საეკლესიო სამართალი წარმოადგენს იმ ნორმების ერთობლიობას, რომლებიც აწესრიგებენ ურთიერთობას ეკლესიასა და მის მრევლს (ანუ წევრებს) შორის და ასევე მრევლს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს. საეკლესიო სამართალიც, მსგავსად სამართლის სხვა დარგებისა, სავალდებულოა შესასრულებლად და შეუსრულებლობა იწვევს შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ამდენად, საეკლესიო სამართლის შესწავლისას, სათანადო ყურადღების ღირსია საეკლესიო სამართლის პროცესის შესწავლა, იმ საპროცესო ნორმების გამოკვლევა, რომლებიც ადგენენ საქმის განხილვისა და გადაწყვეტის წესს საეკლესიო სამართალში.
სამართლის თეორიაში მიღებულია, რომ საპროცესო სამართალი (რომელ დარგსაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს იგი) წარმოადგენს საჯარო სამართლის ნაწილს1. ამავე დროს, საეკლესიო სამართალი თავად მიეკუთვნება საჯარო სამართალს2, რაც იმას ნიშნავს, რომ საეკლესიო სამართლის პროცესიც მიეკუთვნება საჯარო სამართალს.
საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ საეკლესიო სამართლის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგობრივი დაყოფა საეკლესიო სამართალში პირობითია და იგი მხოლოდ სამეცნიერო ხასიათს ატარებს. მსოფლიო, ადგილობრივ საეკლესიო კრებათა თუ სხვა კანონები, რომლებიც საეკლესიო სამართლის უმთავრეს წყაროებს წარმოადგენენ, საერთოდ არ იცნობენ დარგობრივ დაყოფას, შესაძლბებელია ერთი ნორმით იყოს მოწესრიგებული სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა, აქვე იყოს სასჯელი მისი დარღვევისთვის ან მითითებული იყოს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედებათა შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი მუშაობა საკვლევი საკითხის მიმართ წარიმართა იმგვარად, რომ „მოგვეძებნა“ მთელი დიდი სჯულისკანონის მასშტაბით საპროცესო ნორმები, მოგვეხდინა მათი სამართლებრივი ანალიზი, დაგველაგებინა ისინი საპროცესო ქრონოლოგიით (ანუ რომელ მოქმედებას რა მოსდევს), გამოგვეყო იმპერატიული და დისპოზიციური ნორმები და ასე შემდეგ. ცხადია, საპროცესო მოქმედებათა სახელწოდებების უმრავლესობა პირობითია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ჩვენ სახელი ვუწოდეთ სისხლისა და სამოქალაქო სამართლის პროცესში დღეს მიღებული ტერმინების მიხედვით. იმ შემთხვევაში თუ გარკვეულ საპროცესო მოქმედებას სახელი ჰქვია დიდი სჯულისკანონის მიხედვითაც, ჩვენ მას აღვნიშნავდით და გამოვყოფდით ცალკე.
ამ თემის მიზანია გარკვეული სახით აჩვენოს საეკლესიო სამართლის ნორმებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებების სახეები და მათი სამართლებრივი ანალიზი, რაც მოკრძალებული მცდელობა იქნებოდა ამ სფეროში არსებული ვაკუუმის შევსების დიდ საქმეში.
საეკლესიო სამართლის პროცესს, მსგავსად სხვა საპროცესო სამართლისა, გააჩნია თავისი პრინციპები, ამოსავალი დებულებები, რომლის საფუძველზეც ხორციელდება საეკლესიო სამართალწარმოება. ჩვენ დიდი სჯულისკანონის ნორმების განხილვისას გამოვყავით საეკლესიო პროცესის, ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი პრინციპები. ცხადია, სახელწოდებები პირობითია.
1. მონანულის შეწყნარებების სავალდებულობა. საეკლესიო სამართლისთვის, ისევე როგორც თავად მართლმადიდებელი ეკლესიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქრისტიანი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდეს და ასრულებდეს ეკლესიის მიერ დადგენილ მცნებებს. მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ დამტკიცდა სწავლება, რომლის მიხედვითაც აღიარებულია, რომ ყოველი ადამიანი სცოდავს, მათ შორის წმინდანებიც, ხოლო ეს სწავლება, თავის მხრივ, ეფუძნება უფლის სიტყვებს3. ამიტომაც ეკლესიაში დადგენილია, რომ სავალდებულოა შეცოდების მონანიე ქრისტიანის მიღება, რაც არ უნდა მძიმედ ჰქონდეს შეცოდებული. ცხადია, იგულისხმება ისეთი შემთხვევა, როცა მონანიება გულწრფელია. ამიტომ მოციქულთა ნბ (52) კანონში ჩაიწერა, რომ: „უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან ანუ ხუცესმან მოქცეული ცოდვისაგან არა შეიწყნაროს, არამედ განჴადოს, განიკუეთენ“4. ეს დებულება სამართლებრივად გულისხმობს იმას, რომ სასულიერო პირს უფლება არ აქვს განუსჯელად გააძევოს ვინმე ეკლესიიდან, ცოდვის სიმძიმის მიუხედავად, მით უმეტეს, თუ იგი ინანიებს თავის შეცოდებას.
2. ერთი შეცოდებისთვის ორჯერ დასჯის დაუშვებლობა. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია საეკლესიო სამართალში. იგი სათავეს ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან იღებს5, ხოლო საეკლესიო სამართალში ასახვა ჰპოვა არაერთ კანონში6. თუმცა ამ პრინციპს ისეთი კლასიკური სახე არ აქვს, როგორც ეს დღესაა. იმ პერიოდისთვის ამგვარი პრინციპი გულისხმობდა იმას, რომ ერთი შეცოდებისთვის ქრისტიანის მიმართ არ უნდა გამოყენებულიყო ორმაგი სასჯელი, ანუ ორჯერ არ უნდა დასჯილიყო.
3. ყველა ბრალდების დამტკიცების პრინციპი. ეს პრინციპი ასახულია კართაგენის რლ (130) კანონში. იგი ადგენს წესს, რომ ერთი ბრალმდებლის ყველა ბრალდება, რომელიც წაეყენება სასულიერო თუ საერო პირს, უნდა დამტკიცდეს ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ ბრალდებათაგან თუკი რომელიმეს დამტკიცება ვერ შეძლო ბრალმდებელმა, მაშინ მის მიერ წარდგენილი ყველა ბრალდება მიუღებლად და დაუმტკიცებლად ჩაითვლება: „რომელმან ერთისა ბრალისა გამოჩინებაჲ ვერ უძლოს, სხჳსათჳს არღარა შეწყნარებულ იქმნეს“.
4. განსჯისას ბრალდებულის დაცვის პრინციპი. ჩვენ ასე ვუწოდეთ პრინციპს, რომელიც ასახულია კართაგენის რლგ (133) კანონში. იგი გულისხმობს იმას, რომ მთელი განსჯის პერიოდში (ანუ იმ დროს, როდესაც ბრალდებულის საქმე განიხილება), თუკი ზიარებიდან დაყენებულია ბრალდებული, მაშინ მის მიმართ ამგვარი განაჩენის გამომტან ეპისკოპოსთანაც სხვა ეპისკოპოსები არ უნდა ეზიარონ. ეს პრინციპი დაწესებულია ბრალდებულის დასაცავად, ანუ იმისათვის, „რაჲთა არა თქუას ვისთჳსმე ეგევითარი რაჲმე, რომლისაჲ ვერ შესაძლებელ იყოს მხილებაჲ [დამტკიცება, დ.ჩ.] სხუათაგან გამოსაჩინებელთა მიერ“ [სხვა საბუთებით, დ.ჩ.].
