მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

მარკოზის სახარება

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 13 

 

1. ტაძრიდან რომ გამოდიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: მოძღვარო, შეხედე, რა ქვებია და რა შენობები!

 

2. მიუგო იესომ და უთხრა მას: ხედავ ამ დიდებულ შენობებს? ქვა ქვაზეც არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა.

 

3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე, ტაძრის პირდაპირ იჯდა, განცალკევებით ჰკითხეს მას პეტრემ და იაკობმა, იოანემ და ანდრიამ:

 

4. გვითხარი, როდის მოხდება ეს, ან იქნება ნიშანი იმისა, რომ ყოველივე ეს აღსრულდება?

 

5. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ.

 

6. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარო, და მრავალს აცდუნებენ.

 

7. ხოლო როდესაც გაიგებთ ომებსა და ომების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველივე ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.

 

8. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, იქნება შიმშილობა და შფოთი. და ეს - სალმობათა დასაბამია.

 

9. არამედ მიხედეთ თქვენს თავს, რადგანაც მიგცემენ სამართალში, მათრახით გცემენ სინაგოგებში, და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, რათა უმოწმოთ მათ.

 

10. და პირველად ყველა ხალხს უნდა ექადაგოს სახარება.

 

11. ხოლო როდესაც წაგიყვანენ გასაცემად, წინასწარ ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათო, და ნურც წინასწარ მოიფიქრებთ სათქმელს; არამედ რაც მოგეცემათ იმ ჟამად, ის ილაპარაკეთ; რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ - სული წმიდა.

 

12. და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.

 

13. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.

 

14. როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც უადგილო ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს), მაშინ ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს.

 

15. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად.

 

16. მინდვრად მყოფი კი ნუ მიბრუნდება შინ თავისი სამოსის წამოსაღებად.

 

17. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად.

 

18. ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში.

 

19. რადგან იქნება იმ დღეებში ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და არც იქნება.

 

20. და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერც ერთი ძეხორციელი; მაგრამ რჩეულთათვის შეამოკლა ის დღენი.

 

21. მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით.

 

22. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ სასწაულებსა და ნიშებს, რათა აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.

 

23. ხოლო თქვენ ფხიზლად იყავით. აჰა, ყოველივე წინასწარ გაუწყეთ თქვენ.

 

24. და მაშინ, იმ ჭირის შემდეგ, დაბნელდება მზე და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს.

 

25. ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი.

 

26. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლებზე მომავალს დიდებით და მრავალი ძალით.

 

27. მაშინ მოავლინებს თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, მიწის კიდიდან ცის კიდემდე.

 

28. ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.

 

29. ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რთმ ყოველივე ეს ხდება, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი.

 

30. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება. 

 

31. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.

 

32. მაგრამ იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.

 

33. ფრთხილად იყავით, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის მოაწევს ჟამი.

 

34. მსგავსად კაცისა, შორს რომ გაემგზავრა, მიატოვა თავისი სახლი და მისცა თავის მონებს გამგებლობა, თვითეულს თავისი საქმე მიუჩინა და უბრძანა კარის მცველს, ფხიზლად სჭეროდა თვალი.

 

35. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან  არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი: საღამოს, შუაღამისას, მამლის ყივილისას თუ განთიადისას.

 

36. რათა ანაზდად არ მოგისწროთ მძინარეთ.

 

37. ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ.

 

 13