ფსალმუნთა განმარტება
ბერძენი ღვთისმეტყველის, ფილოსოფოსის და მონაზონის
ექვთიმე ზიგაბენის მიხედვით
სიტყვა დასასრული წარწერილია იმიტომ, რომ ეს ფსალმუნი შეიცავს წინასწარმეტყველებას მკვდრეთით აღდგომის შესახებ, რაც, როგორც ცნობილია, განეკუთვნება მერმის საუკუნეს და წარმოადგენს ამ საუკუნის (ანუ ამქვეყნიურობის) დასასრულს. გალობათასა მიმატებულია იმ მიზეზით, რომ ამ ფსალმუნებში მოთხრობილია უფლის იმ საკვრიველებათა შესახებ, რაც გაცხადდა დავითის მიერ ტირანი აბესალომის ძლევაში, რის შედეგადაც გალობად აღევლინა ეს ფსალმუნი.
1. ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა.
დააკვირდით როგორი სისწრაფეა. ხმობა მეყსეულად შესმენილია (უფლის მიერ - მთარგმნ. შენ.), რამეთუ სხვაგანაც არის თქმული: „მაშინ მოუხმობ და ხმას გაგცემს უფალი; შეჰღაღადებ და იტყვის: აქ ვარ!“ არათუ მრავალსიტყვაობით მოგვეახლება ღმერთი, არამედ სულის წმინდა მდგომარეობით. ფრაზა - ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა - გამოყენებულია ნაცვლად სიტყვებისა: „ღმერთი - მე, მართალს“. მართალს უწოდებს დავითი თავის თავს, რადგან ითმენს აბესალომის უსამართლობას მაშინ, როცა თვით მას არავითარი შეურაცხყოფა მისთვის არ მიუყენებია. მსგავსად ამისა, წინასწარმეტყველი სხვაგანაც არაერთხელ წარმოაჩენს თავის თავს, როგორც მართალს, წმინდას, მაგრამ არა იმის გამო, რომ თავი შეიქოს, არამედ, რათა ნათელყოს საკუთარი სიმართლე მტრების უწმინდურებასთან შედარებით.
ჭირსა ჩემსა განმივრცე მე...
სიხარული როგორღაც აფართოებს სულს (ანუ, ამსუბუქებს, აფაქიზებს მას), ჭირი (მწუხარება) კი ავიწროვებს მას (ანუ, თრგუნავს სულს). მე კი საწინააღმდეგო რამ დამემართა, ამბობს წინასწარმეტყველი. მაშინ, როცა ჭირი შემემთხვა, შენ, უფალო, უფრო სულგრძელი გამხადე, ისე რომ ვბრძანე კიდეც - მამისმკვლელი შვილის (აბესალომის) შეწყალება.
...მიწყალე მე და ისმინე ლოცვისა ჩემისაი.
წინასწარმეტყველი ვედრებით გამოითხოვს ღმრთისაგან წყალობას, და თუ მოხდება ისე, რომ კვლავ ჩავარდება განსაცდელში, დაე, უფალი ნუ უგულებელყოფს მის ლოცვას.
2. ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულ-ფიცხელ ხართ?
წინასწარმეტყველი მიმართავს მეგობრებსა და ნაცნობებს, რომლებიც მას განსაცდელში შეეწეოდნენ და ცდილობდნენ დროებითი საშუალებებით დახმარებოდნენ დავითს. ამიტომაც კითხულობს მეფსალმუნე: რატომ ხდება, რომ, როცა მწუხარება შეგემთხვევათ, ღვთისაკენ კი არ აზიდავთ თქვენს გულებს, არამედ მიწისაკენ დადრეკთ მათ, ამძიმებთ რა ადამიანური ფიქრებითა და ცხოვრებისეული საზრუნავებით. გამოთქმა - ძენო კაცთანო - ებრაული ენის თავისებურებაა და გულისხმობს ზოგადად ადამიანებს.
რად გიყუარსთ ამაოებაი და ეძიებთ სიცრუვესა?
იმედებს აღძრავენ, მაგრამ შემდგომში ეს იმედები უცრუვდებათ. წინასწარმეტყველი მიმართავს არა მხოლოდ ნაცნობებსა და მეგობრებს, არამედ, საერთოდ, იმ ადამიანებს, რომლებიც მიჯაჭვულნი არიან ამქვეყნიურობას, როგორც რამ წარუვალსა და დადგრომილს. არადა, ამქვეყნიურობა თითქოს ერთი შეხედვითაა არსებული, მაგრამ ეს არის მხოლოდ მისი გარეგნული მხარე, სინამდვილეში კი იგი, როგორც ნაყოფი დაუდგრომლობისა, არის როგორღაც არარსებული.