5. სასულიერო პირის ხარისხით ჩამოქვეითების დაუშვებლობა. მართლმადიდებელ ეკლესიაში დაწესებულია მღვდლობის საიდუმლო, რომელიც სამი ქიროტონიისაგან შედგება7. საეკლესიო კანონებში მძიმე შეცოდებისთვის სასულიერო პირების მიმართ განსაზღვრულია განკვეთა სასულიერო ხარისხიდან. როგორც ქალკედონის მსოფლიო კრების კთ (29) კანონიდან ირკვევა, იმ პერიოდისთვის ეკლესიაში არსებობდა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირების ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ხარისხით ჩამოაქვეითებდნენ, მაგ.: ეპისკოპოსს მღვდლამდე, ან დიაკვნამდე. მსოფლიო კრებას აღნიშნული ვითარება გააცნო კონსტანტინოპოლელმა მთავარეპისკოპოსმა ანატოლიმ. მანვე დასძინა, რომ თუ გარკვეული პირი უღირსად იქნა ცნობილი საეპისკოპოსო პატივისთვის, იგი ღირსი იყოს მღვდლობისა. ამიტომ მან შესთავაზა წმინდა კრებას, რომ აეკრძალათ ამგვარი პრაქტიკა, რაც მსოფლიო კრებამ ერთხმად დაამტკიცა.
6. კრების განაჩენის უცვალებლობა. საეკლესიო პროცესში, განსჯადობის მიხედვით პირდაპირ ან გასაჩივრებისას საქმე შეიძლება განიხილოს საეკლესიო კრებამ. ამ პრინციპით დადგენილია, რომ საეკლესიო კრების მიერ ერთხმად (ხაზგასმა ჩვენია, დ.ჩ.) გამოტანილი განაჩენი უცვალებელია და არ დაიშვება მისი გასაჩივრება8. ეს პრინციპი ეფუძნება მართლმადიდებლურ სწავლებას ეკლესიის სიწმინდის შესახებ, კერძოდ იმას, რომ საეკლესიო კრება, როგორც მემკვიდრე სამოციქულო კრებისა, არის შეუცდომელი და მას მიცემული აქვს სულიწმინდის მადლი სწორად განსჯისთვის9.
7. განაჩენის სავალდებულობა სხვა ადგილობრივ ეკლესიებში. ეკლესია, როგორც ცნობილია, წარმოადგენს ერთიან ორგანიზმს, იგი შეერთებულია ევქარისტიის საიდუმლოთი და ლოცვითი ურთიერთობით10. ამიტომ ერთ ავტოკეფალურ ეკლესიაში გამოტანილი განაჩენი სავალდებულოა სხვა ეკლესიებშიც. ავტოკეფალური ეკლესია არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ეკლესიას, იგი მხოლოდ თვითმწყემსობის უფლებით სარგებლობს. მართლმადიდებელ ეკლესიაში არის ერთიდაიგივე მოძღვრება, ამიტომაც შეუძლებელია ქრისტიანი ზიარების ან მღდვლობის უღირსი იყოს ერთგან, ხოლო მეორეგან კი ღირსი იყოს. ეკლესიაში მოქმედებდს წესი, რომლის მიხედვითაც არათუ სხვა ავტოკეფალური ეკლესიაში, არამედ თვით სხვა საეპისკოპოსოშიც კი არც საერო და არც სასულიერო პირს არ აზიარებენ თავისი მმართველი ეპისკოპოსის წერილის გარეშე, რომელშიც დადასტურებული იქნება, რომ მოცემულ პირს აქვს შესაბამისად ზიარების ან მღვდელმოქმედების უფლება.
საეკლესიო სამართლის პროცესში სამართლის სხვა საპროცესო დარგების მსგავსად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს განსჯადობა, ანუ ვინ შეიძლება იყოს ამა თუ იმ საქმის განმხილველი ორგანო. თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ საეკლესიო სამართალწარმოების უფლებამოსილება აქვთ მხოლოდ ეპისკოპოსებს, რომლებიც სრულად ფლობენ სამოციქულო მადლს, რამდენადაც ისინი ითვლებიან მოციქულთა მემკვიდრეებად11. ეს დებულება გულისხმობს იმას, რომ დაუშვებელია საქმის განხილვის უფლებამოსილების გადაცემა საერო პირისთვის ან სასულიეროთაგან დიაკვნის ან მღვდლისათვის. ეს უკანასკნელი წარმოადგენს საეკლესიო სამართლის პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომელიც აღნიშნულია არაერთ საეკლესიო კანონში12. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საეკლესიო სამართლით ნებადართულია საეკლესიო საქმის საერო პირის მიერ განხილვა, არის საქმის განხილვა მეფის მიერ, თუმცა კართაგენის რდ (104) კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ საეკლესიო წესით, ანუ დასაშვებია მეფემ განიხილოს საქმე, თუკი იგი განხილვისას გამოიყენებს საეკლესიო სამართლის და არა საერო სამართლის ნორმებს.
ერისკაცის, დიაკვნის და მღვდელის საქმეს განიხილავს ადგილობრივი ეპისკოპოსი, ანუ ის ეპისკოპოსი, ვისი ომოფორის ქვეშაც არიან აღნიშნული პირები13. დაუშვებელია საქმე თვითნებურად განიხილოს სხვა ეპისკოპოსმა. გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი შემთხვევა, როდესაც თავად ბრალდებული არ ენდობა გარკვეული მიზეზის გამო თავის ეპისკოპოსს და სურს მისი საქმე სხვამ განიხილოს. კართაგენის ადგ. კრების ია (11) კანონი ნებას რთავს ბრალდებულს, ასეთ შემთხვევაში მიმართოს მეზობელ საეპისკოპოსოს და იქ მოითხოვოს საქმის განხილვა.
ეპისკოპოსის საქმეს აუცილებლად კრებული განიხილავს14. ბრალდებული ეპისკოპოსი ვალდებულია გამოცხადდეს კრებულის წინაშე წაყენებული ბრალდების დასადასტურებლად ან უარსაყოფად.
საეკლესიო სამართალი ითვალისწინებს საქმის განხილვის კიდევ ერთ წესს - მედიატორთა, ანუ შუამავალთა მიერ. ასეთ შემთხვევაში თავად მხარეები ირჩევენ საქმის განმხილველ მოსამართლეებს (კანონშია: ბჭეებს)15. ეს ძირითადად ხდება ეპისკოპოსთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში.
უპირველესი საპროცესო მოქმედება არის საქმის აღძვრა. თუმცა სანამ უშუალოდ ამ საკითხს შევეხებოდეთ, უპრიანი იქნებოდა, ზოგადად მიმოგვეხილა, თუ რა შეიძლება გახდეს საქმის აღძვრის საფუძველი.
