მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიაკვანი ჯონ უაიტფორდი

 

მხოლოდ წმინდა წერილი?

 

I. სწავლების „მხოლოდ წმინდა წერილი“ უსუსურობა

1. ეს სწავლება ეყრდნობა მთელ რიგ მცდარ წინამძღვრებს

 

წინამძღვარი არის რისამე წინაპირობა, რომელსაც ვიღებთ (ჩვეულებრივ გაუცნობიერებლად), როგორც თავისთავად ნაგულისხმევს. თუ წინამძღვარი სწორია, მაშინ ყველაფერი წესრიგშია; მცდარ წინამძღვარს კი აუცილებლად არასწორ დასკვნებამდე მივყავართ. თუ ადამიანი მცდარ წინამძღვარზე დაყრდნობით მიდის აშკარად უმართებულო რეზულტატამდე, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ იგი დასვამს კითხვას: რაში მდგომარეობს მისი საწყისი შეცდომა? პროტესტანტული სამყაროს ახლანდლი მდგომარეობის პატიოსნად შეფასების მსურველმა პროტესტანტებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს: თუ პროტესტანტიზმი და მისი ფუძემდებელი სწავლება წმინდა წერილის, როგორც ერთადერთი სარწმუნო წყაროს, შესახებ მოდის ღვთისაგან, მაშინ ყოველივე ამან რატომ მიგვიყვანა ორი ათასზე მეტ სხვადასხვა მიმდინარეობამდე, რომელთაც არ შეუძლიათ, შეთანხმდნენ ერთმანეთში იმ საკითხზე, თუ როგორია წმინდა წერილიდან გამომდინარე ძირითადი იდეები და რას ნიშნავს - „იყო ქრისტიანი“? თუ საკმარისია მხოლოდ ბიბლია და არ არის საჭირო წმინდა გარდამოცემა, მაშინ რატომ აცხადებენ ბაპტისტი, იეღოვას მოწმე, ქარიზმატიკი და სხვა მიმდინარეობის წარმომადგენლები, რომ მათ სწამთ მხოლოდ ბიბლია და ვერ თანხმდებიან იმაში, თუ რას გვასწავლის იგი? ნათელია, რომ სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდნენ პროტესტანტები, ამტკიცებს მათ საწინააღმდეგოს. სამწუხაროდ, პროტესტანტთა უმრავლესობა ვერ ხედავს პრობლემის სათავეს და სულ სხვაგან ეძებს ასეთი სავალალო მდგომარეობის შექმნის მიზეზებს. წმინდა წერილის განსაკუთრებული მნიშვნელობის იდეა პროტესტანტებისათვის იმდენად მყარია, რომ მათი აზრით მასში ეჭვის შეტანა ღვთის უარყოფის ტოლფასია. მაგრამ, როგორც მაცხოვარი გვასწავლის: „ყოველმან ხემან ნაყოფი კეთილი გამოიღის, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღის“ (მათე 7,17). თუ ვიმსჯელებთ ნაყოფის მიხედვით იმ პრინციპის შესახებ, რომელიც ამტკიცებს, რომ წმინდა წერილი არის ერთადერთი წყარო ქრისტიანული სწავლებისა, მაშინ მივალთ დასკვნამდე, რომ ეს ხე „...რომელმან არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოიკვეთოს და ცეცხლსა დაედვას“ (მათე 7,19).

 

 

ცრუ წინამძღვარი №1

სარწმუნოების, ღვთისმოსაობის და ღვთისმსახურების საკითხში ბიბლია ერთადერთი ავტორიტეტია

 

ა) გვასწავლის თუ არა თვითონ წმიდა წერილი, რომ ის არის სრულიად საკმარისი?

 

ყველაზე აშკარა სწავლებისა წმინდა წერილის, როგორც ქრისტიანული სწავლების ერთადერთი წყაროს, შესახებ იმაში მდგომარეობს, რომ ბიბლია თავის თავში მოიცავს ყველაფერს, რაც საჭიროა ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის, ღვთისმოსავი ცხოვრებისათვის და სწორი ღვთისმსახურებისათვის. ამის დასამტკიცებლად ხშირად მოჰყავთ ახალი აღთქმიდან შემდეგი ადგილი:

 

„და რამეთუ სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი, რომელნი შემძლებელ არიან განბრძნობად შენდა ცხორებისათვის სარწმუნოებითა ქრისტე იესოისითა. ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღვრებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა, რაითა აწვე იყოს ღმრთისა იგი კაცი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებულ“ (2 ტიმ. 3,15-17).

 

ისინი, ვისაც ჩვეულებრივ მოჰყავთ ეს ციტატა წმინდა წერილის, როგორც სარწმუონების წყაროს, ერთადერთობის დასაცავად ამტკიცებენ, თითქოს მის მიხედვით ჩანს, რომ წმინდა წერილი საკმარისია, რადგან „თუ წმინდა წერილს შეუძლია ღვთისმოსავი ადამიანი... განამტკიცოს, ამიტომ... სრული განმტკიცებისათვსი არ არის აუცილებელი გარდამოცემა“.

