|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება ორმოცდამეთექვსმეტე
1. 56. ვ. საკითხავი წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ
გარდაცვალებისათჳს წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ 2. საყუარელნო ჩემნო, მოვედით და ისმინეთ
წმიდისათჳს ქალწულისა ქებაჲ, ვითარ ადიდა შობილმან მშობელი თჳსი და ძემან ღმრთისამან და თჳთ ღმერთმან
დედაჲ თჳსი! 3. რაჲ-მე ვთქუათ, საყუარელნო ჩემნო, რომლითა ენითა ანუ რომლითა
პირითა შეუძლოთ ქებად მსგავსი ქებისა მისისაჲ? 4. რამეთუ ესე ქალწული გამოჩნდა
უმაღლჱს ცათა და მისთჳს ვერ შეუძლებს მიწისაგანი ესე ენაჲ ჩემი გამოთქუმად, არამედ ვიტყოდი და არაჲ
დავდუმნე, 5. რამეთუ ამის ქალწულისათჳს მოსე, დიდმან წინაწარმეტყუელმან, ესრე თქუა
სულითა წმიდითა, რამეთუ: მე მოვიდე და დავიმკჳდრო შორის კაცთ, და შემდგომი ამისი. 6.
ოსჱ წინაწარმეტყუელმან თქუა: ვიხილჱ მე ყრმაჲ წიაღთა ქალწულისათა და ეზეკიელ დაჴშული ბჭჱ იხილა,
რომელი არავინ განვლო, გარნა ღმერთმან და დაჴშული ჰგიეს ბჭჱ იგი. 7. დანიელ თქუა:
„მთისაგან ლოდი თჳნიერ ჴელისაგან კაცისა გამოკუეთილი“, ესე იგი არს, თჳნიერ მამაკაცისაგან შობაჲ იგი. 8. ხოლო ესაია ცნა ურჩთაჲ მათ და ქედფიცხელთაჲ სიტყუაჲ იგი მოსჱსი, რომელ თქუა:
ნათესავი ესე განდრეკილ არს, რომელთა თანა არა არს სარწმუნოებაჲ. 9. ამისთჳს
განცხადებულად ღაღატ-ყო და თქუა: „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ და უწოდიან სახელი მისი
ენმანოველ, რომელი არს: ჩუენ თანა ღმერთი“. 10. რამეთუ იხილა ღმერთმან ნათესავი
კაცთაჲ, წარწყმედული და მსხდომარჱ ბნელსა და აჩდილითა სიკუდილისათა, წარმოავლინა მთავარი ანგელოზთაჲ
გაბრიელ ქალწულისა მარიამისა ხარებად, მოვიდა მისა და ჰრქუა: „გიხაროდენ, მიმადლებულო!
11. უფალი შენ თანა!“ 12. რამეთუ იქმენ შენ ტაძარ სულისა წმიდისა და ქრისტჱ
ჴორცითა იშვა შენგან. 13. ხოლო მე აწ აღძრულ ვარ ხარებისა მისთჳს, უმეტჱს ხოლო
მთავარანგელოზისა ხარებისა მიერ და ამას ქებასა შევსწირავ წმიდისა ქალწულისა მიმართ მარიამისა და ვეტყოდი
უჴრწნელსა მას: 14. „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა!“ 15.
გიხაროდენ წმიდაო ღმრთისმშობელო, ქალწულო! 16. გიხაროდენ, დედუფალო
ბრწყინვალეო! 17. გიხაროდენ, ქალწულო, დედაო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესო! 18. გიხაროდენ, კიდობანო შჯულისაო! 19. გიხაროდენ, კარავო
საწამებელო! 20. გიხაროდენ, ტაძარო უფლისაო! 21. გიხაროდენ,
საყდარო ქრისტესო! 22. გიხაროდენ, ჭურო პატიოსანო! 23.
გიხაროდენ, ტაკუკო ოქროჲსაო, სავსეო მან˜ნათჲ, ცუარითა მით ზეცისაჲთა! 24.
გიხაროდენ, ღრუბელო ნათლისაო! 25. გიხაროდენ, ზღუდეო სიმტკიცისაო!
26. გიხაროდენ, სუეტო შეურყეველო! 27. გიხაროდენ, წყარო სიწმიდისაო! 28. გიხაროდენ, სამკჳდრებელო ჭეშმარიტებისაო! 29. გიხაროდენ, საზღვარო
სარწმუნოებისაო! 30. გიხაროდენ, მარგალიტო ჭეშმარიტებისაო! 31.