საეკლესიო სამართალში მიღებული წესის თანახმად საქმის აღძვრის საფუძველი არის შეცოდება, ანუ საეკლესიო დანაშაული. საეკლესიო სამართალში, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყოდით, რომ საეკლესიო კანონებში, არ არის ზუსტად ფორმულირებული, თუ რა არის შეცოდება. ჩვენი აზრით, შეცოდება არის ისეთი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია საეკლესიო კანონებში, როგორც ღვთის მცნების დარღვევა და მისთვის გათვალისწინებულია საეკლესიო სასჯელი. სამართლებრივი თვალსაზრისით, შეცოდება უნდა განვასხვავოთ ცოდვისგან. ცოდვა არის ღვთის მცნების ყოველი დარღვევა, თვით ბოროტი ფიქრიც კი. ხოლო რაც შეეხება შეცოდებას, მას თავისი მნიშვნელობის გამო ენიჭება საშიში ცოდვის (სახელი პირობითია, დ.ჩ.) ხარისხი, ამიტომაც მისთვის უკვე საეკლესიო სასჯელია გათვალისწინებული. მაგალითისთვის მოვიყვანოთ მარხვის დარღვევა. იგი წარმოადგენს ცოდვას, ვინაიდან ეს მოქმედება მარხვის დაცვის სავალდებულობის შესახებ ღვთის მცნებას ეწინააღმდეგება. ხოლო თუ ასეთმა მოქმედებამ ქრისტიანის მხრიდან რეგულარული ხასიათი მიიღო, მაშინ ეს უკვე იქნება შეცოდება, რისთვისაც საეკლესიო კანონებით გათვალსწინებულია სასჯელი16. ცხადია, ჩვენ იმის თქმა არ გვინდა, რომ შეცოდება პირდაპირ არის ცოდვის პრეიუდიცია, თუმცა კი, რაღაც გაგებით მსგავსი შეიძლება იყოს. ამგვარად, საეკლესიო საქმის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს შეცოდება, ანუ საეკლესიო დანაშაული.
საეკლესიო სამართალში მიღებულია საქმის აღძვრის ორი საფუძველი:
ა) ბრალდება
ბ) აღიარება
ბრალდება გულისხმობს იმას, რომ თუ მართლმადიდებელი ქრისტიანის მიერ17 შეცოდების ჩადენის შესახებ აქვს ინფორმაცია ვინმე გარეშე პირს, მას უფლება აქვს საეკლესიო კრების, ეპისკოპოსის ან სხვა საეკლესიო ორგანოს წინაშე (განსჯადობის მიხედვით, იხ. წინა თავი) განაცხადოს აღნიშნული შეცოდების ჩადენის შესახებ. ამ მხრივ გამოიყოფა ბრალდების ორი სახე:
ა) საეკლესიო ბრალდება
ბ) საერო ბრალდება
საეკლესიო ბრალდება გულისხმობს იმას, რომ შესმენა (ბრალდება) უნდა ხდებოდეს საღვთისმეტყველო, სარწმუნოებრივ ან ეკლესიოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით, ანუ ისეთებზე, როგორიცაა, მაგალითად წირვის არასწორი ჩატარება (მოც. გ (3) კანონი), უღირსად ჴელდასხმა (ნიკ. I კრ. თ (9) კანონი), მწვალებლობა და ეკლესიისგან განდგომა (კონსტ. ა (1) კანონი) და ა.შ. ხოლო საერო ბრალდებაში მოიაზრება საერო საკითხებთან დაკავშირებით ქრისტიანის შესმენა (მაგ.: მომხვეჭელობა, პარვა და სხვა). ამ უკანასკნელში არ უნდა ვიგულისხმოთ საერო კანონმდებლობით (მაგ.: სისხლის სამართლის კოდექსით) გათვალისწინებული დანაშაული.
ბრალდების ამგვარ დაყოფას საკმაო მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან კონსტანტინოპოლის ვ (6) კანონით სასულიერო საკითხზე ბრალდება არ მიიღება არამართლმადიდებლის მხრიდან, განსხვავებით საერო ბრალდებისაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ არამართლმადიდებელს უფლება არ აქვს ბრალი დასდოს მართლმადიდებელს სარწმუნოებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება აღიარებას, იგიც წარმოადგენს საქმის აღძვრის ერთ-ერთ საფუძველს. ამავე დროს იგი არის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება: „მპარავმან უკუეთუ თჳთ შეინანოს და შეასმინოს თავი თჳსი, ერთსა ოდენ წელიწადსა დაყენებულ იქმნეს ზიარებისაგან სიწმიდეთაჲსა, ხოლო უკუეთუ სხუათა მიერ ემხილოს, [ხაზგასმა ორივეგან ჩვენია, დ.ჩ.] ორსა წელიწადსა“ (ბასილი დიდის ჲა (61) კანონი).
ჩვენ, მართალია, სასულიერო ბრალდებაზე საუბრისას შევეხეთ ბრალმდებლის პიროვნებას, მაგრამ სასურველი იქნება, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ აღნიშნული საკითხი.
ბრალმდებელი, ანუ ის, ვისაც შეაქვს საჩივარი (ტერმინი ასევეა მოხსენიებული დიდ სჯულისკანონში), თუ საქმე ეხება, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, სასულიერო საქმეს, უნდა იყოს მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი. დაუშვებელია, აგრეთვე, ბრალდების მიღება უზიარებლის ან განკვეთილისაგან. ამასთან ერთად, საეკლესიო სამართალი დაუშვებლად მიიჩნევს ბრალმდებლად ისეთი ადამიანის მიღებას, ვისაც საერო კანონებით ჩამორთმეული აქვს ამგვარი უფლება18. აუცილებელია აღინიშნოს, რომ უზიარებელთან ერთად თანალოცვა და განკვეთილთან ერთად თანამსახურება პირდაპირ იწვევს ანალოგიურ სასჯელს19, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მართლმადიდებელი მხილებულია აკრძალულ თანალოცვაში, მას უფლება არ აქვს ბრალი დასდოს მართლმადიდებელს.
რაც შეეხება ბრალდებულს, იგი უნდა იყოს, როგორც აღინიშნა, მონათლული მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც არ არის განკვეთილი და მიაღწია 10 წლის ასაკს, ვინაიდან ცოდვა ადამიანს ამ პერიოდიდან მოეკითხება20.
საპროცესო სამართლის მთავარ სტადიას წარმოადგენს საქმის არსებითი განხილვა, რომლის დროსაც ხდება მტკიცებულებათა გამოკვლევა, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და განაჩენის გამოტანა. ამ თავში ჩვენ განვიხილავთ საქმის არსებითი განხილვის წესს საეკლესიო სამართალში, ხოლო შემდეგ თავში შევეხებით უშუალოდ განაჩენის გამოტანის წესს, ვინაიდან საეკლესიო სამართალი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს აღნიშნულ საკითხს.
ჩვენ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, თუ რა შემთხვევაში გადაეცემა საქმე სასამართლოს, ვინ არის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი პირი და რა სახის ბრალდებები არსებობს. საეკლესიო სამართლის პროცესის პრინციპების შესახებ საუბრისას კი აღვნიშნეთ, რომ მონანულის შეწყნარების სავალდებულობა ერთერთ მნიშვნელოვან და არსებით პრინციპს წარმოადგენს საეკლესიო პროცესში, ვინაიდან ამ პრინციპის საფუძველზე სავალდებულო განხილვას ექვემდებარება ბრალდების საქმე, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი საეკლესიო სასამართლო მოვალეა ნებისმიერ შემთხვევაში განიხილოს ბრალდება.
დიდი სჯულისკანონის საპროცესო ნორმებით დადგენილია საქმის განხილვის ვადა, რომელიც წარმოადგენს ერთ წელს ბრალის დადების მომენტიდან21. კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ თუ ამ პერიოდში არ იქნება განხილული საქმე და ეს მოხდება ბრალდებულის მიზეზით, როცა იგი განზრახ აჭიანურებს საქმის განხილვას, ერთი წლის შემდეგ ბრალდებულის მხრიდან თავის გამამართლებელი სიტყვა აღარ მიიღება. ამგვარად, კართაგენის კრების ოთ (79) კანონით განსაზღვრულია, რომ საეკლესიო ბრალდების საქმე განხილული უნდა იქნეს 1 წლის განმავლობაში.
ამავე კრების ით (19) კანონი განსაზღვრავს, რომ ბრალდებული ვალდებულია წერილის მიღებიდან 1 თვის ვადაში გამოცხადდეს საქმის განმხილველ სასამართლოში. ამ ვადის დაცვის შემთხვევაში მას საქმის განხილვის დასრულებამდე ზიარების უფლება არ ერთმევა. კანონი ითვალისწინებს შემთხვევას, როცა საპატიო მიზეზით ბრალდებული ვერ ახერხებს გამოცხადებას, ასეთ შემთხვევაში მას ვადა კიდევ 1 თვით გაუგრძელდება, კვლავაც ზიარების უფლებით.
რაც შეეხება უშუალოდ საქმის განხილვას, უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ საეკლესიო სამართლის პროცესი განარჩევს ერთის მხრივ დიაკვნისა და მღვდლის, ხოლო მეორეს მხრივ ეპისკოპოსის საქმის განხილვის წესს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საერო პირის საქმის განხილვის წესი, როგორც ასეთი, არც ცალკეა გამოყოფილი და არც სხვა კატეგორიის (მაგ.: დიაკვნისა და მღვდლის) საქმესთანაა ნახსენები. ჩვენი აზრით, საერო პირის საქმის განხილვა, სავარაუდოდ იწარმოება დიაკვნისა და მღვდლის საქმის განხილვის წესის შესაბამისად, ცხადია, საერო პირის, როგორც საეკლესიო სამართლის ერთ-ერთი სუბიექტის სპეციფიურობის გათვალისწინებით.
ეპისკოპოსის საქმის განხილვა, ზოგადი წესის მიხედვით ექვემდებარება საეკლესიო კრებას. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საეკლესიო კრება მოიწვევა წელიწადში მხოლოდ ორჯერ ძირითადად დოგმატურ საკითხებზე22, დასაშვებია მოწვეულ იქნეს 12 ეპისკოპოსიანი სასამართლო, რომელიც უფლებამოსილი იქნება განიხილოს აღნიშნული კატეგორიის საქმე. დასაშვებია განმხილველ მოსამართლეთა რიცხოვნობის შემცირებაც, თუკი საპატიო მიზეზი არსებობს23.
მოციქულთა ოდ (74) კანონით, ბრალდებული ეპისკოპოსი გამოიძახება აღნიშნული სახის კრებაზე. იმ შემთხვევაში, თუ იგი არ გამოცხადდება კრებაზე, დასაშვებია გამოძახება მეორედ და მესამედ. თუკი ბრალდებული მესამედ გამოძახების შემთხვევაშიც არ გამოცხადდება კრებაზე, მაშინ კრება უფლებამოსილია დაუსწრებლად განიხილოს საქმე და გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ბრალდებულის სასამართლოზე გამოცხადების შეტყობინებისას სავალდებულოა ბრალდებულის წინასწარ გაეცნოს ბრალდების შინაარსი, რათა მას საშუალება მიეცეს, კრებაზე გამოცხადებისას აღიაროს ბრალი24.
თუ ბრალდებული დროულად გამოცხადდება სასამართლოზე, მაგრამ ბრალს არ აღიარებს, მაშინ ბრალმდებელს წინადადება ეძლევა წარმოადგინოს ბრალდება. საქმის განმხილველი ეპისკოპოსები ვალდებული არიან ბრალმდებელი გააფრთხილონ, რომ თუკი იგი ვერ დაამტკიცებს თავის ბრალდებას, მაშინ იგი იმავე სასჯელით დაისჯება, რა სასჯელითაც ბრალდებული დაისჯებოდა ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, ხოლო ბრალმდებელი, თავის მხრივ ვალდებულია დადოს წერილობით პირობა იმის შესახებ, რომ ბრალდება არ არის ცილისწამება25.
საქმის განხილვის პროცესში მხარეები (ბრალმდებელი და ბრალდებული) მოვალენი არიან ბრალდების მტკიცების დროს წარმოადგინონ საეკლესიო კანონებით განსაზღვრული მტკიცებულებები. საეკლესიო სამართალი პირდაპირ არ საუბრობს მტკიცების ტვირთზე, თუმცა შესაბამისი კანონების გამოკვლევის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
მღვდლისა და დიაკვნის საქმის განხილვა იმ სახით განსხვავდება ეპისკოპოსის საქმის განხილვისაგან, რომ მათი ბრალდების გამოძიება ხდება მხოლოდ ერთი ეპისკოპოსის, მმართველი მღვდელმთავრის მიერ, თუკი, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდებული თანახმაა ამგვარი სასამართლოსი. ხოლო ისეთ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის არ სურს ბრალდება მისმა მღვდელმთავარმა განიხილოს, ასეთ შემთხვევაში მოიწვევა მღვდლისათვის 6 ეპისკოპოსი, დიაკვნისათვის კი - 3. რაც შეეხება ერისკაცს, მის ბრალდებას ნებისმიერ შემთხვევაში ერთი მღვდელმთავარი განიხილავს26.
საინტერესოა, რომ საეკლესიო სამართალი უშვებს საქმის განხილვას მედიატორთა (კანონშია: ჩინებულთა ბჭეთა) მიერ27. ეს ხდება მაშინ, როდესაც მხარეები საქმის განმხილველ მოსამართლეს (ან მოსამართლეებს) უნდობლობას გამოუცხადებენ. ასეთ დროს ისინი უფლებამოსილი არიან თავად აირჩიონ მოსამართლეები. საეკლესიო კანონები არ განსაზღვრავენ, თუ როგორ ხდება მოსამართლეების არჩევა ან რამდენი მოსამართლე უნდა იქნეს არჩეული. სავარაუდოდ, ეს საკითხიც მხარეთა შეთანხმებით წყდება. ჩვენი აზრით, საქმის არსებითი განხილვა უნდა წარიმართოს ზემოთმოყვანილი წესის შესაბამისად. საეკლესიო კანონები განსაზღვრავენ, რომ მედიატორთა მიერ საქმის განხილვის შემდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი გასაჩივრება არ დაიშვება28.
მას შემდეგ, რაც მხარეები პროცესზე წარმოადგენენ სათანადო მტკიცებულებებს, სასამართლო მოისმენს ბრალდებას და პასუხს, იგი უფლებამოსილია გამოიტანოს განაჩენი.
თუ ბრალდებას განიხილავს ერთი მოსამართლე, მას, ცხადია, განაჩენი გამოაქვს პირადად.
სხვანაირად წესრიგდება საკითხი, თუ ბრალდებას რამდენიმე მოსამართლე განიხილავს. ჩვეულებისამებრ, განაჩენი გამოიტანება ხმათა უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში საეკლესიო კანონით დადგენილია, რომ მოწვეულ უნდა იქნენ სხვა ეპისკოპოსები, რათა განაჩენი გამოტანილ იქნეს ხმათა უმრავლესობით. ეპისკოპოსების მოწვევა ხდება დედაქალაქის მღვდელმთავრის (სავარაუდოდ, პატრიარქის, ანუ ეკლესიის მეთაურის, დ.ჩ.) მიერ, ხოლო გამოტანილ განაჩენს ეკლესიის მეთაურიც უნდა ეთანხმებოდეს29.
