ფსალმუნთა განმარტება
ბერძენი ღვთისმეტყველის, ფილოსოფოსის და მონაზონის
ექვთიმე ზიგაბენის მიხედვით
ამ ფსალმუნის ზედწარწერა ნათელია, განსაკუთრებით კი მათთვის, რომლებიც იცნობენ მეფეთა წიგნებს (იხ. 2 მეფ. 12,14). ფსალმუნი მიემართება არა მხოლოდ დავითს, არამედ ყველას, ვინც კი განიცდის ხილულ და უხილავ მტერთა თავდასხმებს.
1. უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი?
სწუხს რა ბოროტ განზრახვებს შინაურებისა და მეგობრების მხრიდან, ღვთისკენ ფიქრებაზიდული დავით წინასწარმეტყველი კითხულობს: რის გამოა, რომ დღითი დღე უმრავლდებიან მტრები (ამიტომაც უწოდა მათ მაჭირვებელნი), რომლებიც გუნდ-გუნდად უერთდებიან მამისმკვლელ აბესალომს, რა არის ყოველივე ამის მიზეზი, როცა თვით დავით მეფეს არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია? აქ არის, აგრეთვე, მინიშნებაც ჩვენს მიმართ დემონთა ბოროტმოქმედებაზე.
და მრავალნი აღსდგეს ჩემ ზედა.
ეს სიტყვები ავსებს გამოთქმას „განმრავლდეს“.
2. მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა: არა არს ცხოურებაი მისი ღმრთისა მიერ მისისა.
მეფსალმუნე ამბობს: ისინი, ვინც ჩემს წინააღმდეგ აღდგნენ, განამხნევებენ რა ერთმანეთს, ჩემი სულის, ანუ - ჩემს შესახებ, შემდეგს ბჭობენ, რომ თუ ასე იოლად დავექვემდებარე დევნილებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა დამტოვა ჩემი ცოდვების გამო, ანუ, ასე ამბობენ ისინი, რომლებიც ხედავენ ჩემს უბედურებებს.
ღმრთისა მიერ მისისა, ანუ იმ ღმერთის მიერ (იქნაო მიტოვებული), ვისი იმედიც ჰქონდა დავით მეფეს.
3. ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ...
დაე, რაც უნდათ, ისა თქვან ჩემზე, ამბობს მეფსალმუნე, შენ, უფალო, მაინც რჩები განსაცდელში მყოფთა ხელისაღმპყრობლად, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ღირსია შენმიერი შეწევნისა.
...დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.
ზოგიერთნი დიდებას იხვეჭენ წარმომავლობით, სიმდიდრით და ა.შ. მე კი, უფალო, მხოლოდ შენ გსასოებ და შენით განვდიდდები, რამეთუ შენ, შემწე ჩემი, განმადიდებ მე და მაღლა ამიწევ თავს, ერთ დროს ძლევაშემოსილს, ამჟამად კი უბედურებათა სიმძიმით ქვედადრეკილს.
4. ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.
როგორც კი შევღაღადე უფალს ბაგით თუ ფიქრით, მეყსეულად შეესმა მას ჩემი, რადგან უფალი ახლოსაა მასთან, ვინც კი მოუწოდებს მის სახელს. წმიდა მთას უწოდებს წინასწარმეტყველი სიონს, სადაც, როგორც ეს სწამდათ, განსაკუთრებულად მყოფობდა ღვთის მადლი და, სადაც, უფალი ესაუბრებოდა ღირსეულთ. წმიდა მთაში, შესაძლოა, მოვიაზროთ, აგრეთვე, ზეცა, რომელსაც ვუწოდებთ ჩვენ ღვთის სამყოფელს.
5. მე დავწევ...
მწუხარების საშინელ სიმძიმესთან შებრძოლებული, ამბობს დავითი, სულით სრულიად დავეცი და არაფერს ვიქმოდი (მძინარე ადამიანის მსგავსად).
...და დავიძინე...
