მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

მარკოზის სახარება

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 12 

 

1. და დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი, შემოღობა, ამოკვეთა საწნახელი, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა.

 

2. როცა დრომ მოაწია, მევენახეებთან გაგზავნა მონა, რათა მოსავალი ჩაებარებინა მათგან.

 

3. ხოლო მათ შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს.

 

4. კვლავ გაგზავნა მეორე მონა; მას ქვებით გაუტეხეს თავი და შეგინებული გააგდეს.

 

5. ახლა სხვა მონა გაგზავნა; ის კიდევ მოკლეს; და სხვასაც მრავალს ან სცემდნენ, ან კლავდნენ.

 

6. ერთი საყვარელი ძეც ჰყავდა; ბოლოს ის გაგზავნა მათთან, რადგან ეგონა, ჩემი ძის მაინც მოერიდებათო.

 

7. მაგრამ მევენახეებმა ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრთ ჩვენ დაგვრჩებაო.

 

8. შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახს გარეთ დააგდეს.

 

9. მერედა, რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა და დახოცავს მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს.

 

10. ნუთუ არ ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა?

 

11. უფლის მიერ იქმნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს.

 

12. უნდოდათ მისი შეპყრობა, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა იგავს; მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, მიატოვეს და გაეცალნენ.

 

13. მიუგზავნეს ზოგიერთი ფარისეველი და ჰეროდელი, რათა სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის.

 

14. მივიდნენ ისინი და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი ხარ, და არავის არჩევ, ვინაიდან არ უყურებ სახეს კაცისას, არამედ სამართლით გვასწავლი ღმრთის გზას. გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს? ვაძლიოთ თუ არ ვაძლიოთ?

 

15. ხოლო იესომ შეიცნო მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: რატომ მაცდუნებთ? მომიტანეთ დინარი, რათა ჩემი თვალით ვიხილო.

 

16. მიუტანეს თუ არა, უთხრა მათ: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა.

 

17. იესომ მიუგთ და უთხრა მათ: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა. და უკვირდათ მისი.

 

18. მერე მიუახლოვდნენ სადუკევეღნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს:

 

19. მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა, თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც დარჩება ცოლი, მაგრამ არ დარჩება შვილი, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი.

 

20. იყო შვიდი ძმა; პირველმა შეირთო ცოლი და უშვილოდ მოკვდა.

 

21. მეორემ შეირთო იგი და ისიც უშვილოდ მოკვდა. ასევე მესამეც.

 

22. შვიდივეს ცოლად ჰყავდა და არცერთს არ დარჩა შვილი. ყველაზე ბოლოს კი ქალიც მოკვდა.

 

23. მერედა, აღდგომისას, როცა აღდგებიან, ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა.

 

24. იესომ პასუხად მიუგო მათ: იმიტომ ხომ არ სცდებით, რომ არც წერილს იცნობთ და არც ღმრთის ძალას?

 

25. რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.

 

26. ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში, რა უთხრა მას მაყვლოვანში ღმერთმა: მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა.

 

27. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ - ცოცხლებისა. ხოლო თქვენ დიდად სცდებით.

 

28. მოვიდა ერთი მწიგნობართაგანი, რომელმაც გაიგონა მათი კამათი და მიხვდა, რომ კარგად მიუგო მათ, და ჰკითხა იესოს: რომელია უპირველესი მცნება?

 

29. ხოლო იესომ მიუგო მას: აი, უპირველესი მცნება: ისმინე, ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია!

 

30. და: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება.

 

31. და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. არ არსებობს ამათზე დიადი მცნება.

 

32. მწიგნობარმა უთხრა მას: კეთილი, მოძღვარო; ჭეშმარიტს ამბობ, რომ ერთია ღმერთი, და არ არის სხვა, მის გარდა;

 

33. და რომ უნდა გვიყვარდეს იგი მთელი გულით და მთელი სულით და მთელი გონებით და მთელი ძალით; და გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი - ეს ყოველგვარ მსხვერპლსა და შესაწირავზე უმეტესია.

 

34. როცა იხილა იესომ, რომ გონივრულად უპასუხა, მიუგო მას: შორს როდი ხარ ღმრთის სასუფევლისგან. ამის შემდეგ ვეღარავინ ბედავდა რაიმე ეკითხა მისთვის.

 

35. კვლავ ასწავლიდა იესო ტაძარში და თქვა: როგორ ამბობენ მწიგნობრები, რომ ქრისტე დავითის ძეა?

 

36. რადგან თვით დავითი ამბობს სულით წმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექ ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს.

 

37. ამრიგად, თვით დავითი უწოდებს მას უფალს; როგორღა ეკუთვნის ძედ? დიდძალი ხალხი სიამოვნებით უსმენდა მას.

 

38. და თავისი სწავლით ამბობდა: ეკრძალეთ მწიგნობრებს, რომლებსაც უყვართ გრძელი სამოსით მოკაზმვა და საკრებულოებში - სალმის ძღვნა,

 

39. სინაგოგებში - წინა რიგები და წვეულებებზე - სუფრის თავში ჯდომა.

 

40. რომლებიც ნთქამენ ქვრივთა სახლებს და თვალთმაქცურად ლოცულობენ დიდხანს: მით უფრო მძიმე იქნება მათი სასჯელი.

 

41. დაჯდა იესო საგანძურის წინ და უყურებდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. ხოლო ბევრი მდიდარი ბლომად ყრიდა.

 

42. მოვიდა ერთი საწყალი ქვრივი ქალი და ჩააგდო ორი ლეპტა, რაც შეადგენს კოდრანტს.

 

43. მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ საწყალმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო საგანძურში.

 

44. ვინაიდან ყველა აგდებდა იმას, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო მან ჩააგდო მთელი თავისი სისაწყლე, მთელი თავისი საბადებელი.

 

 12