მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



მეორე რჯული


თავი 14


 

არა განჭრათ და არა დასდვათ ბელატი შორის თვალთა თქუენთა მკუდართა ზედა (1). ბრძანებს და კანონით ადგენს, რომ კანზე არაფერი დაიკაწრონ და დაიხატონ, როგორც ამას ეგვიპტელები აკეთებენ, როცა სხეულებზე თავიანთი ღმერთების გამოსახულებებს წარუხოცლად იკაწრავენ. ბელატი (სიმელოტე) - ეს სულის ის მდგომარეობაა, როდესაც ის ვნებებს ეძლევა და სასიკვდილო ცოდვებით კვდება.

(4) ესე შჭამო ხბო ზროხათაგანი და ტარიგი ცხოვართაგანი, ვაცი თხათაგანი. (5) ირემი, ქურციკი, გამეში, ხარაბუზი, იამორი და სხვა. ამ ცხოველებში ის ადამიანები იგულისხმებიან, რომელნიც საქმით აღასრულებენ იმ სიკეთეს, რომელიც ემცნოთ. მათი ბაგეები კი სავსეა ღვთის დიდებით, ამიტომაც არის მათზე ნათქვამი: აღმოიცოხნიდეს, და რომლებიც სრულყოფლნი არიან სიმართლის აღსრულებაში და უყვართ სიმართლე, ამიტომაც იწოდებიან „ჩლიქგაპობილებად“.

აგრეთვე ბრძანა, რომ არ უნდა ეჭამათ აქლემი, კურდღელი და ბოცვერი, რადგან, მართალია, მცოხნელი არიან, მაგრამ ჩლიქი გაპობილი არა აქვთ (7). რომელნიც იცოხნებიან, მაგრამ გაპობილი ჩლიქი არა აქვთ, ის ადამიანები იგულისხმებიან, რომლებიც ღმერთსა აღიარებენ ვითარმედ იციან, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ (ტიტე 1:16).

რომელიც ჩლიქგაპობილია, მაგრამ არ იცოხნება (8) - ესენი ის მწვალებელნი არიან, რომლებსაც თავი მოაქვთ მმარხველებად და კეთილკრძალულებად.

(9) ყოვლისაგან, რომელი წყალსა შინა არს, ყოველსა, რომელსა ფრთე ესხნენ და ქეცი ედვას, მისი შჭამო. ესენი არიან ნათლისღებაში ფრთებშესხმულნი, რომლებიც კეთილი ცხოვრებით სულიერ არსებებთან ერთობაში აღიტაცებიან. მართალი საქმენი მათთვის იგივეა, რაც წყლის ცხოველთათვის – ქერცლი. ხოლო ვინც ვნებების სიღრმეშია ჩაძირული, ქვეწარმავლებსა და თევზებს ჰგვანან.

(10) ყოველსა, რომელსა ფრთე არა ესხნენ და არცა ქეცი ედვას. იმის გამო, რომ სხეული დაუმძიმდათ, ვერ ამოდიან სიღრმიდან და ჭაობიდან.

წმინდა ფრინველები, რომელთა ჭამის უფლებასაც რჯული იძლევა (11), დაფარული აზრით, ის ადამიანები არიან, ვინც ზეციურის სიყვარულით მაღლა მიფრინავენ, რათა უფსკრულში არ შთავარდნენ და დაეჭვების გარეშე იღებენ ზეგარდამო ბოძებულს.

(12) და რომელ (ფრინველი) არაწმიდა იყოს, მისი არა შჭამო, კერძოდ:

(13) ძერა, შევარდენი, ქორი და მისნაირი, (15) სირაქლემა, ბუ, თოლია, მიმინო და მისნაირი, (17) ჭოტი, გედი და ბუკიოტი. პირველი სამი სახის ფრინველები, რომლებიც მაღლა დაფრინავენ, გამოხატავენ ცნობისმოყვარე გამომძიებლებსა და მწვალებლებს, რომლებიც სულიერი ტრაპეზიდან შეუცნობელის ცნობისმოყვარეობით გამოკვლევის გამო გაირიყებიან.

სირაქლემა იმ ადამიანს გამოხატავს, რომელიც წმინდა წერილის სიტყვასა და მის აზრს ამახინჯებს. როგორც ეს ფრინველი თავის კუჭში ყველაფერ იმას (რკინის ნაჭრებსა და ნატეხებს), რასაც ყლაპავს, აქუცმაცებს იქამდე, სანამ სკორედ არ აქცევს, ასევე, ასეთი განმმარტებლები, თავიანთი სულის უძლური სურვილით რყვნიან სწავლებით სიტყვას, ღვთის მოშიშებას და მის ძალას უარყოფენ.

მიმინო იმ ადამიანებს ჰგავს, რომელნიც აცდუნებს და აკვდინებს მდაბიო ხალხთა სულებს, ბუ - მეძავებსა და მპარავებს. ეს ფრინველი ღამით დაფრინავს; მეძავსაც სიბნელე უყვარს. თოლია და ჭოტი გამოხატავენ მაცდურ და ცრუ ადამიანებს ბუკიოტი – იმათ, რომელნიც თა ვისკენ იზიდავენ ახალნათელღებულთ და აძლევენ უცხო სწავლებას, რითაც ღუპავენ მათ; გედი და თუთიყუში - იმათ, რომელნიც უქმსიტყვაობენ, დაუფიქრებლად, ამაოდ მეტყველებენ. თუთიყუში თავს ესხმის უწმინდურ ადგილებში მცხოვრებ ქვეწარმავლებს და მათით იკვებება, უყვარს უდაბნო და გაუჩერებლად გამოსცემს ხმას.

ყარყატი და შევარდენი იმ ადამიანებს გამოხატავენ, რომლებიც აზრებში უწმინდური ვნებებითა და მკვდარ საქმეთა სისაძაგლით ტკბებიან.

ოფოფი იმას გამოხატავს, ვინც გულმოდგინედ სწავლობს წარმართულ სწავლებებს, ღამეებს ათენებს ზიანის მომტანი და საძაგელი ელინური თხზულებების კითხვაში და სრულიადაც არ ფიქრობს შეისწავლოს ის სამყარო, რის შესახებაც ჯვარცმულის სწავლება გადმოგვცემს.

ფასკუნჯი გამოხატავს ან თავშეუკავებელ მრუშებს, ან ლამაზი ტანსაცმლის მოყვარულთ.

(21) ციკანს თავისი დედის რძეში ნუ მოხარშავთ. ციკანი ცოდვილს გამოხატავს; მისი მშობელი – მისი ცდომილებაა. როდესაც იგი ჭეშმარიტების სასწავლებელში მოდის, ამის შემდეგ შეუფერებელია მისთვის ძველ ჩვევებში დარჩენა. სხვაგვარად, ციკანი არის სატანური აზროვნება, ამიტომ მისმა სულმა {დედამ} პირველივე ღამეს უნდა მოაკვდინოს იგი და არ მისცეს უფლება, რომ წმინდა სულიერი რძით იკვებოს.



წინა - სარჩევი - შემდეგი