...და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
მაგრამ მე, განაგრძობს მეფსალმუნე, როგორც წინასწარმეტყველმა, წინასწარ განვჭვრიტე, რომ შენ, უფალო, შემეწევი მე, ამიტომაც მაშინვე აღვადგინე ჩემი დაცემული სული.
ფსალმუნთა ზოგი განმმარტებელი მიუთითებს, რომ სიტყვები: დავწევ, დავიძინე, განვიღვიძე წინასწარმეტყველურად ნათქვამია მის აღდგომასთან დაკავშირებით, ანუ დავითი ამბობს, რომ დაიძინებს (ე.ი. მოკვდება) და იძინებს დიდხანს, მაგრამ დროის ცნობილი მონაკვეთის გავლის შემდგომ, ის გაიღვიძებს, ეს კი იქნება ან მაშინ, როცა ქრისტე ჩავა ჯოჯოხეთში და აღმოიყვანს იქ მყოფთ, ან კიდევ მაშინ, როცა უფალი სამყაროს აღსასრულის ჟამს მკვდრეთით აღადგენს ყველა მიცვალებულს.
6. არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე.
არ შემეშინდება, ამბობს, რადგან შენ, უფალო, გსასოებ. გარემომცველ ბევრეულ ერში წინასწარმეტყველი გულისხმობს აბესალომის თანამოაზრეებს (ეს არის ისტორიული აზრი), ან კიდევ დემონებს (აზრი გადატანითი მნიშვნელობისაა), დემონებთან დამიკიდებულება გარემომცველობა ასეც უნდა გავიგოთ, რადგან ისინი თავს გვესხმიან ადამიანებს წინა მხრიდანაც, როცა ცდილობენ, იმედი დაგვისახონ ჩვენს დაწყებათა ბედნიერი დაბოლოებისა; ზურგიდანაც, როცა ძველი ცოდვების გახსენებით ბილწავენ ჩვენს სულს; მარჯვნიდანაც, როცა კეთილი საქმეებით აღგვიძრავენ პატივმოყვარეობას; მარცხნიდანაც, როცა აშკარად გვიბიძგებენ ცოდვისაკენ.
7. აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო.
ღვთის სულგრძელებას წინასწარმეტყველი წარმოისახავს, როგორც ერთგვარ ძილს და ამბობს: აღდეგ, ნაცვლად იმისა, რომ თქვას: იმძლავრე მტრებზე. ან შეიძლება დავითი ამ სიტყვებით წინასწარმეტყველებს მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას და შეჰღაღადებს მას ადამიანთა მოდგმის გამოხსნას (მაცხოვნე მე).
რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ.
წინასწარ განჭვრეტს რა თავისი მტრების აღსასრულს, წინასწარმეტყველი უკვე მადლობას აღავლენს ღვთისადმი და მისი წყალობისადმი.
კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.
კბილებში იგულისხმება ძალა. ეს მეტაფორული ნათქვამი ცხოველთა სამყაროდანაა აღებული, რადგან მხეცთა ძალა სწორედ კბილებშია კონცენტრირებული. ცოდვილებს დავითი უწიდებს ყველა თავის მტერს, რადგანაც მათ სცოდეს იმის გამო, რომ ყოვლად უმიზეზოდ, გაბოროტებით ებრძოდნენ მეფეს.
უფლისაჲ არს ცხორებაჲ...
ესეც სამადლობელი ამოძახილია, რომელიც იმას ნიშნავს, რომ უფალმა იხსნა დავითი და არა სხვა რამ ძალამ.
...და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაჲ შენი.
და გარდამოვიდა, ამბობს მეფსალმუნე, შენი კურთხევა შენს ერზე (ხალხზე), ანუ მათზე, ვინც ჩემთან ერთად ითმენს მტრების თავდასხმებს. კურთხევაში მოიაზრება ღმრთისეული მშვიდობა და სიკეთენი, როგორც ნაყოფი ღვთის კურთხევისა, რის შედეგადაც უფალი განადიდა ყველა იმ ერმა, ვინც კი ნახა, როგორ შეეწია ღმერთი დავითს.
მოამზადა მღვდელმა მიქაელ გალდავამ