმაკი გამუდმებით, განუწყვეტლივ ცოდვისკენ მოუწოდებს ადამიანს...
4. "უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი, ზეცას არს საყდარი მისი; თუალნი მისნი დავრდომილსა ხედვენ და წამნი მისნი განიკითხვენ ძეთა კაცთასა" - არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ უფალი მყოფობს მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ადგილას, თუნდაც ზეცაში - უფალი ყველაფერს აღავსებს, არც მატერიალურ და არც არამატერიალურ სამყაროში არ არსებობს ადგილი, ღმერთი რომ არ მყოფობდეს, მაგრამ ყველგან ერთნაირად არ გვიმჟღავნებს თავის სახიერებას. მაგალითად, ჯოჯოხეთში წარმოგვიდგება როგორც მართლმსაჯული, სასუფეველში კი, სადაც ღვთის ნებას არ აღუდგება წინ ადამიანის თავისუფალი ნება, ყველაზე მეტად გამოავლენს თავის გულმოწყალებას. ამიტომაც იწოდება სასუფეველი ღვთის საყდრად, მის საუფლოდ. უფალი არ ერევა ადამიანის თავისუფალ ნებაში, მაგრამ იქ, სადაც ღვთის ნებას არ ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფალი ნება, უფალი ყველაზე მეტად გამოავლენს თავის მრავალმოწყალებას. როგორც ვთქვით, "თვალნი მისნი" ყველაფერს ხედვენ - უფალი ყველგან მყოფობს და "განიკითხავენ ძეთა კაცთასა".
5. "უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთოი, ხოლო ვის უყვარს სიცრუვე, მას სძულს სული თვისი" - აქ განკითხვაში იგულისხმება შეწევნა, დახმარება. ამ მუხლში დავითი ბრძანებს - უფლის თვალი არ შორდება მართალს და განიკითხავს - შეეწევა მასო. ეს არის პასუხი მესამე მუხლში დასმულ კითხვაზე: "ხოლო მართალმან რაი ყო?" სიცრუის, ტყუილის მოყვარეს კი საკუთარი სული სძულს - დასაღუპად ჰყავს განწირულიო. უფალი მართალს მართლისას მიაგებს, უღმრთოს კი უღმრთოსას.
6. "წვიმის ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაი და სული გრიგალისაი - ნაწილი სასუმელისა მათისაი" - ის ცოდვილები, რომლებიც უსინანულოდ გაატარებენ ამქვეყნიურ ცხოვრებას, მარადიულ წარსაწყმედელს დაიმკვიდრებენ. "წვიმის სახე, ცეცხლი და წუნწუბაი" - ეს ყოველივე იმ გაგებით, ჩვენ რომ წარმოვიდგენთ, ჯოჯოხეთში არ არის, მაგრამ წინასწარმეტყველი ჯოჯოხეთურ განცდას, მდგომარეობას იმას ადარებს, რაც ადამიანის გონებას შეუძლია წარმოიდგინოს. შესაძლოა, ცეცხლის წვიმა გაცილებით ადვილი ასატანი იყოს ადამიანისთვის, ვიდრე ჯოჯოხეთური განცდა, რომელზეც დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს.
7. "რამეთუ მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყუარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან" - რადგან უფალი მართალია, სიმართლე შეიყვარა. მისი პირის წინაშე მხოლოდ სიწრფოებაა, დანარჩენს ყველაფერს განაქარვებს.
P.S. მეათე ფსალმუნი დავითმა მტრების დამარცხების შემდეგ დაწერა. მასში მოთხრობილია, როგორ შეეწევა უფალი მართალთ და განაქარვებს მას, ვინც ღვთის სიმართლესა და ჭეშმარიტებას წინ აღუდგება.