ჩვენი განსჯის მიზანია, ცხადი გახდეს თუ რამდენად არის დაკავშირებული ევქარისტიასთან ქრისტიანის ცხოვრება. შესაძლებელია თუ არა სულიერი ცხოვრება ექარისტიის გარეშე, ან დრო და დრო ზიარებით? ამისათვის უნდა გავაცნობიეროთ, რა მნიშვნელობა ენიჭებოდა ეექარისტიას ადრექრისტიანულ ეკლესიაში. რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ღვთისმსახურება, და ბოლოს გავარკვიოთ, რამდენად ესმის თითოეულ ჩვენგანს საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობის მნიშვნელობა.
პირველი ევქარისტია მაცხოვრის ჯვარცმამდე, საიდუმლო სერობის ჟამს აღესრულა: „აიღო იესომ პური და აკურთხა, გატეხა და მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ და ჭამეთ, ეს არის ხორცი ჩემი; და აიღო სასმისი და მადლობდა მისცა მათ და თქვა: სვით ამისგან ყველამ, ეს არის სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (მათე 26,26). მაცხოვარმა მოციქულებს მისცა მცნება: „ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა“. ყოველი ლიტურგია საიდუმლო სერობის მოგონებაა. ვუერთდებით რა მარადისობას მისტიკურად, ჩვენც ამ მოვლენის რეალური მონაწილენი ვხდებით.
ევქარისტიის აღწერას ვხვდებით მოციქულთა საქმეებში. ლვთისმსახურებას, რომლის დროსაც ზიარების საიდუმლო აღესრულებოდა „პურის განტეხას“ ან „ევქარისტიას" უწოდებდნენ. დღესაც ლიტურგიის აღსანიშნავად სიტყვა „ევქარისტია“ არცთუ იშვიათად გამოიყენება, რამეთუ ლიტურგიის გული სწორედ ევქარისტიული კანონია.
მოციქულები მოწაფეებთან ერთად „პურის განტეხისთვის მორწმუნეთა სახლებში იკრიბებოდნენ. პირველი ქრისტიანები ტრადიციული იუდეველები იყვნენ. ისინი, წესისამებრ, ღვთისმსახურებას იერუსალიმის ტაძარში ესწრებოდნენ, ვიდრე იმპერატორი ტიტე მას არ დაანგრევდა (ახ.წ. 70 წ). ქრისტიანებს ჯერ კიდევ ძველი ღვთისმსახურება აკავშირებდა.
მიუხედავად იმისა რომ იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურება გრძელდებოდა, სამოციქულო ეკლესია მას თანდათან გამოეყო და ქრისტიანები თემებად ჩამოყალიბდნენ, რომელთაც მოციქულები წარმართავდნენ. მაინც რას წარმოადგენდა მაშინდელი თემები? იმ დროისთვის სახარება ჯერ კიდევ არ იყო დაწერილი, სწორედ მისი ზეპირსიტყვიერი ფორმა დაედო საფუძვლად საღმრთო გარდამოცემას. მოციქულები მოუთხრობდნენ ქრისტეზე: „ვინც დასაბამიდან იყო, ვის შესახებაც გვესმა და ვიხილეთ ჩვენი თვალით, ვინც ვიხილეთ და ვემსახურებოდით“ (1 იოანე 1,1). ისინი ახალმოქცეულთ მაცხოვართან ცოცხალი ურთიერთობის გამოცდილებას უზიარებდნენ, აუწყებდნენ ქრისტეზე, მის შობაზე, ნათლისღებაზე, ქადაგებებზე, ქრისტეს მიერ აღსრულებულ სასწაულებზე და იმ სულიერ მემკვიდრეობაზე, რაც მაცხოვარმა დაგვიტოვა.