საეკლესიო ტრადიციით განაჩენი გამოიტანება წმინდა სამების სახელით.
თუმცაკი საეკლესიო სამართალი ცალკე არ მიუთითებს, მაგრამ განაჩენი შეიძლება იყოს გამამართლებელი ან გამამტყუნებელი.
გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ბრალდებულს, ცხადია, ეხსნება ყველა ბრალდება და აღუდგება ყველა თავისი უფლება (მაგ.: ზიარების, მღვდელმოქმედების და ა.შ.), რომელიც მას ჩამორთმეული ჰქონდა საქმის განხილვის დროს. ამასთან, საგულისხმოა ერთი საკითხიც: კონსტანტინოპოლის ვ (6) კანონით, ბრალდების არდამტკიცების შემთხვევაში ბრალმდებელი იმავე სასჯელით უნდა დაისაჯოს, რაც ბრალდებულს ელოდა. ჩვენი აზრით, ვინაიდან ცილისწამებას ცალკე დამტკიცება სჭირდება, ბრალმდებლის გამტყუნება და დასჯა ცალკე წარმოებით უნდა მოხდეს და არა გამამართლებელი განაჩენის გამოტანისთანავე, თუმცა საეკლესიო კანონებში ამის შესახებ არაფერია მითითებული.
გამამტყუნებელი განაჩენით ხდება წაყენებული ბრალდების დადასტურება, ანუ დამტკიცება. საეკლესიო პროცესის პრინციპების შესახებ საუბრისას ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ყველა ბრალდების დამტკიცების წესის შესაბამისად საქმის განმხილველმა მოსამართლეებმა ერთი ბრალმდებლის მიერ წარდგენილი ბრალდებები ერთობლიობაში უნდა დაამტკიცონ. თუ რომელიმე ბრალდება ვერ დამტკიცდა, ამ ბრალდების წარმდგენი პირის სხვა ბრალდებებიც არ მიიღება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თუ საქმის განხილვის დროს ბრალდებულის მიმართ ბრალდებები წარდგენილია სხვა პირის მიერაც, ამ უკანასკნელის ბრალდებები არ მიიღება.
ბრალდების დამტკიცების შემდეგ საქმის განმხილველმა მოსამართლეებმა უნდა განსაზღვრონ სასჯელის ზომა. საპროცესო სამართალში მიღებული წესის თანახმად ბრალდების დამტკიცება ხდება კონკრეტული შეცოდების მიმართ, ხოლო შეცოდებას, როგორც წესი თან ახლავს სასჯელის ზომაც30.
მოციქულთა და მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონებში, როგორც წესი, შეცოდებისთვის განსაზღვრულია მხოლოდ სასჯელის ფორმა, ხოლო ზომის განსაზღვრა საქმის გამხილველი მოსამართლის უფლებამოსილებაში შედის. თუმცა, რაც შეეხება დიდი სჯულისკანონის დანარჩენ ნაწილებს (ადგილობრივ კრებათა კანონებს და განსაკუთრებით ეპისტოლარულ კანონმდებლობას), იქ სასჯელის ზომა უფრო ხშირადაა მითითებული. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ხშირად ეპისკოპოსები თხოვნით მიმართავდნენ ხოლმე ეკლესიის ავტორიტეტულ მოღვაწეებს, რომ ზუსტად მიეთითებინათ კონკრეტული შეცოდებისთვის მისაგებლის (ანუ სასჯელის) ზომა. ეს არაერთი ეპისტოლის შესავლიდან დასტურდება.
ბასილი დიდის ნდ (54) კანონით სასჯელის ზომის განსაზღვრის უფლება აქვს საქმის განმხილველ ეპისკოპოსს, შეცოდების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების და სხვა სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით: „ხოლო შენისა გულისჴმის-ყოფისაჲ არს, რაჲთა სახისაებრ და ვითარებისა ვნებისა მის გინათუ განავრცო, ანუ შეამოკლო კანონი“31.
განაჩენის ძალაში შესვლასთან ერთად აღსრულებულად ითვლება მასში მითითებული სასჯელი. ეს საინტერესო ინსტიტუტია საეკლესიო სამართალში და განარჩევს საერო სამართლისგან. განსხვავება უპირველესად მდგომარეობს იმაში, რომ საეკლესიო სასჯელი მჭირდოდაა დაკავშირებული ადამიანის სულთან, მის სულიერ ცხოვრებასთან, ვინაიდან შეცოდების მიტევებისა და შეკვრის უფლება მინიჭებული აქვს ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიას32, რომელიც მას მიენიჭა უფლის მიერ მოციქულთა გზით: „რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა33; და რაოდენი განჰჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“. ამიტომაც, საეკლესიო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, ვთქვათ, სასულიერო პირის განკვეთის შესახებ, უნდა დადასტურდეს საღმრთო განგებულებითაც, რომელიც ჩვენთვის უხილავი და დაფარულია. სასულიერო პირი ღვთისმსახურად გამორჩეულია თავად უფლის მიერ34, რომელიც მას, როგორც თავის მსახურს ანიჭებს მღვდელმოქმედებისთვის საჭირო მადლს, ამდენად საღმრთო მსახურებას აღასრულებს თავად ღმერთი35. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საეკლესიო განაჩენს, ვინაიდან მისი კანონიერ ძალაში შესვლა იწვევს პირის საღმრთო მადლისგან განძარცვას.
საეკლესიო პროცესი ადგენს გასაჩივრების წესსაც (მას ეთმობა ამ ნაშრომის შემდეგი თავი), რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი შეიძლება გადაისინჯოს და ამდენად, შეიცვალოს ზემდგომი ინსტანციის მიერ. ამ დროს ბუნებრივია ჩნდება კითხვა: ითვლება თუ არა სასულიერო პირი ღვთისმსახურებიდან განკვეთილად, როცა მის წინააღმდეგ ამგვარი განაჩენი არსებობს? ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქვს თუ არა ამგვარ პირს უფლება აღასრულოს საღმრთო საიდუმლოებანი, სწიროს, დაწეროს ჯვარი, მონათლოს და ა.შ.? ეს საკითხი შემდეგნაირად წყდება: პირს, რომლის მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი, ეკრძალება ზიარება საბოლოო განაჩენის გამოტანამდე36.
განაჩენზე დათანხმების, გასაჩივრების ვადის არასაპატიოდ გაშვების ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საბოლოო განაჩენის გამოტანის შემთხვევაში განაჩენი ითვლება ძალაში.
საეკლესიო კანონებში განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული ვადა არ არის მითითებული, თუმცა ნიკეის I საეკლესიო კრების ე (5) კანონი მიუთითებს, რომ გასაჩივრება უნდა მოხდეს კრების წინაშე, რომელიც წელიწადში ორჯერ მოიწვევა: დიდმარხვის წინ და შემოდგომაზე37. ჩვენი აზრით, უახლოეს საეკლესიო კრებაზე საკითხის არგატანა უნდა ჩაითვალოს გასაჩივრების ვადის გასვლად, თუ, რაღა თქმა უნდა, საპატიო მიზეზი არ არსებობს.
ზემოაღნიშნული წესი ეხება ეპისკოპოსის საქმის განხილვას. ხოლო მღვდლისა და დიაკვნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის გაუქმების უფლება აქვს იმ მღვდელმთავარს, რომელმაც გამოიტანა განაჩენი38, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განაჩენის შეცვლა ხდება კრების მიერ.
