ბაგინები მათი დაამხუთ, ძეგლები მათი დამუსრეთ, სერტყები მათი დაკაფეთ (5). ბრძანა, რომ დაემხოთ ცრუ ღმერთების საკერპოები, რათა ხალხი ქანდაკებების სილამაზით არ მოხიბლულიყო და არ ეფიქრა, რომ მათში რაღაც ძალა არსებობს.
(9) რაითა გულისხმა-ჰყო, რამეთუ უფალი ღმერთი შენი ესე არს ღმერთი, ღმერთი სარწმუნო, რომელმან დაუმარხის აღთქუმა მისი და წყალობა მისი მოყუარეთა მისთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი მისნი ვიდრე ათასამდე ნათესავად. ეს ნათქვამია იმ აზრით, რომ შვილებს უბოძებდა მამებისთვის აღთქმულს, ნათქვამისამებრ: მეოთხე ნათესავი მოიქცეს აქა (დაბ. 15:16), ანდა იმ აზრით, რომ ღმერთი კეთილმსახური მამების გამო შორეულ შთამომავლებზე ათას თაობამდე განფენდა თავის მადლს, როგორც ნათქვამია: ზედამდგომელ ვექმნე ქალაქსა მაგას ხსნად მაგისა ჩემთვის და დავითისთვის, მონისა ჩემისა (4 მეფ. 19:34).
(10) მიაგის პირისპირ მისაგებელი და მოსრვა მოძულეთა მისთა და-არა-აყოვნის, უპირველესად იმიტომ, რომ არ გამრავლდეს მათი ცოდვები, მეორეც, ცუდ მაგალითად არ იქცნენ მისი ხალხისათვის, დაბოლოს, მათმა განადგურებამ რომ სარგებელი მოუტანოს სხვებს, ვინც არ მოინდომა, კეთილი საქმეებიდან გამოეტანა დასკვნა. „მიაგე ღმერთის მოძულეთ მისაგებელი მათსავე ცხოვრებაში“. ეს ეხება არა მხოლოდ აქაურ ცხოვრებას, არამედ საყოველთაო აღდგომის შემდგომ ცხოვრებასაც, როდესაც ცოდვილნი სატანჯველს მიეცემიან.
(12) დაიცვნე და მოგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან აღთქუმა იგი და წყალობა, ვითარცა-იგი ეფუცა მამათა მათ თქუენთა (13) და გაკურთხოს შენ. უფალმა მათი მამები კეთილი საქმეებისთვის შეიყვარა და მათი შემდგომი ნათესავნი ყველა ერიდან გამოირჩია; იცავდა, აფრთხილებდა, მოუწოდებდა ყოფილიყვნენ კეთილმსახურნი და ღვთისმოსავნი, ხოლო თუ ასეთები არ იქნებოდნენ, მაშინ ტყვეობაში განამწესებდა. როცა არც ამან უშველა, მაშინ ისინი ურწმუნოებისათვის უარყო, როგორც უარყო მისი მოძულე ხალხები კერპთთაყვანისმცემლობისთვის.
წინა - სარჩევი - შემდეგი