 

სინამდვილეში როგორ უნდა გავიგოთ ახალი აღთქმიდან მოყვანილი ტექსტი? ჯერ უნდა გავერკვეთ, რა წიგნები იცის ტიმოთემ „სიყრმითგან?“ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პავლე მოციქული არ გულისხმობს ახალი აღთქმის წიგნებს, რადგანაც ტიმოთეს „სიყრმის“ დროს ახალი აღთქმის წიგნები ჯერ კიდევ არ იყო დაწერილი ფაქტიურად ისინი მაშინაც კი არ იყო დასრულებული, როცა პავლე მოციქული ამ ეპისტოლეს წერდა - მაშინ ჯერ კიდევ სრულად არ არსებობდა ის ახალაღთქმისეული კანონი, რომელიც დღეს არსებობს. აშკარაა, რომ აქაც და ახალ აღთქმაში მოყვანილ ბევრ სხვა ადგილებშიც წმიდნა წერილის მოხსენიების დროს მოციქული პავლე ძველ აღთქმას გულისხმობს. ასე რომ, თუ ეს მონაკვეთი უნდათ გამოიყენონ ღვთივ შთაგონებული ავტორიტეტების დასადგენად, საჭიროა, გამოვრიცხოთ არა მარტო გარდამოცემა, არამედ თვით ეს მონაკვეთიც და მთლიანად ახალი აღთქმაც. პავლე მოციქულის ეს ციტატა გარდამოცემის, როგორც უსარგებლო რამის უარყოფას სულაც არ ნიშნავს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ იმავე თავში თვითონ იყენებს არაბიბლიურ ზეპირ გარდამოცემას. ძველ აღთქმაში სახელები იანე და იამბრე არ გვხვდება, თუმცა თავის ეპისტოლეში 2 ტიმ. 3,8 პავლე მოციქული ამბობს, რომ ისინი „უხდებოდეს მოსეს“. აქ იგი ეყრდნობა ზეპირ გადმოცემას, რომელიც ამბობს, რომ ორი ყველაზე გამოჩენილი, გამოსვლის წიგნში (თავები 7-8) მოხსენიებული ეგვიპტელი მოგვის სახელები იყო იანე და იამბრე (2). ამას გარდა ახალ აღთქმაში კიდევ ბევრგან არის გამოყენებული არაბიბლიური წყარო. ყველაზე ცნობილ მაგალითს მოციქულ იუდას ეპისტოლეში ვპოულობთ, სადაც იგი ენუქის წიგნის ციტირებას ახდენს (იუდა 1,14. შდრ. ენუქ. 1,9).

 

ეკლესიის მიერ ახალი და ძველი აღთქმის წიგნების კანონიკურობის, ოფიციალურად დამტკიცების მიზანი იყო ეკლესიის დაცვა ერეტიკოსების მიერ შედგენილი ყალბი წიგნებისაგან, რომლებიც თითქოს მოციქულთა მიერ იყო დაწერილი (მაგ. თომას სახარება). ერეტიკოსებს არ შეეძლოთ, თავიანთი სწავლება დაეფუძნებინათ წმინდა გარდამოცემაზე, რადგანაც ისინი ეკლესიის გარეთ იყო წარმოშობილი. ამიტომ ერთადერთი ხერხი თავისი ერესისათვის ბაზისის შესაქმნელად წმინდა წერილის აზრის დამახინჯება და მასში ახალი, თითქოსდა მოციქულთა ან ძველი აღთქმის წმინდანთა მიერ დაწერილი, წიგნების შეტანა იყო. ეკლესია იცავდა თავს ერეტიკული სწავლებებისაგან წმინდა გარდამოცემის მოციქულებრივი წარმოშობის მოწმობით (მოციქულებრივი მემკვიდრეობითობის მტკიცებით - ე.ი. ეპისკოპოსებსა და ეკლესიის მასწავლებლებს შეუძლიათ ისტორიულად დაამოწმონ, რომ ისინი არიან მოციქულთა პირდაპირი მემკვიდრეები) და იმაზე დაყრდნობით, რომ მართლმადიდებელობა არის მსოფლიო რელიგია (ეს ნიშნავს, რომ მართლმადიდებლობა ის სარწმუნოებაა, რომლის ერთგულნიც რჩებოდნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ყველგან და ყოველთვის ეკლესიის მთელი ისტორიის მანძილზე). ეკლესიის მიერ ღვთივ სულიერად მიღებული ძველ აღთქმაში შემავალი ან მოციქულებრივი წარმოშობის წმინდა წიგნების ავტორიტეტული სიის დადგენით ეკლესია იფარგლავდა თავს ცრუ და ერეტიკული წიგნებისაგან.

