დიაკვანი ჯონ უაიტფორდი მართლმადიდებლობაზე მოქცევამდე იყო მრავალრიცხოვანი პროტესტანტული დენომინაციებიდან ერთ-ერთის მსახური. მოძრაობაში „სიცოცხლის შენარჩუნებისათვის“ (აბორტების წინააღმდეგ მებრძოლი საეკლესიო-საზოგადოებრივი მოძრაობა აშშ-ში) მონაწილეობისას იგი შეხვდა მამა ანტონს (ნელსონი), წმ. ბენედიქტეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს და მისი მრევლის წევრებს. ერთი წლის შემდეგ, რომელიც მან გაატარა წმინდა წერილის კვლევასა და ადრექრისტიანული პერიოდის მამათა ნაშრომების შესწავლაში, იგი შეუერთდა მართლმადიდებელ ეკლესიას.
მართლმადიდებლობაზე მოქცევის შემდეგ ხშირად ვამჩნევ, რომ დაბადებით და აღზრდით მართლმადიდებლებს შორის გაკვირვებას იწვევს თვით ფაქტი პროტესტანტის მოქცევისა არა იმიტომ, რომ მათ ეჭვი ეპარებათ მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებაში, უბრალოდ მათ დაუჯერებლად მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია შეირყეს ყველასათვის ცნობილი პროტესტანტული სიჯიუტე და თვითდაჯერებულობა.
ბოლოს მივხვდი, რომ მართლმადიდებელთა უმრავლესობას საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს პროსტესტანტიზმისა და მისი წარმომავლობის შესახებ. როდესაც მართლმადიდებლები და პროტესტანტები კამათობენ, ისინი, როგორც წესი, ვერ უგებენ ერთმანეთს, რადგან სხვადასხვა საღვთისმეტყველო ენაზე საუბრობენ მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ხმარობენ ერთსა და იმავე სიტყვებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ არა აქვთ საერთო საღვთისმეტყველო ბაზისი, რომელიც საშუალებას მისცემდა, ემსჯელა იმაზე, რაც მათ განასხვავებს. რა თქმა უნდა, თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ დღეს არსებობს ორი ათასზე მეტი პროტესტანტული დენომინაცია (რომელთაც საერთო აქვთ მხოლოდ ის, რომ თითოეული მათგანი პრეტენზიას აცხადებს ბიბლიის სწორად გაგებაზე მხოლოდ მის მიერ), შეგვიძლია მხოლოდ თანავუგრძნოთ ყოველივე ამაში გარკვევის მსურველთ; პროტესტანტებს, მიუხედავად მათ გზაზე დახვედრილი წინააღმდეგობებისა, მაინც აქვთ ჭეშმარიტების პოვნის იმედი. მათ უკვე აღარ აკმაყოფილებთ თანამედროვე პროტესტანტული ამერიკის რელიგიური ცხოვრების წინააღმდეგობრიობა და მერყეობა. ღვთისმეტყველური ცოდნისკენ, ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისცემისაკენ და ნამდვილი ძველ-ქრისტიანული სარწმუნოებისაკენ თავიანთი მისწრაფებით ისინი, ფაქტიურად, ჩვენი ეკლესიის კარზე აკაკუნებენ (რა თქმა უნდა, ამგვარი განცხადება გაკვირვებას იწვევს მათში, ვინც ამ პრობლემის მიმართ გულგრილია). მაგრამ ვიდრე კარს გავუღებდეთ მათ, სათანადო მომზადებაა საჭირო. ამ ადამიანებს შორის არიან ისინი, ვინც აღასრულებენ ეგრეთ წოდებულ პროტესტანტულ მსახურებას ან, უბრალოდ, რელიგიურ საკითხებში გათვითცნობიერებული, ნაკითხი რიგითი მორწმუნეები, რომელთაც მართლაც აქვთ შეკითხვები მართლმადიდებლებთან. ესენი არიან ჭეშმარიტების გულწრფელად მაძიებლები, მაგრამ მათ მოუწევთ ბევრი რამის თავიდან შესწავლა, დასჭირდებათ დახმარება თეორიულად საკმაოდ მომზადებული მართლმადიდებლებისაგან, რომელთაც კარგად ექნებათ გათვითცნობიერებული როგორც პროტესტანტიზმის არსი, ასევე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, - ის, თუ რა სწამთ თვითონ. ღვთის განგებით პროტესტანტული აღმსარებლობის ამერიკელთა შორის მართლმადიდებლობისადმი ინტერესის გაღვიძება დაემთხვა აღმოსავლეთის ქვეყნებში ყველა არსებული რელიგიური სექტისა და დაჯგუფების მიერ უპრეცენდენტო ზეწოლას ტრადიციული მართლმადიდებლური ქვეყნების მოსახლეობაზე. ეს შესაძლებელი გახდა რკინის ფარდის დაცემის შემდეგ. მართლმადიდებლები ვდგავართ ორი გადაუდებელი პრობლემის წინაშე: ერთი მხრივ, ჩვენი მისიონერული მოვალეობაა აქ, დასავლეთში, დავანახოთ ჭეშმარიტება პროტესტანტებს; მეორე მხრივ, სერიოზულად უნდა ვებრძოლოთ მართლმადიდებელთა შორის ერესის გავრცელებას როგორც აქ, ასევე ტრადიციულ მართლმადიდებლურ ქვეყნებში. ყოველ შემთხვევაში, საჭიროა, სასწრაფოდ შევიარაღდეთ აუცილებელი ცოდნით და გავაცნობიეროთ ჩვენს წინ მდგარი ამოცანა.
ალბათ, პროტესტანტიზმში ყველაზე თავგზისამბნევი მისი დანაწევრებაა ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ სექტებად და მიმდინარეობებად. მათი რაოდენობა, როგორც მითიური ურჩხულის თავებისა, განუწყვეტლივ იზრდება. რა თქმა უნდა, საჭიროა ყველა სექტის არსში გარკვევა და ყოველივეს ანალიზი, მაგრამ გამარჯვების გასაღები სხვაგან უნდა ვეძებოთ. იმისთვის, რომ გავერკვეთ თითოეული განშტოების რწმენაში, საჭიროა საერთოდ პროტესტანტიზმის ისტორიის ცონდა, ყველა პროტესტანტული ღვთისმეტყველების ძირითადი მიმართულების გულმოდგინე გამოკვლევა, ასევე თანამედროვე მრავალტომიანი პროტესტანტული ლიტერატურის გაცნობა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, გავერკვეთ უახლესი პროტესტანტული აზრის და პრაქტიკის არსში. მაგრამ ყველა არსებული მასალის დაუფლებითაც კი ვერ შევძლებთ გავერკვეთ ყველა ახალი, თითქმის ყოველდღე წარმოქმენილი დენომინაციის თავისებურებებში. მთავარია, ვიცოდეთ, რომ განსხვავებათა მიუხედავად, მათ აქვთ რაღაც საერთო, რაც საშუალებას მოგვცემს, ეს ამორფული კონგლომერატი ათასობით სხვადასხვა დაჯგუფებიდან დავიყვანოთ ერთ საერთო კატეგორიაზე - „პროტესტანტზე“.
