ფსალმუნთა განმარტება
ბერძენი ღვთისმეტყველის, ფილოსოფოსის და მონაზონის
ექვთიმე ზიგაბენის მიხედვით
მეორე ფსალმუნი (ისევე როგორც პირველი) ებრაულ ტექსტში ზედწარწერას არ შეიცავს. მასში უწყებულია ღვთისა და მისი ცხებულის (ცხებული, ანუ ქრისტე - მთარგ. შენ.) წინააღმდეგ მბრძოლთა მზაკვრული ზრახვანი, შემგომ - წარმართთა მოწოდება და იუდეველთა უკუგდება.
1-2. რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი; შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის.
წინასწარმეტყველურად განჭვრეტს რა ღვთისმბრძოლთა მძვინვარებასა და განცოფებას, დავითი ცრემლითა და მწუხარებით იწყებს ამ ფსალმუნს. წარმართებში აქ იგულისხმებიან რომაელი მხედრები პილატესთან ერთად. სიტყვა ერი კი გულისხმობს იუდეველებს ანნასთან და კაიაფასთან ერთად. მეფეებში და მთავრებში მოიაზრებიან ჰეროდე და პილატე, რომელთაგან პირველი მეფე იყო, მეორე - მმართველი. სიტყვათა მრავლობითი რიცხვი („მეფენი“, „მთავარნი“) განპირობებულია ებრაული ენის თავისებურებით.
ფსალმუნის ამ მუხლებს აქვთ სხვა, საიდუმლოებითი (მისტიკური) მნიშნველობაც. ჰეროდე მეფის სახელს უკავშირებენ ცოდვის მეფის - სატანის სახელსაც, რომელიც ცხებულის წინააღმდეგ იბრძვის. პილატე მთავართან მოიაზრებიან მთავარნი, ანუ, რომელთა წინააღმდეგაც, მოციქულის სიტყვით, გვიწევს ჩვენ ბრძოლა: „რამეთუ არა არს ბრძოლსა ჩუენი სისხლთა მიმართ და ჴორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ, ბნელისა ამის საწუთოსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე“ (ეფ. 6,12. შდრ. 2,2. იოან. 12,31; 14,30; 16,11).
რადგან ქრისტეში (ღმერთკაცში) ორი ბუნებაა, უხილავი (ღმრთაებრივი) და ხილული (კაცობრივი), მას უწევდა ორმაგი ბრძოლა უხილავ და ხილულ მტრებთან.
იზრახა ცუდი მიუთითებს, რომ ისინი ამაოდ ირჯებიან, რადგანაც ჰგონიათ, რომ მოაკვდინებენ მას, რომელიც მკვდრეთით აღსდგა და საუკუნოდ ცოცხლობს. ეს სიტყვები ეხება მხოლოდ იუდეველებს, ერს, რომელიც „განისუენებს სჯულსა ზედა“ (რომ. 2,17) და, რომელმან ვერ გაიაზრა, რომ წმ. წერილი მისთვის „სწამებს“ (იოან. 5,39).
უფლისათვის და ცხებულისა მისისათჳს. ძე ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლა მამასაც შეეხო. ამგავარად უფალში აქ იგულისხმება მამა ღმერთი, ხოლო ცხებულში - ძე ღმერთი.
3. განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი.
ეს სიტყვები ნათქვამია სიტყვით და საქმით მბორგავთა მიერ, რომელთაც ჯვარს აცვეს ქრისტე, განიგდეს რა მორჩილების უღელი ძისა და გაწყვიტეს რა მამის მორჩილების აპაური, რომლითაც იყვნენ ისინი შეკრულნი ბუნებითად.
4. რომელი დამკვიდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან შეურაცხ-ჰყუნეს იგინი.
ამგვარი სიტყვების გამომსახველობითი ძალით საჩინოვდება ღვთისმგმობელთა უგუნურება, რადგან ისინი ებრძვიან მარადიული ცხოვრების წყაროს (იოან. 3,16; 5,26; 20,31). წარმართებმა ღვთის ნაცვლად დემონები აირჩიეს, იუდეველები კი ჭეშმარიტების ნაცვლად მოჩვენებებით კმაყოფილდებოდნენ.
5. მაშინ იტყოდის მათდა მიმართ რისხვითა მისითა...
როცა ცხადად ამხილა ქრისტემ იუდეველები უსამართლობაში და წინასწარ აუწყა მათ თავზე მოწევნადი მოსალოდნელი უბედურება, მაშინ ითქვა მათ მიმართ რისხვით: „ვაი, თქუენდა მწიგნობარნო და ფარისეველნო...“ რაც დაგვირგვინდა სიტყვებით: „მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისა და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფნენ ნაყოფსა მისსა“ (მთ. 21,43).
... და გულის-წყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი.
იუდეველთა უკიდურესი გაუკუღმართებით აღშფოთებული უფალი, შეაძრწუნებს მათ შიშით მათივე მიუხვედრელობის გამო, რადგან მრავალთ იესო ქრისტე წინასწარმეტყველი ეგონათ.