 

წმინდა წიგნების კანონის დადგენით ეკლესია არ აპირებდა მტკიცებას, რომ ისინი მოიცავენ მთელ ქრისტიანულ სარწმუნოებას და ეკლესიური ღვთისმსახურებისა და წესისათვის ყოველივე აუცილებელს (3). უდავოა ის ფაქტიც, რომ წმინდა წერილის კანონის დადგენისას ეკლესია თავისი სარწმუნოებით და ღვთისმსახურებით ბევრად უფრო გვიანი პერიოდის ეკლესიის იდენტური იყო; ეს ისტორიული უტყუარი ფაქტია. რაც შეეხება ეკლესიის მართვის სტრუქტურას, ცნობილია, რომ საკითხი კანონის შესახებ წყდებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებაზე. მართლმადიდებელ ეკლესიაში მართვის იგივე მეთოდია დღესაც, როდესაც გადასაწყვეტია სწავლებასთან ან საეკლესიო დისციპლინასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი.

 

ბ) ახალი აღთქმის წიგნთა მიზანი

 

ბიბლიის კითხვის პროტესტანტულ მითითებებში ნათქვამია (მიმაჩნია რომ ეს სწორია): ბიბლიის შესწავლისას უნდა იქნას გათვალისწინებული ლიტერატურული ჟანრი, რომელსაც მიეკუთვნება ესა თუ ის ბიბლიური წიგნი, რადგანაც უნდა ხდებოდეს სხვადასხვა ჟანრის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია. აუცილებლად გასათვალისწინებელია იმ წიგნის ან ნაწყვეტის საგანი და მიზანი, რომელსაც კითხულობთ.

 

ახალ აღთქმაში გვხვდება ოთხი ლიტერატურული ჟანრი: სახარება, ისტორიული მოთხრობა (საქმეები), ეპისტოლე და აპოკალიფსური წიგნი (გამოცხადება). სახარებები დაწერილია იესო ქრისტეს ცხოვრების, სიკვდილისა და აღდგომის დასამოწმებლად. ბიბლიურ ისტორიულ მოთხრობაში აღწერილია ღვთის ერის ისტორია, გამორჩეულ პიროვნებათა ცხოვრება, ასევე ნაჩვენებია ღვთის განგების მოქმედება ისტორიაში. ეპისტოლეები ძირითადად დაწერილია, როგორც სხვადასხვა ეკლესიაში წარმოშობილ კონკრეტულ პრობლემებზე გამოხმაურებები. ასე რომ, მათში დაწვრილებით არ არის გაშუქებული საკითხები, რომლებიც ყველასათვის მისაღებად და გასაგებად ითვლებოდა. როგორც წესი, სარწმუნოებრივი განხილვა შეეხებოდა საკამათო და ნაკლებად გასაგებ საკითხებს. ღვთის მსახურების შესახებ საუბარი იყო მხოლოდ განსახილველ პრობლემებთან დაკავშირებით (მაგ. 1 კორ. თავები 11-14). აპოკალიფსური წიგნი (გამოცხადება) ახალ აღთქმაში შეტანილ იქნა ისტორიაში ღვთის საბოლოოს გამარჯვების საჩვენებლად.

 

აღსანიშნავია, რომ ახალი აღთქმის არც ერთ ლიტერატურულ ჟანრში არ განიხილება ღვთისმსახურება, როგორც მთავარი თემა და არ არის დაწვრილებით აღწერილი, თუ როგორ უნდა შესრულდეს იგი ეკლესიაში. ძველ აღთქმაში არის დაწვრილებითი აღწერა ღვთისმსახურებისა, რომელსაც ასრულებდნენ ებრაელები (ლევიტელთა და ფსალმუნთა წიგნები); ახალ აღთქმაში მოიპოვება მხოლოდ მწირი მინიშნებები პირველი ქრისტიანების ღვთისმსახურების ხასიათის შესახებ. რატომ? ალბათ იმიტომ არა, რომ მაშინ მსახურებებს არ ჰქონდათ მკაცრად დადგენილი წესი - ლიტურგიკის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ პირველი ქრისტიანები ისევე, როგორც მოციქულები, ღვთისმსახურებას ძირითადად იუდეური წესის მიხედვით ატარებდნენ (5). ახალ აღთქმაში ძველ ეკლესიაში ღვთისმსახურების შესახებ მოყვანილი მცირე მასალაც გვიჩვენებს, რომ ახალაღთქმისეული ქრისტიანები სულაც არ ჰგავდნენ „თავისუფალი“ ქარიზმატიკების არაორგანიზებულ ბრბოს, არამედ აღასრულებდნენ ლიტურგიკულ ღვთისმსახურებას, როგორც მათი წინაპრები: ისინი იცავდნენ გარკვეულ ლოცვით საათებს (საქმე 3,1); მსახურება სრულდებოდა, როგორც ტაძარში, ისე სინაგოგებში (საქმე 18,4). აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ახალ აღთქმაში შემავალი არც ერთი ლიტერატურული ჟანრი მიზნად არ ისახავს სარწმუნოებრივი მოძღვრების ამომწურავ გადმოცემას - აქ ვერ ნახავთ კატეხიზისურ შეგონებას, ვერც ღვთისმეტყველების კურსს. თუ გვჭირდება მხოლოდ ბიბლია, მაშინ რატომ არ არის მასში სარწმუნოებრივი მოძღვრება მთლიანი მოცულობით? წარმოიდგინეთ, ბიბლია რომ ამომწურავად პასუხობდეს ყოველ საღვთისმეტყველო საკითხს, რა ადვილად გადაწყდებოდა უამრავი ღვთისმეტყველური კამათები! თუმცა ბიბლიაში ამის მსგავსს ვერაფერს იპოვით. ზემოთქმული სწორად უნდა იქნეს გაგებული. ჩვენ სულაც არ ვამცირებთ ბიბლიის მნიშვნელობას... მართლმადიდებლურ ეკლესიაში სწამთ, რომ წმინდა წერილი არის მთლიანად ღვთივსულიერი, უცდომელი და ღვთის გამოცხადების ავტორიტეტული წყარო. მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ბიბლია თავის თავში არ შეიცავს სწავლებას ეკლესიისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე.