საგულისხმოა, რომ თუ განაჩენი პირველი ინსტანციით გამოტანილ იქნა კრების მიერ და კრებამ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო, განაჩენის გასაჩივრება აღარ დაიშვება39.
კრების მიერ საქმის განხილვის დროს, როგორც წესი, კრებას იწვევს და თავმჯდომარეობს ეკლესიის მეთაური. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კრების მიერ საჩივრის განხილვის დროს სავალდებულოა კრებას ესწრებოდეს განაჩენის გამომტანი ეპისკოპოსი (ან ეპისკოპოსები). კრებაზე, ცხადია, მოიწვევიან სხვა ეპისკოპოსებიც40. საქმის განხილვა ხდება ზუსტად იმგვარად, როგორც ჩვენ მივუთითეთ საქმის არსებითი განხილვის შესახებ საუბრისას. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ საეკლესიო პროცესი იცნობს სააპელაციო წესით გასაჩივრებას.
ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ ბრალდების გასაჩივრების შემთხვევაში საბოლოო განაჩენის გამოტანამდე ბრალდებულს ზიარება აკრძალული აქვს. ბრალდებულის საზიარებლად შეწყნარება სხვა ეპისკოპოსის მიერ, რომელმაც იცის ამ აკრძალვის შესახებ, ისჯება საეკლესიო წესით41.
ამასთან, საეკლესიო კანონმდებლობა გარანტიას აძლევს ბრალდებულ ეპისკოპოსს, რომ მისი სამღვდელმთავრო კათედრა არ იქნება დაკავებული საქმის განხილვის და საბოლოო განაჩენის გამოტანამდე42.
საბოლოო განაჩენით შეიძლება:
ა) უცვლელად დარჩეს წინა განაჩენი,
ბ) ნაწილობრივ შეიცვალოს წინა განაჩენი,
გ) გაუქმდეს წინა განაჩენი.
საბოლოო განაჩენის შეცვლა აღარ დაიშვება და ამის შემდეგ სავალდებულოა მისი აღსრულება.
ამ თავში ჩვენ საუბარი გვექნება გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულებაზე. თავისთავად ცხადია, რომ გამამართლებელ განაჩენს განსაკუთრებული აღსრულება არ სჭირდება, ვინაიდან ამ უკანასკნელით ხდება ბრალდებულის გამართლება, მას მოეხსნება ყოველგვარი ბრალი და აღდგება თავის უფლებებში.
როგორც ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, განაჩენით შეიძლება ქრისტიანს მიესაჯოს შემდეგი სასჯელი:
განვიხილოთ თითოეულის აღსრულების წესი.
1. უზიარებლობა, ჩვეულებისამებრ წარმოადგენს ერისკაცის მიმართ გამოსაყენებელ სასჯელს. უზიარებლობის ვადა, როგორც აღვნიშნეთ, განისაზღვრება ეპისკოპოსის მიერ. იგი შეიძლება იყოს 40 დღიდან დაწყებული სიკვდილამდე უზიარებლობით.
საეკლესიო კანონმდებლობა პირდაპირ განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა გაატაროს ქრისტიანმა უზიარებლობის ის პერიოდი, რომელსაც მას საეკლესიო განაჩენი დაუდგენს.
მოვიყვანოთ შესაბამისი მაგალითები (ხაზგასმა ყველგან ჩვენია):
„თჳნიერ ჭირისა, ანუ თჳნიერ მიტაცებისა მონაგებთაჲსა... რომელი იქმნა... სთნდა კრებასა... რაოდენნიცა მოსწრაფებით ინანდენ, სამი წელიწადი მსმენელთა თანა დაყონ მორწმუნეთა და შჳდ წელ შეუვრდებოდედ, ხოლო ორ წელ თჳნიერ შესაწირავისა ეზიარებიდედ ლოცვათა ერისათა“43.
„ხოლო ორგზისცა და სამგზის იძულებით მზორველნი [ე.ი. კერპისადმი მსხვერპილის შემწირველნი, დ.ჩ.] სამ წელ შეუვრდებოდედ და ორ წელ თჳნიერ სიწმიდეთა ეზიარებოდედ და მეშჳდესა სრულიად შეწყნარებულ იქმნენ“44.
„დედაკაცმან, რომელმან დაუტეოს ქმარი თჳსი და სხჳსა მივიდეს, მემრუშე არს იგი... ხოლო განიკანონებიან მამათა ჩუენთა მიერ ესევითარნი ესრეთ, რაჲთა ერთ წელ შესტიროდინ, ორ წელ მსმენელთა თანა მდგომარე იყვნენ, სამ წელ შეუვრდებოდინ და მეშჳდესა წელსა დადგენ მორწმუნეთა თანა და ესრეთ ღირს იქმნენ ზიარებასა, უკუეთუ ცრემლით ინანდენ იგინი ბრალსა მათსა“45.
„უნებლიეთ კაცისმკლველი ათ წელ უზიარებელ იყოს სიწმიდეთა. ხოლო განგებულ იქმნენ მის ზედა ათნი იგი წელიწადნი ესრეთ: ორ წელ შესტიროდის, სამი წელიწადი მსმენელთა თანა დაყოს, ოთხ წელ შეუვრდებოდის და წელიწადსა ერთსა მხოლოდ დგეს ოდენ მორწმუნეთა თანა და ამისსა შემდგომად შეწყნარებულ იქმნეს ზიარებად სიწმიდეთა“46.
როგორც ვხედავთ, საეკლესიო სამართალი ძირითადად განარჩევს ოთხ მდგომარეობას, რომელშიც მონანული ქრისტიანი უნდა იყოს უზიარებლობის პერიოდში:
ა) შეტირება
ბ) შევრდომა
გ) მსმენელებთან დადგინება
დ) მორწმუნეებთან ლოცვა ზიარების გარეშე
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ეპიტიმიების აღსასრულებლად აუცილებელია განკანონებული ქრისტიანი აღიარებდეს ჩადენილ შეცოდებას და სურვილს გამოთქვამდეს („უკუეთუ ცრემლით ინანდეს...“) ეპიტიმიის აღსრულებაზე. მაგალითისთვის მოვიყვანოთ ასეთი შემთხვევა. ადამიანმა შესცოდა უნებლიე კაცისკვლით (10 წელი) და საეკლესიო სასამართლომ მას განუსაზღვრა უზიარებლობა 8 წლით, შესაბამისი ეპიტიმიების მითითებით. აღნიშნული ეპიტიმიების შესრულება არ ხდება ძალის გამოყენებით და იძულებით, ვინაიდან ამგვარ მეთოდებს მართლმადიდებელი ეკლესია არ იცნობს. მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც განკანონებული გამოთქვამს სინანულის ჩადენილთან დაკავშირებით, შესაძლებელია აღსრულდეს ეპიტიმია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოცი წელიც რომ გავიდეს განაჩენის გამოტანიდან, განკანონებულს უფლება არ აქვს ეზიაროს, თუკი მას სრულებით არ აღუსრულებია მისთვის განსაზღვრული სასჯელი.
ა) შეტირება წარმოადგენს ყველაზე უფრო მძიმე შეცოდების სასჯელის პირველ ნაწილს. როგორც ზემოთმოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, შედარებით საშუალო სიმძიმის შეცოდებებისთვის სასჯელი არ ითვალისწინებს შეტირებას. შეტირება სრულდება შემდეგი წესით:47 განკანონებული ვალდებულია შეტირებისთვის განსაზღვრული მთელი პერიოდის მანძილზე იდგეს ეკლესიის კარებში და ყოველი შემსვლელის და გამომსვლელის წინაშე აღიაროს თავისი შეცოდება, თხოვოს ყველას პატიება აღნიშნულისათვის და ითხოვოს მისთვის ლოცვა, რათა ღმერთმა შეუნდოს ჩადენილი შეცოდება.
