1. ვიდრე ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავს წამოადგნენ მათ მღვდლები, ტაძრის წინამძღვარი და სადუკეველნი,
2. განრისხებულნი იმის გამო, რომ ხალხს ასწავლიდნენ და აუწყებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას.
3. დაადეს მათ ხელი და დაცვას გადასცეს მეორე დღემდე, რადგანაც უკვე ბინდდებოდა.
4. ხოლო მრავალმა, ვინც ისმინა სიტყვა, ირწმუნა; და იყო მათი რიცხვი ხუთი ათასამდე.
5. მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მათი მთავარნი, უხუცესნი და მწიგნობარნი,
6. ანნა მღვდელმთავარი და კაიაფა, იოანე და ალექსანდრე, აგრეთვე სხვები, ვინც იყვნენ მღვდელმთავრის გვარიდან.
7. შუაში დააყენეს ისინი და ეკითხებოდნენ: რომელი ძალით, ან ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს?
8. მაშინ პეტრე აღივსო სულით წმიდით და უთხრა მათ: ერისმთავარნო და უხუცესნო,
9. რაკი დღეს პასუხს გვთხოვენ სნეული კაცისადმი ქველმოქმედების გამო, რითაც განიკურნა იგი,
10. დაე, იცოდეს ყველა თქვენგანმა და მთელი ისრაელის ხალხმა, რომ ის მრთელი დგას თქვენს წინაშე იესო ქრისტე ნაზორეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და ღმერთმა კი აღადგინა მკვდრეთით.
11. ეს არის ქვა, რომელიც დაიწუნეთ თქვენ, მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა.
12. სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს.
13. პეტრესა და იოანეს სიმტკიცის შემყურენი ხვდებოდნენ, რომ უწიგნური და უბირი კაცნი არიან, მაგრამ განცვიფრებულნი იმას კი აღიარებდნენ, რომ ისინი მართლაც თან ახლდნენ იესოს.
14. ხოლო მათთან მდგომარე განკურნებულ კაცს რომ ხედავდნენ, აღარ შეეძლოთ ცილობა.
15. სინედრიონიდან გასვლა უბრძანეს მათ და ერთმანეთში დაიწყეს ბჭობა.
16. ამბობდნენ: რა ვუყოთ ამ ხალხს? რადგანაც იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის ცხადი შეიქნა, რომ მათი ხელით მოხდა ეს აშკარა სასწაული, და ჩვენ ვერ უარვყოფთ ამას.
17. მაგრამ უფრო მეტი მითქმა-მოთქმა რომ არ ატყდეს ხალხში, მუქარით ავუკრძალოთ მათ, კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით.
18. მოუხმეს და უბრძანეს მათ, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარც ესწავლებინათ იესოს სახელით.
19. ხოლო პეტრემ და იოანემ მიუგეს მათ და უთხრეს: თავად განსაჯეთ, რამდენად მართებულია ღვთის წინაშე, რომ უფრო მეტად თქვენ გისმინთთ, ვიდრე ღმერთს.
20. არ შეგვიძლია არა ვთქვათ ის, რაც გვიხილავს და გვსმენია.
21. ხოლო მათ მუქარით გაუშვეს ისინი, ვინაიდან ხალხის შიშით ვერ შესძლეს მათი დასჯა; რადგანაც ყველა ადიდებდა ღმერთს იმის გამო, რაც მოხდა.
22. ვინაიდან ორმოც წელს გადაცილებული იყო ის კაცი, ვისზედაც მოხდა განკურნების ეს სასწაული.
23. განთავისუფლებულნი თავისიანებთან მივიდნენ და უამბეს ყველაფერი, რაც მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა უთხრეს მათ.
24. ეს რომ მოისმინეს, ყველამ ერთხმად შეჰღაღადა ღმერთს: ღმერთო, შემოქმედო ცისა, მიწისა, ზღვისა და ყოველივე იმისა, რაც არის მათში,
25. ჩვენი მამისა და შენი მსახურის დავითის პირით რომ თქვი სული წმიდის მიერ: „რატომ აზავთდნენ წარმართნი და ხალხებმა იზრახეს ფუჭი?
26. აღიძრნენ ქვეყნის მეფენი და შემოკრბნენ მთავარნი უფლისა და მისი ქრისტეს სამტროდ“.
27. ვინაიდან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენს მიერ ცხებული იესოს სამტროდ ჰეროდე და პონტიუს პილატე, წარმართებსა და ისრაელის ხალხთან ერთად.
28. რათა ექმნათ ის, რისი ქმნაც წინასწარ დაადგინა შენმა ზრახვამ და ხელმა.
29. ახლა კი, უფალო, დაჰხედე მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს იმისი ძალა, რომ მთელი სიმტკიცით იქადაგონ შენი სიტყვა,
30. როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნავად და ნიშებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით.
31. როცა ილოცეს, შეიძრა ის ადგილი, სადაც შეკრებილიყვნენ, და ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და იტყოდნენ ღვთის სიტყვას დაუფარავად.
32. ხოლო მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული, და არავინ იტყოდა საკუთარ ქონებას თავისად, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
33. მოციქულები დიადი ძალით მოწმობდნენ უფალ იესო ქრისტეს აღდგომას, და იყო დიდი მადლი ყველა მათგანზე.
34. არავინ იყო გაჭირვებული მათ შორის, ვინაიდან მიწა-წყლისა თუ სახლების მფლობელნი ყიდიდნენ მათ და გაყიდულის საფასური მიჰქონდათ,
35. მოციქულების ფერხთით დებდნენ მას, და ეძლეოდა თვითეულს, ვისაც რა სჭირდებოდა.
36. ასე იოსებმაც, მოციქულების მიერ ბარნაბად წოდებულმა (რაც თარგმანით ნიშნავს ნუგეშის ძეს), ლევიტელმა, წარმომავლობით კიპროსელმა,
37. გაყიდა თავისი ყანა, მოიტანა ფული და მოციქულების ფერხთით დადო.