 

როგორც აღვნიშნეთ ახალ აღთქმაში დაწვრილებით არ არის აღწერილი ღვთისმსახურება, თუმცა იგი საკმაოდ მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, ეკლესია, რომელმაც შემოგვინახა და გადმოგვცა წმინდა წერილი ის ეკლესიაა, რომლისგანაც მივიღეთ ღვთისმსახურების გარკვეული ფორმები. თუ არ ვენდობით ეკლესიას, რომ მან სწორად მოიტანა ჩვენამდე მოციქულებრივი ღვთისმსახურება, მაშინ არც წმინდა წერილის საიმედოდ შენახვის საკითხში უნდა ვენდოთ მას (6).

 

გ) არის კი საკმარისი პროტესტანტებისათვის მხოლოდ ბიბლია?

 

პროტესტანტები ხშირად აცხადებენ, რომ მათ სწამთ მხოლოდ ბიბლია. თუმცა ბიბლიისადმი მათი დამოკიდებულების უფრო დეტალური განხილვისას თავს იჩენს მთელი რიგი საკითხები. მაგალითად, რატომ წერენ პროტესტანტები უამრავ წიგნებს, რომლებიც ეძღვნება მათ სარწმუნოებრივ სწავლებას და, საერთოდ, ქრისტიანულ ცხოვრებას, თუ მხოლოდ ბიბლიაა საჭირო? თუ მხოლოდ ბიბლიაა საკმარისი, მაშინ რატომ არ შემოიფარგლებიან მხოლოდ მისი გავრცელებით? რატომ არ მივყავართ მის კითხვას ერთმნიშვნელვან რეზულტატამდე, ე.ი. რატომ არ სწამს ყველა პროტესტანტს ერთი და იგივე? რა მიზანს ისახავს ბიბლიიის უამრავი პროტესტანტული გამოკვლევა, თუ რაც გვჭირდება მხოლოდ თვითონ ბიბლიაა? რატომ ავრცელებენ ისინი უამრავ ტრაქტატსა და სხვა მასალებს? და საერთოდ, რატომ ასწავლიან რამეს ან რატომ ქადაგებენ? რატომ არ არის საკმარისი, რომ ადამიანებმა უბრალოდ იკითხონ ბიბლია? პასუხი იმაში მდგომარეობას, რომ (თუმცა ისინი ამას არ აღიარებენ, მაგრამ ინსტიქტურად გრძნობენ) ცალკე აღებული მხოლოდ ბიბლია არ შეიძლება ბოლომდე გასაგები იყოს.

 

ამის გამო ფაქტიურად ყველა პროტესტანტულ სექტას აქვს თავისი გარდამოცემა; თუმცა უნდა ითქვას, რომ მას თავისი სახელი არ ჰქვია. შემთხვევითი არ არის, რომ იეღოვას მოწმეს სწამს ერთი და იგივე ისვე, როგორც ყველა „სამხრეთის ბაპტისტსაც“, ასე თუ ისე, სწამს ერთი და იგივე, მაგრამ პირველთა სარწმუნოება არსებითად განსხვავდება მეორეთა სარწმუონებისაგან. არც იეღოვას მოწმეები და არც ბაპტისტები არ მისულან თავის შეხედულებამდე თვითონ, ბიბლიის დამოუკიდებელი კითხვის შედეგად. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ მათ ასწავლეს, სწამდეთ ამა თუ იმ სექტის მიერ მიღებული გარდამოცემა. აქედან გამომდინარე, საქმე იმაში კი არ არის, გვწამს მხოლოდ ბიბლია, თუ ვიყენებთ მასთან ერთად გარდამოცემასაც, არამედ საკითხი დგას ასე: რომელი გარდამოცემით ვხელმძღვანელობთ ბიბლიის განმარტებისათვის. რომელს უნდა დავუჯეროთ - მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულებრვი გარდამოცემას თუ პროტესტანტულ, რეფორმაციის დროს წარმოშობილ, ეკლექტიკურ გარდამოცემას?