ყველა პროტესტანტულ გაერთიანებას სწამს (მცირეოდენი განსხვავებით), რომ სწორედ ბიბლიის მათეული გაგებაა ჭეშმარიტი. მიუხედავად მათ შორის არსებული უთანხმოებისა იმის შესახებ, თუ რას გვეუბნება წმინდა წერილი, ყველა, როგორც წესი, თანახმაა, რომ: ბიბლიის განმარტება უნდა განხოციელდეს საკუთარი ძალით, ეკლესიური გარდამოცემის გარეშე. თუ გააცნობიერებთ მათი რწმენის ამ პუნქტს, რაშია მისი შეცდომა და როგორი უნდა იყოს წმინდა წერილისადმი სწორი მიდგომა, შეგიძლიათ დაიწყოთ დისკუსია ნებისმიერი მიმდინარეობის პროტესტანტთან. თუ ჩაწვდებით ამ არსებით მომენტს, თქვენთვის ნათელი გახდება, რომ ისეთი დენომინაციებიც კი, როგორიცაა ბაპტისტები და იეღოვას მოწმეები, არც ისე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მართლაც, თუ ოდესმე შესწრებიხართ, როგორ კამათობენ ბიბლიის შესახებ ბაპტისტი და იეღოვას მოწმე, შეამჩნევდით, რომ ისინი მხოლოდ წმინდა წერილიდან ციტატებს „უცვლიან“ ერთმანეთს და თუ ისინი ერთნაირი ინტელექტუალური დონისანი არიან, ვერცერთი მათგანი ვერ გაიმარჯვებს კამათში, რადგანაც მათ საქმისადმი ერთნაირი მიდგომა აქვთ და ეჭვიც არ ეპარებათ მათთვის საერთო - ბიბლიისადმი მიდგომის წინამძღვრის სისწორეში. არცერთს არ შეუძლია დაინახოს, რომ შეცდომა სწორედ ბიბლიისადმი არასწორ მიდგომაშია. ზუსტად აქ არის გული ერესების მრავალთავიანი ურჩხულისა, რომლის თავებიც ყოველწუთს მრავლდებიან. განგმირეთ ეს გული და მისი მრავალრიცხოვანი თავები უსულოდ დაეცემიან მიწაზე.
თუ გვინდა, რომ გავერკვეთ იმაში, თუ რას ფიქრობენ პროტესტანტები ამის შესახებ, ჯერ უნდა ვიცოდეთ, რატომ სწამთ ის, რაც სწამთ. მართლაც, თუ შევეცდებით ჩვენი თავი დავაყენოთ რეფორმატორების ადგილზე, ისეთების, როგორიც იყო, მაგალითად, მარტინ ლუთერი, გავიგებთ მიზეზებს, რომლებმაც აიძულეს ისინი წამოეყენებინათ თეზისი, რომ მხოლოდ წმინდა წერილია შეუცდომელი წყარო ქრისტიანული მოძღვრებისა. თუ გავითვალისწინებთ რომის ეკლესიის მორალურ გახრწნას, იმ მანკიერ იდეებს, რომლებსაც იგი აყენებდა და გარდამოცემის იმ დამახინჯებულ გაგებას, რომელსაც ის იცავდა, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ დასავლეთს რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში არ ჰქონია რაიმე მნიშვნელოვანი შეხება მართლმადიდებლურ მემკვიდრეობასთან, რომელთანაც საერთო ფესვები აკავშირებდა, ძნელი წარმოსადგენია, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ისეთ ადამიანს, როგორიც იყო ლუთერი, უკეთესი რეზულტატის მისაღებად ჰქონოდა სხვანაირი რეაქცია. როგორ შეეძლო მარტინ ლუთერს მოქცეოდა გარდამოცემას და მის ბოროტად გამოყენებას, როდესაც ეს დამახინჯებული გარდამოცემა (როგორც ყველას მიაჩნდა ლათინურ დასავლეთში) განასახიერებდა პაპიზმს, რომელიც მის ბოროტად გამოყენებაში მთავარი დამნაშავე იყო. ლუთერისათვის გარდამოცემა იყო გზასამცდენი მოწინააღმდეგე. თუ მას უნდოდა ეკლესიის გადახალისება, უპირველესად საჭირო იყო მისი (ეკლესიის) მყარ საფუძველზე დაყენება და ასეთ მყარ საფუძვლად მას მიაჩნდა წმინდა წერილი. სინამდვილეში ლუთერი არ აპირებდა, მთლიანად უარი ეთქვა გარდამოცემაზე. ის არასოდეს სარგებლობდა მხოლოდ წმინდა წერილით, უბრალოდ, ცდილობდა მოეცილებინა რომაული გარდამოცემის წახდენილი ნაწილი. სამწუხაროდ, მისი რიტორიკა პრაქტიკაზე ძლიერი აღმოჩნდა და უფრო რადიკალურმა რეფორმატორებმა იდეა - „მხოლოდ წმინდა წერილი“ სრულ აბსურდამდე მიიყვანეს.