ამ მუხლში ზოგი მოიაზრებს იმ უბედურებას, რაც იერუსალიმზე მოაწიეს რომაელებმა. ზოგიც ჭვრეტს საშინელ სამსჯავროს, როცა უმაღლესი მსაჯული მკაცრად განსჯის მათ მძიმე შეცოდებათა გამო.
6. ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა.
ეს სიტყვები უკვე ქრისტეს პირითაა თქმული, რადგან ისეთია წინასწარმეტყველებათა თავისებურება, რომ მათში საგნები და პირები მონაცვლეობენ, როგორც ეს ხშირად გვხვდება წინასწარმეტყველებთან, რომლებიც საკუთარი ნებით კი არ წინასწარმეტყველებდნენ, არამედ სულიწმისის შთაგონებით: „რამეთუ არა ნებითა კაცთაჲთა მო-სადამე-იწია წინაჲსწარმეტყუელებაჲ, არამედ წუევითა სულისა წმიდისაჲთა იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი“ (2 პეტ. 1,21).
ქრისტე მაუწყებლობს მეუფებას, რომელიც მიეცა მას, როგორც კაცს, მამა ღმერთისაგან, რის შესახებაც დაამოწმა მან თავისი აღდგომის შემდეგ: „...მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა“ (მთ. 28,18).
სიონის მთაში იგულისხმება მთელი იუდეა. ე.ი. ქრისტე ამბობს, რომ ის დადგენილია სიონის მთაზე, ანუ იერუსალიმში, მეფედ, რათა სახარებისეული მცნებები აუწყოს ხალხს.
7. თხრობად ბრძანებასა უფლისასა.
უფლის ბრძანებად თვით მცნებები იწოდება, რითაც ქრისტეს მიერ ნაჩვენებია მისი და მამის ნების ერთობა: „არა ჴელმეწიფების მე საქმედ თავით თჳსით არარა... არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა მამისასა“ (იოან. 5,30); „რამეთუ მე თავით თჳსით არარას ვიტყოდე, არამედ რომელმან მომავლინა მე მამამან, მან მომცა მე მცნებაჲ, რაჲ ვთქუა და რასა ვიტყოდი“ (12,49); „მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ“ (10,30).
უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, მე დღეს მიშობიე შენ.
ამ სიტყვებში მოიაზრება მამა ღმერთისგან ძე ღმერთის საუკუნეთა უწინარესი შობაც და საღვთო განგებულებაც ძე ღმერთის განკაცებისა დროში. სიტყვა დღეს თითქოს ზღვარია დროსა და მარადისობას შორის, როცა ძე ღმერთი განკაცდა, „წინასწარ უწყებულისა უწინარეს სოფლის დაბადებისა, ხოლო გამოჩინებულისა უკანასკნელთა ამათ ჟამთა თქუენთჳს“ (1 პეტ. 1,20); „ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთა, მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი“ (მათ. 4,4).
მიშობიე გულისხმობს განკაცების საიდუმლოს აღსრულებას.
8. ითხოვენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკვიდრებელად შენდა.
ქრისტე ხორციელად იუდეველი იყო. ამიტომ უპირველესად სწორედ მათ უქადაგა სახარება, როგორც თანამოაზრეებს. მაგრამ, როცა იუდეველებმა არ მიიღეს იგი, მაშინ, ბუნებრივია, ქრისტემ უკვე წარმართ ერებს მიმართა.
და დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი.
შენი (ანუ - ქრისტესი. მთარგ. შენ.) სამკვიდრებელის ხელმწიფება განივრცობა ქვეყნის კიდემდე. ეს ასეც მოხდა, რადგან სახარების სიტყვამ მთელი დედამიწა მოიცვა („ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მათნი“ - ფს. 18,5); „და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისა ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა“ (მთ. 24,14).
მამა სთავაზობს ძეს, რათა მან ითხოვოს თავისთვის ეს სამკვიდრებელი და განცხადდეს მისი კეთილი ნება - აღდგეს მთელი დაცემული კაცობრიობა. ძეც ამის გამო შუამდგომლობს მამასთან, რადგან იგი ჩვენთვის, ადამიანებისთვის და ჩვენი ხსნისათვის განკაცდა და, როგორც ღმერთკაცი, შუამავალია ღმერთსა და ადამიანს შორის. ამიტომაც, დაე, რცხვენოდეთ იუდეველებს, რადგან ვერ უპოვიათ ამგვარი სიტყვების ადრესატი. არადა, ქრისტეს გარდა ვის მოუპოვებია ეგზომი ძლიერი ხელმწიფება?!
9. ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისაითა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი.
უმეტესწილად ფიქრობენ, რომ მეფსალმუნე აქ გულისხმობს იუდეველებს და ასე ამბობს: „მათ, ვინც არ შეიწყნარა შენი ქადაგება, შემუსრავ რკინის კვერთხით, როგორც მექოთნის ჭურჭელს...“ აქ იგულისხმება რომაელების ბატონობა. რადგან, როცა იუდეველებმა უარყვეს ქრისტეს მეუფება და აღიარეს მეფედ კეისარი (იოან. 19,15), ამით თვითონვე დაამტკიცეს თავიანთ თავზე რომაელთა მძლავრება, რითაც თავი დაიღუპეს; რომაელებმა, ახალი წელთაღრიცხვით, 67 წელს დაანგრიეს იერუსალიმი. კვერთხი რკინისად იწოდება მისი აუტანელი სიმძიმის გამო. ასეთი მნიშვნელობის აზრი აქვს ამ სიტყვას აპოკალიფსში (2,27), დანიელ წინასწარმეტყველის ხილვებში.