 

 

ცრუ წინამძღვარი №2

ძველ ეკლესიაში ეყრდნობოდნენ მხოლოდ წმიდა წერილს, გარდამოცემა კი წარმოიშვა ბევრად გვიან და ადამიანთა მცდარი შეხედულების გამოხატულებაა.

 

ბევრი პროტესტანტისთვის, განსაკუთრებით ქარიზმატიკებისა და ევანგელისტებისათვის, სიტყვები „გარდამოცემა“ ან „ტრადიცია“ დიდი პატივისცემით არ სარგებლობს, ისინი გაიგივებულია სიტყვებთან „სულიერად მკვდარი“, „ხორციელი“, „დესტრუქციული“. როდესაც ისინი ახალ აღთქმას კითხულობენ, ეჩვენებათ, რომ ბიბლია გმობს გარდამოცემას, როგორც წმინდა წერილის საწინააღმდეგოს. მათი აზრით ძველი ქრისტიანები ძალიან ჰგავდნენ XX საუკუნის ქარიზმატიკებს და ევანგელისტებს. ის, რომ I საუკუნის ქრისტიანები აღასრულებდნე ლიტურგიკულ ღვთისმსახურებას ან მისდევდნენ რომელიღაც გარდამოცემას, მათ წარმოუდგენლად ეჩვენებათ. ფიქრობენ, რომ ასეთი რამეები ეკლესიაში შემოვიდა უფრო გვიან, „როდესაც იგი წახდა“.

 

როდესაც პროტესტანტები იწყებენ ძველი ეკლესიის ისტორიის და ძველი ქრისტიანი მამების ნაწერების სერიოზულ შესწავლას და ხედავენ იმის საწინააღმდეგო სურათს, რაც თვითონ წარმოუდგენიათ, ეს მათთვის დარტყმის ტოლფასია (რაც თავის დროზე მეც განვიცადე). აღმოაჩენენ, რომ ძველ ქრისტიანებს ყოველ კვირას ტაძარში არ მიჰქონდათ თავიანთი ბიბლიები შესასწავლად. მართლაც, იმდენად ძნელი იყო წმინდა წერილის თუნდაც რაღაც ნაწილის შოვნა (მისი დამზადებისთვის ხომ საჭირო იყო დრო და გარკვეული მასალა), რომ ძალიან ცოტა ვინმეს თუ ჰქონდა საკუთარი ეგზემპლარი. უფრო ხშირად ცალკეული ეგზემპლარები ინახებოდა ამისთვის სპეციალურად დანიშნულ ეკლესიის წევრებთან იმ ადგილებში, სადაც ეკლესია იკრიბებოდა ღვთისმსახურებისათვის. უფრო მეტიც, უმეტეს ეკლესიებს არ ჰქონდათ ძველი აღთქმის წიგნების სრული კრებული და, მით უმეტეს, ახალი აღთქმისა (რომელიც დასრულებული არ იყო I საუკუნის ბოლომდე). ეს არ ნიშნავს, რომ ძველი ქრისტიანები არ სწავლობდნენ წმინდა წერილს. ისინი სწავლობდნენ მას ძალიან სერიოზულად, მაგრამ არა ინდივიდუალურად, არამედ ერთობლივად. I საუკუნის ქრისტიანთა უმეტესობა შემოიფარგლებოდა ძველი აღთქმის შესწავლით. მაგრამ როგორ ეცნობოდნენ ისინი სახარებას, იესო ქრისტეს ცხოვრებას და სწავლებას, ანდა, საერთოდ, საიდან იცოდნენ, ვინ იყო ქრისტე, როგორ იგებდნენ ღვთისმსახურების წესს და ა.შ.? ისინი ამას იგებდნენ მოციქულთაგან მიღებული ზეპირი გადმოცემით ანუ გარდამოცემით. რა თქმა უნდა, ძველ ეკლესიაში ზოგს ამის შესახებ მოსმენილი ჰქონდა თვით მოციქულთაგან, მაგრამ უმეტესობა ამას მოკლებული იყო, განსაკუთრებით I საუკუნის ბოლოს, როდესაც ყველა მოციქული უკვე გარდაცვლილი იყო. უფრო გვიანი თაობები მოციქულთა ნაშრომებს ეცნობოდნენ ახალი აღთქმის საშუალებით, მაგრამ რაც შეეხება ქრისტიანულ სარწმუნოებას, ამაში ძველი ეკლესია მთლიანად ეყრდნობოდა ზეპირ გარდამოცემას. ეს კარგად ჩანს თვითონ ახალ აღთქმაშიც. მაგალითად, მოციქული პავლე აფრთხილებს თესალონიკელებს: „ამიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაი ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყვითა, გინა წიგნითა ჩუენითა“ (2 თეს. 2,15).