3. და გულისხმა-ჰყავთ, რამეთუ საკვირველ ჰყო უფალმან წმიდაი თვისი.
შეიცანთ, - გვესიტყვება მეფსალმუნე, - როგორი ცნობილი და საკვირველი გამხადა უფალმა, რადგან მე მთელ იმედებს მასვე ვამყარებდი. და მართლაც, როგორ არ უნდა იყოს ცნობილი დავით მეფე, როცა გაანადგურა ის, ვინც მის განადგურებას ფიქრობდა, და დევნილებაში მყოფმა, უსუსური სამხედრო ძალით, სძლია მტრის მრავალრიცხოვან შენაერთებს?
უფალსა შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ.
უფლის შეწევნის მიმღებმა და სერიოზული საფრთხისაგან ხსნილმა, განაგრძობს წინასწარმეტყველი, შევიცანი, ღვთის მოწყალება ჩემს მიმართ და მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იგი კვლავაც შეისმენს ჩემს ღაღადებას, როცა მე ახალ შეჭირვებებს მიმთხვეული, შევევედრები მას.
4. განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ!
განრისხებას ადამიანებს წინასწარმეტყველი არ უკრძალავს, მაგრამ შეგვაგონებს, რომ განრისხებისას არ ვცოდოთ. მრისხანება ჩვენთვის ბოძებულია ვნებათა წინააღმდეგ საბრძოლველად. როცა ვინმე შურისძიებით მრისხანებს შეურაცხმყოფელზე, იგი სცოდავს, მაგრამ, როცა სხვის გამოსასწორებლად ვმრისხანებთ, ეს უკვე ცოდვა არ არის, მაგ. როცა მამა მრისხანებს წამხდარ შვილზე.
...რაი სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ.
ღამით, საწოლზე განჩხრიკეთ ის ფიქრები, რაც დღის განმავლობაში გქონდათ. და, თუ შეამჩნიეთ რაიმე უწმინდური, შეინანეთ. ასე ვიქცეოდი მე თვითონ, გვეუბნება დავით მეფე, და მქონდა წარმატებანი ყველაფერში. გამოვცადე რა საკუთარ თავზე ამგვარი მდგომარეობის სარგებლობა, ზუსტად იგივეს გირჩევთ თქვენ. და, თუ, როგორც ამას მეფსალმუნე ამბობს, უნდა გავდევნოთ უწმინდური ფიქრები, მით უმეტეს - უნდა აღვიკვეთოთ თვით უწმინდური ქმედებანი. უნდა აღინიშნოს, თუ როგორ სარგებლობდა დავითი არა მხოლოდ განმწმენდელი საშუალებებით, იმყოფებოდა რა განსაცდელში, არამედ განსაცდელთა წინააღმდეგ მიმართული დამცავი საშუალებებით. ამგვარად: განრისხებოდეთ და ნუ სცოდავთ ეს არის დამცავი საშუალება, ხოლო რაჲ სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ - ეს უკვე განმწმენდელი საშუალებაა.
5. შესწირეთ მსხუერპლი სიმართლისაი და ესევდით უფალსა.
უფალს მსხვერპლად მხოლოდ თქვენი სიმართლის ნაყოფი შესწირეთ და მოელოდეთ შეწევნას მისგან, რომელიც განსაკუთრებულად მფარველოს მას, ვინც შეურაცხყოფას ითმენს. წინასწარმეტყველი აქ წინასწარ ჭვრეტს ქრისტეს ეკლესიის სახეს, სადაც საღვთო მსხვერპლი ნივთიერი კი არ არის, არამედ - სულიერი, ცხოველთა ნაცვლადი კეთილი საქმეებით აღგზნებული. სიმართლეში (მსხუერპლი სიმართლისაი) იგულისხმება არა მხოლოდ საკუთრივ სიმართლე, არამედ ყოველგვარი სათნოება.
6. მრავალთა თქვიან: ვინ გვიჩუენოს ჩუენ კეთილი?
გვმოძღვრავს რა წინასწარმეტყველი ზემოთ (იხ. მე-5 მუხლი), აქ წარმოგვიჩენს ერთგვარ წინააღმდეგობას, რომელიც გააჩნიათ მის სულმოკლე მტრებს. ზოგიერთები, როცა გამოიცდებიან სასოწარკვეთილებაში ვარდებიან და არ სჯერათ, რომ უფალი ახლოა მათთან, ვინც კი მიუწოდებს მას. ასეთი ადამიანები წამოიძახებენ ხოლმე: „ვინ იქნება ჩვენი შემწე?“ რაზეც თვითონ სცემენ პასუხს: „არავინ“ ეს არის უკიდურესი სასოწარკვეთილების ნიშანი.
