და მოუვლინა უფალმან ერსა მას გუელი მომსრველი და უკბენდეს ერსა მას (6). შემდეგ (7) ილოცა მოსე უფლისადმი ათასობით დაკბენილთათვის და შესმენილ იქნა. მაგრამ, თუკი თავადაც შეცოდა, მაშინ რატომ არ ილოცა საკუთარი სულისთვის? თუმცა ლოცულობდა ის აღთქმულ მიწაზე შესასვლელად, მაგრამ არ ულოცია ცოდვის მისატევებლად. ხოლო რომ შეეცოდა, მაშინ უპრიანი იქნებოდა, ცოდვის მიტევებაზე ეზრუნა და არა ქანაანის მიწის დამკვიდრებაზე. მისთვის უმჯობესი იქნებოდა, ცოდვისგან განწმენდილი უდაბნოში მომკვდარიყო, ვიდრე ცოდვაში დამნაშავეს აღთქმული მიწა ენახა და ფეხი დაედგა. ე.ი. არ ულოცია მას ცოდვის მისატევებლად, რადგან არ შეუცოდავს; ლოცულობდა მიწისთვის, ვინაიდან იქ სურდა შესვლა. მაგრამ რაც მას სურდა, ის ღმერთმა არ უბოძა. უბოძა ის, რაც შეთხოვნილზე მეტი იყო, რამეთუ მიწის დაუფლება დიდი ხნით გადაიდო, მას კი მისი (მიწის) ხილვა წინასწარ მიეცა.
(9) და ქმნა მოსე გუელი რვალისა და აღმართა იგი საზღვართა ზედა. და იყო, რაჟამს უკბინის გუელმან კაცსა, და მიჰხედის გუელსა მას რვალისასა და ცხონდის.
ებრაელები, რადგანაც დრტვინავდნენ მანანაზე - ანგელოზთა პურზე, გველებმა დაკბინეს, რომლებიც მიწას ჭამენ, მაგრამ არ წუწუნებენ. კარვის შესასვლელის თავზე მოსემ აღმართა ეს გამოსახულება, რათა მათ, ღმერთისგან აზრით დაშორებულთ, მისკენ მიემართათ მზერა და მათთვის პატივსაცემი გამხდარიყო ის ადგილი, საიდანაც კურნება მოდიოდა. სულიერი ხედვით, ამ გამოსახულებაში ის უნდა დავინახოთ, ვინც ბრძანა: ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოს, თავისი ერის შვილების განსაკურნავად, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაი ძისა კაცისაი (იოანე 3:14) ჯვარზე, ყველა ერის შვილთა გადასარჩენად.
(17) მაშინ გალობდა ისრაელი გალობასა ამას ჯურღმულსა მას ზედა (18) ჯურღმული, მთავართა აღმოკოდეს იგი. მთავრებმა აღმოკოდეს იგი, – თავიანთი კვერთხებით მიუთითეს უდაბნოდან მათანისკენ. ნათქვამია: მთავრებმა ჭა ამოთხარეს, ანუ ამოთხარეს მოსეს სახლის კუთვნილი; ამოთხარეს ერის თავკაცებმა, ტომების მეთაურებმა; მიუთითეს თავიანთი კვერთხებით, ხელმწიფებით. ამბობენ, რომ ებრაელებს უკან დიდი ქვა მიჰყვებოდა, და როდესაც ადგილზე ჩერდებოდნენ, თორმეტი წყარო გადმოსჩექფდა, ხოლო, როდესაც ადგილიდან ადგილზე გადადიოდნენ, წყარო არ იყო, მაგრამ წყალიც არ აკლდათ. როდესაც გასაჩერებელ ადგილს მიადგებოდნენ, მაშინ მოსეს სახლის წევრები და ტომების მთავრები კვერთხებით გამოდიოდნენ, სადიდებელ გალობებს აღავლენდნენ და წყაროები უხვი წყლით ივსებოდა.
უდაბნოდან – მათანისკენ, მათანიდან - ნახალიელში, ნახალიელიდან – ბამოთში, ბამოთიდან გავიდნენ დაბლობზე, მოაბის ველზე რომ არის, ფისგას მთასთან, უდაბნოსკენ რომ იყურება. მთა ღმერთის ბუნების გამომხატველია, ბამოთი – საყდრების, ნახალიელი - ანგელოზების, მათანი - წინასწარმეტყველების; უდაბნო კი მოციქულების გამოჩენასა და ერების მოწოდებას გამოხატავს.
(27) ამისთვის თქვიანმე იგავითა მოვედით ესებონს, ანუ მოვიდნენ ებრაელები თავიანთ სამკვიდროში რათა აღეშენოს და განეგოს ქალაქი სიონისი. მართალია, ეს ქალაქი დანგრეული იყო, როდესაც ებრაელებმა აიღეს, მაგრამ შემდგომში რუბენის ტომმა, აღაშენა და განაახლა, როდესაც ის წილად ერგო.
წინა - სარჩევი - შემდეგი