მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

ლუკას სახარება

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 16 

 

1. თავის მოწაფეებსაც უთხრა: იყთ ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მოურავი, რომელიც დააბეზღეს მის წინაშე, შენს ქონებას ანიავებსო.

 

2. მოიხმო იგი და უთხრა: ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი სამოურაოს ანგარიში, რადგანაც ამიერიდან აღარ გიწერია მოურაობა.

 

3. მაშინ მოურავმა თავის თავს უთხრა: რა ვქნა? აგერ ჩემი ბატონი მოურაობას მართმევს: თოხნა მე არ შემიძლია და თხოვნა კი მერცხვინება.

 

4. თუმცა ვიცი, რაც უნდა ვქნა, რომ თავის ჭერქვეშ მიმიღოს ხალხმა, როცა მოურაობას ჩამომართმევენ.

 

5. მოიხმო სათითაოდ თავისი ბატონის მოვალენი და ჰკითხა პირველს: რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?

 

6. მან მიუგო: ასი კასრი ზეთი. და უთხრა მას: აჰა, ინებე შენი თამასუქი, დადექი სასწრაფოდ და დაწერე ორმოცდაათი.

 

7. ახლა მეორეს ჰკითხა: შენ რამდენიღა გმართებს? და მან მიუგო: ასი კოდი პური. და უთხრა მას: აჰა, ინებე შენი თამასუქი და დაწერე ოთხმოცი.

 

8. შეაქო ბატონმა ორგული მოურავი: ფხიანად მოიქეციო; ვინაიდან ამ სოფლის ძენი თავიანთ მსგავსთა შორის უფრო ფხიანნი არიან, ვიდრე ნათლის ძენი.

 

9. ამიტომაც გეუბნებით, შეიძინეთ მეგობრები უსამართლო სიმდიდრით, რათა, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სამყოფელში.

 

10. მცირედში სანდო დიდშიც სანდოა. და მცირედში უნდო დიდშიც უნდოა.

 

11. თუ ამ ცრუ და უსამართლთ სიმდიდრეში უნდონი იყავით, ჭეშმარიტს ვინ განდობთ თქვენ?

 

12. ანდა თუ სხვისაში უნდონი იყავით, თქვენსას ვინ მოგცემთ?

 

13. არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც.

 

14. ისმენდნენ ყოველივე ამას ვერცხლისმოყვარე ფარისევლები და დასცინოდნენ მას.

 

15. უთხრა მათ: თქვენა ხართ, მართლებად რომ მოგაქვთ თავი კაცთა წინაშე, მაგრამ ღმერთი იცნობს თქვენს გულს, რადგან ის, რაც მაღალია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე.

 

16. რჯული და წინასწარმეტყველნი - იოანემდე; ხოლო მას მერე ღმრთის სასუფეველი იხარება და ყველანი ძალით შედიან მასში.

 

17. უმალ ცა და მიწა გადავლენ, ვიდრე თუნდაც ერთი წერტილი ამოვარდება რჯულიდან.

 

18. ყველა, ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მრუშობს, და ყველა, ვინც ქმარგანაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს.

 

19. იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეული და ბისონი ეცვა და ყოველდღე შლიდა ბრწყინვალე სუფრას.

 

20. იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან ეგდო, მთლიანად დაწყლულებული.

 

21. ნატრობდა მდიდრის ნასუფრალით მოეკლა შიმშილი; ხოლო ძაღლები მოდიოდნენ და ლოკავდნენ მის წყლულებს.

 

22. მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს.

 

23. ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში.

 

24. შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, მოწყალება მოიღე და მომივლინე ლაზარე, რათა თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიდაგები ამ ცეცხლის ალში.

 

25. მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები.

 

26. ეგეც არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის დევს დიდი უფსკრული, ასე რომ, გადმოსვლის მსურველი ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვა და ვერც თქვენგან - ჩვენსკენ.

 

27. ხოლო მან თქვა: გევედრები, მამათ, მამაჩემის სახლში მაინც გაგზავნე იგი.

 

28. ვინაიდან ხუთი ძმა მყავს: მივიდეს და აუწყოს მათ, რათა ისინიც არ ჩაცვივდნენ ამ სატანჯველში.

 

29. უთხრა მას აბრაამმა: მოსე და წინასწარმეტყველნი ჰყავთ; მათ უსმინონ.

 

30. ხოლო მან თქვა: არა, მამაო აბრაამ; მაგრამ თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, შეინანებენ.

 

31. და უთხრა მას აბრაამმა: თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ უსმინეს, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიან.

 

 16