|
კითხვა: ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელ ქრისტიანთა დამოკიდებულება კათოლიკეებთან, შეიძლება თუ არა მათს ტაძრებში ლოცვა, მათთან ერთად ლოცვა, რელიგიურ დღესასწაულთა აღნიშვნა მათთან ერთად? მიგება: კათოლიკეები მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მოკვეთილნი არიან, როგორც ჭეშმარიტი სარწმუნოების დამამახინჯებელნი და ეკლესიაში მთელი რიგი ერეტიკული (მწვალებლური) სწავლებისა და საეკლესიო გარდამოცემის საწინააღმდეგო წეს-ჩვეულებათა შემომტანნი. ამდენად მართლმადიდებელ ქრისტიანთა დამოკიდებულება კათოლიკეთა მიმართ ისეთივეა, როგორც ერეტიკოსებთან და ეს დამოკიდებულება შემდეგნაირადაა განსაზღვრული ეკლესიის მიერ: „ვინც წარმართთა დღესასწაულზე წარმართებთან ერთად ისამხრებს ამისათვის მიჩენილ ადგილას, ოღონდ თავისი მოტანილის საჭმლით და მათთან ერთად ჭამს, დავადგენთ მათ შეწყნარებას ორი წლის შევრდომის შემდეგ…“ (ანკირიის კრების მე-7 კანონი). წმინდა მოციქულთა 65-ე კანონში ნათქვამია: „თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს“. „თუ ვინმე ილოცებს უზიარებელთან (განკვეთილთან) ერთად, თუნდაც სახლში, ისიც უზიარებელი უნდა გახდეს“ (მოციქულთა მე-10 კანონი). კითხვა: კათოლიკეებს ერეტიკოსებად რომ მოვიხსენიებთ, ნუთუ ისინი ქრისტიანად წოდების ღირსნი არ არიან? განა წმინდა წერილი ამის უფლებას გვაძლევს? მიგება: დიახ. როცა ეკლესია მათ ქრისტიანებადაც კი არ მოიხსენიებს, იცქევა ღვთის სიტყვის თანახმად. „ხოლო უკეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკეთუ კრებულისაცა არა ისმინოს იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“ (მათე 18,17) კითხვა: შეიძლება თუ არა მართლმადიდებელი ქრისტიანის ქორწინება კათოლიკეზე? მისი (კათოლიკეს) ცოლად მოყვანა ან მასზე გათხოვება? მიგება: ეკლესიის კანონებით ამგვარი ქორწინება სასტიკად არის აკრძალული. მე-6 მსოფლიო კრების 72-ე კანონი კრძალავს ამგვარ ქორწინებას და მის დარღვევას ბრძანებს: „… თუ მოხდეს ასეთი რამ, ვისგანაც არ უნდა იყოს ოდესმე ჩადენილი უკანონოდ და დაუმტკიცებლად ჩაითვალოს ასეთი ქორწინება და დაირღვეს უწესო თანამკვიდრობა, რადგან შეუერთებელთა შეერთება არ შეიძლება, არც ცხვრისა და მგლის ერთმანეთთან დაკავშირება იქნება და არც ქრისტეს ნაწილის ცოდვილთან შეერთება; ხოლო თუ ვინმემ დაარღვიოს ეს ჩვენი დადგენილება, უზიარებელ იქნეს“. ერთად-ერთი შემთხვევა, როცა შეიძლება ქორწინება არამართლმადიდებელზე, არის პირობა, რომლის თანახმადაც ერეტიკოსი პირი შეინანებს და ჭეშმარიტების გზას შეუდგება. კითხვა: როგორ ხდება მიღება მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მონანული კათოლიკეებისა (ანუ მათი, ვისაც სურს მოექცეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზედ)? მიგება: კათოლიკენი, რომელნიც მობრუნდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, თავიდან არ ინათლებიან, რადგან ისინი წმინდა სამების სახელით არიან მონათლულნი, მაგრამ მათზე სრულდება სპეციალური წესი, რომელიც „კურთხევანშია“ მოთავსებული. კკითხვა: როგორი შეიძლება იყოს მართლმადიდებელთა დამოკიდებულება კათოლიკეების მიმართ? მიგება: უნდა ვილოცოთ მათთვის, ისევე როგორც ნებისმიერ სხვადასხვანაირად მოაზროვნეთათვის და ვევედროთ უფალს, რათა გაუნათლოს მათ გონება, გული და სული, განაშოროს ეშმაკთა საცდურისაგან და ყოველნი ჭეშმარიტებისა გზასა შეცდომილნი მოიყვანოს მშობელი ეკლესიის წიაღში და დაიფაროს მისი (ეკლესიის) კალთის ქვეშ.
|