 

აქ სიტყვა „მოძღურება“ ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან „παραδόσις“, ამ სიტყვას ხმარობენ მართლმადიდებელი ბერძნები, როდესაც საუბრობენ გარდამოცემაზე. იგი პირდაპირი თარგმანით ნიშნავს „ის, რაც გადმოცემულია“. წყარო „ერთგზის მოცემულისა... წმიდათა სარწმუნოებისა“ (იუდა, 3) არის თვით ქრისტე, პირადად მან თავისი სიტყვით და მოქმედებით გადასცა მოციქულებს „სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები“ (იოანე 21,25). მოციქულებმა კი ეს ცოდნა გადასცეს მთელ ეკლესიას, რომელიც ამ საგანძურის შენახვით გახდა „სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა“ (1 ტიმ. 3,15).

 

ამას ადასტურებს ახალი აღთქმაც. ძველ ქრისტიანებს ჰქონდათ როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი გარდამოცემა, რომელიც მოციქულთა საშუალებით მიიღეს ქრისტესაგან. წერილობითი გარდამოცემა თავიდან ცაკლეული ფრაგმენტების სახით ჰქონდათ: ერთ ადგილობრივ ეკლესიას ჰქონდა რომელიმე ეპისტოლე, მეორეს, შესაძლოა, სახარება. თანდათანობით ამ წერილების ერთ კრებულად შეერთებით შედგნილ იქნა ახალი აღთქმა. მაგრამ საიდან იცოდნენ ძველმა ქრისტიანებმა, რომელი წიგნი იყო ნამდვილი და რომელი - არა, რადგან (როგორც აღვნიშნეთ) არსებობდა ბევრი ცრუ ეპისტოლე და სახარება, რომელთა შესახებაც ერეტიკოსები აცხადებდნენ, თითქოს ისინი დაწერილი იყო მოციქულთა მიერ? ზუსტად სამოციქულო გარდამოცემა დაეხმარა ეკლესიას არჩევანის გაკეთებაში.

 

პროტესტანტები იმიტომ გამოდიან წმინდა გარდამოცემის წინააღმდეგ, რომ ერთადერთი ფორმა გარდამოცემისა, რომელსაც ისინი შეხვედრიან, არის რომაული კათოლიციზმის მიერ შერყვნილი გარდამოცემა. რომაული კათოლიციზმი უშვებს ახალი, ადრე უცნობი დოგმატების შემოტანას (მაგალითად, როგორიცაა პაპის უცოდველობა). იგი თავისი შეხედულებისამებრ ცვლის გარდამოცემასაც. ამის საწინააღმდეგოდ მართლმადიდებლები თვლიან, რომ გარდამოცემის შეცვლა ან მასზე რაიმეს დამატება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რა თქმა უნდა, როდესაც ეკლესია აწყდება ერესებს, იძულებულია უფრო გარკვევით გაავლოს საზღვარი ჭეშმარიტებასა და ცდომილებას შორის, მაგრამ ჭეშმარიტება არ იცვლება.

 

უნდა ითქვას, რომ გარდამოცემა გარკვეულწილად ფართოვდება. რადგანაც ეკლესია არსებობს ისტორიაში, ის არ ივიწყებს განვლილი ისტორიის მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას, ახსოვს თავისი წმინდანები და ინახავს მათ ნაწერებს, ვინც მისი სარწმუნოების ზუსტი გამომხატველი იყო; მაგრამ თვითონ სარწმუნოება არის „ერთ გზის მოცემული მისთვის წმიდათა“ (იუდა 3).

 

როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ მოციქულებრივი გარდამოცემა ეკლესიამ შეურყვნელად შემოინახა? მოკლედ რომ ვთქვათ, ღმერთმა შეინახა იგი ეკლესიაში, იმიტომ რომ მან აღგვითქვა „აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათე 16,18). ეკლესიის თავი თვით ქრისტეა (ეფეს. 4,15), ხოლო ეკლესია არის მისი სხეული (ეფეს. 1,22-23) და მან აღგვითქვა, რომ „მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მათე 28,20). ქრისტეს არ უთქვამს, რომ მისი ეკლესია ყოველთვის აყვავებული ანდა ყველაზე მრავალრიცხოვანი იქნება. პირიქით, იგი სრულიად საწინააღმდეგოს გვასწავლის (მათე 7,13-14; 10,22; იოანე 15,20). ქრისტეს არც ის უთქვამს, რომ ეკლესიაში ცოდვილები არ იქნებიან (მათე 13,24-30), ან რომ ეკლესას არ მოუწევს ბრძოლა ცრუ მწყემსებთან ან ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებთან (იოანე 10,1-13; 7,15). მაგრამ მან ნამდვილად აღგვითქვა, ურყევი და საბოლოოდ მოზეიმე ეკლესია, რომელშიც ღვითონ აუცილებლად იქნება და რომელიც დაიმოძღვრება სულიწმიდის მიერ „ჭეშმარიტებასა ყოველსა“ (იოანე 16,13).

