მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

ლუკას სახარება

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 17 

 

1. და უთხრა თავის მოწაფეებს: შეუძლებელია, რომ არ მოვიდნენ საცდურნი, მაგრამ ვაი მას, ვისგანაც მოვლენ.

 

2. უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან, ვიდრე აცთუნოს თუნდაც ერთი ამ მცირეთაგანი.

 

3. დაუკვირდით თქვენს თავს: თუკი შენი ძმა შეგცოდავს, შერისხე იგი; და თუ შეინანებს, მიუტევე.

 

4. დღეში შვიდჯერაც რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას - ვნანობო, მიუტევე.

 

5. და უთხრეს მოციქულებმა უფალს: გვიმრავლე რწმენა.

 

6. ხოლო უფალმა თქვა: მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეთ, გაგიგონებთ.

 

7. მონა რომ გყავდეთ ვინმეს, მხვნელი თუ მწყემსი, რომელი თქვენგანი ეტყვის მინდვრიდან დაბრუნებულს: მიდი, სუფრას მიუჯექიო?

 

8. თუ, პირიქით, ეტყვის: მომიმზადე ვახშამი, სარტყელი მოირტყი და მომემსახურე, სანამდის ვჭამ და ვსვამ, ხოლო შემდეგ თავადაც ჭამე და სვიო.

 

9. ნუთუ მონის მადლიერი იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძანება შეუსრულა? არა მგონია.

 

10. ასევე თქვენც, როცა აღასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უვარგისი მონები ვართ, ვინაიდან ვქენით ის, რაც უნდა გვექნა.

 

11. მოხდა ისე, რომ იერუსალიმს მიმავალი მიდიოდა სამარიასა და გალილეას შორის.

 

12. ერთ სოფელში შესვლისას შემოეგება ათი კეთროვანი კაცი, რომლებიც მოშორებით შედგნენ

 

13. და შეღაღადეს: იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ!

 

14. ისინი რომ დაინახა, უთხრა: წადით და ეჩვენეთ მღვდლებს. და წავიდნენ თუ არა, განიწმინდნენ.

 

15. ხოლო ერთი მათგანი, რომელმაც დაინახა, რომ განიკურნა, მობრუნდა და ხმამაღლა ადიდებდა ღმერთს.

 

16. იესოს ფერხთით დაემხო და მადლი შესწირა; და იყო იგი სამარიელი.

 

17. მიუგო იესომ და უთხრა: განა ათივე არ განიწმინდა? სადღა არიან ცხრანი?

 

18. არც ერთი არ მობრუნებულა ღმერთის სამადლობლად, ამ უცხო თესლის გარდა.

 

19. უთხრა მას: ადექ და წადი! შენმა რწმენამ გადაგარჩინა.

 

20. ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ;

 

21. ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია.

 

22. და უთხრა თავის მოწაფეებს: მოვლენ დღენი, როცა ინატრებთ თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა და ვერ იხილავთ.

 

23. გეტყვიან: აგერ, აქ არის, ან: აგერ, იქო; ნუ მიხვალთ და ნუ გაჰყვებით.

 

24. ვინაიდან როგორც ელვა იელვებს და გაიბრწყინებს ცის ერთი კიდიდან მეორემდე, ასე იქნება ძეც კაცისა თავის დღეს.

 

25. მაგრამ ჯერ სასტიკად უნდა ევნოს და უარყოფილ იქნეს ამ მოდგმის მიერ.

 

26. და როგორც იყო ნოეს დროს, ისე იქნება კაცის ძის დროსაც.

 

27. ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, მოვიდა წარღვნა და მუსრი გაავლო ყველას.

 

28. ისევე, როგორც ლოტის დროს: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ, ყიდიდნენ, რგავდნენ, აგებდნენ;

 

29. მაგრამ იმ დღეს, როცა ლოტი გამოვიდა სოდომიდან, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეცით და მუსრი გაავლო ყველას.

 

38. ასე იქნება იმ დღესაც, როცა გამოჩნდება ძე კაცისა.

 

31. იმ დღეს, ვინც ერდოზე იქნება, ხოლო მისი ნივთები - სახლში, ნუ ჩამოვა ძირს მათ წასაღებად; ხოლო ვინც მინდვრად იქნება, ასევე ნუ მიბრუნდება უკან.

 

32. გაიხსენეთ ლოტის ცოლი.

 

33. რადგან ვინც ეცდება სულის ხსნას, დაღუპავს მას, და ვინც დაღუპავს თავის სულს, აცოცხლებს მას.

 

34. გეუბნებით: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.

 

35. ორნი იქნებიან წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.

 

36. ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.

 

37. და უთხრეს: სად, უფალო? ხოლო იესომ მიუგო მათ: სადაც იქნება ლეში, იქვე შეიყრებიან სვავებიც.

 

 17