1. პეტრე და იოანე ერთად ადიოდნენ ტაძარში, რათა ელოცათ მეცხრე საათს.
2. იყო ერთი კაცი, დაბადებიდანვე დავრდომილი; ყოველდღე მოჰყავდათ და სვამდნენ ტაძრის ბჭესთან, რომელსაც ერქვა „მშვენიერი“, რათა მოწყალება ეთხოვა ტაძარში შემსვლელთათვის.
3. როდესაც პეტრე და იოანე დაინახა, ტაძარში შესვლას რომ აპირებდნენ, მოწყალება სთხოვა მათ.
4. პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა და უთხრა მას: აბა, შემოგვხედე.
5. მანაც იმედით ახედა, ეგებ რამე მიწყალობონო.
6. მაგრამ პეტრემ უთხრა: ოქრო-ვერცხლი მე არა მაქვს, ხოლო რაცა მაქვს, მოგცემ: იესო ნაზარეველის სახელით აღდეგ და გაიარე.
7. მარჯვენაში ჩასჭიდა ხელი და წამოაყენა; დავრდომილს უცებ გაუმაგრდა ფეხები და სახსრები.
8. წამოხტა, დადგა და გაიარ-გამოიარა; მათთან ერთად შევიდა ტაძარში, მიდიოდა, მიხტოდა და აქებდა ღმერთს.
9. მთელი ხალხი უყურებდა თავისი ფეხით მოარულს და ღვთის მაქებარს.
10. იცნეს, ვინც იყო: ტაძრის „მშვენიერ ბჭესთან“ რომ იჯდა მოწყალების სათხოვად; ამიტომაც შიშითა და განცვიფრებით აღივსნენ იმის გამო, რაც მას შეემთხვა.
11. რაკი პეტრეს და იოანეს არ შორდებოდა, მთელი ხალხი განცვიფრებული მისცვივდა მათ „სოლომონის ბჭესთან“.
12. ეს რომ დაინახა, პეტრემ ხალხს უთხრა: კაცნო ისრაელიტნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ასე? განა ჩვენი საკუთარი ძალითა და ღვთისმოსაობით ავადგმევინეთ ფეხი?
13. აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როცა ის აპირებდა გაეთავისუფლებინა იგი.
14. მაგრამ თქვენ უარყავით წმიდა, მართალი, და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი მოეცა თქვენთვის.
15. ხოლო სიცოცხლის წინამძღვარი მოჰკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ.
16. რაკიღა ირწმუნა მისი სახელი, ეს კაცი, ვისაც ხედავთ და იცნობთ, განამტკიცა მისმა სახელმა; და მისმა რწმენამ ყველა თქვენგანის წინაშე უბოძა სიმრთელე.
17. თუმცა აწ ვიცი, ძმანო, რომ უმეცრებით ჩაიდინეთ ეს, ისევე, როგორც თქვენმა მთავრებმა.
18. ხოლო ღმერთმა როგორც წინასწარ გვაუწყა ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო, ასევე აღასრულა.
19. მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რათა წარიხოცოს თქვენი ცოდვები,
20. მოიწიოს ჟამი სულის მოთქმისა უფლის პირისგან და მოგივლინოთ თქვენთვის წინასწარ აღთქმული იესო ქრისტე,
21. რომელიც უნდა მიიღოს ზეცამ, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც დასაბამითვე ამბობდა ღმერთი თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით.
22. რადგანაც მოსემ თქვა: „უფალი ღმერთი ჩემნაირ წინასწარმეტყველს ადგიღგენთ თქვენი ძმებიდან; ყურად იღეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით.
23. და იქნება ასე: ყოველი სული, რომელიც არ მოუსმენს იმ წინასწარმეტყველს, ამოიძირკვება ხალხიდან“.
24. ყველა წინასწარმეტყველი, სამუელიდან მოყოლებული, ასევე გვაუწყებდა ამ დღეებს.
25. თქვენა ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და აღთქმისა, ღმერთმა რომ აღუთქვა თქვენს მამებს, როდესაც უთხრა აბრაამს: „შენი თესლით იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი“.
26. თავისი მსახური რომ აღადგინა, ღმერთმა პირველად თქვენ მოგივლინათ იგი, რათა ეკურთხებინეთ და ბოროტებისაგან განერიდებინა თვითეული თქვენგანი.