 

თუკი ეკლესიამ დაკარგა და დაამახინჯა მოციქულებრივი გარდამოცემა მაშინ ჭეშმარიტება აღარ უნდა იყოს ჭეშმარიტება, რადგანაც ეკლესია არის „სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა“ (1 ტიმ. 3,15).

 

ეკლესიის ისტორიის საერთო პროტესტანტული კონცეფცია ამბობს, რომ დაწყებული კონსტანტინეს დროიდან ეკლესია განუდგა რჯულს და ეს გრძელდებოდა რეფორმაციამდე. ეს სრულიად უაზროს ხდის ყველა ბიბლიურ ჭეშმარიტებას. თუ ეკლესიამ შეწყვიტა არსებობა ერთი დღითაც კი, მაშინ „ბჭენი ჯოჯოხეთისანი“ იმ დღესვე მოერევიან მას. ეს რომ ასე იყოს, როდესაც იესო ქრისტე აღწერს ეკლესიის ზრდას მდოგვის მარცვლის იგავში (მათე 13,31-32), აუცილებლად იტყოდა, რომ პირველი ხე მოჭრილ იქნა და მის ადგილზე დაითესა ახალი თესლი. მაგრამ ამის მაგივრად მან აღწერა, თუ როგორ გაიზარდა პატარა მდოგვის მარცვლისაგან ხე „უფროჲს ყოველთა მხალთა“. რაც შეეხება მტკიცებას იმის შესახებ, რომ არსებობდა მორწმუნე პროტესტანტების რაღაც საზოგადოება, რომელიც ათასი წლის მანძილზე იმალებოდა სადღაც გამოქვაბულში, ეს მცდარი აზრია და ამის შესახებ არავითარი ცნობები არ არსებობს. ვალდენსები, რომლებსაც იმოწმებს ყველა სექტა დაწყებული ორმოცდაათიანელებიდან დამთავრებული იეღოვას მოწმეებით, არ არსებობდნენ XII საუკუნემდე. ყოველ შემთხვევაში, ძნელი დასაჯერებელია, რომ რომაელთაგან დევნილმა, ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა დამალვა დაიწყეს მაშინვე, როგორც კი ქრისტიანობა გახდა კანონიერი რელიგია. კიდევ უფრო ძნელი დასაჯერებელია ის, რომ ასეთი საზოგადოება არსებობდა ათასი წლის განმავლობაში და თავისი არსებობის დამამტკიცებელი არავითარი კვალი, სულ მცირეოდენი ისტორიული საბუთიც კი, არ დაუტოვებია.

 

შეიძლება შეგვედავონ იმაშიც, რომ ეკლესიის ისტორიაში ცნობილია მაგალითები, როდესაც ერთნი ასწავლიდნენ ერთს, ხოლო მეორენი - საწინააღმდეგოს, მაშინ როგორ განვსაზღვროთ, რაში მდგომარეობს მოციქულებრივი გარდამოცემა? და კიდევ თუ ეკლესია წავიდა არასწორი გზით, მაშინ როგორ უნდა განვასხვავოთ ეს გზა სწორისგან, მოციქულებრივისგან? პროტესტანტები ამ კითხვებს სვამენ იმიტომ, რომ რომის კათოლიკურ ეკლესიაში მართლაც წარმოიშვა ცრუ გარდამოცემები, მაგრამ ეს მოხდა იმიტომ, რომ ლათინურმა დასავლეთმა შეითვისა გარდამოცემის ბუნების დამახინჯებული გაგება. მართლმადიდებლური შეხედულება, რომელიც ადრე მიღებული იყო დასავლეთშიც და შემონახულია მართლმადიდებელ ეკლესიაში თვლის, რომ გარდამოცემა თავისი არსით რჩება უცვლელი და იცნობა თავისი საყოველთაობით. სამოციქულო გარდამოცემის ნამდვილობას მოწმობს საეკლესიო სწავლებასთან მისი ისტორიული თანხმობა. თვალი მიადევნეთ, რა სწამდა ეკლესიას ყოველთვის და ყველგან, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე და იპოვით ჭეშმარიტებას. თუ დავამტკიცებთ, რომ რომელიღაც რწმენა არ მიიღებოდა ისტორიის რომელიღაც მონაკვეთში ეკლესიის მიერ, მაშინ იცოდეთ, რომ - ეს ერესია. თუმცა, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ აქ საუბარია სახელდობრ, ეკლესიაზე და არა განხეთქილებაში მყოფ დაჯგუფებებზე. ეკლესიიდან განდგომილი ერეტიკოსები და განხეთქილებაში მყოფნი არსებობდნენ უკვე ახალი აღთქმის დაწერის დროსაც. იქიდან მოყოლებული მათ ემატებოდნენ და დღესაც ემატებიან. მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ „რამეთუ წვალებაცა“ ყოფად არიან თქუენ შორის რაითა რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდნენ“ (1 კორ. 11,9).