ბ) შევრდომა სულხან-საბას სიტყვის კონის მიხედვით ნიშნავს „ორისავ მუჴლით დაჩოქებას“. საეკლესიო სამართალში შევრდომა შემდეგი სახით აღესრულება: განკანონებული ვალდებულია შეასრულოს განსაზღვრული რაოდენობის მეტანია48 (ვთქვათ, დღეში 40 ან 50-ჯერ) და მუხლმოდრეკილმა მოისმინოს წირვა.
გ) მსმენელებთან დადგინება. მსმენელებად იწოდებიან ის ადამიანები, რომელთაც სურვილი აქვთ შეისწავლონ მართლმადიდებლური სჯული და მოინათლონ წმიდა სამების სახელით. მათ სხვანაირად კათაკმევლები49 ეწოდებათ. მსმენელებთან დადგინებულ ქრისტიანს, მათივე მსგავსად არ აქვს უფლება ბოლომდე იყვნენ წირვაზე და დაესწრონ უსისხლო მსხვერპლშეწირვის საიდუმლოს. ისინი ვალდებული არიან მსმენელებთან (ანუ კათაკმევლებთან) ერთად დატოვონ ტაძარი მას შემდეგ, რაც მღვდელი წარმოთქვამს სიტყვებს - „რაოდენნი კათაკმეველნი ხართ განვედით“50.
დ) მორწმუნეებთან ლოცვა ზიარების გარეშე. ეს წარმოადგენს უზიარებლობის კანონის აღსრულების ბოლო სახეს. იგი გულისხმობს მორწმუნის დასწრებას მთელი წირვაზე, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მას უფლება არ აქვს ეზიაროს. ამგვარი სასჯელის შეფარდების უფლება აქვს მღვდელსაც ეპისკოპოსის და საეკლესიო კრების გარეშე, შედარებით ნაკლებად მძიმე შეცოდებისთვის ან ყველა იმ ცოდვისთვის, რომელიც თავისი მცირე მნიშვნელობის გამო შეცოდებად არ ითვლება. ცხადია, ამგვარი უზიარებლობის ვადა დიდ ხანს (თუმცა საეკლესიო სამართალი ზუსტად არ განსაზღვრავს ვადას) არ შეიძლება გაგრძელდეს. ნებისმიერ შემთხვევაში მორწმუნეს უფლება აქვს მღვდლის ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს ეპისკოპოსთან.
საინტერესოდ წყდება საკითხი, როცა განაჩენით პირს მიესჯება სიკვდილამდე უზიარებლობა. სიკვდილამდე უზიარებლობა თავისთავად არ გულისხმობს ზიარების სავსებით აკრძალვას. პირს, რომელსაც მისჯილი აქვს უზიარებლობა ცალკე განესაზღვრება ამ სასჯელის აღსრულების წესი. წმინდა ბასილი დიდის ე (5) კანონით სიკვდილამდე უზიარებელი შეიძლება შეწყნარებულ იქნეს სიკვდილის წინ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მაზიარებელი სასული-ერო პირისთვის ცნობილია მისი სინანულისა და კეთილმოწესეობის შესახებ. ამავე დროს, საეკლესიო სამართალი ნებას რთავს სამღვდელო პირებს, სიკვდილის წინ აზიარონ ის განკანონებული პირი, რომელსაც უზიარებლობის ვადა ჯერ არ გასვლია, ვინაიდან „ვინაჲცა ვინცა ვინ მოკუდებოდეს, უკუანაჲსკნელისა მის და საჭიროჲსა საგზლისაგან ნუმცა ჴუებულ [დაკლებული, დ.ჩ.] იქმნების“51. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი გადარჩება, მან მორწმუნეებთან ლოცვის კანონი უნდა აღასრულოს.
ერთადერთი შეცოდება, რომლის ჩადენის შემთხვევაშიც პირს ზიარება სიკვდილის წინაც ეკრძალება, არის მრევლის მოსყიდვა, რომ იგი დაასახელონ წინამძღვრად (ან ეპისკოპოსად)52.
2. დაცადება წარმოადგენს მხოლოდ სასულიერო პირთა სასჯელს და იგი გულისხმობს ღვთისმსახურისთვის მღვდელმოქმედების უფლების ჩამორთმევას სამღდელო პატივის შენარჩუნებით. დაცადება შეიძლება იყოს ვადიანი ან უვადო, ანუ სიკვდილამდე.
იგი აღსრულდება შემდეგნაირად: ღვთისმსახურს უნარჩუნდება შესაბამისი შესამოსლის ტარების უფლება (ე.ი. ანაფორის), სამღვდელო პატივი და ხარისხი (ვთქვათ, მღვდლობა დეკანოზის ხარისხით), წირვაზე საკურთხეველში ზიარების უფლება, ხოლო ეკრძალება ღვთისმსახურების აღსრულება და ერის დამოძღვრა53.
3. ხარისხიდან განკვეთა. ესეც მხოლოდ სამღვდელო პირთა სასჯელია. იგი დაცადებისგან განსხვავებით გულისხმობს სასულიერო პირისთვის სამღვდელო პატივისგან ჩამოშორებას. ასეთი განაჩენის შემთხვევაში სასულიერო პირი ჩაითვლება საერო პირად. ცხადია, მას ყოველგვარი მღვდელმოქმედება აეკრძალება.
იგი აღსრულდება შემდეგნაირად: პირი განაჩენის ძალაში შესვლის მომენტიდან აღარ იწოდება სასულიერო პირად, ეკრძალება შესაბამისი სამოსლის ტარება და მღვდელმოქმედება. განაჩენის ძალაში შესვლისთანავე პირს აქვს საერო წესით ზიარების უფლება, რათა ერთბაშად ორი სასჯელი არ მოიწიოს პირზე54.
4. ანათემა. იგი წარმოადგენს უმძიმეს საეკლესიო სასჯელს. ანათემა, ანუ ყოვლითურთ განკვეთა ნიშნავს პირის მოკვეთას მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღიდან. ანათემის შემთხვევაში პირი საერთოდ აღარ იწოდება მართლმადიდებლად. როგორც წესი, ანათემის შესახებ განაჩენის გამოტანის უფლება აქვს მხოლოდ კრებას55.
მისი აღსრულების შემდეგ ადამიანი საერთოდ აღარ ეკუთვნის მართლმადიდებელ ეკლესიას. იგი ითვლება სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლად და მის, როგორც არამართლმადიდებლის მიმართ საეკლესიო კანონები ვეღარ გავრცელდება.
განკვეთილი (ანუ ანათემიზირებული) პირი, სინანულის შემთხვევაში შეიძლება დაუბრუნდეს ეკლესიის წიაღში. ამ შემთხვევაში, მართალია, მასზე ნათლისღება ხელმეორედ აღარ აღესრულება, მაგრამ უნდა შესრულდეს მირონცხების საიდუმლო56.