სხვა მნიშვნელობით, აქ სიტყვა ეხება მათ, რომლებიც მთელ ცხოვრებას ხორციელ სიამოვნებაში ატარებენ, მხოლოდ მას ეძებენ და სავსებით ვერ ჭვრეტენ იმ მწუხარებებს, რომლებიც გვეგზავნება ხოლმე ღვთის განგებულებით. ვინ გჳჩვენოს ჩუენ კეთილი? - ეს სიტყვები ასეთ შემთხვევაში გაგებულ უნდა იქნას, როგორც სულის სწრაფვა ხორციელი სიამოვნებისაკენ.
...გამოსჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისაი, უფალო.
თუ სხვები უბედურების ჟამს სასოს წარიკვეთენ, ამბობს წინასწარმეტყველი, მე სხვაგვარად ვიქცევი, რადგან შენ გამომიჩნდი, უფალო. გამოჩენაში იგულისხმება რწმენა, რომელიც განდევნის სასოწარკვეთის წყვდიადს. ეს გამოჩენა განუთქვამს სახელს დავითს, როგორც ახლობლებში, ისე შორეულებში.
ზოგიერთი განმმარტებელი ფიქრობს, რომ ამ მუხლში დაცულია წინასწარმეტყველება ქრისტიანთა შესახებ, რომლებიც ნიშანდებულნი არიან განსაკუთრებული ბეჭდით - ქრისტეთი, რომელიც ნათელია მამა ღმერთისა (იხ. იოანე 14,9; ებრ. 1,3). განმმარტებელთა ამ ჯგუფის თვალსაზრისით, წინასწარმეტყველი თავის თავს აყენების ქრისტიანების გვერდით, როგორც სათნოებებით მიმსგავსებული.
7. მოეც სიხარული გულსა ჩემსა...
მომეც სიხარულიო, ამბობს, ღვთის ზემოხსენებული მფარველობის გამო ან კიდევ - ქრისტიანთა გვერდით სახელდების კვალობაზე.
...ნაყოფისაგან იფქლისა და ღვინისა და ზეთისა მათისა განმრავლდეს.
საუბარი კვლავ ხორციელების მოყვარეთ ეხება, რომელთაც უხვად ენიჭებათ ღვთის უსაზღვრო კაცთმოყვარების გამო (სიკეთენი), მაგრამ მაინც მიწიერს ზრახავენ. წინასწარმეტყველი ჩამოთვლის თვით სიკეთეებს, რომლებიც მათ ებოძათ: იფქლის, ღვინისა და ზეთის ნაყოფი მათთვის გამრავლებულა, ანუ ეს ადამიანები დაპურებულნი არიან ჩამოთვლილ მადლთა სიუხვით, რომელშიც, რასაკვირველია, იგულისხმება საკვების სხვადასხვა სახეობაც.
8. მშვიდობით მას ზედა დავწვე და დავიძინო...
განვირიდებ რა მტანჯველ შიშს, ამბობს წინასწარმეტყველი, დავიძინებ უშფოთველი ძილით. დაძინებაში მეფსალმუნე გულისხმობს ღრმა და ხანგრძლივ ძილს. ეს მუხლი შეიძლება მოვიაზროთ ასეც, რომ წინასწარმეტყველი აქ საუბრობს არა ჩვეულებრივი ძილის შესახებ, არამედ წინასწარმეტყველებს საკუთარი აღსასრულის შესახებ, რომ იგი გარდაიცვლება არა იძულებითი, არამედ ბუნებრივი სიკვდილით.
...რამეთუ შენ უფალმან მხოლოი სასოებით დამამკვიდრე მე.
შენ დამამკვიდრე, უფალო, გვესიტყვება დავითი, ხსნის სასოებით უწმინდურთაგან შორს. ზოგიერთი განმმარტებელი ამტკიცებს, რომ მეფუსალმუნე აქ წინასწარმეტყელებს მკვდრეთით აღდგომას. ის თითქოს სხეულით ამბობს: „უფალო, შენ განმაშორე ჩემს მეკავშირეს - სულს, ჩამასახლე რა კუბოში, მაგრამ განმაშორე არა სამუდამოდ, არამედ აღდგომის იმედით და მე კვლავ შევუერთდები მას“. სიტყვა რამეთუ აქაც, ისე როგორც ეს ხშირად გვხვდება ძვ. აღთქმაში, ებრაული ენის სპეციფიურობას გამოხატავს, მაგრამ ის ამ შემთხვევაში შეიძლება გავიგოთ როგორც სიტყვა ნამვილად, ჭეშმარიტად.
მოამზადა მღვდელმა მიქაელ გალდავამ