მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



მეორე რჯული


თავი 1


 

ასე სიტყუანი არიან, რომელთა ეტყოდა მოსე ყოველსა ისრაელსა წიაღ იორდანესა, უდაბნოსა მას დასავალით კერძო, მახლობელად ერვითრაისა ზღვისასა, შორის ფარანს და ტოფოლს და ლობონს და ესეროთს და სადა-იგი ოქრო იყო. (ადგილს, „სადა-იგი ოქრო იყო“, ერქვა: დიზაჰაბი, დღევანდელი ქალაქი დაჰაბი.) (1). რაც სამ წიგნში ნაწილ-ნაწილ იყო ჩაწერილი, ახლა მოსემ გააერთიანა და ერთ, მეორე რჯულის, წიგნში ჩამოაყალიბა. ზარმაცებს შეიძლება თავი გაემართლებინათ კანონების მოძებნის სიძნელით, გულმოდგინეთათვის კი მათი სხვადასხვა წიგნში მოძიება ერთობ დამღლელი იქნებოდა. ამიტომ მოსემ სამიდან ერთ წიგნში შეკრიბა ისინი, რათა მათი ცოდნის მსურველს ადვილად ამოეკითხა თავისთვის სასარგებლო მცნება. კანონი, სხვაგვარად, რჯულისკანონი, ებრაელებს ორჯერ მიეცათ. ვინაიდან, პირველად მიცემული ხბოს ქანდაკების თაყვანისცემის შემდეგ დაკარგეს, მათ ის მეორედ ებოძათ. თუმცა, რომ შეესმინათ და დაეცვათ პირველად მიცემული კანონი, მაშინ მეორის საჭიროება აღარ იქნებოდა. თანაც, ვინც პირველი კანონი მოისმინა მათთან მიმართებით, სამსჯავროს განაჩენის აღსრულების შემდეგ, ცოცხლები აღარ იყვენ იმ დროისთვის, როცა მეორე კანონი ებოძათ.

(2) ათერთმეტ დღის სავალით ქორებით მთად სეირად. მეორე რჯული გამოითქვა და განიმარტა ქორებიდან სეირის მთისკენ გზაზე სვლის მეთერთმეტე დღეს.

მასში დაფარულია საიდუმლო, რომ მეთერთმეტე ჟამს გამოვიდა ემანუელი დაკარგული ხალხების საძიებლად და ასწავლა მათ ახალი აღთქმის მცნებები. ფარანი, ტოფოლი, ლობონი, ესეროთი და დიზაჰაბი. ადგილი ხუთია და ამით მინიშნებულია მეხუთე საუკუნის საიდუმლო, ანუ იგავურად იგულისხმება ჩვენი უფლის მოსვლის დრო, მსგავსად იგავში ნათქვამისა - გამოდიოდა იგი ვენახის მუშაკთა დასაქირავებლად პირველ, მესამე მეექვსე, მეცხრე და მეთერთმეტე ჟამს (მათე 20:1-6).

(13) აწ მომცენით მე კაცნი ბრძენნი, (15) ათასისთავებად და ასისთავებად და ერგასისთავებად და ათისთავებად. ათასისთავებად მოციქულები იწოდებიან, ასისთავებად – წინასწარმეტყველები, ერგასისთავებად - მოძღვრები, ათისთავებად - განმმარტებლები. სხვა მოსაზრებით, ათასისთავნი აღნიშნავენ არა მხოლოდ ღმრთეებას, არამედ არიან, აგრეთვე, საყდრები და უფლებანი, ასისთავნი მთავარანგელოზნი, მთავრობანი და ხელმწიფებანი, ორმოცდაათისთავნი – ანგელოზნი, ძალნი, ქერუბიმნი და სერაფიმნი, ათისთავნი – მოციქულნი, წინასწარმეტყველნი, მოძღვარნი. პირველი აზრი მიეკუთვნება ხილულ ეკლესიას, მეორე – გონებით საჭვრეტ ეკლესიას, რადგან ხილულ ეკლესიაში განკაცებულმა ემანუელმა დაადგინა ათასისთავნი, ასისთავნი, ერგასისთავნი და სხვა.

(22) წარვავლინნეთ კაცნი წინაისწარ ჩუენსა და მოვლონ, მოისტუანონ ქუეყანა იგი, - უფალი უაღრესად გაანაწყენეთ იმით, რომ მსტოვრები მოვიდნენ, მაგრამ თქვენ არ ისურვეთ მიწის ნაყოფები გენახათ და მოგესმინათ ქალებისა და იესო ნავეს ძის სიტყვა, ამიტომ ასეთი იყო მისი პასუხი თქვენს საქციელზე:

(38) ისუ, ძე იგი ნავესი, მსახური იგი შენი, იგი შევიდეს ქუეყნანსა მას აღთქუმისასა. განაძლიერე იგი, რამეთუ მან დაუმკვიდროს იგი ისრაელსა. ღმერთმა მოსე დაამდაბლა იმით, რომ მას არ მისცა უფლება, ებრაელები აღთქმულ მიწაზე შეეყვანა; ამასთან, მოსე განადიდა იმით, რომ იესო, რომელსაც უპირატესობა ებოძა, მოსეს მიერ გაძლიერდა.



წინა - სარჩევი - შემდეგი