გიხაროდენ, ანთრაკო პატიოსანო! 32. გიხაროდენ, ქერობინო და სადგურო უფლისაო! 33. გიხაროდენ, ქალწულო წმიდაო და სამკჳდრებელო ქრისტჱს ღმრთისაო, რამეთუ შენთჳს თქუა
ამბაკუმ წინაწარმეტყუელმან, 34. ვითარმე: „აღმაღლდა მზჱ და მთოვარჱ დადგა წესსა ზედა
თჳსსა“, ესე იგი არს ამაღლდა მზჱ – იშვა ღმერთი ქალწულისაგან და მთოვარჱ დადგა წესსა ზედა თჳსსა,
ვითარმედ ქალწული ქალწულადვე ეგოს. 35. დავით ესრე თქუა: „გარდამოჴდეს ვითარცა
წჳმაჲ საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი, რომლისაჲ ცურინ ქუეყანასა ზედა“. 36. პირველად
მოსე მთასა ზედა სინასა მაყულოვანად გიხილა შენ შეუწუველად, და გედეონ საწმისად გიხილა შენ და დავით
ვითარცა ცუარი იხილა გადამომავალი შენ ზედა, ოსე ქალწულად უჴრწნელად გქადაგა შე, და ეზეკიელ – ბჭედ
სიწმიდისად, დანიელ – მთად შეურყვნელად; 37. ესაია ძირად იესჱსად გქადაგა შენ, ნათან
თქუა, ვითარმედ: ქალწულისაგან შობილისა განიხაროს ყოველმან ჴორციელმან, ვითარცა მთავარანგელოზმან გახარე
შენ. 38. გიხაროდენ, ტაძარო სულისა წმიდისაო და საყდარო უფლისაო!
39. აწ ჩუენ, მორწმუნენი, ღმრთივგანბრძნობილნი და წიგნთაგან განსწავლულნი საღმრთოთა მეცნიერად,
ღმრთისმშობელად აღგიარებთ და თაყუანის-გცემთ, ვღაღადებთ და ვიტყჳთ კუალად: „გიხაროდენ, მიმადლებულო!
უფალი შენ თანა!“ 40. გიხაროდენ, მაყუალო შეუწუველო! 41.
გიხაროდენ, ცაო საცნაურო და საყდარო უფლისაო, რომლისაგან გამობრწყინდა მზჱ იგი სიმართლისაჲ! 42. გიხაროდენ, სამოთხეო სიწმიდასაო, რომელმან აღმოგჳცენე უკუდავებაჲ და ცხორებაჲ! 43. გიხაროდენ, ხეო ცხორებისაო, რომელმან გამოიღე ნაყოფი ცხორებისა, რომლისა მიერ
ვცხომდით ყოველნი. 44. რამეთუ დასაბამსა დაბადებისა კაცთაჲსა პირველ დაბადებულ მამაჲ
ჩუენი ადამ ხისა მისგან ნაყოფისა, რომელსა გამოეღო ხესა მას ცნობად კეთილისა და ბოროტისა, დედაკაცისა მიერ
შესცთა და ჭამა იგი და სამოთხისა მისგან ექუსორია იქმნა იგი და ჩუენ ყოველნი. 45.
ხოლო რაჟამს წმიდამან ქალწულმან ანგელოზისა მიერ „გიხაროდენი“ შეიწყნარა, მყის პირველქმნული იგი მამაჲ
ჩუენი დაცემისაგან აღჰმართა და წყევაჲ იგი პირველისა დედისა ჩუენისა ევაჲსი განაქარვა 46.