სხვები ფიქრობენ, რომ ფსალმუნის ამ მუხლში უწყებულია წარმართთა გამოხსნის შესახებ. ისინი ასე განმარტავენ ტექსტს: ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისაითა გულისხმობს, რომ დასჯი, ალაგმავ, გონებას გაუნათლებ მათ შენი ყოვლადძლიერებით, და როგორც მეკეცე (მექოთნე) დაინახავს თავის არასრულყოფილ ნაკეთობას და შემუსრავს მას და გაანადგურებს ცეცხლში, რათა მისგან ხელახლა ჩამოასხას ჭურჭელი, მსგავსად ამისა, შენც, უფალო, დაარღვევ წარმართთა სიბრძნეს შენი სახარებით და შემდგომ სულიერი შობის ემბაზით განაახლებ მათ, განახურვებ რა სულიწმიდის მიმართ მათ გულს ღვთაებრივი სიყვარულით.
10. და აწ, მეფენო, გულისხმა-ჰყავთ და განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.
სიტყვა აწ შეიცავს დასკვნითი ნაწილის მნიშვნელობას. თითქოს ნათქვამია: მაშ ასე, რომაელთა და სხვა ხალხთა ძლიერნო მეფენო, და თქვენ, ქვეყნების მსაჯულნო, როგორ უბედურებას გადაეყარნენ ისინი, რომლებმაც უგუნურად უარყვეს ქრისტე, და, რადგანაც უფალმა სამკვიდრებელად გამოგარჩიათ. თქვენ ყველანი განისწავლებით, განეშორებით პირვალნდელ უგუნურებას, განიბრძნობით ხსნის სასოებაში, იხელმძღვანელებთ რა წმიდა წერილის გამოცდილებით.
11. ჰმონეთ უფალსა შიშით...
მეფსალმუნე განაგრძობს: „რადგანაც ხედავთ და გესმით, რომ ქრისტე არის ღმერთი და მართალი და მოუსყიდველი მსაჯული და თქვენ - მის მიერ მოპოვნებულნი, იწოდებით მის სამკვიდრებელად, ამიტომაც ცოდვების ამლაგველნი და ცხოვრების წესის განმმართველნი, თქვენ, შიშით უნდა ემსახუროთ უფალს, რადგან, სადაც შიშია ღვთისა, იქ არის მისი მცნებათა აღსრულებაც“.
... და უგალობდით მას ძრწოლით.
და მსახურებისას უგალობეთ მას, როგორც მაცხოვარს და თქვენზე მზრუნველს. მოციქულიც ამბობს: „გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყჳ: გიხაროდენ“ (ფილიპ. 4,4). მაგრამ ჩვენი ეს სიხარული ნუ იქნება თრთოლვის გარეშე. გიხაროდენ სასოებით და, ამასთან ერთად, ძრწოლით ცოდვების გამო, რადგან უფლის მსჯავრი მართალია და მოუსყიდველი, რომლისგანაც ვერავინ დაიმალება.
12. მიიღეთ სწავლაი...
ამ სიტყვებით დავით წინასწარმეტყველი აძლიერებს იმ აზრს, რომელიც გადმოცემულია მე-10 მუხლი: განისწავლეთ, განიბრძნეთ არა სხვათაშორის, არა როგორმე, არამედ სრულყოფილად და საბოლოოდ.
ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარსწყმდეთ თქუენ გზისა მისგან მართლისა, რაჟამს აღატყდეს მყის გულის წყრომა მისი.
ამით უფალი მიანიშნებს საშინელი სამსჯავროს დღეს. სიტყვა მყის მიუთითებს სამსჯავროს გადაუდებლობას (აუცილებლობას). ამჟამად კი უფალი, თუმცა მრისხანებს ცოდვილებზე, მაგრამ მაშინვე სულგრძელებას იჩენს მათზე, აძლევს რა დროს სინანულისათვის.
ნეტარ არიან ყოველნი, რომელნი ესვენ მას.
ნეტარნი არიან ისინი, ვინც სძლევენ ამქვეყნიურ ნეტარებებს და თავიანთ სასოებას მთლიანად უფალზე ამყარებენ.
ფსალმუნთა ზოგიერთი განმმარტებელი ამტკიცებს, რომ მეორე ფსალმუნი უშუალო გაგრძელებაა წინა ფსალმუნებისა, რადგანაც ისინი ერთი მთლიანია და ერთადვე ასკვნის, რომ ნეტარმა დავითმა დაიწყო ნეტარებებით (იხ. ფს. 1,1) და დაამთავრა ნეტარებებით (ფს. 2,12).
მოამზადა მღვდელმა მიქაელ გალდავამ