 

 

ცრუ წინამძღვარი №3

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თვითონ განმარტოს წმინდა წერილი ეკლესიის დახმარების გარეშე.

 

ალბათ ბევრი პროტესტანტი არ იქნება თანახმა ასეთი ფორმულირებისა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სწორედ ამ წინამძღვარმა ითამაშა მთავარი როლი, როდესაც რეფორმატორებმა წამოაყენეს თეზისი წმინდა წერილის, როგორც ქრისტიანული მოძღვრების ერთადერთი წყაროს, შესახებ. ამ დროს მათი არგუმენტაცია ასეთი იყო: წმინდა წერილი თვითონ საკმაოდ ნათელი და გასაგებია და ის შეიძლება გაიგოს ნებისმიერმა. ამით უარყოფილი იყო ეკლესიის საჭიროება ბიბლიის განმარტებისათვის. ამის შესახებ მკაფიოდ არის ნათქვამი კონსტანტინოპოლის პატრიარქის იერემია II-ისადმი ლუთერანი მეცნიერების მიერ მიწერილ წერილებში მარტინ ლუთერის სიკვდილიდან ოცდაათი წლის შემდეგ:

 

„შეიძლება ვინმემ თქვას, რომ, თუმცა, ერთი მხრივ, წმინდა წერილი აბსოლუტურად შეუცდომელია, მაგრამ მეორე მხრივ, მასში არის ბევრი ადგილი, რომელთა გაგებაც წმინდა მამათა განმარტების გარეშე შეუძლებელია... ამასთან ერთად, ისიც სიმართლეა, რომ წმინდა წერილის ერთ ადგილზე ქარაგმით ნათქვამი, ნათლად და სავსებით გასაგებად არის გადმოცემული სხვაგან, ისე, რომ მისი გაგება შეუძლიათ სრულიად უბრალო ადამიანებსაც კი“ (8).

 

თუმცა ამ ლუთერანმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ სარგებლობენ წმინდა მამათა ნაწერებით, ისინი უარყოფდნენ მათი გამოყენების აუცილებლობას. იმ შემთხვევაში კი როდესაც, მათი აზრით, წმინდა წერილსა და წმინდა მამებს შორის არ იყოი თანხმობა, თვლიდნენ, რომ წმინდა მამების აზრი უნდა ყოფილიყო უგულებელყოფილი. სინამდვილეში კი ეს მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ თუ წმინდა მამათა განმარტებები წმინდა წერილის შესახებ არ ემთხვეოდა მათ პირად აზრებს, მათი პირადი შეხედულებები უნდა ჩათვლილიყო უფრო ავტორიტეტულად, ვიდრე ეკლესიის წმინდა მამათა განმარტებები. ეს კი ნიშნავს, რომ უბიწოებითა და სიწმინდით გამორჩეულ მამებთან შედარებით უპირატესობა ეძლევა უბრალო მოკვდავთა მსჯელობას. სწორედ ამ (ადამიანურმა) მიზეზმა მიიყვანა ლუთერანი მეცნიერების უმრავლესობა თითქმის მთელი ბიბლიური სწავლების უარყოფამდე (ქრისტეს ღმერთობის, მისი აღდგომის და ა.შ. ჩათვლით). ისინი მივიდნენ თვით ბიბლიის ღვთივსულიერების უარყოფამდე, რაც პირველი ლუთერანებისთვის, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რწმენის საფუძველი იყო.

 

თავის პასუხში პატრიარქმა იერემია II-მ გამოააშკარავა ამ სწავლებათა ხასიათი: „ასე რომ, მივიღოთ ეკლესიის გარდამოცემა წრფელი გულით და არა მრავალი ზედმეტი თავსატეხით, რადგანაც „ღმერთმა წრფელი შექმნა კაცი, ისინი კი ზედმეტ თავსატეხს მრავლად იჩენენ“ (ეკლ. 7,29). ნუ დაივიწყებთ ახალი სარწმუნოების სწავლას და ნუ უარყოფთ წმინდა მამათა სწავლებას, რადგან ღვთის მოციქული გვეუბრნება: „უკეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისა გარეშე, რომელი იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ!“ (გალატ. 1,9) (9).

 

გაგრძელება