და სიხარულით ეტყოდა: კურთხეულ ხარ შენ, ასულო, რამეთუ ჩუენ, დაცემულნი ესე, შენ მიერ
აღვემართენით. 47. გიხაროდენ, ასულო განმათავისუფლებელო ყოვლისა სოფლისა, წმიდაო
ქალწულო, უჴრწნელო, რამეთუ შენ მიერ ცხომდა ყოველი სოფელი! 48. გიხაროდენ,
წმიდაო ქალწულო, მარიამ, საუნჯეო დაბეჭდულო! 49. გიხაროდენ, საფასჱო დიდისა
მეუფისაო, რომელი განამდიდრებ ყოველსა სოფელსა! 50. გიხაროდენ, სანთელო მწუხრისაო
დაუშრეტელო, რომლისათჳსცა იტყჳს სჳმონ წინაწარმეტყუელი, ვითარმედ: ვიხილე ნათელი სამწუხროჲ,
რომლისათჳსცა-იგი იშვა შენგან, რომელსაცა წინაწარმეტყუელი იტყჳს: „ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა და
დიდებაჲ ერისა შენისაჲ ისრაჱლისაჲ“. 51. მინდა დადუმების და კმა-ყოფად ქებაჲ ესე
წმიდისათჳს ქალწულისა მარიამისა, არამედ კუალად, რაჟამს მოვიჴსენი ნაყოფი იგი მუცლისა მისისაჲ, არა მიფლის
მე კმა-ყოფად, და რაჟამს მოვიჴსენი მე ცთომაჲ იგი ევაჲსი, აღვივსე მე ცრემლითა. 52.
და მოვიჴსენი მე კუალად ნაყოფი ქალწულისა მარიამისი, აღვივსე კუალად სიხარულითა დიდითა და ვითარცა
ჯურღმული წყლისა ცხოველისაჲ აღმოვდუღდი და კუალად ვიტყოდი: აწ მოვედით, მორწმუნენო,
ვდღესასწაულობდეთ საჴსენებელსა წმიდისა ღმრთისმშობელისასა. 53. რამეთუ ანგელოზნი ცათა
შინა იხარებენ და ჩუენ ქუეყანასა ზედა ვღაღადებთ და ვიტყჳთ: დღეს ქუეყანისა ტაძარი ღმრთისა სიტყჳსაჲ
მიიცვალების, ზეცისა იერუსალჱმსა დაემკჳდრების. 54. დღეს ქალწული ქუეყანით ზედა
მიიცვალების. 55. დღეს კარავი იგი ქუეყანისაჲ ზეცად საყდარ იქმნების. 56.
დღეს ეზოჲ იგი კარვისაჲ მის, რომელსა ჰრქჳან წმიდაჲ წმიდათაჲ, ზეცისასა მას კარავსა ბრწყინვალესა
მიიცვალების. 57. დღეს მაყუალი იგი შეუწუველი ზეცისა სძალ იქმნების.
58. დღეს გამოუცდელი იგი ქორწინებითა ცათა შინა დაემკჳდრა და მის თანა იხარებს პირველი იგი დედაჲ
ჩუენი. 59. დღეს უჴრწნელი იგი დედუფალი მარიამ ზეცისა ქერობინ იქმნების და პირველი
იგი მამაჲ ჩუენი ადამ სიკუდილისაგან განთავისუფლდების. 60. დღეს წმიდაჲ ღმრთისმშობელი
უზეშთაჱს ყოველთა მთავრობათა იქმნების. 61. დღეს სიხარული იგი უხილავ იქმნების
კაცთაგან, არამედ იხილვების ანგელოზთაგან. 62. ნუუკუე ვინმე ძნიად მსმენელთაგანმან
იკადროს და თქუას: ძმანო ჩემნო საყუარელნო, თუ ვითარ შესაძლებელ არს ესოდენსა დიდებასა წმიდაჲ
ქალწული? 63. დაიყავნ პირი, რომელი იტყოდის სიცრუვესა, აწ აღმოიკითხნეთ მცნებანი
ღმრთისანი, გუეტყჳს და გუასწავებს: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“, თჳთ უფალი ამას
გუასწავებს. 64. არა-მე-მცა თჳთ უფალმან უფროჲს ყოველთასა პატივ-სცა თჳსსა მას
მშობელსა? 65. და ესე რავდენი ვთქუთ ქებაჲ წმიდისა მის ქალწულისაჲ, მრავლისაგანი
მცირედი გჳთქუამს, ხოლო წმიდაჲ ქალწული მარიამ უმეტჱსსა მიიწია დიდებასა, რომლისა ვერ შემძლებელ არს ენაჲ
ჩემი თქუმად, ვითარცა პირველ ვთქუ. 66. არამედ, საყუარელნო, მოვედით და ვიხარებდეთ
და ვიშუებდეთ ჴსენებასა წმიდისა ქალწულისასა, რამეთუ ანგელოზნი ცათა შინა იხარებენ და ჩუენ, ძენი კაცთანი,
საცთურისაგან ვდღესასწაულობდეთ ქუეყანასა ზედა 67. და შევსწირვიდეთ დიდებასა და ქებასა
მამისა და ძისა წმიდისა სულისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი და ძლიერებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|