საპროცესო სამართლის შესწავლისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მტკიცებულებებს, ანუ იმას, თუ რას შეიძლება დაეფუძნოს სასამართლოს გადაწყვეტილება. საეკლესიო სამართალში მიღებულია მტკიცებულებათა შემდეგი სახეები:
ა) ფიცი
ბ) ბრალდებულის ჩვენება - აღიარება
გ) ბრალმდებლის ჩვენება
დ) მოწმის ჩვენება
ცხადია, მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა ნივთმტკიცებაც, მაგრამ იგი არცერთ კანონში არ გვხვდება, როგორც დამოუკიდებელი მტკიცებულება. ამასთან, ნივთმტკიცება, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, აუცილებლად ესაჭიროება ჩვენებას, რომელიც გაამყარებს მას57. ამდენად, ნივთმტკიცება, საეკლესიო ნორმებით, იგულისხმება ჩვენებაში, როგორც მტკიცებულების ერთერთ სახეში.
ჩვენ აქ დამოუკიდებელ მტკიცებულებად გამოვყავით ფიცი, თუმცა შესაძლებელია ის დამოუკიდებელ მტკიცებულებად არც ჩაითვალოს, ვინაიდან, როგორც წესი, ფიცი მხოლოდ ამყარებს მიცემულ ჩვენებას. ამის მიუხედავად, ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ფიცი დამოუკიდებელ მტკიცებულებად გამოგვეყო, ვინაიდან საეკლესიო სამართალში ფიცი ცალკეა განხილული. როგორც ცნობილია, თავად უფალი კრძალავდა ფიცს უბრალო საქმეზე58. ამიტომაც საგანგებოდ ჩაიწერა ლაოდიკიის კრების კვ (26) კანონში, რომ ფიცის ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ ეპისკოპოსის თანხმობით. ამასთან, საეკლესიო სამართალი საკმაოდ მძიმე პასუხიმგებლობას ადგენს ცრუფიცისათვის და იგი 10 წლით უზიარებლობით განისაზღვრება59.
ბრალდებულის ჩვენება, ანუ იგივე აღიარება, ჩვენ გარკვეულწილად განვიხილეთ საქმის აღძვრის შესახებ საუბრისას. აქ დავამატებდით, რომ აღიარება, რაც არ უნდა გულწრფელი და ნამდვილთან მიახლოებული იყოს, მაინც არ შეიძლება ცალსახად ჩაითვალოს პირის გამტყუნების ერთადერთ საფუძვლად. აუცილებლად უნდა მოხდეს ყველა მტკიცებულების გამოკვლევა და დადასტურება, ანუ ყველა ბრალდება უნდა დამტკიცდეს60. ისეთ შემთხვევაში, როცა ეპისკოპოსი აცხადებს, რომ პირმა მასთან აღსარების თქმისას აღიარა შეცოდება, ხოლო თავად აღნიშნული პირი უარყოფს ამ ფაქტს, ეპისკოპოსის ჩვენებას ძალა არ აქვს61.
ბრალმდებლის ჩვენება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასულიერო საქმეზე არ შეიწყნარება წარმართის, უზიარებლის, მწვალებლის და სამოქალაქო წესით ჩვენების უფლებაჩამორთმეული პირის მხრიდან. ბრალმდებელი თვითონაა ვალდებული ამტკიცოს თავისი ბრალდება საქმის განმხილველი ორგანოს წინაშე62. მას უფლება აქვს მოიხმოს მოწმე, ფიცით ან სხვა საბუთით დაამტკიცოს პირის შეცოდება.
მოწმის ჩვენებას საეკლესიო სამართალი ცალკე განიხილავს და ცალკე აწესრიგებს მოწმესთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. მოწმედ (ტექსტშია: მოწამედ) არ შეიძლება იყოს:63
ა) ის, ვინც არ შეიძლება იყოს ბრალმდებელი (იხ. ზემოთ)
ბ) ბრალმდებლის სახლიდან მოყვანილი (ტექსტშია: „რომელნი თჳთ მან შემასმენელმან მოიყვანნეს სახლით თჳსით”)
გ) ის, ვისაც არ შესრულებია 14 წელი.
საეკლესიო სამართალი, მსგავსად ძველი აღთქმისა, ადგენს, რომ მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენება არ მიიღება, არამედ საჭიროა ორი ან სამი მოწმის ჩვენება, რომლებიც ერთმანეთს უნდა დაემთხვეს64. საინტერესოა, რომ საეკლესიო ნორმებით გათვალისწინებულია პასუხიმსგებლობა იმ პირისთვის, რომელმაც იცის მძიმე შეცოდების ჩადენის შესახებ და განზრახ მალავს მას65.
წინამდებარე თემის მიზანი იყო საეკლესიო სამართლის პროცესის ძირითადი საკითხების განხილვა. ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა, თუ რომელ ამოსავალ პრინციპებსა და დებულებებს ეფუძნება საეკლესიო სამართლის პროცესი, საეკლესიო სამართალწარმოება, მივუთითეთ აღნიშნული პრინციპების დოგმატური საფუძვლები.
უპირველესად ჩვენ შევეცადეთ გამოგვეყო საქმის აღძვრის ორი ძირითადი საფუძველი, შესაბამისი განმარტებებით. მივუთითეთ საქმის განსჯადობის შესახებ, ანუ ვისი ქვემდებარეა გარკვეული კატეგორიის საქმე.
ნაშრომში აგრეთვე განხილულია იმ მტკიცებულებათა სახეები, რომლებიც არსებობს საეკლესიო სამართალში. მივუთითეთ აგრეთვე მათი გამოყენების პირობები.
ჩვენ შევეცადეთ შედარებით დეტალურად მიმოგვეხილა საქმის არსებითი განხილვა. კერძოდ, როგორ ხდება საქმის განხილვა ერთპიროვნულად ერთი ეპისკოპოსის მიერ, საეპისკოპოსო კრების მიერ. ნაშრომში, აგრეთვე, აღნიშნულია, თუ რა შემთხვევაში ხდება საქმის განხილვა მედიატორთა, ანუ შუამავალ მოსამართლეთა მიერ.
ნაშრომში ამის შემდეგ განხილულია განაჩენის გამოტანისა და სასჯელის შეფარდების წესი. ამ თავში, აგრეთვე, საუბარია განაჩენთა სახეებზე, კრების უფლებამოსილებაზე სასჯელის ზომის შეფარდებისას.
საეკლესიო სამართლის პროცესი იცნობს გასაჩივრების ინსტიტუტსაც. ამ საკითხს ეთმობა ნაშრომის ერთი თავი. მასში შედარებით დაწვრილებითაა განხილული, თუ რა შემთხვევაში ხდება განაჩენის გასაჩივრება, რომელია საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი საეკლესიო ორგანო, როგორ ხდება სააპელაციო წესით საქმის განხილვა და რა სახის საბოლოო განაჩენი შეიძლება იქნეს გამოტანილი.
ნაშრომში საუბარია აგრეთვე განაჩენის აღსრულებაზე. ეს საკითხი საინტერესოა მით უფრო იმის გამოც, რომ სასჯელი და განაჩენის აღსრულება უშუალოდ არის დაკავშირებული ქრისტიანულ მოძღვრებასთან და დოგმატურ ღვთისმეტყველებასთან. ჩვენ ძირითადი ყურადღება დავუთმეთ უზიარებლობას და მასთან დაკავშირებულ სავალდებულო ეპიტიმიებს, რომელსაც მონანული აღასრულებს განაჩენის საფუძველზე.
წინამდებარე ნაშრომი პირველი და მოკრძალებული მცდელობაა სამართლისმცოდნეობის თვალსაზრისით, მეცნიერულად იქნეს განხილული საეკლესიო სამართლის პროცესი, მისი მომწესრიგებელი ნორმები და მასთან მჭირდოდ დაკავშირებული ინსტიტუტები.