ჩვენ ვიცით, რომ პეტრე მოციქულის ქადაგების შემდეგ სამი ათასი იუდეველი მოინათლა, შემდეგ – ხუთი ათასი. რიცხვი ფრიად მთამბეჭდავია, მით უფრო, იმ დროისთვის. ქრისტეზე ქადაგება იმ სახარებას წარმოადგენდა, რომელიც მოგვიანებით ოთხი მახარებლის მიერ დაიწერა და ეკლესიამ წმინდა წერილად დააკანონა. თავისი მონათხრობი რომ დაესაბუთებინათ, მოციქულები ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს იმოწმებდნენ, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტად ძე ღვთისა იყო, და რომ მის ყოველ ქმედებას ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებანი ადასტურებდნენ ამის შემდეგ იკითხებოდა მოციქულთა ეპისტოლეები, რომელნიც უკვე დაფუძნებულ თემებს ეგზავნებოდა. აქ საუბარია ქრისტიანობის პირველ ათწლეულებზე. მოციქულებმა სახარების ქადაგებით მთელი ქვეყანა შემოიარეს, ბევრ დიდ ქალაქში ქრისტიანული თემები დააარსეს, რომლებიც შემდეგ ავტოკეფალიურ ეკლესიებად ჩამოყალიბდნენ. ეკლესიები მოციქულთა ეპისტოლეებს თემიდან თემს გადასცემდნენ, როგორც ჭეშმარიტების მტკიცებულებებს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთელი თემი ღვთის სიტყვას ეზიარებოდა, სხვა სიტყვა უნდა გაცხადებულიყო – სიტყვა განხორციელებული. ლიტურგიის პირველ ნაწილს დღესაც კათაკმეველთა ლიტურგიას ანუ სიტყვის ლიტურგიას ვუწოდებთ. სიტყვა მხოლოდ აზრის გამოხატვის საშუალება არ გახლავთ, წმინდა წერილში „სიტყვად“ თავად ღმერთია სახელდებული.
მოციქული იღებდა პურსა და ღვინოს და საიდუმლო სერობის მოსაგონებლად „ევგქარისტიას“ ანუ „მადლიერებას" აღასრულებდა – სამადლობელ ლოცვებს აღავლენდა ყველა იმ წყალობისათვის, რაც უფალმა ქვეყნიერებისთვის გაიღო. უპირველესად იმ ქველი საქმეებისთვის, მოციქულთა თვალწინ რომ აღესრულებოდა: იმისთვის, რომ განხორციელდა და ამქვეყნად მიმოიქცეოდა, მთელი სამყაროს ცოდვები იტვირთა, ჯვარს ეცვა და თავისი ვნებით კაცობრიობა გამოისყიდა, რომ აღდგა, ამაღლდა ზეცად და თავის მოწაფეებს სულიწმიდა მოუვლინა.
მოციქულთა მადლიერება ყოველთვის მარადიულობას უკავშირდებოდა. ევქარისტიული ლოცვა არის მადლიერება სამყაროს შექმნისა და მისი გადარჩენის წინასწარი განჭვრეტისათვის, მადლიერება მეორედ მოსვლისა და მარადიული სასუფევლის მონიჭებისთვის.
მოციქული ევედრებოდა სულიწმიდას, რომ იგი წმინდანთა კრებულზე გარდამოსულიყო. ეკურთხებინა შემოწირული ძღვენი – პური და ღვინო და ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაექმნა. შემდეგ აღესრულებოდა „პურის განტეხა“ და იგი ყველა დამსწრეს ურიგდებოდა, მორწმუნენი ბარძიმს მიეახლებოდნენ, ეზიარებოდნენ „სიტყვას“, არა წარმოთქმულს, არამედ განსხეულებულს და ყოველი მათგანი „სიტყვად” გარდაიქმნებოდა. სწორედ ამიტომ სამოციქულოში ნათქვამია: „და სიტყვა ღვთისა აღორძინდებოდა“. ევქარისტიული შეკრების შემდეგ, შინ დაბრუნებული ყოველი ქრისტიანი თავად იყო „სიტყვა ღვთისა” ქვეყნიერებისადმი მიმართული, ამიტომ ეწოდა ეკლესიას სამოციქულო.
წინა - სარჩევი - შემდეგი